კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“სამარცხვინო საჩუქარი” - ხალხმა ვაუჩერები დაცინვად მიიღო

29 ოქტომბერი, 2007

„თქვენ გახდით საპრეზიდენტო სუბსიდიის, ვაუჩერის მფლობელი“, - ამ წარწერით დამშვენებული სასიხარულო ამბის მაუწყებელი ბარათები საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა გასულ კვირას მიიღო.  ქვეყნის პირველმა ხელისუფალმა პენსიონერებთან და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან ერთად, არც პედაგოგებს დაწყვიტა გული  და  მათ ორი 50 ლარიანი ვაუჩერი გაუგზავნა. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ 50-50 ლარის ღირებულების ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი მათ შეუძლიათ 1 ივლისამდე უზრუნველად დახარჯონ.

 

მიუხედავად არცთუ ურიგო საჩუქრისა, პრეზიდენტის ინიციატივამ საზოგადოებაში არასახარბიელო განწყობა გამოიწვია. ქვეყანაში ფასების კატასტროფული ზრდის ფონზე, მოსახლეობის უმრავლესობამ ხელისუფლების ეს ჟესტი დაცინვად მიიღო და საჩუქარს აგრესია შეაგება. განსაკუთებული გულისწყრომა პედაგოგებმა გამოთქვეს.


„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიურომ დასაჩუქრებული მოქალაქეების „სამადლობლები“ ჩაიწერა:

 

ალექსანდრე ბასილაძე, პედაგოგი: „ნათქვამია, საჩუქარს კბილი არ გაესინჯებაო. ამ ვაუჩერის უკან დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ვერც ბოლომდე მადლობელი ვიქნები. ეს მთავრობა ხელისუფლებაში რომ მოდიოდა, ათას დაპირებებს იძლეოდა და გვაბრუებდა. მათ სამოქმედო პროგრამაში ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი განათლება იყო. დღეს კი, იმის მაგივრად, რომ დანაპირები შეასრულონ, რაღაც უსუსურ საჩუქრებს იგონებენ და ამით სურთ ხალხი დააბრმავონ. იმის მაგივრად, რომ პედაგოგებს ხელფასები გაზრდოდა, ისისი სამსახურიდან გაყარეს და ლუკმა-პური დააკარგვინეს“.

ჟორა ბოჭორიშვილი, პენსიონერი: „სასაცილო ამბავია. მე მარტოხელა მოხუცი ვარ, რომლის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. რა უნდა ვიყიდო 48 ლარით, როცა ბაზარს ვერც გაეკარები. რად მინდა გაზის ვაუჩერი, რა უნდა გავაკეთო გაზზე, როცა ამ თანხით მხოლოდ პურის ყიდვას ვახერხებ? პურს კი არც შეწვა ჭირდება და არც მოხარშვა. კი ბატონო, ელექტროენერგიით გავთბები, მაგრამ რამდენ ხანს? სირცხვილია, ამ ხნის ხალხს მასხრად რომ გვიგდებენ“.

 

ლეილა ბაქრაძე, პედაგოგი: „ჩვენს ოჯახში სამი პენსიონერი და ორი პედაგოგია. გეკითხებით, რა უნდა ვუყოთ ამდენ ვაუჩერს? ეს არის სატყუარა, ვითომ ხელისუფლება ხალხზე ზრუნავს. ზრუნავს კი არა, ხელისუფლებას სძულს ხალხი. პურის ფასი თითქმის ერთი ლარია. გაძვირდა ყველაზე აუცილებელი პროდუქტი, თორემ რიგი ოჯახები ხორცს დიდი ხანია ვეღარ ყიდულობენ. არ გვინდოდა ბატონო, ასეთი გულუხვი საჩუქარი. სხვა, უფრო ადამიანური ნაბიჯი გადაედგათ და მადლობელი დავრჩებოდით“.

 

ზინა აბრამია, სოციალურად დაუცველი: „სოციალურ სააგენტოში სათანადო ქულა რომ დაგვეგროვებინა, მე და ჩემი შვილი იქ ვაღამებდით და ვათენებდით. ორჯერ ვერ მოვხვდით სიაში. ამჟამად დახმარებას ვიღებთ, მაგრამ მაინც არ გვყოფნის. ადრე ბაზარში ვვაჭრობდი. მერე გარემოვაჭრეები იქედან გაგვყარეს და ულუკმაპუროდ დაგვტოვეს. ამას ჯობს, სააკაშვილმა სამუშაო ადგილები შექმნას და დაგვასაქმოს. დღე და ღამე ვიმუშავებ და მე და ჩემს შვილს არავის სამადლო დახმარება აღარ დაგვჭირდება“.

 

მარინა ჯაჯანიძე, პედაგოგი: „ამაზე მეტი დაცინვა რა გინდათ, მთავრობამ პედაგოგები პენსიონერების და უმწეოების გვერდით დაგვაყენა. სიცოცხლითა და შემართებით სავსე ადამიანს შეიძლება სკოლაში მხოლოდ 4 საათი ჰქონდეს და 40 ლარს იღებდეს? რაში უნდა გეყოს ეს თანხა, როცა პური 70 თეთრი ღირს დ მარილი კი - ლარი. ქვეყანაში შიმშილია და იმის მაგივრად, რომ გამოსავალი იპოვოს, პრეზიდენტი სამარცხვინო საჩუქრებს არიგებს“.

 

თენგიზ შავლაყაძე, პენსიონერი: „ამ ვაუჩერების გარეშეც გავიდოდით როგორმე ფონს, ცხოვრების ნორმალური პირობები რომ იყო. ქუჩაში გასვლა მძულს, იმდენ შეწუხებულ და განადგურებულ სახეს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ოჯახის უფროსს ღამეები არ ძინავს იმაზე ფიქრით, რომ გათენდება, რა გააკეთოს, შვილები შიმშილით რომ არ დაეხოცოს. ვის რაში ჭირდება მაგათი ვაუჩერი და სისხლით მოპოვებული მილიონებიდან გადახდილი 50-50 ლარიანი დახმარებები. არ გვინდა, თვითონ დაიტოვონ და ჩვენს შვილებს დაკარგული სამუშაო ადგილები დაუბრუნონ“.

 

ლილი შუბითიძე, პედაგოგი: „ვაუჩერით გავთბებით და გავნათდებით (ისიც, რამდენიმე ხანს)? დანარჩენს რა ვუყოთ? გაძვირებული პური და შაქარი რითი ვიყიდოთ? ზამთარი მოდის. ბავშვი რომ ავად გაგვიხდეს, საშინლად გაძვირებული მედიკამენტები რითი შევიძინოთ? ამაზე ფიქრობს ვინმე? ხედავთ, პენსიონერთა რიგებში დაგვაყენეს? ეს რას ნიშნავს, რომ მათი აზრით, პედაგოგი ისეთივე უმწეო და უუნაროა, როგორც პენსიონერი. ამის შემდეგ რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ“...

 

ქუთაისის ქუჩებში ჩაწერილი მოსახლეობის ასეთი განწყობა საქართველოს სხვა ქალაქებშიც შეინიშნება. ამის ნათელი დადასტურება, თუნდაც ჩვენს პორტალზე, სხვადასხვა კუთხეებიდან მომზადებული სტატიებია. მსგავს გამოკითხვებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მომავალშიც განაგრძობს.

 

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

 

 

ახალი ამბები