კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ხელისუფლებისაგან სასმელ წყალსა და შეშას ითხოვენ

18 ოქტომბერი, 2007

ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა 70-მდე ოჯახი სასმელ წყალსა და გასათბობ შეშას რამდენიმე წელია ითხოვს. ზამთრისათვის მზადება დევნილებმა 2 თვით ადრე დაიწყეს, მაგრამ დახმარების იმედი დღემდე არა აქვთ. აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ არსებობისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება ჯერ ადგილობრივი და დევნილი მთავრობისაგან, ხოლო შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაგან მოითხოვა. მათი სოციალური მოთხოვნები ამ დრომდე დაუკმაყოფილებელია.

სოფელ ზედაეწერში, ყოფილი ჩაის საბჭოთა მეურნეობის საერთო საცხოვრებლებში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა უკვე 14 წელია ცხოვრობს. ორსართულიან კოტეჯებში 70-მდე ოჯახია განთავსებული. მთავარი პრობლემა დღეს მათთვის წყალმომარაგება და საწვავი შეშით უზრუნველყოფაა.

წყლის პრობლემა კომპაქტურად ჩასახლებულების წინაშე 3 წელია დგას. დევნილები სასმელ წყალს 2 კილომეტრის მანძილზე, წყაროდან ეზიდებიან. წყლის მოსაპოვებლად შორი მანძილის გავლა მათ ვიწრო და გაუვალი ბილიკებით უხდებათ. ამ საქმიანობას ძირითადად ქალები ეწევიან. ისინი სარეცხ თეთრეულსაც წყაროსკენ ეზიდებიან. ფატიმა ბართაია: "უმძიმესი შრომაა, წყლის მოზიდვა დღეში რამდენჯერმე გვიწევს, ქალები წელში ვწყდებით, გინეკოლოგიური პრობლემებიც გაგვიჩნდა. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში გვიჭირს, როცა წყაროსკენ მიმავალ ჯოჯოხეთურ გზაზე მცირეწლოვანი შვილები აგვეკიდებიან და ეკალ-ბარდებში იხლართებიან."

უწყლობამ საცხოვრებელ სახლებში კანალიზაციის სისტემის მოშლაც გამოიწვია. ოთახებში მძაფრი სუნი დგას, საკანალიზაციო მილებიდან ჭიები და ბაყაყები იყრება. მოსახლეობა დიფტერიის საშიშროების წინაშეც დგას. დასახლებაში არსებული საექიმო ამბულატორია ანტისანიტარიის კერას უფრო გავს, ვიდრე ჯანდაცვის ობიექტს. საბჭოთა პერიოდში გაყვანილი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები დღეს მართლაც მოშლილია. მის აღდგენას კი სოლიდური თანხები სჭირდება.

3 თვის წინ დევნილმა მოსახლეობამ წყლის პრობლემის გადაჭრა საკუთარი ძალებით მოსინჯა. დასახლებაში 2 ჭა გაითხარა, თუმცა იგი სასმელად უვარგისი აღმოჩნდა. ენვერ სიჭინავა - "იმის გამო, რომ საკანალიზაციო სისტემა მოშლილია, ბინძური წყალი სასმელს შეერია. ჭის გაწმენდას აზრი მანამ არ ექნება, სანამ მისი მოპირკეთება არ მოხდება. სწორედ ამ მოთხოვნით სხვადასხვა ინსტანციაში 5 წერილი გავაგზავნეთ, მაგრამ შედეგი დღემდე ვერ მივიღეთ."

როგორც აღმოჩნდა დევნილმა მოსახლეობამ შედეგი ვერც შეშის მოთხოვნაზე მიიღო. ზედაეწერში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს მთავრობისაგან რაიმე სახის გასათბობი საშუალება არასოდეს მიუღიათ. ბარგანჯიების შვიდსულიან ოჯახს სიცივესთან გასამკლავებლად 10 კუბ.მ. შეშა სჭირდება. მისი საბაზრო ღირებულება კი დღეს 600 ლარამდეა. ბუნებრივია, ამ რაოდენობის თანხით დევნილები შეშის შეძენას ვერ შეძლებენ. ნარგიზა ბარგანჯია - "შეადგენენ სახელობით სიას, მაგრამ მოტანილი შეშა აქ არავის უნახავს. ახლომდებარე ტყეებიდან ფიჩხებს ბავშვებთან ერთად ვეზიდებით და ვაი-ვაგლახით ვთბებით. ხის მოჭრაზე იმხელა ჯარიმას დაგაკისრებენ, რომ ჯობია გაყინულ ოთახში იჯდე, ვიდრე ციხის საკანში."

როგორც გაირკვა დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად ყველა აღმასრულებელმა სტრუქტურამ თითი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსკენ გაიშვირა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ საქმეში ისიც უძლურია. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონალურმა სამმართველომ დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას, გაეროს სამხედრო კომისარიატსა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს დახმარებისათვის მიმართა.

ლევან მიქავა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი: `ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტი საკმაოდ მწირია, ამიტომაც დახმარებისათვის ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავთ. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია წყალმომარაგების სისტემის აღდგენას დაგვპირდა, დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და გაეროს დახმარებით დევნილების გასათბობი საშუალებებით უზრუნველყოფას ვგეგმავთ. 10 დეკემბრისათვის ამ ორგანიზაციებიდან 800 კუბ.მ. შეშის გამოყოფას ველოდებით. ეს არ არის საკმარისი რაოდენობა, მაგრამ სხვა გზა ჯერჯერობით არ ჩანს. მიმდინარე წელს მიიღებს თუ არა შეშას ზედაეწერში ჩასახლებული დევნილი მოსახლეობა ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალურ პასუხს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან უახლოეს დღეებში ველოდებით."

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ახალი ამბები