კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თქვენთან ტერაქტი არ მომხდარა“ - არწმუნებენ გორის პოლიციის გვერდით მცხოვრებ ოჯახებს

15 აგვისტო, 2007

jujuna_carcizeb.jpg"აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, ქუჩაში მდგარი მანქანები ჩვენს ეზოში გადმოყარა. მიწა დამსხვრეული მინით იყო დაფარული. სახლს შიფერი აღარ შერჩა. 500 მეტრის მოშორებით მდგარი თეატრის ჭერიც კი დააზიანა და ჩვენ  რას გვიზამდა? რემონტი იმ წელს გავაკეთეთ, არც წყალი ჩამოგვდიოდა, ახლა სამივე ოთახში და აბაზანაში წყალი წვეთავს. გარეთ რომ გაწვიმდება ჩემს გულზეც წვიმს. ჩემი ქმარი, აქვე ჯიხური გვაქვს და, იქ იჯდა, ნაცნობს გამოუვლია და გარეთ გამოსულა შემთხვევით, თორემ, შიგნით რომ ყოფილიყო აუცილებლად მოკვდებოდა“, - ამბობს გორში მცხოვრელი ჟუჟუნა ცარციძე და ცდილობს ზუსტად გაიხსენოს ტერაქტის დღე, 2005 წლის 1 თებერვალი...

ჟუჟუნა ცარციძე სამხარეო პოლიციიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ცხოვრობს. ტერაქტის დღეს მას სახლში გოგონა ჰყავდა დატოვებული. თვითონ კი ბაზარში იყო, სანოვაგის საყიდლად.

"გზაში მულიშვილი შემხვდა, პოლიციასთან აფეთქება მოხდა და გვერდით მდებარე ბინები მიწასთან გაასწორაო მითხრა, გიჟივით გამოვიქეცი სახლისკენ"- ყვება ჟუჟუნა ცარციძე.

მას ოჯახის ყველა წევრი  უვნებელი კი დახვდა, თუმცა, გაჭირვებით გარემონტებულ ბინაში ყველა მინა ჩალეწილი ჰქონდა.სახლს საწვიმარი მილები მოწყდა, ჭერმა მაღლა აიწია, შუშაბანდი მთლიანად ჩაიმსხვრა...

ტერაქტიდან რამდენიმე წუთში გორში ჩასულმა  შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საჩქაროდ გამართულ ბრიფინგზე  დაზარალებულ მოსახლეობას ზარალის ანაზღაურების პირობა მისცა. ადგილობრივი ხელისუფლებამ კი სასწრაფოდ ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია შექმნა.
სამხარეო პოლიციის წინ მდებარე ბინის ყველა მაცხოვრებელი ტერაქტით დაზარალებულთა სიაში შეიყვანეს, ხოლო ოდნავ მოშორებით მდგარი სახლიდან  სიაში მხოლოდ სამი ოჯახი მოხვდა. დანარჩენებს განუცხადეს, რომ ისინი დაზარალებულები არ იყვნენ. მათ  რიცხვში ცარციძეების ოჯახიც აღმოჩნდა.

"ჩვენ ველოდით, რომ  პირველი ბინის შეკეთების დასრულების შემდეგ  ჩვენს ბინასაც მიხედავდნენ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ამიტომ, 8 თებერვალს დავწერეთ განცხადება და საკრებულოში შევიტანეთ. მას შემდეგ საკრებულოში ათობით განცხადება გვაქვს შეტანილი, მაგრამ ყურადღებს ნულის ტოლია. პასუხისთვის რომ მივაკითხეთ,  გვითხრეს, თქვენ განცხადებით  არ მოგიმართავთო.

აფეთქებისთანავე მოვიდნენ ჩვენთან მიხეილ ქარელი და გელა ზოზიაშვილი (პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში და მისი მოადგილე) და დახმარებას შეგვპირდნენ.  8 დღე ველოდით, როდის დაიწყებდნენ ჩვენი ბინის შეკეთებას და დღემდე ასე ველით. ხან სად გვაგზავნიდნენ და ხან სად, ვინ მოთვლის რამდენი განცხადება დავწერეთ და უშედეგოდ"- წუხს ჟუჟუნა ცარციძე.

ტერაქტით დაზარალებულებმა ძალოვან უწყებებსაც მიმართეს, განცხადება პროკურატურაში შეიტანეს, მაგრამ იმის გამო, რომ შიდა ქართლის ოლქის პროკურორი მიხეილ აბულაძე მაშინ სკანდალურად მოხსნეს, განცხადება რამდენიმე თვის მანძილზე განუხილველი დარჩა. შემდეგ სასამართლოს გადაეცა, თუმცა საქმეს მსვლელობა არ მოჰყოლია.

„ამასობაში სასამართლოში პროცესი გაიმართა და ვინც თავიდან დაზარალებულთა სიაში მოხვდა, ის ცნეს დაზარალებულად. პროცესზე ჩვენი ბინის მაცხოვრებლებიც მივედით. ჯერ არ გვიშვებდნენ, თქვენ სიაში არ ხართო. მერე ერთმა ბიჭმა შეგვიყვანა და პროცესს დავესწარი, გულზე ვსკდებოდი, ვინც მართლა დაზარალებული იყო, ის სიაში ვერ მოხვდა, ვისაც მხოლოდ ერთი მინა ჩაემსხვრა, ისინი რატომღაც სიაში აღმოჩნდნენ“, - ამბობს ქალბატონი ჟუჟუნა.

ტერაქტით დაზარალებულების თქმით, ხელისუფლებამ მათ მხოლოდ მინები მისცა, მაგრამ ის, რომ მათ სახლში წვიმს, მსჯელობის საგანი არ გამხდარა.

„ერთხელ, რომ მივედით, გვითხრეს, თქვენთან ტერაქტი არ მომხდარაო. თუ არ იყო 9 „სტეკლოს" განცხადება რატო გამომართვით-თქო, ვუთხარი, გამოცვლილი შიფერი მაინც დაგეფარებინათ ჩვენი ბინისთვის, მე ხომ ვერ ავიტანდი სამ სართულიანი ბინის სახურავზე შიფერს-თქო"- ყვება ქალბატონი ჟუჟუნა - მე იმერელი ქალი ვარ და "სტეკლო" რომ ვთქვი, სიცილი ატეხეს, განცხადება დაგვაწერინეს კიდევ, მაგრამ არაფერს გვიკეთებენ".

ჟუჟუნა ცარციძე ავადმყოფი შვილისთვის წამლის ყიდვასაც ვერ ახერხებს, გული წყდება, რომ ვერ იგებს, სად წავიდა  ტერაქტით დაზარალებულთათვის გამოყოფილი 80 ათასი ლარი.

„არ გვაქვს საშუალება ჩვენ მივხედოთ სახლის ჭერს. პურის ფულს ძლივს ვშოულობთ. 77 წლის ქალი ვარ, რა გავაკეთო. მეუღლე შრომის გმირი მყავს, ერთი უჯრა მაქვს სავსე, მაგისი ჯილდოებით და მადლობებით, მაგრამ რად გინდა... ჭერი მენგრევა თავზე. სასამართლოში მითხრეს, ტერაქტით დაზარალებულად რომ გცნოთ და სიაში შეყვანა მოვითხოვოთ, ადვოკატი აიყვანეთო, სად მაქვს მე ადვოკატის ფული“...
ჟუჟუნა ცარციძეს ახლა მხოლოდ პრეზიდენტის იმედი დარჩა:

„მისთვის არ მიგვიწერია დახმარებისთვის.მივწერთ ახლა სააკაშვილსაც და თუ ისიც არ დაგვეხმარა,  ვიტყვით უპატრონო ქვეყანაში გვიცხოვრია-თქო და ჩავიქნევთ საბოლოოდ ხელს“.

მარლენ ნადირაძე ახლა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა, 2005 წელს ის შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე იყო. სწორედ ნადირაძე იყო საგანგებოდ შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე. ნადირაძე უარყოფს, რომ სამხარეო პოლიციიდან რამდენიმე მეტრში მდგარი ბინა ტერაქტმა დააზიანა.
"აღნიშნული  ბინა საკმაოდ ძველია, ჭერი დამპალი იყო, ტერაქტი არაფერ შუაშია და ამიტომ  იმ ზარალს ვერ მივაბამდით. დაზარალებულებად  სასამართლომ ის ცნო, ვისაც სერიოზული ზიანი მიადგა, ხოლო იმ ბინაში მაცხოვრებლები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, (სამი ოჯახი) სიაში იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ ჩემი ინფორმაციით, ავტომანქანები დაუზიანდათ.

ტერაქტის დროს ორი კომისია იყო შექმნილი. ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისია იყო, მანქანები და მნიშვნელოვანი ზარალი მათ აანაზღაურეს. ჩვენმა კომისიამ ის  ბინა რომ შეამოწმა, მაშინვე ითქვა, ჭერი სულ დამპალიაო.  ბინა ამორტიზებულია და შეკეთებას საჭიროებს, მაგრამ ამ წუთში  ბიუჯეტში თანხები არ არის, მომავალ წელს კი აუცილებლად გავითვალისწინებთ ბინისთვის გადახურვის თანხებს", - ამბობს ნადირაძე.

ვერც მარლენ ნადირაძე და ვერც გელა ზოზიაშვილი (შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე, კომისიის წევრი) ზუსტად ვერ იხსენებენ რა რაოდენობის თანხა იყო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტერაქტით დაზარალებულთა დასახმარებლად. ნადირაძის განცხადებით, მასალები უკვე არქივშია გადაგზავნილი, ჩვენთვის ცნობილია, რომ ბიუჯეტიდან მაშინ 80 ათასი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა, მხოლოდ სამხარეო სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების შემინვაში დაიხარჯა.

 

თეა თედლიაშვილი გორიდან

ახალი ამბები