კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩვენნაირების დადანაშაულება იოლია“

18 ოქტომბერი, 2007

სამი წელი ლეკვის ქურდობის მცდელობისთვის

„ჩემი შვილი იმიტომ დაადანაშაულეს, რომ ჩვენ ღარიბები ვართ და ჩვენთვის რამის დაბრალება უფრო იოლია. გამოძიებამ სწორედ ამ გზით გახსნა საქმე“, - გვეუბნება თვალცრემლიანი მარინა ქამადაძე რუსულ-ქართული აქცენტით. მის შვილს, მალხაზ ქამადაძეს კავკასიური ნაგაზის ჯიშის ლეკვის ქურდობის მცდელობის ბრალდებით სამი წლით პატიმრობა და ორი ათასი ლარი ჯარიმის სახით, 7 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ვაშაყმაძემ მიუსაჯა. ლეკვის მეპატრონე კი ბათუმის იმჟამინდელი მერის ირაკლი თავართქილაძის ოჯახია. საქმეში დაზარალებულად ყოფილი მერის მამა, თეიმურაზ თავართქილაძეა მოხსენიებული.

ქამადაძეს სახაზინო ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე იცავდა. ადვოკატი განსასჯელის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა: „მამა-შვილმა ერთმანეთის გამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. დაზარალებულმა თეიმურაზ თავართქილაძემ სასამართლო გამოძიებისას განაცხადა, რომ მას დამნაშავის ამოცნობა არ შეუძლია. ასევე, თქვა,  რომ ირაკლი თავართქილაძე მხოლოდ მისი ყვირილის შემდეგ გამოვიდა ოთახიდან, ანუ იკვეთება რომ მოწმე ირაკლი თავართქილაძეს დამნაშავე არც კი დაუნახავს“.

სახელმწიფო ბრალმდებელმა ელიზბარ გოზალიშვილმა ადვოკატის ამ განცხადებას რეპლიკით უპასუხა: „დაზარალებულის განმარტება, რომ მის გარდა დამნაშავე არავის დაუნახია, სარწმუნო არ არის. მოწმე ამბობს, რომ დამნაშავე დაინახა“.

გაურკვეველია, რატომ არის მოწმის და არა დაზარალებულის განმარტება სარწმუნო. იმიტომ ხომ არა, რომ მოწმე ბათუმის იმჟამინდელი მერი იყო?

ე.წ. ჭაობის დასახლებაში, ქამადაძის ოჯახის მისამართის დასადგენად რამდენიმე ადგილობრივს ვკითხეთ. ვინც ქამადაძეს იცნობდა, ყველა შეწუხებული სახით ერთი და იგივეს იმეორებდა: „ეგ საცოდავი, ტყუილად ჩასვეს, არაფერი ჩაუდენიაო“.

სევასტოპოლის ქუჩაზე, ერთოთახიანი  ქოხის ეზოში შუა ხნის ქალი გამოვიდა.
შინ დაკავებული მალხაზის ძმა, 17 წლის გიორგი დაგვხდა, მაგრამ მოგვერიდა და დაგვტოვა. პატიმრის დედა მარინა კი მაგიდის ალაგებას შეუდგა, თან სწუხდა, „მაპატიეთ, ვსადილობდითო“, მაგიდაზე კი მხოლოდ თევზის ფხები იყო დარჩენილი...

მალხაზის დედის თქმით, დაკავებამდე, ის იყო ოჯახში  ფულის ერთადერთი შემომტანი - იმავე ქუჩაზე პურის საცხობში "მაზუთზე" მუშაობდა: „150 ლარს აძლევდნენ,  პურიც მოჰქონდა. ახლა კი ჩვენი შემოსავლის წყარო, გიორგის პენსიაა, არასრულწლოვანია და მამის გარდაცვალების გამო 38 ლარიანი პენსია აქვს დანიშნული, რაც კიდევ ერთი წელი ეკუთვნის. ხანდახან ცოტ-ცოტას მეც გამოვიმუშავებ - ბინებში დავდივარ და ვრეცხავ, ვალაგებ, 2-3 ლარს მაძლევენ. არანაირი დახმარება არ მეძლევა. სოცმუშაკებს აღწერისთვის მივმართე, მაგრამ არც კი მომაქციეს ყურადღება, არც მოსულან და არ ვუნახივართ, როგორ ვცხოვრობთ.

შვილის დაკავების ამბავს დედა ასე აღწერს:
„17 იანვარს, დილით მოვიდა სამი პოლიციელი, „მატრასებს“ ვალაგებდი, თვითონ მალხაზი ჯერ კიდევ ლოგინში იწვა.  მოგვატყუეს, რაღაც ძველი საქმე უნდა დავხუროთო და წაიყვანეს. მას შემდეგ აღარ მინახავს. ციხეზე ვერ ავდივარ. გული მტკივა, რაც მას არ ჩაუდენია იმისთვის რომ გაასამართლეს“. მალხაზთან პაემანის უფლებით დეიდამისი შორენა სარგებლობს.

26 მალხაზი ქურდობის ბრალდებით რამდენიმე წლის წინაც გაასამართლეს. მაშინ გეგუთში მოიხადა 8 თვე. მალხაზის დედა ფიქრობს, რომ სამართალდამცავებს ამ მიზეზთან ერთად ხელმოსაჭიდო სხვა მიზეზებიც ჰქონდათ მისი შვილის დასაკავებლად: 

„ლეკვის ქურდობისთვის ჯერ სხვა ბიჭი,  ედუარდ მიქელაძე დაიჭირეს. მაგრამ ერთ საათში გაუშვეს, ვერაფერი დაუმტკიცეს. შემდეგ, ვერავინ რომ ვერ დაიჭირეს, პოლიციელები მალხაზს მოადგნენ. უპატრონოები და ღარიბები ვართ და ჩვენნაირების დადანაშაულება იოლია, ვერავინ დაგვეხმარებოდა“.

ქალბატონ მარინას თქმით, უკვე მსრჯავდებულ მალხაზს განაჩენის გასაჩივრება სურდა: „ციხიდან წერილი გამომიგზავნა. გასაჩივრება უნდოდა, მაგრამ იმისაც ეშინია, რომ იქეთ არ დაუმატონ წლები. ამ ქვეყანაში ყველაფერია მოსალოდნელი“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სცადა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაემოწმებინა, გაასაჩივრა თუ არა ეს განაჩენი მსჯავრდებულმა და ვისი დახმარებით, რადგან მალხაზ ქამადაძის სახაზინო ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ მსრჯავდებულის დაცვაზე უარი ოჯახს უარი განუცხადა (მათ შორის გაუგებრობა მოხდა).

მოსამართლე ნინო ვაშაყმაძის თანაშემწე მზია ცენტერაძემ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჯერ სასამართლო კანცელარიაში გადაგვამისამართა. ხოლო მეორედ მასთან სასამართლოს შიდა ტელეფონით დარეკვისას კი სასამართლო მანდატურს შენიშვნა მისცა და მისგან მოითხოვა, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  წარმომადგენელს მეტად არ შეეწუხებინა. 

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.

ახალი ამბები