კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ით იზ ე თეიბლ“ ანუ თარჯიმნები სასამართლო პროცესებზე

2 ოქტომბერი, 2007

uzenaesi_sasamartlob.gif

რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგნენ სასამართლო პროცესებში მონაწილე ადამიანები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან. ადვოკატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესებზე კვალიფიციური თარჯიმნის არარსებობა მათ სერიოზულ ბარიერებს უქმნის.

რამდენიმე ხნის წინ, საქალაქო სასამართლოში, ერთ-ერთი მსჯავრდებულის საქმეზე თურქეთის მოქალაქეები იკითხებოდნენ.იქიდან გამომდინარე, რომ მათ ქართული ენა არ იცოდნენ, სასამართლო პროცესზე თარჯიმანი მოითხოვეს.

ლილი გელაშვილი (ადვოკატი): ეს მოვალეობა თავის თავზე ემილ მახმუდოვმა, სასამართლოს თარჯიმანმა იკისრა. საინტერესო ის არის, რომ როგორც გაირკვა, მან ნორმალურად არც თურქული ენა იცოდა და არც ქართული. იმისათვის, რომ თარჯიმნის მოვალეობა შეესრულებინა, მას უამრავი ჟესტიკულაციის გამოყენება უწევდა, წინადადებებს დროში ვერ სვამდა, სიტყვებს საოცარ ბრუნვებში აყენებდა. ალბათ ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასამართლო პროცესზე თარჯიმნის როლს. მისი ყოველი სიტყვა ფიქსირდება, ყოველმა არასწორმა ნიუანსმა, შესაძლებელია მოსამართლე შეცდომაში შეიყვანოს. თავად მოწმეებიც კი ხვდებოდნენ, რომ ეს პიროვნება არასწორად თარგმნიდა მათ ჩვენებებს. მსჯავრდებულმა ამის გამო პროტესტი გამოთქვა. მოსამართლემ არათუ დააკმაყოფილა მისი პროტესტი, არამედ სასამართლო დარბაზიდან გააძევა. ჩვენ სასამართლოსაგან თარჯიმნის კვალიფიციურობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოვითხოვეთ, თუმცა, სასამართლომ, მსგავსი საბუთი ვერ წარმოადგინა. გარდა ამისა, ჩვენ თარჯიმნის შეცვლაც მოვითხოვეთ, მაგრამ, ამაზეც უარი განგვიცხადეს. გვითხრეს, ემილ მახმუდოვს ვენდობით და თარჯიმნის შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავთო. ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ამ პიროვნებამ არც თურქული ენა იცის და არც ქართული. სასამართლო მისი დახმარებით თავს სასაცილო სიტუაციაში იგდებს.“

ლილი გელაშვილის განცხადებით, მსგავსი პრობლემა შეექმნათ მათ წყალტუბოს სასამართლოშიც: „იქაც, ანალოგიურად, თურქული ენის თარჯიმანი გვჭირდებოდა, მაგრამ ბოლოს რაღაც გაურკვეველი ენის თარჯიმანმა გაგვიწია „დახმარება“, - აცხადებს გელაშვილი.

თამარ გელაშვილი (ადვოკატი): „საქალაქო სასამართლოში პროცესზე სომხური ენის თარჯიმანი გვჭირდებოდა. თარჯიმნად არა სომხურის, არამედ რუსული ენის სპეციალისტი გამოიძახეს. საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს, თარჯიმანმა რუსული ენა სრულყოფილად არ იცოდა. ამიტომ ნახევარს ჩვენ, დაცვის მხარე ვთარგმნიდით. იურისპრუდენცია სპეციფიკური ტერმინოლოგიის ცოდნას მოითხოვს. ეს ცოდნა და გამოცდილება კი თარჯიმანს აშკარად აკლდა.“

ნინო ნიავაძე (ადვოკატი): „რამდენჯერმე ისეთ პროცესზე მომიწია გამოსვლა, სადაც აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი იყო საჭირო. მაგრამ სასამართლომ აზერბაიჯანული ენის სპეციალისტის მაგივრად, რუსული ენის თარჯიმანი მოიწვია პროცესზე. კლიენტმა რუსული ენა არ იცოდა, ამან კი აშკარა პრობლემები შეგვიქმნა. მას არც თარჯიმნის საუბარი ესმოდა და არც მოსამართლის.“

ვიოლეტა გევორქიანს, რუსული ენის თარჯიმანს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში შევხვდით. მისი თქმით,  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ, სისხლის და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს მხოლოდ სამი თარჯიმანი ემსახურება. ისინიც მხოლოდ რუსული ენის სპეციალისტები არიან. „დღეში ხანდახან შეიძლება 7-8 პროცესზე მოგვიწიოს გამოსვლა. ჩვენი ხელფასი 250 ლარს შეადგენს. სამივე კოლეგიაში ოფიციალურად ვართ გაფორმებულები. გარდა პროცესებზე თარჯიმნობისა, ჩვენ დოკუმენეტების თარგმნაც გვევალება.“

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს უფროსის გიორგი ოთარაშვილის განცხადებით, გარდა აღნიშნული სამი თარჯიმანისა, რომლებიც სასამართლოს შტატიანი თანამშრომლები არიან, საქალაქო სასამართლოს ურთიერთობა აქვს ერთ-ერთ თარჯიმანთა ბიუროსთან: „ჩვენ მათ წინასწარ ვატყობინებთ კონკრეტულად რომელი ენის სპეციალისტი გვჭირდება და დახმარებას ისინი გვიწევენ.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისგან ინფორმაცია გამოითხოვა სასამართლოებში მომუშავე თარჯიმნების საკითხთან დაკავშირებით. როგორც დეპარტამენტიდან მოსულ წერილშია აღნიშნული, საერთო სასამართლოებში მიმდინარე პროცესებზე სათარჯიმნო მომსახურება მიმდინარეობს როგორც შტატში მყოფი თარჯიმნების, ასევე 2007 წლის 6 ივლისის „ამიცი ლინგუარუმ“ - თან გაფორმებული ხელშეკრულების მეშვეობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ემსახურება 4 შტატში მყოფი რუსული ენის თარჯიმანი. მათი თვიური სარგო შეადგენს 250 ლარს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ემსახურება 4 შტატში მყოფი თარჯიმანი, აქედან 2 რუსული და 2 აზერბაიჯანული ენის სპეციალისტები. მათი ხელფასიც 250 ლარს შეადგენს: „ეს განპირობებულია იმით, რომ ყველაზე ხშირად სასამართლოებს სწორედ აღნიშნული ენის თარჯიმნების დახმარება ესაჭიროებათ. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, სასამართლო ორი კვირით ადრე მიმართავს შპს. „ამიცი ლინგუარუმს“ კონკრეტული უცხო ენის თარჯიმნის მოსაწვევად“, - აღნიშნულია წერილში.

შპს. „ამიცი ლინგუარუმ“ - ის დირექტორი დავით სილაგაძე, წერილში მითითებულ ვადას - ორ კვირას, მთელი 9 დღით ამცირებს: „სასამართლოდან პროცესამდე 5 დღით ადრე გვიკავშირდებიან და კონკრეტული ენის სპეციალისტის მომსახურებას გვიკვეთავენ. ჩვენ ვუკავშირდებით აღნიშნული ენის სპეციალისტს და ისინი აწარმოებენ თარგმნას. ძირითადად ინგლისური ენის სპეციალისტებზეა მოთხოვნა. თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც ჩინური ენის სპეციალისტიც დასჭირდათ. ჩვენ დაახლოებით 12 ენის სპეციალისტთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. სასამართლოებთან ურთიერთობის პატარა გამოცდილება გვაქვს. ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გავაფორმეთ, თან „ამიცი ლინგუარუმ“-ში ახალი მოსული ვარ, ამიტომ ბევრს ვერაფერს გეტყვით“, - აცხადებს დავით სილაგაძე. 

უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ამჟამად უზენაეს სასამართლოს 4 თარჯიმანი ემსახურება. მათგან ერთი აზრბაიჯანული, ერთი სომხური, ერთი ინგლისური და ერთი რუსული ენის თარჯიმანი. როგორც უზენაესი სასამართლოს პრეს-სამსახურში აცხადებენ, თარჯიმნის აყვანამდე მისი კვალიფიკაციის და შრომითი გამოცდილების შემოწმება ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მათი აყვანის შესახებ: „სხვა ენების თარჯიმნებზე მოთხოვნა, ისევ და ისევ პროცესებიდან გამომდინარე ნაკლებად  არის, ხოლო თუკი საქმეში ასეთი მოთხოვნა დევს, მაშინ სასამართლოს მიერ ამ კონკრეტული საქმისთვის შესაბამისი თარჯიმნის დაქირავება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება“, - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს პრეს-სამსახურის წერილში.

კონკრეტულ ციფრს თუ რამდენად ხშირად ხდება თარჯიმნის დაქირავება, უზენაესი სასამართლო ვერ ასახელებს: „იმის გარდა, რომ თარჯიმნები პროცესზე წარმოდგენილ მოწმეებსა თუ სხვა სტატუსის მქონე პირებს უწევენ თარჯიმნობას,  მათ ხშირად საქმეში არსებული უცხოენოვანი დოკუმენტების თარგმანაც უწევთ. ამიტომ გაცემული შრომითი ანაზღაურების მიხედვით რთულია დადგინდეს კონკრეტული ციფრი თუ რამდენ პროცესზე უწევთ თარჯიმნებს გამოსვლა“, - აღნიშნავს უზენაესი სასამართლოს პრეს-სამსახურის უფროსი ნანა ვასაძე. 

როგორც თავად თარჯიმნები აცხადებენ, ხანდახან მათ დღეში სავარაუდოდ 7-8 პროცესზე უწევთ გამოსვლა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესები, სადაც თარჯიმანთა დახმარებაა საჭირო, საკმაოდ დიდი ინტენსივობით იმართება. თუმცა, ადვოკატების განცხადებით, ისინი დღემდე თარჯიმანთა არაკვალიფიციურობის პრობლემის წინაშე დგანან. ის ფაქტი, რომ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლოს მხოლოდ ოთხი (თავად თარჯიმნების განცხადებით - სამი) და ისიც მხოლოდ რუსული ენის სპეციალისტი ემსახურება, ეს უკვე თავისთავად წარმოშობს პრობლემას.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

ახალი ამბები