კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის სასამართლოში თარჯიმნის პრობლემაა

14 აგვისტო, 2007

batumis_sasamartlob.jpgბათუმის საქალაქო სასამართლოში თარჯიმნის ერთი შტატია. აჭარაში მოქმედ სხვა რაიონულ სასამართლოებში კი ეს შტატი საერთოდ არ არსებობს. მოქალაქეები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან, აცხადებენ, რომ მათ არ ესმით რა ხდება სასამართლო პროცესზე. სახალხო დამცველის აპარატში ამას უმცირესობის უფლებების დარღვევად და შესაბამისად, უკანონობად აფასებენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი, დღეში, საშულოდ, ერთი ისეთი პროცესი მაინც იმართება, რომელშიც თარჯიმნის მონაწილეობა აუცილებელია.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მიხედვით, პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, თარჯიმანი უნდა დაენიშნოს. თარჯიმნის მომსახურების ხარჯებს სახელმწიფო თავისთავზე იღებს. რამდენად კვალიფიციური უნდა იყოს თარჯიმანი, ამას კანონი არ განსაზღვრავს. გარკვევით არც ისაა ნათქვამი, როგორ უნდა წარიმართოს სასამართლო პროცესი იმ სასამართლოებში, სადაც თარჯიმნის შტატი საერთოდ არ არსებობს. ბათუმის სასამართლოს კი ერთადერთი თარჯიმანი ჰყავს და ახლა ის შვებულებაშია.

ვიდრე თარჯიმანი ზინაიდა ანტონიანი ისვენებს, სასამართლო პროცესებზე თარჯიმანის მოვალეობის შესრულება მანდატურის თანამშრომლებს, სასამართლოს  ჰოლში მყოფ მოქალაქეებს, მოსამართლის მდივნებს და ჟურნალისტებსაც კი უხდებათ.  მოთხოვნა, ძირითადად,  რუსულენოვან თარჯიმანზეა. პროცესზე თარჯიმანის მოვალეობის შემსრულებელს გაფრთხილება ეძლევა, რომ არაზუსტი თარგმანის  შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება. დღემდე ბათუმის სასამართლოს ისტორია არ იცნობს ფაქტს, რომ ცრუ თარჯიმნის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყოს. მიუხედავად ამისა, პრეტენზიები საკმაოდ ხშირად გაისმის.

ბათუმის სასამართლოში თარჯიმანთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ კურიოზული შემთხვევაც კი დაფიქსირდა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აზერბაიჯანის მოქალაქე, აქბერ ალიევი, აღმკვეთი ღონისძიების შეაფარდებლად, 16 ივლისს მიიყვანეს. იგი ასი აბი „ტრამალის“ შემოტანისთვის სოდ-ის თანამშრომლებმა სარფის საზღვარზე დააკავეს. დაკავებული ამბობდა, რომ აბები ავადმყოფი მამისთვის აზერბაიჯანში უნდა ჩაეტანა. სასამართლო სხდომას დაკავებული ალიევი, სოდ-ის თანამშრომლები, ადვოკატი და სახელმწიფო ბრალმდებელი ესწრებოდნენ. ალიევს თარჯიმანი დასჭირდა. პროცესი დროებით შეჩერდა. დაკავებულის ადვოკატმა, ედნარ კეკელიძემ პროცესი დატოვა და თარჯიმნის მოძებნა სასამართლოს ჰოლში დაიწყო. საბოლოოდ, ადვოკატმა, სოფელ ურეხის მკვიდრი, რუსული ენის მცოდნე ვაჟა დავითაძე იპოვა და სასამართლოს სხდომის დარბაზში შეიყვანა. „თარჯიმანი“ დავითაძე გააფრთხილეს, რომ არაზუსტი თარგმანის შემთხვევაში პასუხს აგებდა.

სახელდახელოდ მოძებნილი „თარჯიმანი“ პროცესზე მხოლოდ მაშინ თარგმნიდა, როცა დაკავებული რაიმეს იკითხავდა. დაკავებულს კი ბევრი რამ არ უკითხავს _ მისთვის მთავარი გირაოს ოდენობა იყო. სახელმწიფო ბრალმდებელმა და გამომძიებელმა გირაოს სახით 30 ათასი ლარი მოითხოვეს. ადვოკატი ამ თანხის 2-3 ათასი ლარით შემცირებას ცდილობდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. მოსამართლე დავით გელაშვილმა ალიევს 30 ათასი ლარის 50 დღის ვადაში გადახდა შეუფარდა.

აზებაიჯანელ მოქალაქეს სასამართლო დარბაზიდან გაყვანისას, ეგონა, რომ გადასახდელი ათი ათასი ლარი ჰქონდა. მან სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ შეეძლო მხოლოდ ხუთი ათასის ან ოდნავ მეტის გადახდა, მაგრამ ათი ათასის ვერაფრით.. „ყველაფერი კარგადაა“, - ადვოკატის ამ სიტყვებით დაიმედებულმა განსასჯელმა, მოსამართლეს მადლობაც კი გადაუხადა.
 
26 ივლისს კი თურქ ალტან ადნან სარიბაშისა და ქართველ გიორგი მარშანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. ალტან ადნან სარიბაშს დიდი ოდენობით (841 გრ) ნარკოტიკული ნივთიერების - ჰეროინის შემოტანა-გავრცელება, ასევე საზღვრის უკანონოდ გადმოლახვა ედება ბრალად. ეს ბრალი უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თარჯიმანზე განსასჯელის ადვოკატმა, მერაბ ვარშანიძემ იზრუნა. „ინფორმირებული იყვნენ, რომ პროცესზე თარჯიმანი იყო საჭირო. თუმცა თარჯიმანის მოძებნა თავად დამჭირდა“, - განაცხადა ვარშანიძემ. თხოვნით მოყვანილ თარჯიმანს - მურად ბოლქვაძეს იმავე პროცესზე, თურქულის გარდა, თარგმნა რუსულ ენაზეც მოუხდა.  სასამართლოს მოწმის სახით ჩვენებას კაფე-ბარ „ძველი ბათუმის“ თანამშრომელი - ლანა აძლევდა. მან ქართული არ იცოდა (მიკროფონი გამორთული იყო, ამიტომ დარბაზში მსხდომთ მოწმის საუბარი არ გაუგონიათ). თუმცა მოწმის ჩვენება განსასჯელისთვის, არ გადაუთარგმნიათ.
 
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ჯემალ კიკნაძის განცხადებიოთ კი ბათუმის სასამართლოს თარჯიმნის მხოლოდ ერთი შტატის დაშვების  უფლება აქვს:: „სასამართლოში ერთი თარჯიმანი გვყავს. ის ქართულიდან რუსულად და პირიქით, სრულყოფილად თარგმნის. ამაზე მეტი თარჯიმნის მოწვევის საშუალებას საშტატო განრიგი არ გვაძლევს. მისი შვებულების პერიოდში, შეიძლებოდა ერთთვიანი ხელშეკრულებით ამეყვანა სხვა, მაგრამ თარგმნიდნენ მოქალაქეები, რომლებმაც კარგად იცოდნენ რუსული. ანაზღაურება, ჯერჯერობით, არავის მოუთხოვია. კარგი იქნება, თარჯიმანმა რუსული, თურქული, სომხური და ინგლისური ენები რომ იცოდეს, მაგრამ ასეთი ადამიანი სასამართლოში არ წამოვა, ანაზღაურებაა დაბალი  - 180 ლარი. საერთოდ კი, თარჯიმანის საშტატო ერთეულს საქართველოს იუსტიციის საბჭო განსაზღვრავს“.

საქართველოს იუსტიციის საბჭოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ვასაძე, საპირისპიროს ამბობს: „თარჯიმნის შტატების ოდენობა და თარჯიმნის აყვანაც სასამართლოს თავმჯდომარის გადასწაყვეტია“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ბაკურ ბოლქვაძე სასამართლო პროცესებზე თარჯიმანის არარსებობის არაერთ ფაქტს იხსენებს და განმარტავს, რომ ეს პრობლემა საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებას საჭიროებს: ,,არც საერთო სასამართლოების შესახებ კანონი და არც საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად არ არეგულირებს თარჯიმანის სტატუსს და მის კვალიფიციურობას. კანონში ძალზე ზოგადია ფრაზაა ჩადებული - „სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი“. სასამართლო პროცესზე თარჯიმნის ქუჩიდან მიპატიჟების ტრადიცია უცნაურია. სასამართლომ თარჯიმნის არჩევანის შანსიც უნდა მისცეს მოქალაქეებს და იგი ნებისმიერ მოქალაქეზე თარჯიმნობის შემთხვევაში ანაზღაურებადი უნდა იყოს“, - აცხადებს ბოლქვაძე.


ემზარ დიასამიძე, ბათუმი 

ახალი ამბები