კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოთხი ჟურნალისტის საოცარი თავგადასავალი ბათუმის გზაზე

13 ნოემბერი, 2007

რატომ დააკავეს სემინარზე მიმავალი ჟურნალისტები?

ისინი დაზუსტებით ვერ ამბობენ, თუ რატომ აღმოჩნდნენ ამ გაურკვევლობაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ბათუმისაკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსი, რომლითაც ჟურნალისტები სემინარზე მიდიოდნენ, პატრულმა სრულიად უმიზეზოდ გააჩერა, მძღოლი დააკავა, სამარშრუტო ტაქსი საჯარიმოზე გადაიყვანა, ხოლო ჟურნალისტებმა კი სამსაათიანი ლოდინისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ჩარევის შემდეგ დანიშნულების ადგილამდე ძლივს ჩააღწიეს.

როგორც გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი აცხადებს, 7 ნოემბერს ის და კიდევ სამი ჟურნალისტი - შორენა შანშაშვილი (საინფორმაციო სააგენტო „პირველი“), ანა დათუაშვილი (გაზეთი Georgian Messenger) და ნატო მჭედლიშვილი (გაზეთი Georgia Today) ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ  ჟურნალისტებისათვის გამართულ სპეციალურ სემინარზე მიდიოდნენ:

„დილით, 11 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბეთ, სადაც სპეციალურად ჩვენთვის დაქირავებული „კავკასუს თრეველის“ სამარშრუტო ტაქსში ჩავსხედით და ბათუმისაკენ გავემართეთ. პირველის წუთები იყო, როდესაც სურამში წასახემსებლად შევჩერდით. გზადაგზა გვიკავშირდებოდნენ ჩვენი კოლეგები და თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას გვაწვდიდნენ. კაფეში, რომ შევედით მასპინძელს ტელევიზორის ან რადიოს ჩართვა ვთხოვეთ, მაგრამ სამწუხაროდ, არც ტელევიზორი და არც რადიო არ მუშაობდა. ხმამაღლა ვსაუბრობდით, თბილისში მომხდარი ამბების შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს. გარშემო ხალხი შემოიკრიბა. იქვე მაგიდასთან შავებში ჩაცმული მამაკაცი იჯდა, რომელმაც პირდაპირ იკითხა, ვინ დაარბია აქციის მონაწილეები, ავალიანმაო? გაგვიკვირდა, სპეც-ნაზელთა გვარები საიდან უნდა იცოდესო, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აღარ მივანიჭეთ.“

ნინო მიქიაშვილი იხსენებს, რომ პირველს აკლდა წუთები კაფედან, რომ გამოვიდნენ: „ჩვენი სამარშრუტო ტაქსის გვერდით მსუბუქი, შავი ფერის ჩამუქებულშუშებიანი მანქანა იდგა. ჩვენთან ერთად კაფედან სამი მამაკაცი გამოვიდა და იმ მანქანაში ჩასხდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა საშინელი სიტყვებით მოიხსენია პრეზიდენტი. გამიკვირდა, ასე ხმამაღლა რომ იგინება არ ეშინია-მეთქი? მაშინვე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლები უნდა ყოფილიყვნენ, ჩასხდნენ მანქანაში და საშინელი სისწრაფით წავიდნენ.“

ჟურნალისტების სამარშრუტო ტაქსს, სურამს რომ გასცდა, პატრულის მანქანა წამოეწია. მათ ჟურნალისტების ვინაობა გამოიკითხეს და გზა გააგრძელეს: „დაახლოებით 10 წუთში, პატრულის 2 მანქანა წამოგვეწია, გაგვაჩერეს და მძღოლი ყვირილით გადმოიყვანეს მანქანიდან. ჩვენც გადავყევით, არანაირი წესი არ დაგვირღვევია, ტყუილად გაგვაჩერეს, მაგრამ მათ ახსნა-განმარტება არ მოუციათ. რამდენიმე წუთში მძღოლს შარი მოსდეს, ჯარიმა არ გაქვს გადახდილიო. ამ აყალ-მაყალში ერთი საათი გავიდა, ჟურნალისტებს გვითხრეს, გადმოიღეთ ბარგი და ბათუმამდე რამეს გაგაყოლებთო, თავად კი გადაწყვიტეს, რომ მანქანა საჯარიმოზე უნდა გადაეყვანათ. ჩვენ ეს, რა თქმა უნდა, გავაპროტესტეთ და გადავწყვიტეთ, მათთვის სურათები გადაგვეღო. ისინი აბსოლუტურად უდანაშაულოდ აკავებდნენ მძღოლს და ჩვენც უმიზეზოდ გვაფერხებდნენ. ამ ფაქტმა მათი აღშფოთება გამოიწვია, პირად შეურაცხყოფაზე გადავიდნენ და მოთხოვნის შეუსრულებლობის დაკავების ოქმი შეადგინეს. ჩვენ დახმარებისათვის საკონსტიტუციო სასამართლოში დავრეკეთ და საბოლოოდ, როგორც შევიტყვეთ, სასამართლოს თავმჯდომარის ჩარევის შედეგად, ზესტაფონის გამგებელმა ავტომანქანა გამოგვიგზავნა და სამსაათიანი გაურკვევლობის შემდეგ გზა გავაგრძელეთ. უკვე ბათუმში გავიგეთ, რომ მძღოლმა მთელი ღამე „კაპეზეში“ გაატარა.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათი დაკავება თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ ხმამაღალმა საუბარმა გამოიწვია:  „სავარაუდოდ, ვიღაცამ პატრულს ინფორმაცია მიაწოდა, რომ უნდა დავეკავებინეთ. სხვა მიზეზს უბრალოდ ვერ ვპოულობთ, რადგან ჩვენი მხრიდან არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი“, - აცხადებს მიქიაშვილი.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

ფოტო ეკუთვნის საინფორმაციო სააგენტო "პირველს"

ახალი ამბები