კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მინიმუმ, 10 წელი ევროკავშირამდე...

16 ნოემბერი, 2007

 
 ქართველი ჟურნალისტები პოლონეთში
,,ჩვენ ეგ ყველაფერი 10-12 წლის წინ გავიარეთ... რასაც თქვენ ყვებით, ასეთი რამ ჩვენთან იმ დროს ხდებოდა, როდესაც ,,სოლიდარნოჩი" მძვინვარებდა და საბჭოთა კავშირი დაიშალა. მიუხედავად ამისა, მსგავსი რამ მაინც წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის" - გვითხრეს პოლონელმა ჟურნალისტებმა ვარშავაში მაშინ, როდესაც რეგიონული ჟურნალისტები,  სტაჟირების მიზნით, იქ ერთი კვირით იმყოფებოდნენ.

პოლონეთი ამჟამად ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და დემოკრატიული ღირებულებების მაქსიმალურად დაცვაზე აქვს პრეტენზია. უფრო მეტიც, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფონდი ,,დემოკრატიული განვითარება აღმოსავლეთში" ცდილობს ევროკავშირში შესვლის მსურველ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, დახმარება გაუწიოს და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

პირველ რიგში, პოლონელი ექსპერტები ყურადღებას საქართველოში თავისუფალ მედიაზე და მის განვითარების პერსპექტივაზე ამახვილებენ. ყველაზე მეტად პოლონეთში ადგილობრივი პრესაა განვითარებული. მაგალითად, სტარახოვიცას რეგიონში გამომცემლობა ,,ტიგოდნიკს" (კვირეული) რეგიონის ოთხივე ქალაქში საკუთარი რეგიონული 40 გვერდიანი ფერადი გაზეთები აქვს. როგორც გაზეთის ერთ-ერთი გამომცემელი იანუშ ტომჩინსკი ამბობს,  გამომცემლობის 15 წლიანი ისტორიის მანძილზე არ ახსოვს ხელისუფლების მხრიდან არც ერთი ისეთი ნაბიჯი, რაც ადგილობრივი პრესის დახურვას გამოწვევდა:

,,ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას და საზოგადოებას გათვითცნობიერებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია. ამისთვის ყველა ერთად ვიბრძვით. თავდაპირველად 12 წლის წინ იყო პრობლემები სტატიებთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი სასაცილოა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალმა და განვითარებულმა მედიამ განაპირობა სწორედ ევროკავშირში შესვლა" - გვითხრა გამომცემლობა ,,ტიგოდნიკის" დამფუძნებელმა.

გაზეთის ჟურნალისტები გაოცებულები არიან საქართველოში ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების და ჟურნალისტების შევიწროების ფაქტების გამო:

,,როდესაც ნებისმიერი თანამდებობის პირისგან გვინდა კომენტარი ან საჭიროა მასთან ინფორმაციის გადამოწმება, მასთან დაკონტაქტების პრობლემა არ არსებობს. მართალია არის ,,პრეს-მენეჯერის"  თანამდებობა, მაგრამ თანამდებობის პირებთან ხშირად პრეს-მენეჯერის გარეშე გვიწევს ურთიერთობა. ძირითადად სატელეფონო ზარიც საკმარისია ხოლმე" - ამბობს ჟურნალისტი მაგდა შიდლოვეცი.

ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას ხელს, რა თქმა უნდა, პრესა ძალიან უწყობს. თითოეულ ჩინოვნიკს გათვითცნობიერებული აქვს ის ფაქტი, რომ ჟურნალისტის შევიწროება და მით უმეტეს, ინფორმაიის დამალვა,  დემოკრატიის უკანდახევაა და ევროკავშირის წევრ ქვეყანას ეს არ შეჰფერის.

,,ჩვენთან ნებისმიერი ინფორმაცია აბსოლუტურად ღიაა. რასაც თქვენ გვიყვებით, ინფორმაციის მისაღებად გაუთავებელი განცხადებების წერა  კანცელარიაში,  შემდეგ 10 დღიანი ლოდინი, შემდეგ სასამართლო; ცემა, დაშინება, კაბინეტიდან გაგდება და ა.შ. ჩვენთან არ ხდება. ეს არც არავის დაესიზმრება." - გვითხრა ქალაქ სკარჟისკის მერმა, რომელსაც პოლონურად ქალაქის ბურმისტერს უწოდებენ.

ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არსებობა და მათი სიძლიერე ევროკავშირში გასაწევრიანებლად უმთავრეს პირობას წარმოადგენს, ვარშავაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს. მაგალითად, ქალაქის თვითმმართველობამ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა წონასწორობიდან გამოიყვანა და მთელი ერთი კვირის განმავლობაში ცენტრალურ არხები პრეზიდენტ კაჩინკის წარმომადგენლის ბრიფინგებს ატრიალებდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქალაქის თვითმმართველობის ხელმძღვანელს იმაში სდებდა ბრალს, რომ სარემონტო სამუშაოების ნიღაბქვეშ პრეზიდენტის მუშაობის პარალიზებას ახდენსო. საქმე იმაშია, რომ თითქმის 6 თვეა ვარშავის ცენტრში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გადათხრილია გზები და მიმდინარეობს წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაცია. კაჩინსკის გარემოცვა თვლის, რომ ქალაქის მერი სარემონტო სამუშაოებს სპეციალურად აჭიანურებს, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობა შეაფერხოს. ,,მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ქალაქის მერი პოლონეთის ხელისუფალის და მისი გარემოცვის შესუსტებას ცდილობს" - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

ეს ფაქტი აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს საქართველოში პრეზიდენტისა და თბილისის მერის ურთიერთობის ,,თეორიას". იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერი წინასააჩევნო კამპანიის ფერხულში ერთად არიან ჩაბმულები, პოლონელ დემოკრატებს ეს უცნაურად მიაჩნიათ.

გარდა ამისა, ბოლო დღეებში თვით პოლონეთის პროკურატურა შევიდა ჩიხში. პოლონეთის პროკურატურა კანონის უზენაესობას ,,თავზე ვერ ახტება" და ერთ-ერთ პარლამენტარ ქალბატონს ხელმეორედ ვერ აპატიმრებს. როგორც ირკვევა, ორი თვის წინ პარლამენტარი გარკვეულ მაქინაციებში ამხილეს, პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა სასამართლომ ბრალის ვერ დადასტურების გამო გამოუშვა. ამჯერად  პროკურატურამ ახლადაღმოჩენილი გარემოების გამო იგი ხელმეორედ დაიბარა, თუმცა მხოლოდ მოწმის სტატუსით. პოლონური კანონმდებლობის მიხედვით, იმავე ბრალდებით პარლამენტარის ხელმეორედ დაპატიმრება არ შეიძლება.

ერთი სიტყვით, საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ პოლონეთის რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების გამოცდილებას და იქ არსებულ სიტუაციას. ძირითადი აქცენტი იმ გამოცდილებაზე კეთდებოდა, რა გზაც პოლონეთმა საბჭოთა კავშირის დაშლიდან ევროკავშირში შესასვლელად გაიარა. პოლონელმა ჟურნალისტებმა გულახდილად გვითხრეს, რომ ჩვენ ჯერ შორს ვართ ევროკავშირამდე...


საბა წიწიკაშვილი, სპეციალურად ვარშავიდან

ახალი ამბები