კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

19 წლის ბიჭის მკვლელი შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მუშაობს

2 ოქტომბერი, 2007

moklulis_dedab.gifსიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მცხოვრები ვაჟა ბაღაშვილი შსს-ს თანამშრომელს ნოდარ აბულაშვილს 19 წლის შვილის, ზვიად ბაღაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მკვლელი დასჯის ნაცვლად დააწინაურეს. სიღნაღის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ამჟამად შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მუშაობს.

ზვიად ბაღაშვილი სიღნაღის რაიონის დაბა წნორში 1999 წლის 11 დეკემბერს მაშინ მოკლეს, როცა ის მეგობარ დავით ნასყიდაშვილთან ერთად, ამავე სოფელში მცხოვრებ ნაცნობს, ნანა თანდილაშვილს სტუმრობდა. ნანას ოჯახი სტუმრებს არაკეთილგანწყობით შეხვდა. ბებიამ ერთ-ერთი შვილიშვილი იქვე, ახლოს მდებარე პოლიციის ქვეგანყოფილებაში გააგზავნა და ინსპექტორს, ნოდარ აბულაშვილს უხმო. მეზობლების თქმით, აბულაშვილი თანდილაშვილებს ხშირად სტუმრობდა. ამ შემთხვევეშიც მათთან სახლში შეტყობინებისთანავე მივიდა. თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, ადგილზე პოლიციელების მისვლისას, ბაღაშვილის მანქანა თანდილაშვილების სახლიდან უკვე გარეთ გამოდიოდა. "ნოდარ აბულაშვილმა ზვიადს მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა, რაზედაც ბაღაშვილმა უარი უთხრა. ამის შემდეგ აბულაშვილმა ბაღაშვილს ესროლა. ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა",- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მომხდართან დაკავშირებით სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. პოლიციის ინსპექტორი ნოდარ აბულაშვილი მკვლელობის დღესვე დაიკითხა. მისი თქმით, როდესაც იგი ბაღაშვილის მანქანას მიუახლოვდა, ზვიადი მის დანახვაზე გაქცევას შეეცადა. "მაშინ მე ავტომანქანიდან გასაღების გამოძრობას შევეცადე, რა დროსაც ბაღაშვილმა მინა ასწია და მანქანა დაძრა. იარაღი ამიტომაც ამოვიღე. ჯერ ჰაერში გავაკეთე გამაფრთხილებელი გასროლა, შემდეგ საბურავებს ვესროლე, ბოლოს კი ფანჯრის მინას მივადე. იარაღი შემთხვევით გამივარდა", - აღნიშნავს ნოდარ აბულაშვილი გამოძიებისათვის მიცემულ პირველ ჩვენებაში.

ცოტა ხნის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად კახეთის საოლქო პროკურატურას გადაეცა, რომელმაც დანაშაული განზრახ მკვლელობის მუხლით დააკვალიფიცირა. მას შემდეგ რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბაღაშვილის ავტომობილის მინების ასაწევ-დასაწევი მექანიზმი ოთხივე კარზე მოშლილი იყო და შესაბამისად მინების აწევა შეუძლებელი იქნებოდა, ნოდარ აბულაშვილმა ჩვენება შეცვალა. "ბაღაშვილის შეჩერება მსურდა და მანქანის კარს ამ მიზნით ჩამოვეკიდე. მანქანამ რამდენიმე მეტრზე მათრია და იარაღი მოულოდნელად ამ დროს გამივარდა"- განაცხადა მან. ექსპერტიზამ მისი ამ ჩვენების რეალობაც გააბათილა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მსგავს ვითარებაში უნებლიე გასროლა შეუძლებელი იყო.

19 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის ნოდარ აბულაშვილს პროკურატურამ ბრალი, მხოლოდ დანაშაულის ჩადენიდან ხუთი თვის შემდეგ წარუდგინა. აბულაშვილი 2000 წლის 7 აპრილს  დააკავეს. მეორე დღეს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გოდერძი გოდერძიშვილმა განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა, აბულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ და დააკმაყოფილა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დაპატიმრების ბრძანება საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით იყო მიღებული, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლომ გააუქმა. მოსამართლე გაბისონიამ ნოდარ აბულაშვილი დარბაზიდან გაანთავისუფლა.

იურისტების ინფორმაციით, პროკურატურას უფლებაც ჰქონდა და საშუალებაც, აბულაშვილი ხელმეორედ დაეპატიმრებინა და ბრალი დაედო, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. როგორც ჩვენთან საუბარში ზვიად ბაღაშვილის მკვლელობის საქმის გამომძიებელმა ჯანიაშვილმა აღნიშნა, ის აბულაშვილის ქმედებაში სსკ-ის 104 მუხლის (ძველი კოდექსით - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე) შესაბამის დანაშაულს ვერ ხედავდა. პროკურატურამ აბულაშვილს მხოლოდ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა შეუფარდა.

ბაღაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურამ დადგენილება რამდენჯერმე გამოიტანა, რაც გარდაცვილის მამის მიერ არაერთხელ გასაჩივრდა. ვაჟა ბაღაშვილი აღნიშნავს, რომ როგორც საოლქო, ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმე ხუთჯერ იქნა დაბრუნებული ხელახალი ძიებისთვის და საქმის გამოძიება მოსამართლემ რამდენჯერმე უშუალოდ საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაავალა, მაგრამ უშედეგოდ. გენერალური პროკურატურა საქმეს გამოსაძიებლად კახეთის საოლქო პროკურატურას უგზავნიდა, ამ უკანასკნელს კი საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილებები გამოჰქონდა.

"ყველა მტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ჩემი შვილის განზრახ მკვლელობაში ნოდარ აბულაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა, გამომძიებლებმა შეცვალეს და დაამახინჯეს. პროკურატურამ ყველა ინსტანციის სასამართლოს მითითების იგნორირება მოახდინა. მთელი ამ ხნის განმავლობაში აბულაშვილები გვატერორებდნენ, ჩივილისთვის თავი დაგვენებებინა, რასაც ვერ მიაღწიეს. სამაგიეროდ არ ვიცი როგორ, მაგრამ ნოდარ აბულაშვილმა სიღნაღის პოლიციაში მუშაობა განაგრძო, სულ ცოტა ხნის წინ კი, ის დააწინაურეს და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გადაიყვანეს სამუშაოდ. მას თავისი ძმა, საქართველოს პარლამენტის წევრი ნუგზარ აბულაშვილი მფარველობს, რომელიც პრეზიდენტთან დაახლოებული პირია და ნაციონალურ მოძრაობას ხელმძღვანელობს სიღნაღის რაიონში", - ამბობს ვაჟა ბაღაშვილი.

ზვიად ბაღაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არც კახეთის საოლქო პროკურატურაში და არც გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენთან საუბარი არც ნოდარ და ნუგზარ აბულაშვილებმა ისურვეს. "წადი რა"- ასე გვიპასუხა პარლამენტარმა.

გარდაცვლილის მშობლები მკვლელის დასჯას ითხოვენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი.

ახალი ამბები