კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სისხლის კიბოთი“ დაავადებული პატიმარი შეწყალებას ითხოვს

8 აგვისტო, 2007

gamxuashvilis_dokb.jpg„შვილი რომ მომიკვდეს, პასუხს ვინ აგებს?“ - კითხულობს პატიმრის დედა.

ვიტალი გამხუაშვილი უკვე წელიწადია  სასჯელს ქურდობისთვის იხდის.  ბრალდებული აღიარებს, რომ დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა და შეწყალებას ითხოვს. 22 წლის გამხუაშვილს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა ჯერ ხარაგაულის რაიონულმა სასამართლომ, შემდეგ კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუსაჯა. თუმცა, არც ერთმა გაითვალისწინა, რომ ბრალდებული ლიმფოგრანულომატოზის (სისხლის კიბო). მესამე სტადიით არის ავად.

სოფელ ვახანში, ბიძასთან სტუმრად  გორიდან ჩასულმა  გამხუაშვილმა ნათესავს სპილენძის და ალუმინის ქვაბები მოპარა. ქურდობის მუხლით გასამართლებულ გამხუაშვილს ადვოკატის აყვანის საშუალება არ ჰქონდა. ამის გამო სასამართლოსთვის  მისი ავადმყოფობის შესახებ ცნობა არავის წარუდგენია.

სასამართლომ განსასჯელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და დაზარალებულისთვის 568 ლარის გადახდა დააკისრა. გამხუაშვილმა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს განაჩენი თვითონვე გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმც ბრალდებულს ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტები არც იქ წარუდგენია. თუმცა ჯანმრთელობის ცნობაში მინიშნებულია, რომ პაციენტი დაავადებულია ლიმფოგრანულომატოზის მესამე სტადიით (სისხლის კიბო) და „შრომა არ შეუძლია". ასევე სამედიცინო ცნობა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ონკო -ჰემატოლოგიური ცენტრიდან და საქართველოს რესპუბლიკური ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრიდან, რაც ადასტურებს, რომ ბრალდებული ნამვილად არის დაავადებული სისხლის კიბოთი და მას შესაბამისი, გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება. გამხუაშვილის დედამ აღნიშნული საბუთები მას შემდეგ შეაგროვა, რაც ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მის შვილს ონკოლოგიური ოპერაცია დაჭირდა.

გამხუაშვილი  ამჟამად ქსნის კოლონიაში იხდის სასჯელს, ბრალდებულის დედა მანანა ლომსაძე, რომელიც თვითონაც მეორე ჯგუფის ინვალიდია,  ვარაუდობს, რომ მისი შვილი არადამაკმაყოფილებელი მკურნალობის გამო, ციხიდან შეიძლება ცოცხალი ვეღარ გამოვიდეს.

„რესბალნიცაზე" ჰყავდათ და ექიმმა მოითხოვა ონკოლოგიურ დაავადებათა ექიმის შეყვანა. ოპერაცია გაუკეთეს და საზარდულებიდან ამოაჭრეს სიმსივნური ჯირკვალი, მერე ისევ ქსანში დააბრუნეს, ახლა „ზონაზეა". სისხლის დაავადება ჭირს, ამის გამო პენსიასაც იღებს, ახლა მთელ ტანშია გაშლილი ავადმყოფობა და სულ გამოყრილი აქვს. წამლებს არ აძლევენ, გარეთ მე მივხედავ როგორც იქნება, რამდენჯერმე აქვს „ქიმიო-თერაპია" გაკეთებული, ამის გამო თმები სამჯერ გასცვივდა,  ვაღიარებ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა, მაგრამ რომ მომიკვდეს ციხეში, ჩემს წინაშე ვინ აგებ პასუხს?"- ამბობს ბრალდებულის დედა.

ვიტალი გამხუაშვილი შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტსაც მიმართავს, ბრალდებული აღიარებს, რომ დამნაშავეა და დანაშაული გაუსაძლისმა ტკივილმა ჩაადენინა.

„ვაღიარებ, რომ ჩავიდინე დანაშაული, რაც გამოწვეული იყო გაუსაძლისი, აუტანელი ტკივილებით, რადგან მე არ მქონდა წამლის ფული და ტკივილსაც ვეღარ ვუძლებდი"- წერს გამხუაშვილი შეწყალების მიმართვაში, სადაც ითხოვს მისცენ უფლება დარჩენილი სიცოცხლე სახლში, ახლობლებთან ერთად გაატაროს.

იმის გამო, რომ გაჭირვებულ ოჯახს ადვოკატის დაქირავებისთვის ფული არ გააჩნდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში  ვეღარ გაასაჩივრეს. არც სასამართლოს გაუთვალისწინებია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74 - ე მუხლის შესაბამისად, სასჯელისგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი:
„ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ  დაავადდა სხვა  მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას".

ამას ითვალისწინებს ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი, რომლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნა შეიძლება შეჩერდეს თუ ბრალდებული დაავადდა მძიმე ავადმყოფობით.

ციხეში პატიმრების გაუსაძლის პირობებზე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს, მითუმეტეს, მძიმეა ციხეში ყოფნა ონკოლოგიური პაციენტებისათვის, რომლებისთვისაც  ციხის  რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანაც ოცნების ტოლფასია.

ცნობისათვის, იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით,  2007 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით წელს ციხეებში  55 პატიმარი გარდაიცვალა.

თეა თედლიაშვილი, გორი.

 

 

ახალი ამბები