კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეურვე ბებიას შვილიშვილი წაართვეს - იპოვის თუ არა ბებია სამართალს?

23 ოქტომბერი, 2007

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს ქუთაისში მცხოვრებმა ვალენტინა ონიშენკომ მიმართა. იგი უკვე წელიწადზე მეტია თავისი გარდაცვლილი შვილის, ელენე ონიშენკოს მცირეწლოვანი შვილის. მარიამის დაბრუნებას ცდილობს, ბავშვი საკუთარი დედის დაკრძალვის დღეს, ნათლიის დედამ, ელენე ტუკვაძემ მოტყუებით წაიყვანა.


„იმ დროს ჩემი გასაჭირი მქონდა, შვილი გარდამეცვალა. როცა ქელეხზე დარბაზში მივედით, ელენე ტუკვაძემ მითხრა, შენ ახლა ბავშვს ყურადღებას ვერ მიაქცევ, წავიყვან ჩემთან, დავაძინებ და საღამოს გამოგიყვანო. მე თავიდან არ მინდოდა გამეტანებინა, მაგრამ მეზობლებმა მითხრეს, რისი გეშინია, ამ ქალის შვილი ბავშვის ნათლიაა, რას დაუშავებენო. მეც გავატანე. საღამოს არ მომიყვანეს, მეორე დღეს მივაკითხე და ბავშვი თვალითაც აღარ მაჩვენეს, გადამალეს“, - ამბობს ვალენტინა ონიშენკო.

ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის, ლადო პატარიძის გადაწყვეტილებით, ვალენტინა ონიშენკო მარიამ ონიშენკოს მეურვედ დაინიშნა. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ელენე ტუკვაძეს ბავშვი კანონიერი მეურვისათვის დაებრუნებინა. უფრო მეტიც, 2007 წლის 27 დეკემბერს ელენე ტუკვაძის ვაჟმა ალექსანდრე კუზნეცოვმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურში სასამართლოს საშუალებით მამობის ფაქტის დადგენის გარეშე მიიღო მამობის მოწმობა. შემდეგ კი, ასევე უკანონოდ, ბავშვის ახალი დაბადების მოწმობაც აიღეს, რომელშიც გვარი - ონიშენკო კუზნეცოვით შეიცვალა.

როგორც ირკვევა, ელენე ტუკვაძის მიერ ბავშვის წაყვანისა და ბებიისთვის მისი აღარ დაბრუნების მიზეზი ის გახდა, რომ მისი ვაჟი, ალექსანდრე კუზნეცოვი ბავშვის მამობაზე პრეტენზიას აცხადებს. საქმე იმაშია, რომ ელენე ონიშენკოს შვილის დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ალექსანდრე კუზნეცოვთან, მაგრამ ბავშვის ბებია, ვალენტინა ონიშენკო კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მისი შვილიშვილი მარიამი, ალექსანდრე კუზნეცოვის შვილია.

„ყოველმხრივ გამორიცხულია, რომ ალექსანდრე კუზნეცოვი ჩემი შვილიშვილის მამა იყოს. ეს ტყუილი მან და დედამისმა იმისთვის მოიფიქრეს, რომ ჩემთვის ბავშვი წაერთმიათ და ეშვილებინათ იმიტომ, რომ ალექსანდრე კუზნეცოვს საკუთარ მეუღლესთან შვილი არ ჰყავდა“,  - აცხადებს ვალენტინა ონიშენკო.

მას შემდეგ, რაც ვალენტინა ონიშენკომ იმის შესახებ შეიტყო, რომ ალექსანდრე კუზნეცოვი მისი შვილიშვილის საზღვარგარეთ უკანონოდ წაყვანას გეგმავდა, სასამართლოს მიმართა საპასპორტო სამსახურში მიღებული ყალბი დოკუმენტაციის (იგულისხმება ბავშვის დაბადების მოწმობა კუზნეცოვას გვარით და ალექსანდრე კუზნეცოვის მამობის დამადასტურებელი მოწმობა), ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული სარჩელი არ დააკმაყოფილა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, აღნიშნული დოკუმენტები გააბათილა.

აღნიშნულ საკითხზე დავა უზენაეს სასამართლოში გრძელდება, ამასობაში კი ალექსანდრე კუზნეცოვმა მორიგი სარჩელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მარიამ ონიშენკოს მამად აღიარების მოთხოვნით. საქმე წარმოებაში მიღებულია და იგი განსახილველად ისევ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ანა ღელეყვას დაეწერა, რომელმაც ვალენტინა ონიშენკოს სარჩელი ყალბი დოკუმენტების ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა. ამ შემთხვევაში, ვალენტინა ონიშენკო უკვე მოპასუხეა. მას მოსამართლე ანა ღელეყვას ობიექტურობის არ სჯერა და მიაჩნია, რომ ამ საქმის ისევ მის ხელში მოხვედრა წინასწარა არის დაგეგმილი და პირადად მის წინააღმდეგაა მიმართული. ამიტომაც, მოსამართლე ანა ღელეყვას აღნიშნული საქმის განხილვიდან აცილებას ითხოვს.

„ალექსანდრე კუზნეცოვის დედა, ელენე ტუკვაძე, ადრე გამომძიებელი იყო. მისი ქალიშვილი, ჩემი შვილიშვილის ნათლია, ადვოკატია. ამ წრეში მათ ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავთ და ამიტომაც, ჩემს დაჩაგვრას უკანონოდ ცდილობენ. მე კი არ მინდა ჩემი გარდაცვლილი შვილის გოგონა უცხო ადამიანების ხელში აღმოჩნდეს. თავიდან, როცა ბავშვი წაიყვანეს, მივდიოდი მათი სახლის ღობესთან და ბავშვს შორიდან მაინც ვხედავდი. შიგნით არავინ მიშვებდა. ახლა, რაც სასამართლოში დავა დაიწყო, ბავშვს შორიდანაც აღარ მაჩვენებენ. არც კი ვიცი, თავს როგორ გრძნობს და ამას ძალიან განვიცდი. მათ ხომ ერთი წლის წინ ბავშვი, ფაქტობრივად, მომტაცეს და აქამდე თავისთან უკანონოდ ამყოფებენ. შეიძლება მდიდარი არ ვარ, მაგრამ იმას კი შევძლებ რომ შვილიშვილი აღვზარდო“,  - აცხადებს ვალენტინა ონიშენკო.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიურო არაერთგზის შეეცადა კუზნეცოვების ოჯახთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. რატომ წაართვეს ბებიას შვილიშვილი და რატომ აღარ აჩვენებენ მას, ამის შეტყობა ვერ მოხერხდა. ხოლო რაც საქმის მასალებიდან და ალექსანდრე კუზნეცოვის სასარჩელო განცხადებიდანაა ცნობილი, ის არის, რომ ეს უკანასკნელი ბავშვის მამად აღიარებას დაჟინებით ითხოვს სასამართლოსგან. 

მას შემდეგ, რაც ვალენტინა ონიშენკომ დახმარებისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  ქუთაისის ბიუროს მიმართა, სასამართლო ლაბირინთებში გასარკვევად მას ადვოკატი ნიკო კანკავა ეხმარება. თუ როდის და როგორ დაირღვა პატარა მარიამ ონიშენკოსა და მისი მეურვის, ვალენტინა ონიშენკოს უფლებები, ამასთან დაკავშირებით ნიკო კანკავა შემდეგ კომენტარს აკეთებს:

„იმის გათვალისწინებით, რომ ვალენტინა ონიშენკო ოფიციალურად დანიშნულია მარიამ ონიშენკოს მეურვედ 2006 წლის 1 სექტემბიდან, მოქალაქე ელენე ტუკვაძის მხრიდან ბავშვის წაყვანის საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ დღემდე ამ უკანასკნელს, როგორც ყოფილ გამომძიებელს  სამართალდამცავი ორგანოები „მფარველობენ“, რაც გამოიხატება პროკურატურის მხრიდან ვალენტინა ონიშენკოს განცხადებების იგნორირებით. შემდგომში თავისი ბოროტი ზრახვის კანონის ჩარჩოში მოსაქცევად ელენე ტუკვაძე უკანონოდ მოურიგდა სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლებს და თავისი შვილის ალექსანდრე კუზნეცოვის სახელზე გააცემინა მამობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო  მარიამ ონიშენკოს სახელზე  - ახალი დაბადების მოწმობა. ამ დროს კი კანონიერ მეურვესა და სისხლით ნათესავს, ბავშვის ბებიას არ აქვს საკუთარ შვილიშვილთან ურთიერთობის უფლება, რითიც როგორც ბავშვის, ისე ნამდვილი ბებიის უფლებები ირღვევა“.

ამ დროისათვის სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოში გრძელდება, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ახალი სარჩელის საფუძველზე ჯერ არ დაწყებულა. საქმის ასე გაჭიანურებას ვალენტინა ონიშენკო მეტად განიცდის და მიიჩნევს, რომ დროის გაწელვით მოპირდაპირე მხარე, ანუ, უცხო ადამიანები სულ უფრო აშორებენ მას საკუთარი შვილიშვილისგან, რომელიც ჯერ მხოლოდ 5 წლისაა და შესაბამისად, იმის დიდი ალბათობაც არსებობს, შვილიშვილს ბებია საბოლოოდ დაავიწყონ.

ლელა ხიდაშელი, ქუთაისი

ახალი ამბები