კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავა მიწაზე - ხელვაჩაურელ ტარიელაშვილებს ბათუმის მერიამ მიწა გაუყიდა

6 აგვისტო, 2007

micab.jpgხელვაჩაურის რაიონის სოფელ ანგისას მცხოვრები ნევრესტან ტარიელაშვილი ბათუმის მერიას მიწის ნაკვეთზე ედავება.  მერიამ მიწა გასულ წელს გაყიდა და ფირმა „ედელვაისს“ ჩააბარა მშენებლობის წამოსაწყებად. აღმოჩნდა, რომ ტარიელაშვილების ოჯახი ამ ნაკვეთზე მიწის გადასახადს 2003 წლამდე სულ ტყუილად იხდიდა.

როგორც ნევრესტან ტარიელაშვილი აცხადებს, მისი წინაპრები სოფელ ანგისაში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. სადაო მიწის ნაკვეთიც ყოველთვის მათი საკუთრება იყო: „კომუნისტების პერიოდში ბაბუაჩემს მიწა ჩამოართვეს და მხოლოდ  მისი ნაწილი, 3500 კვ.მ დაუტოვეს საკარმიდამო ნაკვეთად. ახლა ამასაც გვართმევენ“.

საქართველოს კანომდებლობის მიხედვით, ტარიელაშვილებს საკარმიდამო ნაკვეთი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, კერძო საკუთრებაში უნდა გადაცემოდათ. თუმცა, აჭარაში ასლან აბაშიძის მართველობის პერიოდში მიწის რეფორმა არ განხორციელებულა და  შესაბამისად, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები მათ საკუთრებად არ ქცეულა.

1986 წელს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ანგისას ტერიტორიაზე ქალაქ ბათუმის მთავრობამ ახალი მიკრო რაიონი, დღევანდელი აღმაშენებელის დასახლება ააშენა. აღმაშენებლის სახელობის ქუჩამ კი   ტარიელაშვილების მიწის ნაკვეთიდან აიღო სათავე. ტარიელაშვილი იხსენებს, რომ მაშინ ბათუმის ხელმძღვანელობა მის მეზობლებს `გაურიგდა~ და მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ მათთვის კომპენსაციები გასცა. ტარიელაშვილების ოჯახი მიწის ნაკვეთის ჩაბარების წინააღმდეგი იყო. გარიგებაზე უარის თქმის გამო მათ ვერც  კომპენსაცია მიიღეს.

დღეს აღმაშენებლის ქუჩის მარჯვენა მხარე ხელვაჩაურის რაიონს ეკუთვნის. მარცხენა მხარე კი - ქალაქ ბათუმს, თუმცა საზღვრები აქაც დაუდგენელია, რადგან მარცხენა მხარეს დარჩენილია მახვილაურის სახელმწიფო მეურნეობა ადმინისტრაციული შენობებითა და ციტრუსის ბაღებით, რომელიც ისევ ხელვაჩაურის რაიონს ეკუთვნის. აღმაშენებლის ქუჩის მარცხენა მხარეს აღმოჩნდა ტარიელაშვილების სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთიც, რომელიც ჯერ ანგისას კოლმეურნეობის, ხოლო შემდეგ კახაბერის თემის საზღვრებში შედიოდა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ქუჩის გაყვანის შემდეგ მათ ოფიციალურად 2700 კვ.მ მიწა დარჩათ: „მარჯვენა  მხარეს, სადაც სახლი გვიდგას, ეზო მხოლოდ 880 კვ.მ-ია. დანარჩენი ქუჩის მარცხენა მხარესაა. კახაბერის თემის საკომლო ჩანაწერების მიხედვით, ეს მიწა ჩვენ გვეკუთვნის. 2003 წლამდე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოსვლამდე, მიწის გადასახადს 2700 კვ.მ-ზე რეგულარულად ვიხდიდით“.

ტარიელაშვილები ბათუმის მერიას განსაკუთრებით მწვავედ გასულ წელს დაუპირისპირდნენ. 2006 წლის 24 თებერვალს მერიამ მათი ნაკვეთის გასხვისებაზე კონკურსი გამოაცხადა: „მერიამ ეს მიწის ნაკვეთი კონკურსის გამოცხადების შემდეგ, 2006 წლის 5 აპრილს დაარეგისტრირა ქალაქ ბათუმის საჯარო რეესტრში, რაც აშკარა დარღვევაა. მეორეც, მიწის ნაკვეთი ოფიციალურად ხელვაჩაურის რაიონის საზღვრებში შედის და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას წარმოადგენს. ნაკვეთი შეიძინა უკრაინულმა ფირმა `ედელვაისმა~, რომელიც აქ მრავალსართულიანი სახლის აგებას აპირებს“, _ განაცხადა ტარიელაშვილების ადვოკატმა, მედეა ვასაძემ.

ტარიელაშვილებმა მშენებლობის შეჩერებისა და კონკურსის შედეგების გაუქმების მოთხოვნით, თავდაპირველად ქალაქ ბათუმის სასამართლოს მიმართეს, მაგრამ პროცესი წააგეს. ამის შემდეგ, მოსარჩელეებმა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიაკითხეს. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მიწის ნაკვეთს ყადაღა დაადო: „ამის შემდეგ დავა კვლავ გაგრძელდა. ჩვენ ხელთა გვაქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ქალაქ ბათუმის მერიას მშენებლობის შეჩერება დაევალა. მიუხედავად ამისა, ფირმა „ედელვაისი“ მშენებლობის გაგრძელებას მაინც ცდილობს”.

ტარიელაშვილებმა დასახმარებლად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართეს. მათ დასაცავად რესპუბლიკურმა პარტიამ რამდენიმე დღის წინ სპეციალური ბრიფინგიც მოაწყო და ბათუმის მერიას და ქვეყნის ხელისუფლებას კერძო საკუთრების დაცვა მოსთხოვა.

ბათუმის მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, გელა მახარაძის განცხადებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1985 წლიდან ქალაქ ბათუმის საზღვრებშია მოქცეული: `ჩვენ მიწის ნაკვეთის გაყიდვამდე დავადგინეთ, რომ ქალაქ ბათუმის საჯარო რეესტრში იგი არ წარმოადგენდა არც ერთი ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებას, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაა. რაც შეეხება ტარიელაშვილების პრეტენზიებს, საბჭოთა კავშირის დროს მიწის ნაკვეთი მოქალაქეებს გადაეცემოდათ მხოლოდ სარგებლობის უფლებით და ის არ შეიძლება ყოფილიყო ნევრესტან ტარიელაშვილის ან მისი წინაპრის საკუთრება“. ამ მოტივით ბათუმის მერია კონკურსის შედეგებს კანონიერად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ბათუმის სასამართლოში ხელახლად დაბრუნებულ საქმეს მოიგებს.

ტარიელაშვილები ფირმა „ედელვაისის“ მიმართაც გამოთქვამენ პრეტენზიებს. „როცა ბათუმის მერიამ ამ მიწის ნაკვეთის გაყიდვა დააპირა, ჩვენ არაერთ ინვესტორს ველაპარაკეთ, ავუხსენით მდგომარეობა და მათ ამ ნაკვეთის შეძენა გადაიფიქრეს. მერე ნახეს ეს ვიღაც „ედელვაისი“, რომელიც ოფიციალურად უკრაინული ფირმაა, მაგრამ აქ არც ერთი უკრაინელი არავის უნახავს. ისინი პოლიციის ძალით ცდილობენ სადაო მიწის ნაკვეთის დასაკუთრებას“, _ აცხადებს ნევრესტანის ნათესავი, ხათუნა ტარიელაშვილი.

„ედელვაისის“ წარმოამდგენლის, გივი დარჩიძის თქმით კი, იგი ტარიელაშვილების ქმედებითაა შეურაცხყოფილი: „ჩვენ კანონიერად შევიძინეთ მიწა. ესენი მოდიან და შეურაცხყოფას გვაყენებენ. ჩვენ საკუთარ კანონიერ უფლებებს ვიცავთ“.

ხელვაჩაურის რაიონის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი, გია ქურიძე მიწის ნაკვეთის საკუთრების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს: „თუ ბათუმის მერიამ გამოაცხადა კონკურსი, ე.ი. მათი საკუთრებაა. შედიოდა თუ არა იგი სოფელ ანგისას შემადგენლობაში?! ვერაფერს გეტყვით. საკომლო წიგნები ამჟამად არქივში ინახება და არქივს უნდა მიმართოთ“.

ახლა ორივე მხარე პასუხს სასამართლოსაგან ელოდება. მანამდე კი ბათუმის მერია ქალაქის საზღვრების მსხვილი მასშტაბით გაფართოების პროექტზე მუშაობს. ამ პროექტით, არა მარტო სოფელი ანგისა, არამედ მთლიანად კახაბერის თემის ათეულობით სოფელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში უნდა შევიდეს.


ემზარ დიასამიძე, ბათუმი.  

ახალი ამბები