კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ხალხს არაფრის ეშინია" - ამბობენ სამცხე-ჯავახეთში

15 ოქტომბერი, 2007

 

 

 

 

 

 

 

 

 აქცია ახალციხეში
ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს მიერ ორგანიზებული აქციათა სერია საღამოს ხუთი საათისთვის ახალციხეში დასრულდა. დაახლოებით ორი ათასამდე ადამიანი სამხარეო ადმინისტრაციის წინ ერთი საათის განმავლობაში უსმენდა ოპოზიციის მოწოდებებს - ,,საქართველო პრეზიდენტის გარეშე!", "არჩევნების ჩატარება კონსტიტუციურ ვადებში!", "სამცხე-ჯავახეთი ვანოს გარეშე!". 

დილის თერთმეტ საათზე დედაქალაქიდან დაწყებული გაერთიანებული ოპოზიციის აქციები, რომელიც ორი ნოემბრის მიტინგისათვის სამზადისს წარმოადგენდა, მცხეთაში, გორში, ხაშურში, ბორჯომსა და ახალციხეში გაიმართა.

ტრანსფარანტებით, დროშებითა და მანქანების დიდი კოლონით ოპოზიცია ოთხი საათისათვის ახალციხეში იყო.

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აწუხებდა კითხვა - მოვიდოდა თუ არა ხალხი აქციაზე.

ახალციხეში აქცია შედგა. დაახლოებით ორი ათასამდე ადამიანი გაერთიანებული ოპოზიასთან ერთად სკანდირებდა: "არ გვეშინია!"  

მოსახლეობის მხარდაჭერაზე, შიშის დათრგუნვასა და ერის ერთიანობაზე გაამახვილა ყურაღღება თავის გამოსვლაში, "ერთიანი საქართველოს" წევრმა გია თორთლაძემ: "ყველგან ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა. მინდა მოგილოცოთ - საქართველოში ერთიანი განწყობაა. შალვა და ივანე ახალციხელების მხარე, ეს არის გმირების და არა მექრთამეების, კაცისმკვლელების, ყაჩაღების მხარე. ისე არ მოხდეს, რომ ორ ნოემბერს თბილისში მოვლენები ახალციხელების გარეშე განვითარდეს".

აქციაზე პენსიონერების სიმრავლე შეინიშნებოდა. "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი თავის ამპლუაში იყო: ,,ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოება იყოს ერთად. ერთმანეთის პატივისცემით, ურთიერთშეთანხმებით უნდა იმართებოდეს ქვეყანა. არ იყოს ძალადობა, არ იყოს უსამართლობა, არ იყოს წამება ციხეებში, არ იყოს ხალხის ჩაგვრა. შესრულდეს დაპირებები პენსიონერების, მეანაბრეების, მეწარმეების მიმართ".

ოპოზიციონერი ლიდერების გამოსვლებში ხშირად გაისმოდა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის სახელიც.

"ახალციხე არ არის მერაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების საკუთრება. ქალაქში არც ერთი წერტილი არ არის დარჩენილი, იქიდან წილი ამირან მესხელისა და ვანო მერაბიშვილის ჯიბეში რომ არ მიდიოდეს. რეგიონი მთლიანად აქვთ გადანაწილებული. ახალციხე  ტერორის ქვეშაა. ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია! სადამდე შეიძლება ასე?!" - მომიტინგეებს მიმართა კითხვით "კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა. 

მთავარი მოწოდება ორ ნოემბერს დანიშნულ აქციაზე მისვლა იყო. "ახალციხელებო, შალვა ახალციხელის მემკვიდრეებო, ორ ნოემბერს ჩვენ ვიკრიბებით გამარჯვებისთვის და ჩვენ გავიმარჯვებთ კიდეც. ეს იქნება არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება. ვისაც გამარჯვება გწამთ, მოდით ჩვენთან ერთად, ორ ნოემბერს პარლამენტთან. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!" – ასე დაასრულა გამოსვლა დავით ბერძენიშვილმა. 

აქციაზე ადიგენის მუნიციპალიტეტიდანაც იყვნენ ჩამოსულები.

"ამ აქციისათვის სოფლიდან მთელი ავტობუსი ხალხი სპეციალურად ჩამოვედით. არ გვინდა ეს ხელისუფლება", - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის მკვიდრი. 

"განწყობა ერთია - ოპოზიციის გვერდით ვარ", - ამბობს ახალციხელი დავით ბაშალური.

აქციაზე მდგომი მოსახლეობის უმრავლესობა ორი ნოემბრს დედაქალაქში წასვლასაც გეგმავს.

"ორ ნოემბერს აქციაზე წავალ, სურვილი დიდი მაქვს. ხალხს ყველაფრის შეცვლა შეუძლია", - მიაჩნია ახალციხელ  მზია გოზალიშვილს.

"ვუერთდები ოპოზიციას. ორი ნოემბრის აქციაზე წასვლას კი, ვფიქრობ", - ამბობს ადიგენის რაიონის სოფელ უდეს მკვიდრი ნინო მერაბიშვილი. 

"ყველა შევიწროებულმა უნდა იცოდეს, რომ მისი ბედი ორ ნოემბერს წყდება, ჰოდა, მოვიფიქროთ, რა ფორმით გავუშვათ ეს ხელისუფლება სახლში", - ამ ფრაზით დამთავრდა ახალციხეში მიტინგი, რომელმაც ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა.

ოპოზიციამ ხელისუფლებას სამხარეო ადმინისტრაციის წინ გზაზე სამახსოვრო წარწერა - ,,არ გვეშინია!" დაუტოვა.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები