კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მეხუთე კოლონა“ ადვოკატთა კორპუსში

11 ოქტომბერი, 2007

„მივმართავ ჩემს კოლეგებს დააყენონ თავიანთი პროფესიული ეთიკა, პროფესიული მოვალეობები, პროფესიული ღირსება ყველა სხვა ინტერესზე მაღლა. არ შეიძლება რომელიმე ადვოკატი მოქმედებდეს იმის მიხედვით, თუ რა იქნება მისაღები გენერალური პროკურორისათვის ან შინაგან საქმეთა მინისტრისათვის და რომელი განცხადება როგორ მიეხმარება რომელიმე კონკრეტულ უწყებას საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად“, - ამ სიტყვებით გახსნა ადვოკატმა და ადვოკატთა ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პრესკონფერენცია, რომელიც ბოლო ხანებში ადვოკატთა არაეთიკურ ქცევასა და პროკურატურისა და ხელისუფლების მიერ ადვოკატთა საქმიანობაში ჩარევას მიეძღვნა.

ეკა ბესელია: „მინდა მივმართო ხელისუფლებასაც და გენერალურ პროკურორსაც, ასევე ყველას ვისაც გაუჩნდა იმის სურვილი, რომ ადვოკატურა აქციოს იმ ინსტიტუტად, რომლის საშუალებითაც  საკუთარ ზრახვებს განახორციელებს. თავი დაანებეთ ადვოკატების საქმიანობაში ჩარევას. დღეს ადვოკატურას გააჩნია იმისი ინტელექტუალური რესურსი, რომ დაიცვას არა მარტო სხვისი ინტერესები, არამედ საკუთარი პროფესიული ღირსებაც და ჩვენ არ მივცემთ არავის იმის უფლებას, რომ ჩვენი პროფესია საკუთარი უკანონო მიზნების განხორციელების იარაღად აქციოს. მინდა ვთხოვო ჩვენს კოლეგებს, გამოიჩონონ მზაობა და დადგნენ საკუთარი ღირსების სადარაჯოზე. დაიცვან საკუთარი უფლებები და ნუ მისცემენ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ თავის ჭკუაზე ატრიალოს ისინი. თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღშფოთებულია დღესდღეობით საქართველოში მიმდინარე პროცესებით, ყველა უცხოური სააგენტო და მედია საშუალება ინტერესდება იმ ფაქტებით, თუ რა მეთოდებით ხდება ხელისუფლებისათვის არასასურველი და არასანდო ადვოკატების საქმეებიდან ჩამოცილება.“

ადვოკატის შალვა შავგულიძის განცხადებით, უმჯობესია სიმართლე ახლავე ითქვას, ვიდრე შემდეგ ამ სიმართლის დამალვამ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს:  „სიმართლე იმაში მდგომარეობას, რომ ადვოკატურაში, ადვოკატთა კორპუსში გაჩნდა ბზარი. უფრო მეტიც, გაჩნდა „მეხუთე კოლონა“, რომელიც ღალატობს პროფესიულ ღირსებას, ღალატობს კლიენტის ინტერესებს და ემსახურება იმწუთიერ დაკვეთას თუ ბრძანებას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მოდის.“

ადვოკატის განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მრავლად გამოჩნდნენ ისეთი ადვოკატები, რომლებიც იცავენ არა კლიენტის, არამედ ხელისუფლებისა და პროკურატურის ინტერესებს: „ასეთი შემთხვევები ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა ამან სულ უფრო და უფრო მზარდი სახე შეიძინა. დღეს ჩვენ მივედით იმ ზღვრამდე, რომ მოთმენა და დათმობა უკვე ღალატი ტოლფასი იქნება. რა თქმა უნდა, არავის არ ვემუქრები, მაგრამ მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, იყვნენ ფხიზლად, ნებსით თუ უნებლიეთ ნუ გადაიქცევიან იმ ადამიანების იარაღად, რომლებსაც ქვეყნისთვის სიკეთე არ სურთ, არ უნდათ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა. ჩემი მოწოდებაცა და თხოვნაც ეს არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები გავხდებით, საზოგადოებას ვამცნოთ იმ კონკრეტული ადვოკატების სახელები და გვარები, რომლებიც ასეთ საქმეში არიან ჩაბმულნი.“

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით კი, ბოლო პერიოდში სასამართლო აღარ ითვალიწინებს ადვოკატთა მტკიცებულებებს და განაჩენი ისე გამოაქვს. „ჩვენი უფლებები შეზღუდულია. სახელმწიფოს აღარ სჭირდება მართლმსაჯულება“, - აღნიშნა ბარათაშვილმა. მანვე აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ „არტი-ჯგუფის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს გურამ გაგუას საპროცესო გარიგება მის გარეშე გაუფორმეს. „სწორედ ასე მოხდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაშიც“, - დასძინა ბარათაშვილმა.

პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ლილი გელაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა: „რამდენიმე ხნის წინ პრეზიდენტმა ასეთი განცხადება გააკეთა - „საქართველოში არის კანონის უზენაესობა“. მინდა პრეზიდენტს მივმართო: ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოში არსებობს უკანონო კანონის უზენაესობა. დღეს მართლმსაჯულება აღარ არსებობს, დღეს აღარ არსებობს სასამართლო ინსტიტუტი და ამ ფონზე პროკურატურას სურს, ხელისუფლებისათვის აღარ არსებობდეს ადვოკატის ინსტიტუტი. ხელისუფლებასა და პროკურატურას ჰყავს ხელდასმული ადვოკატები, რომლებსაც მარიონეტებივით ათამაშებენ“.

დავით მოდებაძე (ეთიკის კომისიის წევრი): „მინდა მოვუწოდო ყველა ჩემს კოლეგას, კლიენტის ინტერესები ყველა ინტერესის მაღლა დააყენონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ეთიკის კომისიაში მათზე საჩივარი შემოვა, ჩვენ იძულებულნი გავხდებით ავამუშავოთ სანქციები, კერძოდ ჩვენ შეგვიძლია ადვოკატებს შევუჩეროთ ან საერთოდ შევუწყვიტოთ უფლებამოსილება. სწორედ გუშინ, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და ერთ-ერთ ადვოკატს ექვსი თვით შევუჩერეთ უფლებამოსილება.“

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

ახალი ამბები