კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტებიც ტირიან

14 ნოემბერი, 2007

 გოდერძი შარაშია, ჟურნალისტი
ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა მოქმედება ჯერ კიდევ 7 ნოემბრის დილას დაიწყეს. პარლამენტის წინ მოშიმშილეების დარბევის კადრების გადასაღებად მისულ ჟურნალისტებს ტელე-კამერები წაართვეს. როგორც რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი იხსენებს, რამდენიმე კადრის გადაღება მხოლოდ ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა მოახერხა და როდესაც დაინახა, თუ როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცავები ქართველი ჟურნალისტების ტექნიკას, საკუთარი მასალის გადასარჩენად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიქცა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა იმ ჟურნალისტთა ნაწილს დაკავშირებოდა, რომლებიც 7 ნოემბრის დარბევის დროს დაზარალდნენ. გაზით მოწამვლას ისინი დაზარალებას აღარ უწოდებენ, რადგან ჟურნალისტების გარდა, გაზის შაშხანებმა სხვაც ბევრი ატირა და გონებაც ბევრს დააკარგვინა.

თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამართალდამცავები ჟურნალისტების წინააღმდეგ სხვა მეთოდებსაც აქტიურად იყენებდნენ და ამის ნათელი დადასტურება ტელეკომპანია „იმედზე“ თავდასხმა და მისი გათიშვა იყო. გარდა ამისა, გაითიშა „რადიო-იმედი“, ტელეკომპანია „კავკასია“ და ბათუმის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „25-ე არხი“. მათი დახურვის მიზეზი ერთია - ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული ტელეკომპანიები საზოგადოებაში დესტაბილიზაციის დანერგვას ცდილობდნენ და იქიდან ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები გაისმოდა.

ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი ინგა გრიგოლია ტელეკომპანიაში სპეც-რაზმის შეჭრის დეტალებს გაზეთ „რეზონანსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ასე იხსენებს: „არ მეგონა, ასე თუ შემეშინდებოდა. როდესაც შენობაში შემოვარდნენ, ყველანი იატაკზე დაგვაწვინეს. თქვენ წარმოიდგინეთ - ფეხმძიმე გოგოებიც კი. ტელეფონები წაგვართვეს და ნელ-ნელა დაიწყეს ჩვენი შენობის გარეთ გაყვანა. თავიდან გვეგონა, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა, მაგრამ ზუსტად ამ დროს, ლუბლიანას ქუჩიდან, რომელიც ყოველთვის განათებულია და ჩემდა გასაკვირად, ზუსტად იმ ღამეს გარე განათება გამორთული იყო, სპეცრაზმი წამოვიდა და ზუსტად იგივე მეთოდებით გაგვისწორდნენ „იმედის” ჟურნალისტებს, როგორც რიყეზე და რუსთაველზე უსწორდებოდნენ ხალხს: ჩვენს წინააღმდეგ ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მე ცუდად გავხდი, სუნთქვის პრობლემა შემექმნა. ჩვენმა პროდიუსერმა დრო იხელთა, გამომათრია და იქვე ტყეში გადამაგდო. სადღაც ორმოში ჩავვარდი. როგორც იქნა იქიდან ამოსვლა მოვახერხე. ჩვენ გავრბოდით. ისინი კი ცრემლსადენ შაშხანებს და რეზინის ტყვიებს გვესროდნენ. ვიღაც ღვთისნიერმა შემიფარა საკუთარ სახლში, სადაც „ტელეიმედის” ჟურნალისტები, მათ შორის ცხრა თვის ფეხმძიმე დიანა ტრაპაიძე, აფარებდნენ თავს. სასწრაფოს გამოუძახეს. ხალხი ისე იყო შეშინებული, რომ სასწრაფოსაც კი არ ატანდნენ ჩემს თავს. ეგონათ, რაღაც საშინელება დამემართებოდა. ვუთხარი, რომ ექიმებს ვენდობოდი და რესპუბლიკურ საავადმყოფოში წავყევი, სადაც გადასხმები გამიკეთეს. გამთენიისას გამიარა შოკის მდგომარეობამ. აი ასეთი მეთოდებით გაგვისწორდნენ. რესპუბლიკურში ჩემი კოლეგა - პატარა გოგონა ვნახე, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი, ხელკეტი მოხვედრია თავში. სამწუხაროდ ეს კადრები ვერცერთმა ტელეკამერამ ვერ დააფიქსირა.“

„იმედის“ დარბევამდე კი ჟურნალისტებმა რუსთაველზე და რიყეზე იწვნიეს ხელკეტების, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის სიმწარე:
    
გოგა ქვრივიშვილი, ოპერატორი, ტელეკომპანია „თრიალეთი“: „რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს ვიღებდი. ვიღებდი ყველაფერს რაც ხდებოდა, როგორ ურტყამდნენ წაქცეულ ხალხს, როგორ უშვებდნენ გაზს. უცებ ზურგიდან პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქურთუკში ხელი ჩამჭიდა და სამართალდამცავთა ტალღაში შემაგდო. დაახლოებით 10 მეტრი მახოხიალეს. როდესაც ვუთხარი, თავი დამანებეთ, ტელევიზიის თანამშრომელი ვარ-მეთქი, დამიყვირეს, მაგიტომაც გართმევთ მაგ ტელე-კამერასო. წიხლებით და ხელკეტებით მცემეს. რამდენიმე წამით გავითიშე. გონზე რომ მოვედი, ქაშუეთის ეკლესიასთან ვიყავი. რაღაც მანქანაში ჩავჯექი და ტელეკომპანია „იმედში“ წავედი. იქ სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს და მე და კიდევ „იმედის“ ერთ-ერთი ოპერატორი საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. ჩვენმა დირექციამ სამართალდამცავებს კამერის დაბრუნების თხოვნით მიმართა, მაგრამ ჯერჯერობით კამერის დაბრუნებას არავინ აპირებს“.  

ირაკლი გედენიძე, ფოტორეპორტიორი: „პირველი შეტაკების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ვიდექი და ფოტო-კამერაში სურათებს ვათვალიერებდი. უცებ საიდანღაც შავი ფერის მერსედესის ჯიპი (ნომერით AXA 461) დამეჯახა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანა ჩემსკენ სპეციალურად წამოვიდა. მიუხედავად მიყენებული ტრავმისა და ბლომად ნასუნთქი გაზისა, მუშაობა მაინც გავაგრძელე.“

სოფო მდინარაძე, კორესპონდენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი: „რუსთაველზე ვიყავი, შეტაკება რომ დაიწყო. როდესაც ხალხმა სპეც-რაზმელებს ქვები დაუშინეს, ერთ-ერთი ასეთი ნასროლი ქვა თავში მომხვდა. ამის გამო საავადმყოფოში აღმოვჩნდი. გარდა ამისა, როგორც ყველა, გაზით მეც მოვიწამლე.“

გიგა მაქარაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი: „ქაშუეთთან ვიდექი, როდესაც გაზის შაშხანების გაშვება დაიწყეს. ჩემს გარშემო დაახლოებით 5-7 შაშხანა დაეცა. იქვე მოხუცი ქალბატონი წაიქცა და მის დასახმარებლად წავედი. ქურთუკი ავიფარე სახეზე, მაგრამ ერთი შაშხანა პირდაპირ ჩემს ფეხებთან დავარდა. იქვე გავითიშე. გონზე უკვე რეანიმაციაში მოვედი.“

ნათია მიქიაშვილი, კორესპონდენტი, ტელეკომპანია „იმედი“: „ჩემს ოპერატორს ვთხოვე, კადრები გადაეღო, ამ დროს ხალხი თითქმის აღარ იყო ბარათაშვილის ხიდზე. უცებ სპეც-რაზმელებმა დაგვინახეს, ორი მათგანი გამოგვეკიდა და ტყვიები დაგვიშინეს. ჩვენ ვიყავით ერთადერთი ტელევიზია, ვის კამერებსაც სამართალდამცავები ხელებს აფარებდნენ. რომ არ გადაგვეღო. რაც შეეხება თავად „იმედის“ დარბევას, ამის შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეების მანძილზე აქტიურად ვრცელდებოდა. 7 ნოემბერს ტელევიზიის თანამშრომლებმა დილიდან იცოდნენ, რომ ტელევიზიაში საღამოს სპეც-რაზმი შევიდოდა. აქციის დროს „იმედის“ ერთ-ერთი  ჟურნალისტი ლევან ტაბიძე  სპეცრაზმელმა სცემა და იქვე დაემუქრა, ჯერ სადა ხარ,  საღამოს მოვალთ და მერე ნახეთო.“

როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, „კავკასიის“ სიგნალის გათიშვის შემდეგ მათთან ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოგზავნილი პირი მივიდა და ულტიმატუმი წაუყენა, თუკი ისინი გაჩუმდებოდნენ, მაშინ მათ იმდენ თანხას გადაუხდიდნენ, რამდენსაც ისინი მოითხოვდნენ, თუ არადა, ტელეკომპანიას სპეც-ნაზი გაანადგურებდა.საბოლოოდ, ტელეკომპანია „კავკასიის“ სიგნალი გაურკვეველი დროით ჩაიხშო.

გარდა ქართველი ჟურნალისტებისა, 7 ნოემბრის დარბევის დროს დაზარალდნენ, როგორც რუსი და ამერიკელი ჟურნალისტებიც. აქციის დარბევისას „New York Times“-ის ფოტოკორესპონდენტი დაშავდა. „საქართველოს გზის“ ლიდერის სალომე ზურაბიშვილმა განცხადებით, მას თავში ქვა ჩაარტყეს, კამერა წაართვეს და დაუმტვრიეს: „პოლიციას საქმე ჯერაც არ აღუძრავს. როდესაც საქმის აღძრვა მოვითხოვე, თქვეს, რომ ამისთვის მტკიცებულებებია საჭირო. დოკუმენტალური მასალა კი იმ კამერაში იყო, რომელიც „New York Times“ - ის ფოტოკორესპონდენტს თავზე გადაამტვრიეს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გუშინ ქართული საინფორმაციო სააგენტოები ამერიკული გამოცემის „New York Times“-ის უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერთან გიგა ბოკერიასთან ჩაწერილი ინტერვიუს ამონარიდებს ავრცელებდნენ, რომელშიც იგი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ტელეკომპანია „იმედის“ გარშემო არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს: ბოკერიას განმარტებით, არ არის გამორიცხული, „იმედი“ ეთერში ვერც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გავიდეს. კერძოდ, ბოკერიას თქმით, სამართალდამცავები „იმედის“ კრიმინალურ საქმიანობას სწავლობენ და ისინი ეჭვმიტანილნი არიან ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან თანამშრომლობასა და სახალხო მღელვარების პროვოცირებაში.

ევროპის კომერციული ტელევიზიების ასოციაცია ევროპის 34 ქვეყანაში მოქმედი ტელეკომპანიების სახელით შეშფოთებას გამოხატავს ტელეკომპანია „იმედის” გათიშვისა და დანარჩენი არასახელმწიფო მაუწყებლებისთვის  ახალი ამბების გადაცემის აკრძალვის გამო.

ასოციაციის წარმომადგენლები ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებენ, მკაფიოდ განუმარტონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დამოუკიდებელი მედია-საშუალებები დღევანდელ ევროპაში არ იხურება.

ასოციაციის გენერალური დირექტორის როს ბიგამის განცხადებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს გარემოება, რომელიც გაამართლებს სამხედრო პოლიციის მიერ დამოუკიდებელი მაუწყებლის ეთერიდან ძალის გამოყენებით გათიშვას.
ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ აღდგეს იმ რადიო და ტელეკომპანიების საქმიანობა, რომელთაც უკანონოდ შეუწყდათ მაუწყებლობა.

როდესაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ინგა გრიგოლიას დაუკავშირდა, მან კითხვით მოგვმართა, თქვენ ხომ არ იცით, რა ბედი ელის „იმედსო“ და დაამატა: „რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება აღვადგინოთ“.


ნინო თარხნიშვილი, თბილისი

ახალი ამბები