კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გვირაბის“ მცხოვრები 34 ოჯახი უსახლკაროდ რჩება

25 ოქტომბერი, 2007

„საქართველოს ხომ დემოკრატიულ ქვეყანას ეძახიან? ჰოდა, იმედი გვაქვს რომ არალეგალურ ემიგრანტები არ გავხდებით“, - იმედს გამოთქვამს  ასაკოვანი რამაზ ტარიელაძე.
ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ კაპანდიდში, ე.წ. გვირაბის შენობა-ნაგეგობებში მცხოვრები 34 ოჯახი, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ 1995 წელს შეასახლა. დღეს, აჭარის მთავრობამ, აღნიშნული შენობები აუქციონის გარეშე თავდაცვის სამინისტროს გადასცა. ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მცხოვრებ ოჯახებს ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ.

ოთახები, რომლებიც იქ მაცხოვრებლებს საცხოვრებლად მოუწყვიათ, წვიმის დროს, გობებით ივსება; გობები კი წვიმის წვეთებით. კედლების გაშრობას კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება. თუმცა, „სინესტეს ვინ ჩივის“,- ამბობს სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედა, ლანა თავდგირიძე.

„ჩვენ სადმე წასასვლელი არ გვაქვს“, - საუბარში ერთვება ერთ-ერთი მცხოვრები შოთა კოკობინაძე: „როცა აქ შემოვედით, ყველაფერი გაპარტახებული იყო. დღეს, შენობამ ასეთ მდგომარეობაში რომ მოაღწია, ესეც ჩვენი დამსახურებაა. ძველმა ხელისუფლებამ იმიტომ შემოგვიშვა, რომ წასასვლელი არსად გვქონდა. ესენი (დღევანდელი ხელისუფლება) კი გვეუბნებიან, უკანონოდ ხართ შესახლებული და არაფერი გეკუთვნითო“.
იქ მცხოვრები ოჯახების უმრავლესობა ეკომიგრანტია, დანარჩენი კი -  სახლდამწვარი მოსახლეობა.

„პირველ კატეგორიაში ვიყავი ეკომიგრანტთა სიაში. მეწყერის შედეგად, ჩემი სახლისგან ნანგრევებიღა დარჩა. მაქვს გეოლოგიური დასკვნაც, რომ სოფელ მახოში აღარ იცხოვრება. ეს ჩემი დოკუმენტები კი, რატომღაც, რაიონის გამგეობას სადღაც გაბნევია და ჩემს საკითხს თურმე ვერ იხილავენ“, _ გვეუბნება მანანა ტაკიძე, რომელიც ასევე გვირაბის დასახლების შენობაშია შეხიზნული.

ტარიელ მუთიძეს კი, ინვალიდობის პენსიაც შეუწყვიტეს. წლების წინ, ტყეში შეშის დამზადებისას, მან სამი თითი დაკარგა. ინვალიდობის პენსია კი იმ მოტივით შეუწყვეტიათ, რომ „არც ერთი თითი არ უნდა გქონდეს, პენსია რომ გეკუთვნოდესო, მითხრა რაიონის ექიმმა“, - იხსენებს მუთიძე.

„სახლი დამეწვა, ყველაფერი დაიფერფლა. თავშესაფარს ვითხოვდით და დროებით აქ შემოგვასახლეს, იმ პირობით, რომ საცხოვრებელს მოგვცემდნენ. წავიდა ის ხელისუფლება და ახლანდელი, სხვაგან გასახლებას გვთავაზობს. ჩვენ წალკასა და სხვა რაიონებში ჩასახლების სასტიკი წინააღმდეგი ვართ, -აცხადებს ნანა კონცელიძე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ლევან დოლიძემ არც ის იცოდა ე.წ. გვირაბის დასახლებაში არსებული შენობა-ნაგებობები თავდაცვის სამინისტროს კუთვნილება იყო თუ, ახლახანს გადაეცა სამინისტროს. დოლიძის თქმით, მოსახლეობის მდგომარეობას შეისწავლიან და „ვინც იქ მართლაც გაჭირვების და უქონლობის გამოა შესული, აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტოს დახმარებით, ყველა დაკმაყოფილდება. არსებობს სპეციალური პროგრამა ახმეტასა და წალკაში გადასახლების, ან მეორე გზა - ხუთი ათასი ლარის ოდენობით დახმარების მიღება“.

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის, ჰენრი სანიკიძის განცხადებით, „შენობა-ნაგებობა აჭარის მთავრობის საკუთრება იყო და თავდაცვის სამინისტროს გადაეცა“.

შენობის გამოსყიდვა მოსახლეობას თვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ნათია წიკლაშვილისთვის მათთან ვიზიტის დროს უთხოვია. მინისტრს ისინი დაუიმედებია, თუმცა, შედეგი აშკარაა - ე.წ. გვირაბის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგეგობები ხალხს კი არა, თავდაცვის სამინისტროს გადაეცა.

მოსახლეობის განცხადებით, მათთან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და გაჩუმება მოსთხოვეს:  „არანაირი აჯანყება და აქციები არ მოაწყოთ და ეს ხელისუფლება დაგეხმარებათო. ვხედავთ, ისე გვიპირებენ აქედან გაყრას, რომ ღია ცის ქვეშ გვტოვებენ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, თუნდაც  აქ რომ ჩაგვხოცონ ნიღბიანებმა, აქედან წალკასა და ახმეტაში გადასახლებას არ დავთანხმდებით. იქედან ხალხი უკან ბრუნდება და ჩვენ იქ წავიდეთ?“ 

თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მშენებელმა ორგანიზაციამ ადგილზე საშენი მასალები მიიტანა. იქ მაცხოვრებლებს კი განუცხადა, რომ შენობები უნდა გაარემონტონ. მოსახლეობას კი, ძალაუნებურად, მათი  დაცლა მოუწევთ.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.

ახალი ამბები