კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფსიქიურად დაავადებული ოჯახის წევრი - სტიგმა

8 ოქტომბერი, 2007

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან დავით ზურაბიშვილთან ინტერვიუს ჩაწერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ორგანიზაციაში არაერთი საჩივარი შემოვიდა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ კლინიკაში პაციენტებს შესაბამისად არ უვლიან.

- ბატონო დავით, როგორ პირობებში უწევთ ყოფნა თქვენი კლინიკის პაციენტებს?

- რასაკვირველია, ეს საავადმყოფო იდეალური არ არის. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პაციენტმა აქ თავი ნორმალურად იგრძნოს. მეტი დაფინანსება რომ იყოს, რა თქმა უნდა, უფრო მეტს გავაკეთებდით, მაგრამ დღესდღეობით, იმ სახსრებით, რაც გვაქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ პაციენტებს ნორმალური პირობები შევუქმნათ. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის ფული, რომ ‘’სველი წერტილი’’ თავიდან გავიყვანოთ, ან ახალი იატაკი დავაგოთ, მაგრამ რაც გვაქვს, იმას ვუფრთხილდებით და ვცდილობთ, სისუფთავე შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, პაციენტებს ოთხჯერადი მაღალკალორიული საკვებითა და მედიკამენტებით აბსოლუტურად ვუზრუნველყოფთ. წინა წლებში თითო პაციენტის შესანახად, სახელმწიფო 6 ლარს გვიხდიდა, ახლა კი ეს თანხა 32 ლარამდე გაიზარდა. მართალია, არც ეს არის საკმარისი პაციენტისათვის, მაგრამ მთავარია, რომ დაფინანსება იზრდება. ამ 32 ლარიანი დაფინანსებით ჩვენ საშუალება გვაქვს პაციენტმა ნებისმიერი საჭიროების მედიკამენტი დროულად მიიღოს. ჩვენ კატეგორიულად ვკრძალავთ, რომ მედიკამენტი კლინიკაში პაციენტის ახლობელმა შემოიტანონ.

- რა მეთოდებს იყენებთ აგრესიული პაციენტების დასამშვიდებლად?

- მართალია, ამას საზოგადოება დაბმას და შებოჭვას უწოდებს, მაგრამ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ტერმინი დავაზუსტოთ - როდესაც პაციენტი იმდენად აგრესიული ხდება, რომ შესაძლებელია საკუთარ თავსაც და სხვებსაც ზიანი მიაყენოს, ჩვენ მის ფიქსაციას ვახდენთ. ფიქსაციისათვის ვიყენებთ რბილ ქსოვილს. სხეულსა და ქსოვილს შორის მანძილი იმ დონემდეა დაყვანილი, რომ პაციენტის სისხლის მიმოქცევა არ დაირღვეს. მას პარალელურად უკეთდება დამამშვიდებელი მედიკამენტი. როგორც კი პაციენტი მშვიდდება, მას, რა თქმა უნდა, ფიქსაციისაგან ვათავისუფლებთ. ჩვენ არანაირ ჯაჭვებსა და ტყავის არტახებს არ ვიყენებთ.

- რამდენ ხანს რჩებიან პაციენტები თქვენს კლინიკაში?
 
- პაციენტი კლინიკაში იმდენ ხანს რჩება, რამდენი ხანიც მის მდგომარეობას სჭირდება. არსებობს პაციენტთა სამი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც ვადებიც განსაზღვრულია. ეს არის მწვავე, ქვე მწვავე და ქრონიკული მდგომარეობა. ყველა ტიპის განყოფილება ცალ-ცალკე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. გვაქვს ერთი მწვავე, 4 ქვემწვავე და 2 ქრონიკული განყოფილება.
მწვავე მდგომარეობის გადაყვანას ქვემწვავე მდგომარეობაში დაახლოებით 15 დღე სჭირდება. ქვემწვავე მდგომარეობის ლიმიტი 45 დღეა. ქრონიკული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდ ხანს გრძელდება, მაგრამ მდგომარეობის დარეგულირების შემდეგ პაციენტი სახლში ეწერება. საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში არსებობს ფსიქო-ნერვოლოგიური დისპანსერები, რომლებიც ასეთ პაციენტებს ემსახურებიან. ამ მომსახურებაში შედის პაციენტის ვიზიტები დისპანსერებში, ასევე მედიკამენტოზური უზრუნველყოფა, ამას ისინი ყველაფერს უფასოდ ღებულობენ, რადგან ეს მომსახურება სრულიად სახელმწიფო დოტაციაზეა დაფუძნებული. პაციენტს აქვს უფლება იმ დისპანსერში დადგეს აღრიცხვაზე, რომელიც მას სურს. ფსიქიატრიული დაავადება, ისეთი დაავადებაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს. ამ შემთხვევაში კონსილიუმი დგება, რომელიც შეისწავლის პაციენტის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტი კვლავ მკურნალობას უბრუნდება. პაციენტს მკურნალობაზე უარს არასდროს არავინ ეტყვის.
  
- თუკი პაციენტს წასასვლელი არსად აქვს, მაშინ მას რა ბედი ელის?

- არ შეიძლება პაციენტი კლინიკაში 10 - 20 წლის განმავლობაში იწვეს. ამჟამად იწყება ჰოსპისების მშენებლობის პროცესი. ასეთ დაწესებულებებში პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ იმდენ ხანს დარჩნენ, რამდენ ხანსაც საჭიროება მოითხოვს, თუნდაც 10-15 წელი, ანუ იცხოვრონ ჰოსპისში. ხშირად პაციენტს სახლი არა აქვს, ამიტომ მას ქუჩაში ხომ ვერ გააგდებ. სწორედ ამიტომ უნდა აშენდეს საქართველოში ისეთი სახლები, რომელბიც მსგავს პაციენტებს მოემსახურებიან. ისეთ პაციენტებს, რომლებიც მსგავს მომსახურებას საჭიროებენ, ვაგზავნით სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ასევე ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და გარდა ამისა, ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, გლდანში. ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრები სარგებლობენ პაციენტის მდგომარეობით და მათ სახლს უყიდიან, ანდა პაციენტის პენსიას თავად ღებულობენ. მსგავსი შემთხვევებისათვის ჩვენთან იურიდიული სამსახური ფუნქციონირებს, რომელიც პაციენტის უფლებებს იცავს. ჩვენი მოვალეობა პაციენტზე ზრუნვაა.

- რა გზებით ხვდებიან თქვენთან პაციენტები?

 - არც ჩვენი კლინიკა და არც დანარჩენი ნებისმიერი ფსიქიატრიული სტაციონარი არასდროს მუშაობს პაციენტის კლინიკაში მოყვანაზე. პაციენტი კლინიკაში სასწრაფოს, ოჯახის წევრებს ან პატრულს მოჰყავს. პაციენტის მოყვანის შემდეგ, მიმღებ განყოფილებაში მისი მდგომარეობა ფასდება. შეფასების შემდეგ, რასაკვირველია, პაციენტს ეკითხებიან, სურს თუ არა მკურნალობა. ხშირად ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მკურნალობა არ ესაჭიროებათ, ამ შემთხვევაში ექიმი სწავლობს მის მდგომარეობას და თუკი თვლის, რომ პაციენტს არანებაყოფლობითი მკურნალობა ესაჭიროება, ჩვენ 48 საათის განმავლობაში მივმართავთ მოსამართლეს, ვატყობინებთ სიტუაციას და შემდეგ უკვე მოსამართლეს 24 საათის განმავლობაში გამოაქვს დადგენილება პაციენტის კლინიკაში დარჩენა-არ დარჩენის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პაციენტის ადვოკატის თანდასწრებით ხდება. თუკი პაციენტს პირადი ადვოკატი არ ჰყავს, მაშინ მას სახაზინო ადვოკატი ენიშნება. გარდა ამისა, მოსამართლე გვაძლევს ვადას, რომლის ფარგლებშიც პაციენტს უნდა ვუმკურნალოთ, მაგრამ შესაძლებელია, პაციენტი ვადის ამოწურვამდე განიკურნოს და გავწეროთ, ან პირიქით, შესაძლოა, რომ მოსამართლისაგან სამკურნალოდ კიდევ მოვითხოვოთ დამატებითი ვადა. შემთხვევები, როდესაც პაციენტი მკურნალობის წინააღმდეგია, საკმაოდ ბევრია, თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პაციენტი საკმაოდ თვითკრიტიკულია, შესაბამისად აფასებს საკუთარ მდგომარეობას და აბსოლუტურად ნებაყოფლობით გადის ჩვენთან მკურნალობას.  

- რა სახის მკურნალობა არსებობს თქვენს კლინიკაში?

- ჩვენთან მკურნალობის ორ ტიპს მივმართავთ - მედიკამენტოზურს და არამედიკამენტოზურს. არამედიკამენტოზური მკურნალობა, პირველ რიგში, პაციენტის საზოგადოებაში დაბრუნებასა და რესოციალიზაციაზე მუშაობს. ამიტომ სტაციონარში ყოფნა არ უნდა გულისხმობდეს, მხოლოდ თეთრ ხალათებსა და წამლებს. ამ ადამიანებს სჭირდებათ სხვადასხვა გასართობი საშუალებები, მაგალითად ჭადრაკი, პიანინო, წიგნი, გაზეთი, ტელევიზორი. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ არტ-თერაპიის მეთოდსაც. გვაქვს სპეციალური განყოფილება, სადაც პაციენტი საკუთარი სურვილისამებრ ან ხატავს, ან ძერწავს, ან ქარგავს, მოკლედ, რაც მოესურვება იმას აკეთებს. გარდა ამისა, მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ისინი პაციენტებს ასწავლიან, რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მათი მდგომარეობა არ გამწვავდეს. გარდა ამისა, ჩვენ ოჯახური თერაპიის კურსსაც მივმართავთ, როდესაც ავადმყოფის ოჯახის წევრებს ვასწავლით თუ როგორ უნდა იცხოვრონ ფსიქიურად დაავადებული ადამიანების გვერდით.

- რა იციან პაციენტებმა საკუთარი უფლებების შესახებ?

- პაციენტები საკუთარი უფლებების შესახებ სრულად არიან ინფორმირებულნი. ყველა განყოფილებაში გამოკრულია სპეციალური პოსტერები, სადაც გარკვეულად არის მითითებული მათი უფლებები და იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტის უფლება დაირღვევა, მათ შეუძლიათ სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართონ. სამწუხაროდ, ხშირად თავად ავადმყოფები ამ პოსტერებს ხევენ, თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ პაციენტებს საკუთარი უფლებების გაცნობას არანაირად არ ვუზღუდავთ. აქვე ისიც მინდა დავამატო, რომ დღესდღეობით, პაციენტის უფლებები გაცილებით დაცულია, ვიდრე ექიმების.   

- რამდენიმე ხნის წინ, ჩვენს ორგანიზაციას თქვენი კლინიკის მომსახურებით უკმაყოფილო ახლობლებმა მომართეს. ისინი ჩიოდნენ, რომ მათი ახლობელი მთელი ღამის განმავლობაში დაბმული გყავდათ და მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია..

- იცით, პაციენტის ახლობლები ჩვენი უკმაყოფილონი ძირითადად მაშინ არიან, როდესაც პაციენტს კლინიკიდან ვწერთ. ხშირად ადამიანებს არ სურთ სახლში ფსიქიურად დაავადებული ოჯახის წევრი ჰყავდეთ. ეს საქართველოში და ალბათ საზღვარგარეთაც გარკვეულ სტიგმას წარმოადგენს, რომელიც სამწუხაროდ საზოგადოებამ ჯერჯერობით ვერ დასძლია. იმისათვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროა საქართველოში შეიქმნას ისეთი დაწესებულებები, რომლებიც ქრონიკული ტიპის პაციენტებს მოემსახურებიან. ჩვენს კლინიკაში პაციენტის წლობით დარჩენა არ არის შესაძლებელი.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

ახალი ამბები