კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნეტა რა ხდება არასრულწლოვანთა კოლონიაში?

3 ოქტომბერი, 2007

cixe.gifარასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში შესვლა და იქიდან რეპორტაჟის გაკეთება უტოპიური იდეა აღმოჩნდა. თუმცა, ჩვენ ჩვენი ვეცადეთ, რა იცი რა ხდება, იქნებ გაგვიმართლოს და შესვლის ნება მოგვცენო, ასეთი ფუჭი იმედებით დავიწყეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან წერილების გზავნა. დაახლოებით ორკვირიანი ლოდინის შემდეგ ჩვენს წერილზე პასუხიც მივიღეთ: 

„თქვენი განცხადებების თაობაზე განგიმარტავთ, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი განსაზღვრავს ინფორმაციის სახეებს და ადგენს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ვალდებულებას. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტისა და კანონმდებლობის სხვა მოქმედი ნორმების შესაბამისად, თქვენი წერილებით მოთხოვნილი ქმედებების განხორციელება არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემას“, - გვწერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირისაგან.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისაგან არასრულწლოვანთა კოლონიაში შესვლის, რეპორტაჟის მომზადების, ფოტო-გადაღებისა და ადმინისტრაციული პირებისაგან კომენტარების ჩაწერას მოითხოვდა. უარის მიზეზი კი ზემოთმოყვანილი წერილითა და კოდექსის განმარტებით „გაამყარეს“.

წერილის მიღების შემდეგ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს სალომე მახარაძეს დაუკავშირდა და უარის მიზეზისა და წერილის შინაარსის განმარტება ითხოვა. სალომე მახარაძე მხოლოდ მოკლე კომენტარებით შემოიფარგლა: „ჩვენ განვიხილეთ თქვენი წერილი და არ ჩავთვალეთ საჭიროდ თქვენი კოლონიაში შესვლა. კოლონიის დირექტორს არ სურს ინტერვიუს მიცემა, ხოლო რაც შეეხება ჩვენს მიერ გამოგზავნილი პასუხის შინაარსს, უბრალოდ იურისტებმა სიტყვების თამაშით მოიგეს“, - ასეთი ორაზროვანი პასუხი გასცა სალომე მახარაძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტს და თუ რა იგულისხმებოდა „სიტყვებით თამაშში“ ეს კვლავ „გამოცანად“ დარჩა.

თუმცა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, სალომე მახარაძის შემოთავაზებით დაიმედებულებმა, - „კითხვები გადმომიგზავნეთ და პასუხებს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში მოგაწოდებთო“, ისევ გავაგრძელეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან ურთიერთობა. ჩვენი კითხვები და მას მიყოლებული ორი წერილი, - „გთხოვთ, ის მაინც შეგვატყობინეთ, კითხვებმა თქვენამდე მოაღწია თუ არა“, - რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა.

არადა, სასჯელაღსრულების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად: „საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მზადაა უზრუნველყოს: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ მასმედიასა და საზოგადოებაში არსებული ინტერესების დაკმაყოფილება. ჩვენ მზად ვართ ჟურნალისტებისა და საზოგადოებისთვის საინტერესო და საჯაროობის თვალსაზრისით დასაშვები ინფორმაციები თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში დროულად მოგაწოდოთ.“

სწორედ ამიტომ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გადაწყვიტა გამოაქვეყნოს იმ კითხვათა ნუსხა, რომლებზე პასუხის გაცემისაგან სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა თავი შეიკავა:

1. რამდენი მსჯავრდებული იმყოფება არასრულწლოვანთა კოლონიაში?
2. რამდენი მსჯავრდებული ცხოვრობს თითო ოთახში?
3. რამდენი კვადრატული მეტრია თითო ოთახი?
4. როგორც ცნობილია კოლონია თავდაპირველად დაახლოებით 75 არასრულწლოვანზე იყო გათვლილი, ამჟამად კი იქ გაცილებით მეტი მსჯავრდებული იმყოფება. რითი ახსნით ამ მდგომარეობას?
5. იგეგმება თუ არა მომავალში კოლონიის შენობის გაფართოება?
6. რამდენად დამაკმაყოფილებელია მათი საცხოვრებელი პირობები (როგორია მათი კვების რეჟიმი და ა.შ.)
7. როგორია პაემნების განრიგი?
8. რამდენად ხელმისაწვდომია მსჯავრდებულთათვის სატელეფონო კავშირი?
9. რა სტადიაზეა ამჟამად ე.წ. ბუნტის გამოძიების საქმე?
10. გარდა სპეც-ნაზისა, რა ბერკეტები არსებობს იმისათვის, რომ კოლონიამ თავიდან აიცილოს ბუნტის საშიშროება?
11. როგორც ცნობილია, სპეც-ნაზი კოლონიასთან საღამოს გამოჩნდა, მსჯავრდებულების რუსთავის # 2 საპყრობილეში გადაყვანა კი მხოლოდ მეორე დილით განხორციელდა. თუკი კოლონიაში ისეთმა ბუნტმა იფეთქა, რომ სპეც-ნაზის გამოძახება გახდა საჭირო, მაშინ, რატომ დარჩნენ მსჯავრდებულები კოლონიის ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში?
12. ამჟამად რამდენი მსჯავრდებული იმყოფება რუსთავის #2 საპყრობილეში?
13. როგორც ცნობილი გახდა, #2 საპყრობილეში დაახლოებით 120 მსჯავრდებული გადაიყვანეს. საინტერესოა, ასოცივე მსჯავრდებული ღებულობდა ბუნტში მონაწილეობას?
14. რა მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ თითოეული მათგანი მონაწილეობდა ბუნტში და მათი საპყრობილეში გადაყვანა აუცილებელი იყო?
15. როდისთვის იგეგმება მათი უკან დაბრუნება?
16. რამდენად ხშირია უთანხმოება მსჯავრდებულებს შორის?
17. რა სახის დასჯის მეთოდები არსებობს კოლონიაში?
18. თუ უტარდებათ მსჯავრდებულებს ფსიქოლოგიური დახმარება?
19. მიზეზი, რის გამოც კოლონიის დირექტორი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უარს აცხადებს?

სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს მომავალში 13 აგვისტოს კოლონიაში მომხდარ ე.წ. ბუნტთან დაკავშირებით, დასკვნას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. ბუნტის შემდეგ 100-ზე მეტი არასრულწლოვანი რუსთავის #2 საპყრობილეში გადაიყვანეს, მათგან 64 მსჯავრდებული საპყრობილეში სამ თვეს გაატარებს.

იქიდან გამომდინარე, რომ არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების ამჟამინდელი დირექტორი  ჩვენთან საუბარზე უარს აცხადებს, სიტუაციაში მეტ-ნაკლებად გასარკვევად კოლონიის ყოფილ დირექტორს ხათუნა ჯაპავას დავუკავშირდით. მისი თქმით, არასრულწლოვანთა კოლონიაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ბავშვების რაოდენობა მატულობს, თავად შენობა კი ამ რაოდენობაზე გათვლილი არ არის. ამით ეს დაწესებულება კარგავს თავის მთავარ ფუნქციას, - ხელი შეუწყოს ბავშვის შემდგომ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.   

"კოლონია თავიდან მაქსიმუმ 75 ბავშვზე იყო გათვლილი. თუმცა, ახლა იქ ორასზე მეტი არასწრულწლოვანი იმყოფება. თავიდან ერთი დიდი ოთახი იყო, სადაც ყველა მსჯავრდებული ერთად ცხოვრობდა. შემდეგ მოვითხოვე, ეს ოთახი პატარა-პატარა ოთახებად დაეყოთ, რადგან ბავშვებს საკუთარი სიმყუდროვის შეგრძნება არ დაეკარგათ. როდესაც მათმა რაოდენობამ სულ უფრო და უფრო იმატა, იძულებული გავხდი ოთახებში ორსართულიანი საწოლები დაგვედგა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტს რამდენჯერმე შევთავაზე, დაწესებულება გაეფართოვებინა, რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ კიდეც, მაგრამ უშედეგოდ. არსებობს გაეროს წესები არასრულწლოვანთა შესახებ, რომელიც ბაჩო ახალაიამ, მგონი, საერთოდ არ იცის", - აცხადებს ხათუნა ჯაპავა.

უცნაური ინდიფერენტულობა

"როდესაც 2006 წლის სექტემბერში რემონტის გაკეთება გადავწყვიტეთ, ბაჩო ახალაიას თხოვნით მივმართე, იმის გამო რომ კოლონიის ტერიტორიაზე რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონოდა, მსჯავრდებულები დროებით სხვა შენობაში გადაეყვანა, რადგან რემონტისათვის დაწესებულების ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამშენებლო მასალა შემოვიდა, მათ შორის ლურსმენი, ჩაქუჩები, და სხვ ბლაგვი საგნები. საკვირველია, მაგარამ ახალაიამ ჩვენს თხოვნას ყურადღება არ მიაქცია. იმ ტერიტორიაზე, სადაც 150-მდე მსჯავრდებული იმყოფებოდა, შემოიტანეს უამრავი ბლაგვი საგანი და მისთვის ეს ფაქტი სრულიად „ნორმალური“ აღმოჩნდა. საბედნიეროდ, რემონტმა ყველანაირი გართულების გარეშე ჩაიარა. ბავშვები ისეთ პატივს მცემდნენ, რომ აზრადაც კი არ მოსვლიათ რაიმე უკანონო ქმედება ჩაედინათ. თუმცა, დღემდე ვერ ვხვდები, რატომ წავიდა ახალაია ასეთ დიდ რისკზე", - იხსენებს ჯაპავა. 

ბუნტი თუ ე.წ. ბუნტი

„როგორც კი შენობასთან სპეც-ნაზი მიიყვანეს, ბავშვებმა მაშინვე დამირეკეს, გვიშველე, არ ვიცით, რა უნდათო“, - იხსენებს ხათუნა ჯაპავა, „როდესაც საღამოს 9-ის ნახევარზე ასეთ დაწესებულებაში სპეც-ნაზი მიჰყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ რაღაც ძალიან სერიოზული ხდება და მისი აღკვეთა სხვანაირად წარმოუდგენელია. როგორც ინფორმაცია გავრცელდა, კოლონიაში თავად ბავშვების სხვადასხვა ჯგუფებს შორის მოხდა დაპირისპირება, თუმცა, ბავშვები ამას უარყოფენ. იმ ღამეს სპეც-ნაზი კოლონიაში არ შევიდა, ანუ „აბუნტებული“ მსჯავრდებულები შენობაში დატოვეს, მეორე დილით კი 120 ბავშვი რუსთავის მე-2 საპყრობილეში გადაიყვანეს. საინტერესოა, რატომ გადაიყვანეს ამდენი ბავშვი საპყრობილეში? ბავშვებით ასეთი თამაში არ შეიძლება. ცუდ შედეგს სწორედ მაშინ იღებ, როდესაც ბავშვს არასწორად სჯი“, - აცხადებს ხათუნა ჯაპავა.

არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ფსიქოლოგები ეხმარებიან

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი 2006 წლის ნოემბრიდან ევროკომისიის მიერ დაფინანსებულპროექტს ახორციელებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასჯელაღსრულებლის სისტემაში რესოციალიზაციის მიმართულებით მუშაობაა. არასრულწლოვანთა კოლონიაში უკვე თითქმის ერთი წელია სპეციალური ჯგუფები შეიქმნა, რომლებთანაც ფსიქოლოგები ჯგუფური თერაპიის მეთოდით მუშაობენ.

მაია ცირამუა (ფსიქოლოგი): "როდესაც მათთან შედიხარ, პირველი, რაც თვალში გხვდება, ეს ტოტალური უნდობლობაა. ეს არ არის განპირობებული მარტო იმ კონკრეტული სიტუაციით, რა სიტუაციაშიც ისინი კოლონიაში იმყოფებიან. ასეთი განწყობა მათ კოლონიამდე უყალიბდებათ. როდესაც მათთან შედიხარ, უამრავ გამოცდას გიწყობენ. ათას კითხვას სვამენ, რაღაც გულუბრყვილო და ბავშვურ სიტუაციებს ქმნიან და აქედან გამომდინარე ხვდები, რომ ისინი უბრალოდ გცდიან, მათი ნდობის მოპოვებას საკმაოდ სერიოზული ძალისხმევა სჭირდება. როდესაც ატყობ, რომ ისინი ნელ-ნელა გიახლოვდებიან, პატარ-პატარა ამბებს გიყვებიან, თავიანთ ტკივილს განდობენ, აი, მაშინ გრძნობ, რომ მათი ნდობა გარკვეულწილად მოპოვებულია.

ჩვენი ორგანიზაცია არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან საკმაოდ საინტერესო მუშაობას ატარებს. იქმნება ჯგუფები, რომლებთანაც მაქსიმუმ სამი ფსიქოლოგი შედის. ამ ჯგუფების შიდა წესებს თავად მსჯავრდებულები აყალიბებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მათი წესები არაფრით განსხვავდება არაკრიმინალური წარსულის მქონე ადამიანების წესებისაგან. მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ არ უნდა დააგვიანონ, არ უნდა იხმაურონ, პატივი უნდა სცენ ერთმანეთს, ერთმანეთს უნდა დაეხმარნონ და ა.შ. მუშაობას იმის გარკვევით ვიწყებთ, თუ რა წარმოდგენა აქვთ მათ საკუთარ თავზე. უნდა აღინიშნოს, რომ, თავიანთ თავზე ძალიან ცოტა რამ იციან და რაც იციან, ისიც მხოლოდ უარყოფითი. ერთი ბავშვი მიყვებოდა, ჩემი მშობლები სულ მიჩიჩინებდნენ, როგორი არ უნდა ვყოფილიყავი, სამაგიეროდ, იმის შესახებ არაფერს მეუბნებოდნენ, როგორი უნდა ვყოფილიყავი. მათ ჩემთვის კარგი მაგალითი არასდროს უჩვენებიათ“, - ყვება მაია ცირამუა.

უნდა აღინიშნოს, რომ კოლონიაში ფსიქოლოგთა შესვლას და მუშაობას დიდი მხარდაჭერით შეხვდა თავად კოლონიის ადმინისტრაცია: „ისინი ყოველთვის მხარში გვედგნენ. ბავშვებს სკოლის პედაგოგებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ჰყავთ არაჩვეულებრივი სკოლის დირექტორი. თავად პედაგოგებიც ბევრს აკეთებენ მათთვის“, - აცხადებს ცირამუა.

მეორე პრობლემა, რასაც ფსიქოლოგები არასრულწლოვან მსჯავრდებულებში ხედავენ, არის უპერსპექტივობის განცდა: „ცხოვრებაზე ხელი აქვთ ჩაქნეული. ერთადერთ გამოსავლად საზღვარგარეთ წასვლა მიაჩნიათ. ეს ყველაფერი კი იქიდან მოდის, რომ მათ ამ საზოგადოების იმედი არ აქვთ. კარგად იციან, რომ ყოფილი პატიმრები არასასურველი მეგობრები და თანამშრომლები არიან,“ - ამბობს ცირამუა.

მაია ცირამუა დაახლოებით ერთი წელია კოლონიაში მუშაობს და ყველაზე მეტად ის უხარია, რომ ნელ-ნელა შედეგს ხედავს: „ნდობა აღდგა, უპერსპექტივობის გრძნობაც ნელ-ნელა ქრება და მათ მომავალაზე დაიწყეს ფიქრი. ზოგს ინგლისურის სწავლა უნდა, ზოგს კომპიუტერის. ზოგს ეროვნული გამოცდების ჩაბარებაც კი სურს“, - ამბობს მაია ცირამუა.

მაია ცირამუას განცხადებით, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მსჯავრდებულებს ახასიათებთ, ეს ვიქტიმურობის განცდაა:  „ისინი არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს, ამტკიცებენ, რომ გარემოების მსხვერპლნი არიან, რომ მათი კოლონიაში მოხვედრა სხვების ბრალია. ფსიქოლოგების ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, რომ მსჯავრდებულებმა შეძლონ საკუთარი დანაშაულის გაცნობიერება, რათა მომავალში იგივე შეცდომა არ გაიმეორონ. ჩვენ, ეს გარკვეულწილად მოვახერხეთ. ძალიან რთულია ისეთ ბავშვებთან მუშაობა, რომლებმაც მკვლელობა ჩაიდინეს. ისინი ამას ყოველთვის განიცდიან, მოკლულს სიზმარში ხედავენ, კოშმარები აწუხებთ, იტანჯებიან“, - ამბობს მაია ცირამუა.  

მშობლები საუბარს თავს არიდებენ

 „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მსჯავრდებულების მშობლებს დაუკავშირდა. ისინი საუბარს გაურბიან. ცდილობენ, რაც შეიძლება მოკლე პასუხებით შემოიფარგლონ და კოლონიაში არსებულ სიტუაციაზე ცოტა ისაუბრონ. მიზეზი კი ძალიან მარტივია - ასე, შესაძლებელია შვილების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ.

მშობელი #1: „საერთოდ ბავშვები ცდილობენ იქ არსებულ სიტუაციაზე ბევრი არ ისაუბრონ. ამიტომ არაფრის თქმა არ შემიძლია. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ რაც ჩემი შვილი კოლონიაშია, ძალიან შეიცვალა და შეიცვალა უარესობისაკენ. 200 და 300 ბავშვის ერთად შეყრა და დაუსაქმებლად ყოფნა ნორმალურია? რომელ საზოგადოებასა და რომელ მომავალზეა საუბარი“.

მშობელი #2:  „მე რა უნდა ვილაპარაკო. თქვენ თვითონაც კარგად იცით, რომ ჩემმა საუბარმა შეიძლება ბავშვზე უარყოფითად იმოქმედოს. მეშინია, ისევ რუსთავში არ გადაიყვანონ. ჩემი შვილი ბუნტის შემდეგ 2 კვირა რუსთავის #2 საპყრობილეში გადაიყვანეს. რატომ და რისთვის წაიყვანეს, კაცმა არ იცის. ბავშვები ყველაფერს არ ამბობენ, ასე რომ შიგნით რა ხდება, არ ვიცი. მათ აღარაფრის იმედი არა აქვთ. ცხოვრებაზე ხელი აქვთ ჩაქნეული. გარეთ რომ გამოვლენ, ალბათ, დიდი ხნის მანძილზე გაჰყვებათ იქაური დაღი. საინტერესოა, რატომ გადაიყვანეს რუსთავის საპყრობილეში 120 ბავშვი? რა ბუნტზეა საუბარი? თუკი ერთმა ბავშვმა რაღაც წამოიწყო, ამხელა კოლექტივია, ნუთუ თვითონ ვერ მოახერხეს მისი დამშვიდება? ბავშვები ისედაც გამუდმებულ სტრესში ცხოვრობენ და რა საჭიროა მათი სპეც-ნაზით დაშინება. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ხათუნა რომ ყოფილიყო, ასეთი სიტუაცია არ შეიქმნებოდა.“

მშობელი #3: „მგონი ნორმალურ პირობებში არიან. როდესაც ციხის უფროსი ხათუნა ჯაპავა იყო, გვეგონა, რომ ბავშვები უფრო დაცულები იყვნენ. ახლა, რაც ახალი დირექტორი მოვიდა, ასეთი გრძნობა ნაკლებად გვაქვს. რაც ყველაზე მეტად მომწონს ის არის, რომ კოლონიაში მღვდელი შედის ხოლმე, ბავშვებს აზიარებს, ბიბლიას აკითხებს“.

მშობელი #4: „პრობლემებზე არ საუბრობს, მე როგორც ვიცი, კარგად არიან.“

ნათქვამია, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო, მაგრამ, თუკი საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან ურთიერთობას ეხება, ერთხელ ნახვის იმედი სულ ტყუილად გაქვს. ასე რომ, გაიგეთ ასჯერ...

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

ახალი ამბები