კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისელი ჩეჩნები მესამე ქვეყანაში გადასვლას ითხოვენ

3 აგვისტო, 2007

chechnebib.jpg

„ყველანაირ პირობებში ცხოვრებას მივეჩვიეთ, ჰოდა, ქუჩაში დგომაც არ გაგვიჭირდება. პანკისში ვეღარ დავბრუნდებით. იქ დაუცველები ვართ. იქ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,“ - ასეთი განცხადება გააკეთა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას ერთ-ერთმა პანკისელმა ჩეჩენმა მაგამედ ხასაევმა, რომელიც ხუთ ჩეჩენ ლტოლვილთან ერთად ყაზბეგის #2-ში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკის) შენობასთან 1 აგვისტოს გამოჩნდა. ისინი კომისარიატისგან მესამე ქვეყანაში გადასვლას ითხოვენ.

„პირველად პანკისიდან მაისის შუა რიცხვებში 7 ოჯახი, დაახლოებით 30 ადამიანი ჩამოვედით. მაშინაც ჩვენი მთავარი მოთხოვნა მესამე ქვეყანაში გადასვლის უზრუნველყოფა იყო. ლტოლვილთა უმეტესი ნაწილი ისევ პანკისში დაბრუნდა. ჩვენ კი მთელი ამ ხნის განმავლობაში თბილისში ვცხოვრობთ. სამგორის რაიონში აქაურმა მაცხოვრებელმა ცარიელი სახლი დაგვითმო. ბავშვები შეეცოდა და მათი ხათრით ჩვენც შეგვიკედლა. ახლა იმ სახლის გაყიდვას აპირებენ და სამწუხაროდ, იქიდან წამოსვლამ მოგვიწია. აქ იმიტომ მოვედით, რომ სხვაგან წასასვლელი აღარ გვაქვს. აქვე დავრჩებით, სანამ ჩვენი ბედი არ გადაწყდება. მთავარ მოთხოვნად ისევ მესამე ქვეყანაში გადასვლა რჩება. ევროპულ ქვეყნებში ჩვენს შვილებს იმის საშუალება ექნებათ, რომ ნორმალურად იცხოვრონ და განათლებაც ნორმალური მიიღონ,“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში ჩეჩენმა ლტოლვილმა მაგამედ ხასაევმა.   

სტატიის მზადების პერიოდში გაირკვა, რომ პანკისელი ჩეჩნები კვლავ სამგორის რაიონში მდებარე სახლში დაბრუნდნენ: „სახლის პატრონებს შევეცოდეთ. დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, სანამ პრობლემას მოაგვარებთ, აქ დარჩითო. დროებით ისევ აქ შევაფარეთ თავი. თუმცა, ჩვენი მოთხოვნა კვლავ იგივეა - მესამე ქვეყანაში გადასვლას ვითხოვთ,“- გვითხრა მაგამედ ხასაევმა.

მაისის შუა რიცხვებში პანკისელი ლტოლვილები სამართალდამცავებთან შეთანხმების შემდეგ დაიშალნენ. ერთ-ერთი პანკისელი ჩეჩენის განცხადებით, სამართალდამცავებსა და ლტოლვილებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა. გარდა ამისა, გლუკიდან გამოვიდა ოფიციალური შეტყობინება, რომ ერთ კვირაში ისინი ლტოლვილებს მესამე ქვეყანაში გადასახლების შესახებ ოფიციალურ პასუხს გასცემდნენ, რის შემდეგაც მათ დაშლა გადაწყვიტეს.

თუმცა, მედიით გავრცელებული ინფორმაციისა და სახალხო დამცველის მოადგილის გიგა გიორგაძის განცხადების თანახმად, სამართლადამცავებმა ძალისმიერი მეთოდებით სცადეს ლტოლვილების დაშლა, რასაც ხელი სახალხო დამცველის წარმომადგენლების გლუკის შენობასთან გამოჩენამ შეუშალა. მაშინ გლუკმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საბოლოოდ ერთ-ერთმა ჩეჩენმა ლტოლვილმაც დაადასტურა, მისი თქმით, „ძალადობას ადგილი არ ჰქონია. საბოლოოდ ჩვენ ჩვენი ნებით დავიშალეთ.“

გლუკის ოფისის უფლებების საკითხებში მთავარი მრჩევლის ედინა სლიპიჩევიჩ-ჯიხოს განცხადებით, მათ გლუკის ოფისთან დაბანაკებულ ჩეჩნებს კვლავ პანკისში დაბრუნება და საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა შესთავაზეს. გარდა ამისა, პანკისში გამგზავრების შემთხვევაში, ისინი ლტოლვილთა სამგზავრო ხარჯების ანაზღაურებასაც უზრუნველყოფენ, თუმცა, პანკისელმა ჩეჩნებმა შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.

რაც შეეხება თავად მიმღებ ქვეყნებს, მთავარი მრჩევლის თქმით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ასეთი ქვეყნების საელჩოებს გადასახლების მსურველთა შესახებ სრულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას უგზავნის, თუმცა, ხშირ შემთხვევაში მესამე ქვეყნები ლტოლვილთა მიღებაზე უარს აცხადებენ. „თუკი სტატისტიკას მოვიშველიებთ, მესამე ქვეყანაში გადასახლებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება.“უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მეტი ჩეჩენი ლტოლვილი ამერიკამ, კანადამ და ავსტრალიამ მიიღო. როგორც ედინა სლიპიჩევიჩ-ჯიხომ განაცხადა, წუხანდელი ღამე ჩეჩნებს გლუკის შენობასთან არ გაუტარებიათ: „ამჟამად ჩვენთვის უცნობია, მათ რა გადაწყვეტილება მიიღეს, სავარაუდოდ, ისინი კვლავ მოგვმართავენ,“ - აცხადებს მთავარი მრჩეველი.

მესამე ქვეყანაში გადასახლების მანდატი ლტოლვილთა პრობლემების მუდმივი გადაწყვეტილების ძიება წარმოადგენს გლუკის მანდატის ძირითად ელემენტს. ეს მოიცავს წარმოშობის ქვეყანაში ნებაყოფლობით რეპატრიაციას, თავშესაფრის ქვეყანაში ადგილობრივ ინტეგრაციას და მესამე ქვეყანაში გადასახლებას.  გადასახლების, როგორც გრძელვადიანი გადაწყვეტილების, შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ ლტოლვილებს, ვინც შეესაბამება ლტოლვილის სტატუსის ინდივიდუალური დადგენის კრიტერიუმებსა და პოტენციურად მიმღები ქვეყნების მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს.  მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მიღება საერთაშორისო უფლებას  წარმოადგენს, გადასახლება არ არის უფლება.  გადასახლებისთვის განკუთვნილი ადგილები შეზღუდულია, და იმ ლტოლვილთა რაოდენობა, ვინც უნდა გადასახლდეს წლის განმავლობაში განისაზღვრება, არა გლუკის, არამედ თავად მესამე ქვეყნების მიერ. მესამე ქვეყანაში გადასახლება მთლიანად არის დამოკიდებული ამ ქვეყნის სურვილზე მიიღოს და ლეგალურად დატოვოს პიროვნება თავის ტერიტორიაზე. გლუკს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გადასახლების საქმეებზე. ამ გადაწყვეტილებებს იღებენ მესამე ქვეყნის ოფიციალური ორგანოები. საქართველოში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების მესამე ქვეყანაში გადასახლების საკითხი განიხილება ყოველ საქმესთან ინდივიდუალური მიდგომით, ჯგუფური გადასახლების შესაძლებლობის გარეშე. 

მესამე ქვეყანაში გადასახლების პროცედურა

ჩეჩენი ლტოლვილების ინფორმაციაზე დაყრდნობით, გლუკი ლტოლვილებს და მათი ოჯახის წევრებს მესამე ქვეყანაში გადასახლებისათვის ინდივიდუალური გასაუბრებისათვის იწვევს. გასაუბრების შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის დადგენისა და მიმღები ქვეყნის მიერ ზუსტად განსაზღვრულ კრიტერიუმებს, გლუკი საქმეს შემდგომი განხილვისათვის უგზავნის გადასახლების ქვეყანას. მესამე ქვეყანაში გადასახლებისათვის ქვეყნების მიერ დაწესებული ქვოტების დონის გათვალისწინებით, ასევე დასაშვებობის კრიტერიუმების, ლტოლვილის პირად და პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გლუკი განსაზღვრავს თუ რომელ ქვეყანაში უნდა იქნეს გაგზავნილი ლტოლვილის განაცხადი. რომელიმე ქვეყანაში საქმის გაგზავნა არ ნიშნავს, რომ ლტოლვილი ავტომატურად იქნება გადასახლებული აღნიშნულ ქვეყანაში. გადაწყვეტილების მიღება ხანდახან რამოდენიმე თვეს საჭიროებს, დრო დამოკიდებულია ქვეყნის მიერ საქმის განხილვის პროცედურაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლტოლვილი მიღებულია გადასახლებისათვის, რეალური გამგზავრებისათვის შეიძლება რამოდენიმე წელი გახდეს საჭირო. ხშირად საჭირო ხდება სამედიცინო გასინჯვები, შემდგომი დოკუმენტაციის მომზადება და გასაუბრება უსაფრთხოების საკითხებზე.

ფაქტები და ციფრები  

2002 წლის იანვარიდან 2006 წლის დეკემბრამდე საქართველოდან გლუკის დახმარებით სულ მესამე ქვეყანაში გადასახლებულ იქნა 305 ლტოლვილი, უმეტესად შვედეთში და კანადაში. ამავე პერიოდში გლუკის მიერ 500 ლტოლვილზე მეტ პირთან მოხდა გასაუბრება, მაგრამ მათ ვერ დააკმაყოფილეს გადასახლებისათვის საჭირო კრიტერიუმები და შესაბამისად მათი საბუთები არ იქნა გაგზავნილი. 

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები