კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ნადირობა" სოციალურად დაუცველებზე

18 აგვისტო, 2007

10 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმერეთს ახალი ამბით ეწვივნენ. ქვეყანაში და უშუალოდ, იმერეთის რეგიონში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობისთვის ვაუჩერიზაციის საპილოტე პროგრამა დაიწყო. ერთი შეხედვით ეს, არცთუ ურიგო ამბავი ზუსტად 15 დღის შემდეგ დიდ უსიამოვნებაში გადაიზარდა და განხეთქილების საგნად იქცა.

სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ მოსახლეობაზე ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ვაუჩერის გაცემა ქუთაისში აგვისტოს ბოლოდან დაიწყო. იგი თითოეული ბენეფიციარისთვის გარანტირებულ სამედიცინო მომსახურებას გულისხმობს. თუმცა, როგორც ირკვევა, პროცედურა საკმაოდ რთულია.  იმისათვის, რომ პირმა ვაუჩერი მოიპოვოს, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის განყოფილებაში დარეგისტრირების შემდეგ, შესაბამისი სარეიტინგო, ანუ 70 ათასი ქულა უნდა დააგროვოს. ამის შემდეგ კი, შეუძლია მოპოვებული ვაუჩერი მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის პოლისში გადაცვალოს.

გასულ კვირას "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ქუთაისის ბიუროს 59 წლის, ქუთაისში მცხოვრებმა მაყვალა მარუაშვილმა მიმართა. იგი მარტოხელა დედაა, რომელსაც ერთადერთი შვილი უმძიმესი სენით ჰყავს დაავადებული. შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახი ვაუჩერის გარეშე დარჩა.

"ამაზე მეტი დაცინვა და უფლებების შელახვა რა გინდათ? ჩემს შვილს შერყეული ფსიქიკა აქვს. სანამ არ დაიძინებს, სახლში ვერ შევდივარ. მეშინია, რამე არ მავნოს. მე კი საშუალება არ მაქვს, ვუმკურნალო და ორივემ ამოვისუნთქოთ. ორი წელია სპეციალურ სამსახურში აღრიცხვაზე ვართ აყვანილი. მოდიან აგენტები, გვამოწმებენ, მერე კი გვეუბნებიან, რომ საკმარისი ქულა ვერ მოვაგროვეთ. არადა, ისეთი ოჯახები იღებენ ამ ვაუჩერებს, რომ ვიცი, ნამდვილად არ უჭირთ", -  ამბობს მაყვალა მარუაშვილი.
 
მისი გათვლით, ქუთაისში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი 6000 ოჯახი და 18000-მდე ბენეფიციარია დაფიქსირებული. თუმცა, ეს ოფიციალური მონაცემებით. სინამდვილეში კი, ეს ციფრი ალბათ, გაცილებით სოლიდურია. რაც შეეხება სამედიცინო დაზღვევას, მოსახლეობის სადაზღვევო ვაუჩერიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი უკონტროლო ვითარების გამო, ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის ლადო ჭიპაშვილის ბრძანებით, ვაუჩერის გაცემა ქუთაისში რამდენიმე დღით შეწყდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები სხვადასხვა გზით შეეცადნენ (და დღესაც ცდილობენ) სოციალურად დაუცველი პირების  გადაბირებას.

"დარღვევები მართლა დაფიქსირდა. ამ საქმეში სამედიცინო პერსონალი ძალიან ცუდად ჩაერია. ისინი პირდაპირი თუ ირიბი გზით ლობირებას უწევენ ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიას. თუ მსგავსი რამ ისევ განმეორდება, ჩვენ ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე ოფიციალურად ვაცნობებთ. ჩვენი მიზანია ვაუჩერი მივიდეს იმ ოჯახამდე, ვისაც იგი ეკუთვნის", -  აცხადებს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს უფროსი ვახტანგ სურგულაძე.

ოფიციალური ინფორმაციით, მოქალაქეთა არჩევანი, რომელი სადაზღვევო კომპანიისგან მიიღოს ჯანდაცვის პოლისი, თავისუფალია. არადა, სულ სხვაზე მეტყველებს რეალობა. სადაზღვევო კომპანიების მიერ სოციალურად დაუცველთა ე.წ. გადაბირებაზე ქუთაისში რიგითი ადამიანებიც ალაპარაკდნენ. 72 წლის გუგული ჯანელიძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა კერძო სადაზღვევო კომპანიამ (სახელწოდების დასახელებისგან თავს იკავებს) მას მედიკამენტებისა და სურსათის სანაცვლოდ კომპანიაში დარეგისტრირება შესთავაზა.

დარღვევებზე საუბრობენ ქუთაისელი "რესპუბლიკელებიც". მათი თქმით, უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება. `მოდიან და ჩივიან, რომ კუთვნილი ვაუჩერის ნაცვლად მათ სადაზღვევო კომპანია "ირაოს" სამედიცინო პოლისს ურიგებენ. ამ მხრივ დიდი დარღვევებია დევნილებში. სასტუმრო "ხვამლში" ექიმები პირდაპირ ზემოქმედებას ახდენენ იქ მცხოვრებ დევნილებზე. მათ დახმარებისთვის პოლიციასაც კი მიმართეს", - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ნატო ქათამაძე.

სადაზღვევო კომპანია "ირაოში", რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ლობირებს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ისე კი, "ირაოს" გარდა, იმერეთის რეგიონში სადაზღვევო ბაზრის დასაპყრობლად კიდევ ორი კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგი" და "ალდაგი ბი-სი-აი" იბრძვის.

ბრძოლას კი, როგორც ირკვევა, ნამდვილად აქვს აზრი. სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის ვაუჩერიზაციის საპილოტე პროგრამა იმერეთში 121 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანის ჯანმრთელობის დაზღვევას ითვალისწინებს.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

ახალი ამბები