კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელახალი დევნილობის მოლოდინში

10 აგვისტო, 2007

devnilebib.jpgთელავში, სასტუმრო "კახეთში" მცხოვრებ დევნილებს შენობის დაცლის ხუთდღიანი ვადა მისცეს. ამის შესახებ პოლიციამ ისინი გუშინ გააფრთხილა. სასტუმრო, სადაც დევნილთა 60-მდე ოჯახი 1992 წლიდან ცხოვრობს, კომპანია "ცენტრ-პოინტმა" იყიდა. ადგილობრივი ხელისუფლება, ერთ ოჯახს კომპენსაციის სახით რაიონული ბიუჯეტიდან 10 ათას ლარს სთავაზობს. დევნილები აცხადებენ, რომ ამ თანხით ისინი თელავში საცხოვრებლად გამოსადეგი ბინის ყიდვას ვერ შეძლებენ.

ვითარებაში გასარკვევად დევნილებმა თელავის გამგეობას და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, ჩინოვნიკებმა მათთან შეხვედრაზე უარი თქვეს.

"როგორც ვიცით, სასტუმროს შენობა ორჯერ გაიყიდა. პირველად, ძალიან იაფად, ანდრონიკაშვილებმა იყიდეს, ხოლო შემდეგ კომპანია "ცენტრ-პოინტის" წარმომადგენელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა. ამ კომპანიის სახელით ამჟამად ვინმე ნინო ჯიჯეიშვილი საუბრობს. დღეს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მას განცხადება შეუტანია თელავის რაიონის პოლიციაში, სადაც აღნიშნავს, რომ ჩვენ ვახდენთ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფას და უკანონოდ ვიმყოფებით ამ შენობაში. სასტუმროში ჩვენ თვითნებურად არ შევჭრილვართ. აქ 1992 წელს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შემოგვასახლა. ჩვენთვის ინვესტორს თუ შენობის ახალ მეპატრონეს არ მოუმართავს და არ უთქვამს შენობა დაგვეცალა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, თელავის გამგებელი გაგა ციგროშვილი იყო მოსული თანმხლებ პირებთან ერთად. ის პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თუ შენობას არ დავტოვებთ, სპეცრაზმს მოგვისევს და ძალით გაგვყრიან. შევედავეთ და იცით, რა გვითხრა?  "რა გახდით ბოლოს და ბოლოს, ფეხებზე მკიდიხართო" და ზედ მოგვაფურთხა. მიუხედავად ასეთი შეურაცხყოფისა, გამგეობაში მაინც მივედით, მაგრამ არავინ მიგვიღო. რამდენჯერაც მივაკითხეთ, კახეთის გუბერნატორიც იმდენჯერ დაგვემალა. შენობის დაცლას არ ვაპირებთ, რადგან წასასვლელი არსად გვაქვს"- ერთსა და იმავეს აცხადებენ ნაირა უგრეხელიძე, ბესიკ მაისურაძე, მურად დადვანი და სხვები.

"შენობის დაცლაზე კატეგორიულ უარს არ ვამბობთ, მაგრამ თავშესაფრის გარეშე ვერ დავრჩებით. ჩვენთვის თანხა ოფიციალურად არავის შემოუთავაზებია, მაგრამ რადგან ზოგადად ვიცით, რომ 10 ათას ლარს გვთავაზობენ, ამიტომ შესყიდვის მიზნით სახლების ძებნა მაინც დავიწყეთ. თელავის გარეუბანში ოროთახიან ბინას 8-9 ათას დოლარს აფასებენ. 10 ათას ლარად ბინის შეძენა მხოლოდ იმ სოფლებშია შესაძლებელი, სადაც არც გზაა, არც წყალი, ან მეწყერს მიაქვს ტერიტორია, ან ხალხი არ ცხოვრობს. შემოთავაზებულ თანხას ვერც ვერაფერს დავამატებთ, რადგან უმრავლესობა არსად მუშაობს. სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარებით ვსარგებლობთ ან დევნილის მათხოვრული შემწეობით, რომელიც 11 ლარს შეადგენს. 15 წლის მანძილზე აქ საზიზღარ პირობებში ვიცხოვრეთ, მაგრამ არავინ შეგვიწუხებია. აღარ გვინდა, კიდევ ერთხელ გავხდეთ დევნილები"- ამბობს დემურ ღუდუმიძე.

ენვერ გაგნიძეც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად სასტუმრო "კახეთის" ერთ ოთახში ცხოვრობს. ოთახის საერთო ფართობი 11 კვადრატული მეტრია. ენვერის ერთი შვილი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. მცირე ხნის წინ, პატარამ მხედველობაც დაკარგა. მეორე შვილი სკოლის მოსწავლეა. სამი შვილი კი აფხაზეთის ომისას დაეღუპა. სიკვდილს თვითონაც ძლივს გადაურჩა. მიმდინარე წელს მას ინვალიდობის პენსიაც მოეხსნა და ოჯახის ყოველთვიურ შემოსავალი 66 ლარი გახდა.

"ეს თანხა ბავშვისთვის საჭირო მედიკამენტების შესაძენადაც არ მყოფნის. ნახევარზე მეტად მშივრები ვართ. არავინ არაფრით დაგვხმარებია. ის, რასაც ახლა ეს ხელისუფლება გვიკეთებს, აფხაზებს არ გაუკეთებიათ ჩვენთვის. ჩვენ იქიდან ძალით არავის გამოვუყრივართ. უბრალოდ პატრიოტები ვართ და ქართველების გვერდზე დავდექით. ამიტომაც გავხდით დევნილები", - ენვერს საუბარი ოთახში შემოსულმა პოლიციის თანამშრომლებმა გააწყვეტინეს.

"გაფრთხილება ჩაიბარეთ და ხელი მოაწერეთ, რომ მიიღეთ", - განუცხადა დევნილს პოლიციის ინსპექტორმა. ენვერმა უარი თქვა ხელმოწერაზე. საუბარში ჩვენ ჩავერთეთ. გადამღები კამერის დანახვისთანავე პოლიციის თანამშრომლები იქაურობას სასწრაფოდ გაეცალნენ. სამართალდამცავების ეს ქმედება დევნილებმა შემდეგნაირად ახსნეს: "პოლიციელი მევლუდ მაისურაძე გვაფრთხილებს, პოლიციაში მომუშავე ბიჭებს ნერვები აღარ უვარგათ და წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ, თორემ სერიოზული შეხლა-შემოხლა იქნებაო. ჩვენ რა მდგომარეობაში გვაქვს ნერვები? ამდენი უბედურებისგან მხეცებს ვგავართ"- ამბობენ დევნილები.

იძულებით გადაადგილებული პირების პრეტენზიებთან დაკავშირებით თელავის გამგებელმა გაგა ციგროშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. "ტელეფონით რომ მესაუბრეთ, ხომ გითხარით, კომენტარს არ ვაკეთებ მეთქი და აქ რატომღა მოხვედით? ისტერიკიანი ადამიანების ბრალდებებზე ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა ციგროშვილმა და სამუშაო ოთახის კარი მთელი ძალით მიიჯახუნა.

დევნილების გამოსახლების საკითხზე საუბარი არც პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გია ნაცვლიშვილმა ინება. პრეს-მდივნის მეშვეობით მან მხოლოდ ის შემოგვითვალა, რომ ხუთ დღეში მოსახლეობა სასტუმროს შენობას აუცილებლად დატოვებს, რადგან "თელავის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მშენებლობა აუცილებელია".

სასტუმრო "კახეთში" მცხოვრები დევნილების ინტერესებს ა"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტები იცავენ. როგორც ადვოკატმა ლია ხუროშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, დაუშვებელია ყველა მოქმედება, დევნილთა უფლებების დარღვევისა და დაჩაგვრის ხარჯზე. "საქართველოს კანონის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლოს წესით. ამასთან, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს, ან გამოიყოფა საცხოვრებელი ფართი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საცხოვრებელი პირობები. იმ არაოფიციალური შეთავაზების პირობებში, რომელიც არსებობს, დევნილთა საცხოვრებელი პირობები უარესდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვმუშაობთ სარჩელზე, რომელსაც სასამართლოში სავარაუდოდ კვირის ბოლოს წარვადგენთ", - აღნიშნავს იურისტი.

დევნილები ხელისუფლებასთან შეხვედრას და სიტუაციაში გარკვევას ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შიმშილობის აქციის გამართვას აპირებენ.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები