კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მახინჯაურის ახლადგახსნილ სამკერვალო ფაბრიკას მკერავები ტოვებენ

3 აგვისტო, 2007

,,ხელისუფლებისთვის ჩვენ უკვე ბებრები ვართ’’, - აცხადებენ ისინი

fabrikab.jpg

ორიოდე თვის წინ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზეიმოდ გახსნილ მახინჯაურის სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული მკერავების უმეტესობა სამუშაოს მიტოვებას აპირებს.

მაშინ პრეზიდენტმა ფაბრიკის გახსნა ეკონომიკის აყვავებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მაგალითად დაასახელა. მკერავები უკმაყოფილების მიზეზად ფაბრიკაში არსებულ გაუსაძლის პირობებს, თურქი ინვესტორისაგან მონურ მოპყრობასა და მცირე ანაზღაურებას ასახელებენ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი მახინჯაურში დასაქმებულები ამჟამად მხოლოდ სასწავლო პროცესში არიან, რომლის დასრულების შემდეგ დაოსტატებულ მუშახელს შრომის ანაზღაურება გაეზრდება.
 
მახინჯაურის სამკერვალო ფაბრიკა თურქეთის მოქალაქემ, ნური სარმა მიმდინარე წლის იანვარში, 60-ათას ლარად შეისყიდა. დღეისათვის ფაბრიკაში, როგორც ბუღალტერი, ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, 180 ადამიანია დასაქმებული. თითოეული მათგანს ანაზღაურება 120 ლარია. კაკაბაძის თქმით, საწარმოში ყველაფერი წესრიგშია. თუმცა, როდესაც მკერავებთან გასაუბრება მოვინდომეთ, კაკაბაძემ განგვიცხადა, რომ სამუშაო საათებში მას უფლება არ ჰქონდა მკერავები საქმეს მოეცდინა. შესაბამისად, ფაბრიკაში შესვლა შეუძლებელი აღმოჩნდა: ,,თუ ძალიან გინდათ, ერთ-ერთ მათგანს ამოვიყვანთ და გაესაუბრეთ", - გვითხრა ნანა კაკაბაძემ.

ბუღალტერმა ჩვენთან გასაუბრების უფლება მხოლოდ ,,რჩეულ’’ თანამშრომლებს მისცა. სასაუბროდ ცნობილი მკერავი მაყვალა ბოლქვაძე გამოიყვანა, რომლის თხოვნითაც, დაახლოებით ერთი თვის წინ, პრეზიდენტმა და ბათუმის მერიამ ბათუმში მომღერალი ტოტო კუტუნიო ჩამოიყვანა. ცნობისათვის, ბათუმის მერიას ეს კონცერტი 100 ათასი ლარი დაუჯდა: „ნეტავ, სხვა რამე მეთხოვა მიშასთვის. მაგალითად, კარგი სამუშაო ადგილი. კიდევ ერთი შანსი რომ მქონდეს, პრეზიდენტს ბასკოვის ჩამოყვანას ვთხოვდი. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ტურისტების მოზიდვა თუ უნდათ, ბათუმში რაც შეიძლება ბევრი უცხოელი მომღერალი უნდა ჩამოიყვანონ, თუნდაც ამისთვის მილიონები დაიხარჯოს. რატომ გაღიზიანდა ხალხი კუტუნიოს ჩამოყვანით, არ მესმის...''

ფაბრიკის ხელმძღვანელობამ სხვა კმაყოფილი თანამშრომელიც გამონახა: ლია საფარიძე სწორედ ის მკერავია, რომელსაც გასაუბრების ნება დართეს: "ყველანაირი პირობა გვაქვს. აქვე გვაჭმევენ ერთსაათიანი შესვენების დროს. მხოლოდ ერთი პრობლემაა, კონდიციონერი არ გვაქვს, მაგრამ როგორც უფროსი გვეუბნება, უკვე ნაყიდია და მალე დადგამენ. მართალია, 120 ლარი ცოტაა, მაგრამ მომავალი თვიდან ხელფასის მომატებას გვპირდებიან".

რადგან ჟურნალისტის სტატუსით მისულს სამკერვალო დარბაზში შესვლის საშუალება არ მოგვცეს, რამდენიმე მკერავთან შეხვედრა ფაბრიკის გარეთ  მოვახერხეთ. თავდაპირველად მკერავები მედიასთან საუბარს მოერიდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინკოგნიტოდ დარჩენის გარანტია მივეცით, გულწრფელად ალაპარაკდნენ: "ამას წინათაც იყვნენ ჟურნალისტები, მაგრამ ჩვენთან არ შემოუშვეს. ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა სიმართლე ილაპარაკა და მეორე დღეს სამსახურიდან გაუშვეს. მიზეზი, რა თქმა უნდა, უცებ უპოვეს. საუბრისაგან თავს ამიტომაც ვიკავებთ", - ასე განგვიმარტეს თავიანთი უნდობლობის მიზეზი მკერავებმა.
 
ლია საფარიძისგან განსხვავებით, ისინი ფაბრიკაში არსებულ გაუსაძლის  პირობებზე საუბრობენ, რის გამოც უმეტესობა სამუშაოდან წასვლას აპირებს: "მე პირადად, ხელფასს ველოდები, ავიღებ და წავალ აქედან. არა მგონია აქ ვინმე გაჩერდეს. ამ ფაბრიკაში სამუშაოდ მხოლოდ ისეთი ადამიანი მოვა, ვინც არ იცის  აქ რა მდგომარეობაა. სკამებიც კი წაგვართვეს, დაჯდომის საშუალება რომ არ გვქონდეს. ცამეტი საათი ფეხზე ვდგავართ. საშინელებაა. ამათ კი სულ ექნებათ მიღება. ახალმოსულებს მოსწავლის სტატუსს მიანიჭებენ და 60 ლარად ერთი თვე მაინც ამუშავებენ. Aახალგაზრდები ვართ, აქვე ვცხოვრობთ და სულ უსაქმურობას აქ მოსვლა ვარჩიეთ, მაგრამ ამის ატანა შეუძლებელია", -  განაცხადა ერთ-ერთმა ქალბატონმა.
 
ფაბრიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ სხვა მკერავებიც გვიყვებიან: "გუშინ ცუდად გავხდი. ერთი პატარა ოთახი გვაქვს და იქ შევედი, ამისათვის კი საყვედური მივიღე. თუ ვკვდები, რა, ორი წუთი დასვენების უფლება არ უნდა მომცენ?"

"თან პრეტენზიულებიც არიან, ახალგაზრდები უნდათ. მაგათთვის ჩვენ უკვე ბებრები ვართ", -უკმაყოფილოა ხანში შესული ქალბატონი.

"ჩვენთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, 9 საათიდან 6-მდე, შაბათს კი - ორ საათამდე უნდა ვიმუშავოთ. მაგრამ, როდესაც ფაბრიკიდან საქონელია გასასვლელი, ათამდეც დავრჩენილვართ. ხანდახან კვირასაც გვამუშავებენ", - ჩივიან ქალბატონები.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის, თამაზ შავაძის განცხადებით, თურქული ინვესტიცია ტექსტილის სფეროში ბოლო დროს მასშტაბურ სახეს ღებულობს, რაც დადებითი მომენტია: "ტექსტილის სფერო ჩვენთვის მომგებიანი იმიტომ არის, რომ იგი ბევრი ადამიანის დასაქმებას ითხოვს. დიდი ხელფასებით ეს სფერო არსად გამოირჩევა. მახინჯაურის ფაბრიკა ახლად გახსნილია. ხალხს, ვინც იქ აიყვანეს, ახლა ასწავლიან მუშაობას. ფაქტობრივად, ფაბრიკა ამჟამად პროფესიული სასწავლებლის როლს ასრულებს. შემდეგ, როდესაც ამ ადამიანებს საქმეს შეასწავლიან, მუდმივ სამუშაოზე აიყვანენ და მათი ხელფასი გაცილებით მაღალი, 300-400 ლარამდე იქნება. რაც შეეხება პრეტენზიებს, ქართველებს შრომის დისციპლინა, მით უმეტეს, ბოლო წლებში არსებული მასობრივი უმუშევრობის ფონზე, მკვეთრად დაქვეითებული გვაქვს. ამიტომ ბევრი ვერ ეგუება იქ წარმოების მკაცრ მოთხოვნებს", - აცხადებს თამაზ შავაძე.

ემზარ დიასამიძე, ბათუმი

 

ახალი ამბები