კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პ.ტაბატაძე შესაძლოა, სტრასბურგამდე მივიდეს

22 ოქტომბერი, 2007

20 წლის პაკო ტაბატაძე სატელევიზიო რეალური შოუ "ბარიდან" გაგდების შემდეგ, იურისტებთან აქტიური კონსულტაციებით არის დაკავებული. ის, სავარაუდოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" საკუთარი უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში უჩივლებს. ადამიანის უფლებათა დამცველები ტაბატაძის შოუდან გაშვების ფაქტს პირდაპირ დისკრიმინაციად აფასებენ.

პაკო ტაბატაძეს "სალამი არ დაემთავრებინა", ისე გაუშვეს "ბარიდან". შოუდან, სადაც ის პირველადი შერჩევის გარეშე მოხვდა და როგორც თავად ამბობს, ერთთვიანი ხელშეუხებლობის გარანტიაც მიიღო "ბარის" ხელმძღვანელობისგან. 13 ოქტომბრის ლაივ-შოუზე პაკო ტაბატაძემ ღიად განაცხადა საკუთარი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის შესახებ და თან დაამატა, რომ მას ამის აღიარების არ რცხვენოდა, პირიქით, ამით ამაყობდა.

იმავე ღამით პაკოს ბარ-მენეჯერმა გიორგი ხაბურძანიამ შენიშვნა მისცა. ცოტა ხანში კი ისიც გაირკვა, რომ დილით ის პროექტს დატოვებდა. ამ ამბავს თავად პაკო ასე იხსენებს:
"ღამის ოთხ საათზე ხაბურძანიამ მითხრა, შენ ძალიან გადახვედი ზღვარს, სხვები დაჩრდილე და გაცილებით რეიტინგული გახდი, რაც ჩვენ არ გვაწყობსო. მომთხოვა ნეიტრალურად მეთამაშა და ასეც გავაგრძელე. დილით კი გამიყვანეს და გამომიცხადეს, რომ პროექტს უნდა დავმშვიდობებოდი. მიზეზი როცა ვიკითხე, მიპასუხეს, რომ საპატრიარქოდან და მოსახლეობიდან  უკმაყოფილო სატელეფონო ზარები იყო შემოსული. თუ "ბარს" არ დავტოვებდი, ტელეკომპანიას შესაძლოა პრობლემები შექმნოდა. ხაბურძანიას გასვლის შემდეგ მაცნობეს, რომ ათ წუთში შოუს წამყვანი ნინო ხოშტარია შემოვიდოდა და გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა. ასეც მოხდა".

ამ ამბის შემდეგ, მედიისათვის "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღინიშნა, რომ მათთვის "მორალური ფასეულობები გაცილებით მაღლა დგას კომერციულ დაინტერესებაზე".

"ჯეო-ბარი" არის გადაცემა, რომელიც პოზიტიური კუთხით უნდა წარმოაჩენდეს ახალგაზრდებს. ერთი ადამიანის სოციალური პრობლემა არ უნდა იდგეს უფრო მაღლა და არ უნდა იქცევდეს საზოგადოების უფრო დიდ ყურადღებას, განაცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორმა კობა დავარაშვილმა საკუთარი ტელევიზიის ეთერში.

შესაძლოა, ''რუსთავი 2''-ის ხელმძღვანელობა არც ელოდა, თუ პაკო ტაბატაძე მორალური ზიანის ანაზღაურებას სასამართლოში მოითხოვდა და ღიად ისაუბრებდა საზოგადოებისათვის დაფარულ სხვა დეტალებზეც. კერძოდ კი, მისი ამ შოუში მოხვედრის და შერჩევის ამბავზე. როგორც ირკვევა, ტაბატაძემ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებებზე საუბრის იდეა ნანიკო ხაზარაძის შოუს შესთავაზა. "რუსთავი 2" ამ იდეით მაშინვე დაინტერესდა, თუმცა, მას შესთავაზეს, რომ ჯერ ''ბარში'' მიეღო მონაწილეობა, ხოლო შემდეგ, ხაზარაძის შოუში.

"მითხრეს, რომ ეთერში უნდა მეღიარებინა, რომ "გეი" ვარ, ოღონდ ეს "ბარის" დაწყებიდან ორი კვირის მერე უნდა მეთქვა. ისიც მითხრეს, რომ პრობლემა ამის გამო არ შემექმნებოდა. თუმცა, ჩემთვის ამის აღიარება პრობლემა ისედაც არ არის, ეს გარეგნულადაც მეტყობა. ვიყავი კასტინგზე, სადაც ჩემი მონაწილეობა იყო ფორმალური. გადაწყვეტილი იყო ისიც, რომ ერთი თვის მანძილზე, მიუხედავად ხალხის მიერ გამოგზავნილი ეს-ემ-ეს-ებისა, მე მაინც დავრჩებოდი პროექტში და სკამზე არ დამსვამდნენ.  თავად შემიქმნეს ასეთი იმიჯი. გადამიღეს ქუდი. მერე შაბათიც მოვიდა. ლაივ-შოუმდე სამჯერ გამიყვანეს გვერდზე, მეკითხებოდნენ, მზად ხარო? ამ კითხვაში კი იმას გულისხმობდნენ, რომ როდესაც ხოშტარია საკუთარი თავის დახასიათებას მომთხოვდა, ღიად უნდა მეთქვა ჩემი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის შესახებ, რაც გავაკეთე კიდეც", - ამბობს პაკო ტაბატაძე.

მას დახმარებას ფონდი "ინკლუზივი" და მისი პრეზიდენტი პაატა საბელაშვილი უწევს, რომელიც აღნიშნავს, რომ შოუდან მისი გაგდების სხვა მიზეზი, გარდა სექსუალური ორიენტაციისა, არ არსებობს. და ეს კი, ახალი შრომის კანონთა კოდექსის მეორე მუხლის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაციაა.

"რუსთავი 2''-ის ხელმძღვანელობის კომენტარებიდან ჩანს: მათთვის ღირსეულად ბრძოლა ნიშნავს იმას, რომ თურმე ძალიან არ უნდა იაქტიურო. თავიდან ისინი, ალბათ, ვერც მიხვდნენ საკუთარი იმიჯისთვის რა საზიანო განცხადებებს აკეთებდნენ. მხოლოდ მოგვიანებით დაიწყეს ტექსტების და კომენტარების გაწმენდა საკუთარ ვებ-საიტზე. არ გამოვრიცხავ, შოუს პირველ დღეს, შესაძლოა, არც აპირებდნენ პაკოს გაშვებას, მაგრამ მოულოდნელმა ზარებმა (გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ასეთი ზარები ხელისუფლებისგანაც გაისმა), აიძულა ისინი გადაწყვეტილება მიეღოთ. მათ აშკარად სჭირდებოდათ პაკო შოუში".

პაატა საბელაშვილი ასევე განმარტავს, რომ პაკოს არ დაურღვეია არც კონტრაქტში მითითებული პირობა, რომ შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო ვინმეს და "უღირსი მანიპულირება არ უნდა მოახდინო სექსუალური თუ რელიგიური ორიენტაციით, რამაც შეიძლება დააზარალოს სხვა მოთამაშე, საზოგადოების თუ ტელევიზიის ინტერესები".  კონტრაქტში არ წერია, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკი შეზღუდულია.

"ნათელია, ეს ადამიანი შოუდან გამოუშვეს იმიტომ, რომ ყურადღება გადაიტანეს საზოგადოებრივ რეაქციაზე, სწორედ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო. კონტრაქტი უკანონოდ დაირღვა. არავის რჩება შთაბეჭდილება, რომ პაკომ ზედმეტად გამოიჩინა თავი. "რუსთავი 2"-ის საქციელი გაცილებით ამაზრზენად გამოიყურება. რატომ შეუშვეს პროქტში? იქნებ სპეციალურად შეიყვანეს და რეიტინგი აიმაღლეს? ან იქნებ გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებას დანარჩენი მონაწილეების ქცევა მოეჩვენოს ნაკლებად გამაღიზიანებლად",  - ვარაუდობს პაატა საბელაშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სოფო ჯაფარიძე საუბრობს კონტრაქტში ეშმაკურად ჩადებულ მუხლზე, რომლის მიხედვით, ტელეკომპანიას შეუძლია შოუს მონაწილის საქციელი ჩათვალოს უღირსად და დააკისროს მას 5000 ლარიანი ჯარიმა.

"გამოდის, ნებისმიერი საქციელი, რაც ტელეკომპანიის ცალკეულ ხელმძღვანელ პირებს არ მოეწონებათ, შეიძლება გახდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. მაგრამ დასაბუთება სჭირდება იმას, თუ რატომ შეილახა გადაცემის ღირსება.

საინტერესოა, რომ კონტრაქტს თან ახლავს "გადაცემის ფილოსოფია", სადაც წერია, რომ რომ მონაწილეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად გულახდილები, არ შერცხვეთ საკუთარი აზრების და შეგრძნებების ღიად და ბოლომდე გამოხატვა.  ცხადია, ურთიერთგამომრიცხავი მომენტებია.

თუ "რუსთავი 2"- მა მართლაც მხოლოდ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო მოხსნა მონაწილე, მაშინ ეს არის აშკარა დისკრიმინაცია.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაასაბუთებს "რუსთავი 2" იმას, რომ მონაწილე უღირსად მანიპულირებდა. ბევრი რამ არის დამოკიდებული მოსამართლეზეც ", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს ამ ფაქტს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ნინო ანდრიაშვილიც: "ჩემი აზრით, "რუსთავი 2"-ის მიერ პაკო ტაბატაძის მიმართ განხორციელებული ქმედება უკანონოა. მისი შოუდან გამოგდებით "რუსთავი 2"-მა დაარღვია როგორც კონსტიტუცია, ასევე უგულებელყო საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპები და ნორმები.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერიას, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა". დისკრიმინაციის აკრძალვა განმტკიცებულია ასევე “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით”. ძალიან სამწუხაროა, ის ფაქტი, როდესაც ისეთი ტელევიზია, როგორიც არის "რუსთავი 2", არღვევს აღნიშნულ უფლებას.
ეჭვი არ მეპარება, რომ რუსთავი 2-ს ჰყავს იურისტი და ვფიქრობ, ტელეკომპანიას ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო იურისტთან კონსულტაციის გარეშე".

იმ შემთხვევაში, თუ ქართული სასამართლო ტაბატაძის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში წავა. პაატა საბელაშვილი ამბობს, რომ მსოფლიო მედიის ჰედლაინებში, ეს თემა ერთ-ერთი წამყვანი იყო.

თბილისის სხვადასხვა ფორუმებზე ამ ამბავს არაერთგვაროვანი გამოხამაურება მოჰყვა. აი, რამდენიმე მათგანი (სტილი დაცულია):

"პაკოს შეუძლია "რუსთავი 2" და შოუს ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლოს მორალური ზიანისათვის და დისკრიმინაციისათვის. 10-ჯერ მეტ თანხას ''აახევს'' ვიდრე მაგ შოუში შეეძლო მოეგო და ღირსებიც იქნებიან!”

“ჩემი აზრით ''რუსთავი 2''-მა თავი სულელურ პოზიციაში ჩაიგდო. მსგავს ტყუილებს საზოგადოება არ "ჭამს". მათ არასწორი ორიენტაციის ადამიანი სპეციალურად შეარჩიეს რათა გადაცემას მეტი მაყურებელი ჰყოლოდა. პარალელურად უსაქმური ხალხი ჭორაობით დაკავდებოდა.

თუმცა, როგორც ჩანს, ვიღაცა ძალიან გაღიზიანდა პაკოს განცხადებით და დაარღვია მისი უფლებები და არა მარტო უფლებები. გააძევეს პროექტიდან ისე თითქოს მანამდე არ იცოდნენ, რა ჩიტიც ბრძანდებოდა ზემოთ ხსენებული მამათმავალი”.
რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ თქვენ მსგავსი საქციელი?

“პაკოს ატანა არ მქონდა თავისი ტინგიცობით, გულის რევამდე მივყავდი, მაგრამ ეს ჩემი საქმეა, მომეწონება თუ არა. მაგრამ მისი გაგდება არის ''რუსთავი 2''-ის არათანმიმდევრული და აშკარად დისკრიმინაციული საქციელი. პაკოს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას და დისკრიმინაციის გამო უჩივლოს “ბარს”, თუ, რა თქმა უნდა, ირანში არ ვცხოვრობთ. ნებისმიერი ევროპის საელჩო პაკოს მუდმივ ვიზას ჩაუბრახუნებს პასპორტში და იმასაც იტყვის საქართველოში გეების დისკრიმინაციააო. მერე აუხსენი უცხოელებს პაკო გეი კი არა მაიმუნი იყოო, დააჯერებ?"

საინტერესო იქნებოდა, რას უპასუხებდა თავად გიორგი ხაბურძანია დაგროვილ კითხვებს. თუმცა, სამწუხაროდ, მასთან დაკავშირება ისეთივე რთულია, როგორც ქართველ ჩინოვნიკებთან. ის უცხო ნომრებს არ პასუხობს.
დღეს ისიც ცნობილი ხდება, რომ "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი კობა დავარაშვილი პოსტს ტოვებს და "ბიზნესს უბრუნდება".

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

ახალი ამბები