კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ეჭვი მეპარება, რომ მსხვერპლი არ ყოფილა“

8 ნოემბერი, 2007

მასობრივი მოწამვლის შემდეგ საავადმყოფოები ხალხით გადაიტენა. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ჰქონდა მცდელობა დაზარალებულები მოენახულებინა, მაგრამ  ,,რესპუბლიკურ“ საავადმყოფოში მოწამლულებთან შესვლაზე უარი გვითხრეს, მიზეზი უპრეცენდენტო იყო - ბევრი ხალხია და ვერ დაეტევითო.

მოწამლულ მომიტინგეებს ახლობლები საავადმყოფოდან საავადმყოფოში ეძებდნენ. რამდენიმე მათგანმა ,,რესპუბლიკურსაც“ მიაკითხა. შიგნით არც ისინი შეუშვიათ, სიაში მოძებნეთო. 48-კაციანი სია კედლებზე იყო გამოკრული და მასში ზოგი თავის შვილს ეძებდა, ზოგი - ქმარს და ზოგი - მეგობარს. ყოველ 15 წუთში საავადმყოფოს ეზოში შემოდიოდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც ახალი პაციენტი მოჰყავდა. 

ზუსტად რამდენი დაზარალებული მოხვდა ,,რესპუბლიკურში“ და რა მდგომარეობაშია მათი ჯანმრთელობა ამის დადგენა გაძნელდა, რადგან როგორც ერთ-ერთმა ექიმმა განაცხადა, შენობაში სრული ქაოსი იდგა და მედიკოსებს ამჟამად არაფრის თქმა არ შეეძლოთ.

საავადმყოფოს გარეთ თავი მოიყარა ასამდე ადამიანმა, რომელთაც საკუთარი ახლობლების ბედ-იღბალი აინტერესებდათ. მათთან საუბრისას გაირკვა, რომ დაზარალდნენ არა მარტო მომიტინგეები, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები და პარლამენტის შენობაში მომუშავე ადამიანებიც კი.

ლალი სიხარულიძე, დაზარალებულის მეუღლე: ,,პუშკინის 11 ნომერში ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლეა საავადმყოფოში. ბინაში ვიყავით და გაზმა ჩვენამდე ჩამოაღწია. ჩემს მეუღლეს ფილტვები ისედაც ტკიოდა, ამის შემდეგ კი საერთოდ სისხლი ამოახველა და სასწრაფოს გამოვუძახეთ. მეც ცუდად გავხდი, გული ამოვარდნაზე მქონდა.

შიგნით შესვლის უფლება თითო დაზარალებულზე თითო მნახველს მისცეს. მხოლოდ ჩემი მეუღლის გვერდით 10-15 კაცი იყო. სხვაც ბევრია.

ამ გაზზმა ძალიან დიდი ტერიტორია მოიცვა, ერთი მოხუცი ქალი იყო, ,,ივერიასთან“  მოწამლულა. ჩემი ძმა ,,ენგელსის“ ქუჩიდან მირეკავდა, გაზია ბინაშიო“.

საავადმყოფოს წინ იდგნენ ერთ-ერთი დაზარალებულის მშობლებიც, რომელთაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს, პირად საუბარში კი აღნიშნეს, რომ მათი შვილი პარლამენტის მესამე სართულზე მუშაობდა და იქ მოიწამლა. მოიწამლნენ მისი თანამშრომლებიც.

ეკა წერეთელი, დაზარალებული: ,,დარბევა რომ დაიწყო, ხალხი ქაშუეთში შეცვივდა. მამაომ გამოიხედა, შემოდით, აქ აღარ შემოვლენო, მაგრამ იქაც შემოაგდეს გაზის ერთი კაფსულა. ისეთი ბუღი დადგა, კინაღამ დავიხვჩვი.

გაზი რომ გაუშვეს, თვალები ამეწვა და პირი ქაფით მევსებოდა. ხალხი პანტა-პუნტით ცვიოდა. მე მდგომარეობიდან ახლაც არა ვარ გამოსული, გულისრევის შეგრძნება მაქვს. ჩემს მულს ისე გაურთულდა მოწამვლა, რომ ახლაც გადასხმებს უკეთებენ. საავადმყოფო აპარატზე მიერთებული ხალხითაა გადავსებული.

პირადად მე ხელკეტები არ მომხვედრია, მაგრამ სხვა ბევრი ცემეს, ახალგაზრდები ქაშუეთის კიბეებიდან დააგორეს. მე ასეთი სასწაული, ასეთი სადიზმი არასოდეს მინახავს.

90-იანი წლების შემდეგ არც ერთ მიტინგზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ყველა მიტინგზე წავალ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მთავრობა აქაურობას მოშორდეს“.

ეთერ რომელაშვილი, მომიტინგე: ,,ასეთი რამ აფხაზებს, ოსებს არ გაუკეთებიათ, 9 აპრილს არ გაუკეთებიათ რუსებს. როგორ უმოწყალოთ სცემებს ამდენი ახალგაზრდა?!  მანქანა დადიოდა და აცხადებდა,  გაიყვანეთ მოხუცები და ბავშვები, თუ არ დაიშლებით, გაზს გავუშვებთო, ბურჯანაძის ხმას ჰგავდა, ეტყობა ჩაწერილი ჰქონდათ.

გაზის გაშვების მერე ვინც გულით იყო დაავადებული, პირდაპირ ეცემოდა ასფალტზე. მოხუცები შადრევანში ჩაყარეს. ძმები გაჩეჩილაძეები სასტიკად ცემეს, უმოწყალოდ. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამდენი რამის შემდეგ მსხვერპლი არ ყოფილა“.

თეა თოფურია

 

ახალი ამბები