კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რვაქიმიანი ბეტონის ლურსმნები აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ

2 ნოემბერი, 2007
სამეგრელოდან დედაქალაქისაკენ მომავალ ავტოკოლონას შს სამინისტროს სპეცსამსახურები შედუღაბებულ ბეტონის ლურსმნებს უყრიდნენ

სამეგრელოს მოსახელობამ 2 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილ მიტინგზე დასასწრებად წამოსვლის თადარიგი 1 ნოემბრის დილიდან დაიჭირა.

9:00

თუმცა, 9 საათისათვის უკვე ცნობილი გახდა, რომ დაქირავებული ავტომანქანის მძღოლებმა თბილისის მიმართულებით გასვლაზე უარი თქვეს. ბლოკირებული იყო ყველა სახის ტრანსპორტი. სამართალდამცავებმა ავტობუსის მძღოლებს ტექ.პასპორტი და მართვის მოწმობები ორი დღით ადრე ჩამოართვეს. ზუგდიდი-თბილისის დღის მატარებელი ლიანდაგიდან გადააყენეს და სარემონტო სამუშაოები დაიწყეს. დაიხურა ცენტრალური ავტოსადგურისა და რკინიგზის სადგურის სალაროები, სადისპეჩეროები. დილის 10 საათისათვის ამ ტერიტორიაზე არცერთი სახის ტრანსპორტი აღარ იდგა.

12:00

დღის 12 საათისათვის კი პოლიტიკური მოძრაობა“თავისუფლების“ მიკროავტობუსს, რომელიც ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან იდგა, საბურავები ბასრი საგნით დაუსერეს. პრესსამსახურის ვიდეო-კამერამ იმ პირების დაფიქსირება შეძლო, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა, თუმცა, პოლიციას ამ ფაქტთან დაკავშირებით ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ ჰყავს.

პარალელურად, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ოფისთან მხარდამჭერები იკრიბებიან და თბილისისაკენ სავალ გზებს ეძებენ. მათ პერიოდულად სპეცსამსახურის თანამშრომლები უახლოვდებიან და შორიახლო გასვლას სთხოვენ, თუმცა, ოპოზიციური ძალები კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს არ ემორჩილებიან და ადგილებიდან ფეხს არ იცვლიან. იყო მცდელობა დაეკავებინათ პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე თენგიზ გერგედავა.

13:00

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს წალენჯიხის მოსახლეობა დღის 1 საათისათვის უერთდება. წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები ცენტრალურ ტრასაზე მოქალაქე ირაკლი შეროზიას აკავებენ, რომელმაც მამა და ნათესავები ზუგდიდში, დედაქალაქისაკენ გასამგზავრებლად ჩაიყვანა. ოთხსაათიანი პატიმრობის შემდეგ მას ათავისუფლებენ და მართვის მოწმობას ართმევენ.

14:00

სამეგრელოს ტერიტორიას პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი, კონსტანტინე გამსახურდია დღის 2 საათისათვის უახლოვდება. მას თან ახლავს ათეულობით მხარდამჭერი, 7 ავტობუსი და რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა. აბაშიდან სენაკამდე კონსტანტინე გამსახურდიამ ლურსმნიანი გზა განვლო. „თავისუფლების“ ლიდერები ხედავდნენ თუ როგორ იყრებოდა დამუქებულშუშიანი ავტომანქანებიდან ბეტონის შედუღაბებული ლურსმნები. ამ „ღონისძიების“ ერთ-ერთი ავტორი, აბაშის პოლიციის განყოფილების უფროსი დავით დარსმელიძე იყო.

15:00

სენაკში, დაახლოებით 3 საათისათვის ჩასული პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ წარმომადგენლები ავტობუსების გარეშე დარჩნენ. ავტომანქანების აბსოლუტურად ყველა საბურავი იმ ბასრმა საგნებმა დასერა, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალზე ეყარა.

ყველა დიდი წინააღმდეგობა „თავისუფლების“ ლიდერევს სენაკი-ზუგდიდი ავტოტრასაზე დახვდათ. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას პირადმა დაცვამ შსს სამინისტროს დაცვის დეპარტამენტს პოლიტიკური ფიგურის უსაფრთხოების დაცვა ოფიციალურად მოსთხოვა.

კონსტანტინე გამსახურდია: „ჩვენ გზას პირდაპირი გაგებით, ბრძოლით მივიკვლევთ. მათ არ სურთ, რომ ზუგდიდში ჩავიდეთ! გზაში საპატრულო პოლიცია გამუდმებით გვაჩერებს. მათ ენაცვლება შვიდამდე (მათ შორის სამი უნომრო) ავტომანქანა, საიდანაც სავალ ნაწილზე ბასრი საგნები იყრება, გვიქმნიან ავარიულ და სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებს“.

17:00

პოლიტიკურო მოძრაობა „თავისუფლების“ ზუგდიდის ოფისში 5 საათისათვის მისული კონსტანტინე გამსახურდია სპეციალურ ბრიფინგს მართავს: „აქ, ზუგდიდში, ხელისუფლება დეგრადირდა ბანდიტების, ქურდების, ხულიგნებისა და მკვლელების ბრბოდ. დღეს დადგა ისტორიული ჟამი. მე მოვუწოდებ ყველა ზუგდიდელს, სამეგრელოს ყველა მკვიდრს, დაიძრას თბილისისაკენ. ჩვენ ყველა შემთხვევაში გავიკვლევთ გზას თბილისისაკენ. ვარდების რევოლუცია თავის არსებობას ლურსმენის რევოლუციით ასრულებს!“ - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.

19:00

წინააღმდეგობების მიუხედავად პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ავტოკოლონა ზუგდიდიდან 7 საათისათვის დაიძრა. ქალაქის ტერიტორიის დატოვებამდე მას გუბერნატორი ზაზა გოროზია, რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია და კუდის თანამშრომელი ვახტანგ გაბელია ავტომანქანებით აცილებდნენ, ხოლო ქუთაისამდე ავტოკოლონის მოძრაობას უკვე სპეც-სამსახურების ავტომანქანები აკონტროლებდნენ.

22:00
ღამის 10 საათისათვის დედაქალაქისაკენ მიმავალ ავტოკოლონას პრობლემები კიდევ ერთხელ შეუქმნეს. ქუთაისის შესასვლელთან უცნობმა პირებმა ავტომანქანებიდან 6 და 8 ქიმიანი ლურსმნები კიდევ ერთხელ გადმოყარეს, თუმცა, საბურავების დახეთქვა ამჯერად ვეღარ მოახერხეს. დაყრილი ლურსმნები მძღოლებმა ბაშინვე შენიშნეს და ავტომანქანების სავალი ნაწილიდან გადაყენება მოახერხეს.

სამეგრელოდან დედაქალაქში მომავალმა ავტოკოლონამ თბილისში ღამის 3 საათზე, მშვიდობით ჩამოაღწია.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი-თბილისი


ახალი ამბები