კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყიდვა-გაყიდვა ღამის 12 საათზე

16 ოქტომბერი, 2007

 ჟურნალისტური მოკვლევა

ფსიქიკური ზეწოლით, ძალადობით და თავისუფლების აღკვეთის მუქარით, სიღნაღში წვრილ მეწარმეებს აკულაკებენ. თამარ თარაშვილი, მანანა მაჭარაშვილი, თამაზ გორელიშვილი, გელა ხელაშვილი, ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, ვინც აიძულეს, საკუთრება, თავიანთი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ბიზნესმენ ბაჩანა დავლიანიძისთვის მიეყიდათ.

რა, როგორ და როდის მოხდა? რა კავშირი აქვთ საკუთრების წართმევის ფაქტებთან ჩინოვნიკებს და შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლებს? როგორ გაიყიდა უძრავი ქონება, რომელიც  ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის მიერ იყო დაყადაღებული და ვინ დგას დავლიანიძის უკან?

ფინანსური პოლიციის თარეში

თამარ თარაშვილი სიღნაღში, ცოტნე დადიანის ქუჩა 23 - ში ცხოვრობს. 2007 წლის 10 აგვისტოს, მას კუთვნილ მაღაზიაში, რომელიც ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩა 10-ში მდებარეობს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულმა გია ინანაშვილმა მიაკითხა: "მოვიდა და პირდაპირ მითხრა, რომ ფართი, სადაც ტანსაცმლით ვვაჭრობდი ვყიდდი, უნდა გამეყიდა. მყიდველი 1 კვმ-ში 300 აშშ დოლარს გადამიხდიდა. უარის თქმის შემთხვევაში კი საერთოდ უფასოდ წამართმევდნენ. ინანაშვილის ეს განცხადება არ გამკვირვებია, რადგან მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტის დავალებით სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, სხვადასხვა მიზეზით არაერთმა ადამიანმა აჩუქა ქონება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. გია ისე წავიდა, რომ მისთვის არაფერი მითქვამს"- ამბობს თამარ თარაშვილი.

მომდევნო თორმეტი დღის განმავლობაში ინანაშვილი ცდილობდა თარაშვილისგან პასუხი მიეღო. მისი წინადადებისთვის უნდა ეპასუხათ სხვებსაც, რომლებიც თარაშვილის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ ფართს ფლობდნენ.

 

 თამარ თარაშვილი

"15 აგვისტოს გია ინანაშვილმა გამგეობის შენობაში, საკუთარ სამუშაო ოთახში დაგვიბარა. შემოგვითვალა, ინვესტორია მოსული და ყველასთან ინდივიდუალურად შეხვედრას ითხოვსო. რომ გაგვერკვია, თუ ვინ იყო ინვესტორი და ჩვენგან რას ითხოვდა, გამგეობაში მივედით. ინანაშვილის ოთახში თვითონ და ვინმე ბაჩანა, იგივე თამაზ დავლიანიძე დაგვხვდნენ. ინანაშვილმა განმიცხადა, აი ამ კაცს უნდა შენი მაღაზიის ყიდვაო. მე მათ ვუთხარი, რომ საკუთრების გაყიდვას არ ვაპირებდი, რადგან იგი ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. ამან გამგეობის წარმომადგენელი გააღიზიანა. არ გაყიდი და ოთახს დაგინგრევთ, რეაბილიტირებული ქალაქის იერსახეს ამახინჯებსო. ფინანსურ პოლიციას მოგისევთ, შენი მაღაზიით სამართალდამცავებს დავაინტერესებთო"- აღნიშნავს მანანა მაჭარაშვილი.

2007 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე მაჭარაშვილის მაღაზიაში, რომელიც 55 კვმ-ს მოიცავს, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის (ყოფილი ფინანსური პოლიცია) 30 კაციანი ჯგუფი შედის. "ვკითხე მათ, რის საფუძველზე შემოვიდნენ მაღაზიაში და მიპასუხეს, ოპერატიული ინფორმაცია გვაქვსო. იმ დღეს გაყიდული საქონელი აღრიცხეს, შემოსული თანხა დაითვალეს, შეამოწმეს, სალაროში გატარებული იყო თუ არა და მერე მითხრეს, დარღვევა არ გაქვს, მაგრამ თუ მოვინდომებთ, მაინც ვიპოვითო. ეს რომ არ დაგვჭირდეს, თქვენი მაღაზია უნდა გაყიდოთო. ისევ ვიუარე. შემოსულთაგან ერთ-ერთი დამემუქრა, გისოსებს მიღმა რომ აღმოჩნდები, მერე ვნახოთ უარს როგორ იტყვიო. ფართის გასაყიდ ფასზე თავად მევაჭრებოდნენ. ერთი კვმ-ის ღირებულება 300 აშშ დოლარიდან 500-მდე გაზარდეს.

ჩემი მაღაზიის გვერდზე გელა ხელაშვილს მაღაზია დაკეტილი ჰქონდა. ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები დაჟინებით მის შემოწმებასაც ითხოვდნენ, მაგრამ საღამოს მოსულმა გელამ რადგან უთხრათ, რომ ფართის გაყიდვაზე თანახმა იყო, აღარ დაინტერესდნენ"- აცხადებს მანანა მაჭარაშვილი.

იმავე დღეს, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რომელთაც რესპონდენტების თქმით, დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი რამაზ ნიკოლაიშვილი ხელმძღვანელობდათ, სიღნაღში მდებარე კაფე დალუქეს. აღსანიშნავია, რომ ამ კაფეს, მეპატრონეები ლია ფცქიალაძე და თინა ჯანიაშვილი 2005 წლიდან აღარ ამუშავებდნენ. სამართალდამცავებმა მაღაზიები დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის დატოვეს და მესაკუთრეებს 72 საათი მისცეს მოსაფიქრებლად.


"არ გაყიდი და, წაგართმევთ, დაგიჭერთ".


23 აგვისტოს თამარ თარაშვილმა, მანანა მაჭარაშვილმა და თამაზ გორელიშვილმა მაღაზიები დახურეს, დოკუმენტაცია კი საგადასახადო ინსპექციის ადგილობრივ სამსახურს ჩააბარეს.
29 აგვისტოს ისინი გია ინანაშვილმა გამგეობაში კვლავ დაიბარა. "იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ნებით არ მივიდოდით, პოლიციის ძალით მოგიყვანთო"- ასე იხსენებს მაჭარაშვილი გამგეობის წარმომადგენლის მუქარას. შეხვედრა შედგა, ოღონდ თარაშვილისგან განსხვავებით, მაჭარაშვილი მაინც ვერ დაითანხმეს ქონების გაყიდვაზე.

 
 მანანა მაჭარაშვილი
30 აგვისტოს გამგეობაში მანანა მაჭარაშვილის ქმარი დაიბარეს. თამაზ გორელიშვილს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი რამაზ ხატიაშვილი, გამგეობის რწმუნებული გია ინანაშვილი და პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ცისკარიშვილი შეხვდნენ.

გორელიშვილის თქმით, მაღაზიის გაყიდვაზე თანხმობის სანაცვლოდ, ჩინოვნიკები მას სამსახურში აღდგენას დაპირდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემების შექმნით და დაკავებით დაემუქრნენ. "თუ არ გაყიდი, წაგართმევთ და თან დაგიჭერთო, დამემუქრნენ. შევშინდი, ხომ იცით, რა განუკითხაობაა. ციხეში ყოფნას და ოჯახის უპატრონოდ მიტოვებას ვერ შევეგუები. ამიტომ დავთანხმდი მაღაზიის გაყიდვაზე"- აღნიშნავს გორელიშვილი.

ყიდვა-გაყიდვა ღამის 12 საათზე

31 აგვისტოს, პარასკევს, 16 საათისთვის, თარამ თარაშვილს ინანაშვილი ურეკავს და მაღაზიასთან იბარებს, თან ახსენებს, რომ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები წამოიღოს. დათქმულ ადგილას თარაშვილს სხვა მესაკუთრეებიც დახვდნენ. ინანაშვილმა ისინი მეგობრის, ვანო ბეგაშვილის მანქანაში ჩასვა და საჯარო რეესტრის რაიონულ სარეგისტრაციო სამსახურში წაიყვანა, სადაც მათ დავლიანიძე დახვდათ. საჭირო დოკუმენტების მიღების შემდეგ მესაკუთრეები, დაახლოებით 21 საათისთვის სიღნაღის სანოტარო ბიუროში გადაიყვანეს. ნოტარიუსთან თამარ თარაშვილმა უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა და წინააღმდეგობის და მუქარის მიუხედავად სანოტარო ბიურო მიატოვა.

"სანოტარო ბიუროდან გამოვიქეცი, რადგან მომდევნო დღეები უქმე იყო და იქნებ რამე მომეფიქრებინა, საკუთრების შესანარჩუნებლად. სახლში საღამოს 11 საათისთვის მივედი. ნახევარ საათში ინანაშვილი მირეკავს და მეუბნება, რომ გარეთ მელოდება. მე მას ვუთხარი, რომ ხელშეკრულებას ხელს ორშაბათს მოვაწერდი, მაგრამ არ დამთანხმდა. თუ ეხლავე არ წამოხვალ ნოტარიუსთან, ფინანსური პოლიცია აქ მოვა, შენთან, სახლში და ხელს ძალით მოგაწერინებთო. შემეშინდა და გავყევი. სანოტარო ბიუროში ფინანსური პოლიცია დამხვდა. დამემუქრნენ, ხელს თუ არ მოვაწერდი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიმცემდნენ. ხელშეკრულებაზე ხელი ღამის 12 საათზე მომაწერინეს", - აცხადებს თარაშვილი.

დაყადაღებული ქონებაც იყიდება

გია ინანაშვილმა, მანანა მაჭარაშვილი და თამაზ გორელიშვილი სიღნაღის სანოტარო ბიუროში 5 სექტემბერს მიიყვანა. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მოსამზადებლად ნოტარიუსმა გიორგი ლომაშვილმა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები მოითხოვა. მანანა მაჭარაშვილმა მას მესაკუთრის მოწმობის და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ასლები წარუდგინა. `ლომაშვილმა მითხრა, საბუთების პირველი პირი გვჭირდება, ასლები არ გამოგვადგებაო, მაგრამ ინანაშვილმა და დავლიანიძემ, სულ რომ არაფერი გვქონდეს, მაინც უნდა მოხდეს ყიდვა – გაყიდვაო. ნოტარიუსიც ისე მოიქცა, როგორც მათ სურდათ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ლომაშვილმა ჩემს მეუღლეს ჰკითხა, ხომ შენი ნებით ასხვისებ საკუთრებასო, რაზედაც მივუგეთ, რომ მაღაზიას იძულებით ვყიდდით~, - ამბობს მანანა მაჭარაშვილი.

ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ინანაშვილმა მაჭარაშვილი და გორელიშვილი საჯარო რეესტრის სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში გადაიყვანა. სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა თამაზ ბურდულაძემ გორელიშვილის ქონება უპრობლემოდ დაარეგისტრირა დავლიანიძის სახელზე, არადა როგორც აღმოვაჩინეთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 დეკემბრის #067-41 შეტყობინების თანახმად, გორელიშვილის უძრავი ქონება დაყადაღებული იყო.

"ამის შესახებ იცოდა ინანაშვილმაც და დავლიანიძემაც. თანხიდან, რომელიც ჩვენთვის დავლიანეძეს უნდა მოეცა, 5 ათას ლარზე მეტი ინანაშვილს მისცა და უბრძანა, რომ ბიუჯეტის ანგარიშზე შეიტანდა და საგადასახადო ინსპექციას ყადაღას მოახსნევინებდა", - აღნიშნავს მაჭარაშვილი.

იურისტების განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, იმ ქონების გაყიდვა, რომელსაც ყადაღა აქვს დადებული, ყადაღის მოხსნამდე აკრძალულია.

საჯარო რეესტრის სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა თამაზ ბურდულაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო გორელიშვილის ქონებაზე ყადაღის არსებობის შესახებ. "საგადასახადო ინსპექციიდან გორელიშვილის ქონების დაყადაღების თაობაზე ჩვენთვის არ უცნობებიათ"- დასძენს ბურდულაძე, თუმცა ჩვენ ხელთ გვაქვს შეტყობინება როგორც ქონებაზე ყადაღის დადების, ასევე ამავე ქონებაზე მანამდე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. საგადასახადო ინსპექციას ორივე წერილი გაგზავნილი აქვს როგორც გადამხდელთან ანუ თამაზ გორელიშვილთან, ასევე საჯარო რეესტრის სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში.

დავლიანიძის უკან ბიზნესმენი ლევან ვასაძე დგას

ქონების იძულებით გაყიდვის შემდეგ, მაჭარაშვილი და გორელიშვილი დაინტერესდნნენ, გაერკვიათ ვინ არის ბაჩანა დავლიანიძე. მათთვის ცნობილი გახდა, რომ ეს უკანასკნელი ბიზნესმენ ლევან ვასაძის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. კითხვა-კითხვით მივიდნენ თბილისში მდებარე საწარმო `ბაგრატიონში~, რომელიც ვასაძეს ეკუთვნის. მაჭარაშვილმა ქარხნის დაცვის თანამშრომლებს უთხრა, რომ სიღნაღიდან იყო, შენობის გაყიდვას აპირებდა და ამ მიზნით ხელმძღვანელთან შეხვედრა სურდა. `დაცვის თანამშრომლებმა თავდაპირველად გვითხრეს, რომ ვასაძე იქ იყო და ამ საკითხზე შეგვხვდებოდა. მოგვიანებით კი გამოგვიცხადეს, რომ თუ მართლაც სიღნაღელები ხართ და შენობის გაყიდვას აპირებთ, ამ საკითხს იქ ბაჩანა დავლიანიძე და რაიონის გამგებელი ხატიაშვილი კურირებენ და შეგიძლიათ, მათ მიმართოთო~- ამბობს მაჭარაშვილი.

"ჩვენ რა შუაში ვართ"

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი რამაზ ხატიაშვილი, ასევე გამგეობის წარმომადგენელი გია ინანაშვილი, "გაკულაკებული" მესაკუთრეების ბრალდებებს უარყოფენ. "ის ადამიანები, ვისაც ამჟამად ჩემთან პრეტენზიები აქვთ, თავად იყვნენ მოსული და მოთხოვეს, დავხმარებოდი მათ საკუთრების გაყიდვაში. მე მოქალაქეებს ავუხსენი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. მესაკუთრეებსა და ინვესტორს შორის შუამავალი გია ინანაშვილი იყო. თუ მისი მხრიდან რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, ის აუცილებლად დატოვებს სამსახურს. კახეთის გუბერნატორის მოადგილეს დავით ცისკარიშვილს რაც შეეხება, ის სამხარეო ადმინისტრაციიდან კურირებს სიღნაღში მიმდინარე ცვლილებებს და აქ ხშირად ჩამოდის. ...მაღაზიებში ფინანსური პოლიცია რომ შევიდა, მე ეს ჩემი სამუშაო ოთახის ფანჯრიდან დავინახე. თუ რატომ შევიდნენ, ვერ გეტყვით. ალბათ, დარღვევები ჰქონდათ"- აცხადებს სიღნაღის გამგებელი რამაზ ხატიაშვილი.

ბრალდებებს უარყოფს გია ინანაშვილიც. "საკუთრება მათთვის არავის წაურთმევია. საკუთარი ნებით გაყიდეს. მე უბრალოდ ვეხმარებოდი"- აღნიშნავს ინანაშვილი.

- ბატონო გია, თვითონ გთხოვეს დახმარება?

- არა, მაგრამ მე ამ ქალაქის მკვიდრი ვარ, თანაც სიღნაღის რწმუნებული. მანქანით და ჩემი ხარჯებით მათ ნამდვილად ვემსახურებოდი. ზეწოლისა და მუქარების შესახებ კი მათი ნაამბობი, სიცრუეა.

- როგორ, მას შემდეგ რაც უარი მიიღეთ მათგან საკუთრების გაყიდვაზე, ფინანსური პოლიცია რომ შევიდა მაღაზიებში, შემდეგ კიდევ არაერთხელ დაიბარეთ საკუთარ სამუშაო ოთახში, ეს ყველაფერი ტყუილია?

- არა, ფინანსური პოლიცია მათ მაღაზიებში იყო, მაგრამ რატომ, არ ვიცი. ჩვენ რა შუაში ვართ. ბაჩანა დავლიანიძეს ნორმალურად არც კი ვიცნობ.

- ვის ეხმარებოდით არ იცით?

- ბაჩანა დავლიანიძეს, მაგრამ მისი ტელეფონიც არ მაქვს. ვიცი, რომ კერძო ბიზნესმენია. რაღაც ორგანიზაცია აქვს, სახელწოდება ვერ დავიმახსოვრე".

კახეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით ცისკარიშვილმა მესაკუთრეთა ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სიღნაღის ნოტარიუსის გიორგი ლომაშვილის განცხადებით კი, მესაკუთრეებზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ყოველ შემთხვევაში მის სანოტარო ბიუროში. თუ რატომ დატოვა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს თამარ თარაშვილმა მისი სამუშაო ოთახი, რატომ ადგნენ თავზე გამყიდველებს სამართალდამცავები და რატომ გაფორმდა დოკუმენტები მაინც და მაინც ღამის 12 საათზე, ლომაშვილმა აღნიშნა, რომ მისი საქმიანობა საჯარო არ არის და შესაბამისად პასუხსაც ვერ გაგვცემს. რაც შეეხება ნოტარიუსის სამუშაო დროს, მისი თქმით, იწყება დილის 10 საათიდან და მთავრდება 16 საათზე. "როცა საჭიროა, ღამის 12 საათზე კი არა, გნებავთ, დილის 4 სათზეც გვაქვს მუშაობის უფლება"- განაცხადა ლომაშვილმა.

უძრავი ქონების იძულებით წართმევას არც ბიზნესმენი ბაჩანა დავლიანიძე ადასტურებს. "ეს ყველაფერი სასაცილოა. არავითარი იძულება არ ყოფილა. სიღნაღით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მათ შორის მეც. ვაპირებ შეძენილი შენობები დავანგრიო და იქ ახალი სასტუმრო კომპლექსი გავაკეთო, მაგრამ ეს ხალხი გასხვისებულ მაღაზიებს ამ დრომდე არ ცლის"- ამბობს დავლიანიძე.

იურისტის კომენტარი

"თქვენს მიერ მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს თანამდებობის პირთა მხრიდან გამოძალვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების ნიშნებს. უხეშად არის დარღვეული და ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული საკუთრების უფლება და ადამიანის უფლებები. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს"- მიიჩნევს იურისტი ლია ხუროშვილი.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები