კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საყოველთაო პროტესტს მესხეთიც უერთდება

5 ნოემბერი, 2007

1 ნოემბერს კოლონის მსვლელობის ორგანიზებისთვის საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს წევრები საქართველოს რეგიონებში ჩავიდნენ. სამცხე-ჯავახეთში პარლამენტის წევრი ბეჟან გუნავა და „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ.

„ახალციხეში ხელისუფლების მხრიდან მძღოლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. კონსერვატიული პარტიის ოფისთან უშიშროების თანამშრომლები ცდილობდნენ კოლონის გასვლისთვის ხელი შეეშალათ“, - აცხადებდა  მოსახლეობასთან შეხვედრისას ბეჟან გუნავა.

პარტია „ერთიანი საქართველოსათვის“ წევრს ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის მკვიდრ ბესიკ ბლიაძეს კოლონის გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე საპატრულო პოლიციამ მანქანის ტექნიკური დათვალიერების მოწმობა ჩამოართვა: „მანქანისა და პიროვნების შესახებ ყველაფერი კარგად იცოდნენ. საპატრულო სამსახურთან საბურავს ვაკეთებდი. მოძრაობა დავიწყე თუ არა, უკან საპატრულო მანქანა გამომყვა. ტექპასპორტი ჩამომართვეს,  გადავამოწმებთ და დაგიბრუნებთო. ნახევარი საათი მანქანაში ისხდნენ და ფიქრობდნენ, რა უნდა ექნათ“.

ბესიკ ბლიაძის მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, მიზეზად დავალიანება დაასახელეს. მძღოლმა ინფორმაცია საპატრულო პოლიციასთან გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ არანაირი ჯარიმა არ ჰქონდა გადასახდელი, თუმცა მანქანა არ დაუბრუნეს.

„ფეხით რომ მოგვიწიოს წასვლა, თბილისში მაინც ჩავალთ, ფეხებში ხომ არ დაგვცხრილავენ“,  - აცხადებდნენ აქციაზე წამსვლელები.

განცხადებები მძღოლების დაშინებისა და მართვის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ ახალციხის რაიონშიც არაერთხელ გაჟღერდა.  მძღოლები ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებაზე თავს იკავებენ, პირად საუბრებში კი აცხადებენ, რომ არის მუქარის ზარებიცა და მართვის მოწმობების ჩამორთმევების მაგალითებიც.

ახალციხიდან თბილისის მიმართულებით ორ ნოემბერს დილით, ათ საათიანი მიკრო ავტობუსი გავიდა, თუმცა შემდეგ თბილისისკენ მოძრაობა შეწყდა.

ამავე დღეს ბორჯომის ცენტრალური ავტოსადგურიდან დედაქალაქისაკენ არც ავტობუსები და არც მიკროავტობუსები არ გასულა.

მოსახლეობა ამაოდ ელოდებოდა რაიმე სახის ტრანსპორტს.

,,აქციაზე არ მივდივარ, თბილისელი ვარ და სახლში მინდა ჩავიდე. იქნებ ვის რა გვიჭირს”, - უკმაყოფილებას ვერ მალავდა ავტოსადგურზე მდგომი ჩანთებიანი, შავებში ჩაცმული ქალბატონი.

შევეცადეთ გაგვერკვია რა ხდებოდა სინამდვილეში. ავტოსადგურში მხოლოდ  ერთადერთი მოლარე აღმოჩნდა. კითხვითაც მას მივმართეთ - გავიდოდა თუ არა საერთოდ სამგზავრო ავტობუსი თბილისში. მოლარისგან ასეთი პასუხი მივიღეთ - ,,თქვენ რა ტელევიზორს არ უყურებთ?, გაარკვიეთ ყველაფერი უფროსთან”, - თითქმის ყვირილით დაგვაკვალიანა მან. მოლარის ხმამაღალმა ლაპარაკმა ავტოსადგურის შენობაში მიკრო ავტობუსების მძღოლები შემოიყვანა - ,,ჩვენ კი გვინდა წავიდეთ, მაგრამ ნაბრძანებია, ბორჯომიდან არც ერთი ,,მარშრუტკა” არ გავიდეს, ამით  პარლამენტარი ნოდარ გრიგალაშვილი ქულებს იწერს ხელისუფლების თვალში”, - განაცხადეს იქ თავმოყრილმა მძღოლებმა.

ხელისშემშლელი ფაქტორების მიუხედავად, პირველ ნოემბერს სამცხიდან დაახლოებით ოცდაათი ავტომანქანისაგან შემდგარი კოლონა თბილისისაკენ დაიძრა.

ბოლო დღეებში კი განვითარებულმა მოვლენებმა მესხეთიდან საპროტესტო აქციაზე წასვლის მსურველთა რიცხვი ერთიორად გაზარდა. 

გულო კოხოძე, ახალციხე   

ახალი ამბები