კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

19 ნოემბერი, 2007

ტელეკომპანია „იმედში“  სპეცრაზმის შეჭრას, სამართალდამცავების მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებითა და იარაღის მუქარით შენობიდან ჟურნალისტების გაყრას, მათზე ზეწოლას, ტექნიკის მსხვრევას და განადგურებას, აშშ-ში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტური გაერთიანებების ხელმძღვანელები და მედიასაშუალებები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ. მომხდარს ისინი ვანდალიზმს უწოდებენ და როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ სასწრაფოდ აღდგეს ტელერადიოკორპორაცია „იმედის“ მაუწყებლობა.
 
„7 ნოემბერს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვადევნებდით თვალს. დასავლური მედია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს საკმაოდ კრიტიკულად აშუქებდა. ჟურნალისტები პარალელს ავლებდნენ თქვენს ქვეყანაში 2003 წელს მომხდარ რევოლუციაზე, რომლის შედეგადაც საქართველოს პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობამ აშშ-ს მთავრობის ნდობით აღჭურვილი პირი, ბატონი სააკაშვილი აირჩია. ხელისუფლების გადაწყვეტილებით საპროტესტო აქციების დაშლა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ის, რაც საქართველოში მოხდა, ამაზრზენი იყო. მშვიდობიანი მანიფესტაცია დაშალეს ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის და ძალადობის სხვა, უხეში ფორმების გამოყენებით. სასტიკად სცემეს აქციის მონაწილეები. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებები ასე მასობრივად პაკისტანში და ავღანეთში ირღვევა. ეს არ უნდა მომხდარიყო, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველო არა დემოკრატიული, არამედ პოლიციური ქვეყანა გახდა, რომ ბატონი სააკაშვილი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს“, - განაცხადა ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა საზოგადოების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მაქს ჰოლონმა.

მისივე თქმით, აშშ-ს სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთება განსაკუთრებით კერძო ტელეკომპანიაში პოლიციის თანამშრომლების შეჭრამ და იმ ძალადობამ გამოიწვია, რაც ჟურნალისტებზე განხორციელდა.

„აშშ დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისა და განვითარებისათვის არაერთ პროგრამას აფინანსებს კავკასიაში და მათ შორის საქართველოშიც. ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც ხაზგასმით აცხადებს, რომ დემოკრატიას აშენებს და ნატოს წევრობის პრეტენზია აქვს, ასეთი ვანდალური ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. ბატონი სააკაშვილის მთავრობამ უგულვებელყო საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა დროს გაკეთებული ყველა განაცხადი, საქართველოში სიტყვის თავისუფლების შესახებ, რაც როგორც აშშ-სთვის, ასევე ევროპისთვის მეტად მნიშვნელოვანია. „იმედის“ რაოდენ მწვავედაც არ უნდა გაეშუქებინათ აქციები, ხელისუფლებას არ ჰქონდა უფლება ტელეკომპანია დაერბია და დაეხურა. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ტელეკომპანიას ბოიკოტი თავად ხელისუფლებამ გამოუცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ განახორციელო შენი, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფალის მოვალეობა, წაართვა ჟურნალისტებს საშუალება, მიიღონ და გაავრცელონ ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაცია“,- მიაჩნია ბატონ ჰოლონს.

ტელერადიოკომპანია „იმედის“ დახურვას აპროტესტებს აშშ-ს ჟურნალისტთა ასოციაციაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ათასობით ჟურნალისტს აწევრიანებს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას საკუთარი თავისთვის არ უნდა მიეცა უფლება, მიეღო დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანიის დარბევისა და მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

„როგორც ვიცი, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „იმედის“, ასევე რამდენიმე სხვა მედიასაშუალების დახურვა, ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მოხდა, რაც სიტყვის თავისუფლების უხეში ხელყოფაა. ტელეკომპანიის დარბევაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ასეთი ფაქტის განცორციელება იმ ქვეყანაში, რომელიც აშშ-სთან მეგობრობს, საერთოდ ვერ წარმოგვედგინა. ეს იყო დიქტატორული ბრძანება, რომელმაც აღგვაშფოთა. მე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში მანამდეც არ იყო ჟურნალისტთა უფლებები დაცული, რომ გაუგებარი მიზეზების გამო დაიხურა რამდენიმე მედიასაშუალება და ა.შ.

შეიძლება აშშ-ს მთავრობისთვის არსებული მდგომარეობა საგანგაშო არ არის და იგი აძლევს კიდევაც რჩევებს სიტუაციის გამოსწორებისათვის საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ მოვითხოვთ, მკაცრად იქნეს დაცული ჟურნალისტთა უფლებები და დაუყოვნებლივ აღუდგინონ მედიასაშუალებებს შეწყვეტილი მაუწყებლობა, რათა საქართველო არ დაუბრუნდეს საბჭოთა ცხოვრებას“, - აღნიშნა აშშ-ს ჟურნალისტთა გაერთიანების წარმომადგენელმა დევიდ ჩარლზმა.

მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ტელე და რადიო „იმედის“ მაუწყებლობა უახლოეს მომავალში არ განახლდა, სავარაუდოდ, მედიის მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე სერიოზული წარმომადგენელი ჩამოვა. მანამდე ისინი საქართველოში მოვლენების განვითარებას აშშ-დან დააკვირდებიან.

ჟურნალისტთა გაერთიანება ქართველი კოლეგების მხარდაჭერის მიზნით, აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, გაეროს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილსაც გაუგზავნის.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე და მისი გაუქმების შემდეგაც თავისუფალი მედიის შეზღუდვას აკრიტიკებს გავლენიანი ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტიც“: „ბატონმა სააკაშვილმა უნდა შეიგნოს, რომ ის ამჟამად მკაცრი არჩევანის წინაშე დგას: ან ავითარებს დემოკრატიას როგორც აშშ-ს მოკავშირე, ან შეიძლება დასავლეთისგან იზოლაციაში მოექცეს. აშშ-ს ოფიციალური პირები სააკაშვილს მოქმედებისკენ უბიძგებენ და თუ ის უახლოეს დღეებში ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენს, ბუშის ადმინისტრაციამ მას უნდა შეუწყვიტოს ყველა სხვა სახის დახმარება და გააუქმოს საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი თეთრ სახლში“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“. 

კიდევ უფრო კრიტიკულია „ვაშინგტონ პოსტის“ პოლიტიკური მიმომხილველი: „...სულ რაღაც ერთ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უფრო მეტად აზარალა აშშ-ს „დემოკრატიის გავრცელების“ პოლიტიკა, ვიდრე პაკისტანის პრეზიდენტის ფერვეზ მუშარაფების მთელ ხროვას შეეძლო ეს გაეკეთებინა დროის უფრო დიდ მონაკვეთში. ბოლოს და ბოლოს, საქართველოსგან განსხვავებით, პაკისტანისგან დიდ დემოკრატიულობას მაინც არც არავინ ელოდა“,- წერს გაზეთის პოლიტიკური მიმოხილველი.

წერილის ბოლოს, ავტორი 2 წლის წინ, თბილისში მყოფი აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სიტყვებსაც იხსენებს: „ ...ქვეყანა, სადაც დემოკრატიული საზოგადოება შენდება, სადაც თავისუფალი სიტყვა ჰყვავის, სადაც ოპოზიცია მიღებული და მისასალმებელია“... მიმომხილველის აზრით, საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ეს გამოსვლა გამოიყურება არა მარტო მიამიტობად, არამედ იდიოტობადაც.

გელა მთივლიშვილი სპეციალურად აშშ-დან

ახალი ამბები