კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდის რაიონში ღორის აფრიკული ცხელება მძვინვარებს

20 ნოემბერი, 2007
ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში ღორის აფრიკულმა ცხელებამ უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში ათეულობით ღორი შეიწირა. პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს. ტყის მახლობლად სამარხები იჭრება და მონტგომერის დაავადებისაგან განადგურებული ღორები შიგ იყრება. ზარალის ოდენობა დიდია, თუმცა ვირუსთან ბრძოლის შესაძლებლობა მინიმალური. ხელისუფლება შესაბამის ორგანოებთან ერთად შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს დაავადებული თუ ჯანმრთელი წვრილფეხა საქონლის ლიკვიდაციაში ხედავს. ვირუსის გავრცელებისაგან თავის არიდების ამგვარი ფორმა მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელია, თუმცა საშიშროების მასშტაბები იზრდება. 2007 წლის 27 ივნისის მონაცემებით ზუგდიდის რაიონში 2 847 სული ღორი დაეცა, რეგიონის ფარგლებში კი 9 461 სული დაიხოცა.

ზუგდიდის რაიონის, სოფელ ახალსოფლის მკვიდრმა, ილიკო ჯოჯუამ საკმაოდ დიდი ზომის სამარხი ტყის მახლობლად საკუთარი ხელებით გაჭრა და 9 სული ღორი დამარხა. დაზარალებული გლეხი დღეს გამოსავალს ეძებს - როგორ არჩინოს ოჯახი.

ილიკო ჯოჯუა: „ცხრა ღორი ერთ დღეს დამიწყდა. სამი დღის განმავლობაში უმოძრაოდ ეგდნენ, ვერ იკვებებოდნენ... მათი გადარჩენა ვერ შევძელი, საშობაოდ ერთი სულიც არ დამრჩა“.

ღორები მასობრივად დაეცა საქადარიოს უბანშიც. მოსახლეობამ ვეტ-ექიმსაც მიმართა, მაგრამ ცხოველების გადარჩენის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. 50-მდე დახოცილი ღორი იქაც დამარხეს.

მარინა ქადარია: „შევამჩნიე, რომ ღორები ეცემოდნენ, უმადობაც ჰქონდათ. მესამე დღეს დახმარება ვეტ-ექიმს ვთხოვე. მისივე რჩევით ერთ-ერთ აფთიაქში ამპულაც შევიძინე, თუმცა მან პრეპარატის ეფექტურობაში თავიდანვე ვერ დამაიმედა.სამივე ღორს ინექცია შევუყვანე, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა, ან საერთოდ აზრი არ ჰქონდა“.

მიმოზა ჯოჯუა დღეს უკვე ცოცხლად დარჩენილი ღორების გადარჩენას ცდილობს, თუმცა იმედი არა აქვს: „ერთი ღორი უკვე დაიღუპა, სამი დაეცა, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ვერაფერს გავხდი, ვერც იკვებებიან და ვერც დგებიან. არც კი ვიცი, უბრალოდ დავმარხო თუ დავწვა. ჯერჯერობით არავისთვის მიგვიმართავს, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის არ შეგვიტყობინებია“.

ადგილობრივ ხელისუფლებაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ღორების დახოცვის ფაქტების შესახებ უკვე შეიტყვეს და სოფელ ახალსოფელში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსი, ზენორ გულაიაც მიავლინეს. დაავადების კერის მოსანახულებლად მისულ წარმომადგენლობას დღეს მხოლოდ სამარხები დახვდა. ზენორ გულაიას ეჭვი თითქმის არ ეპარება იმაში, რომ ღორის დახოცვის მიზეზი აფრიკული ვირუსი გახდა, თუმცა დაავადებული პირუტყვის დათვალიერებამდე დიაგნოზზე საუბარს თავს არიდებს.

„მოსახლეობას პირუტყვი უკვე დაემარხა, ამიტომაც  ვერც ლეშის ნახვა მოვახერხეთ. აფრიკული ცხელების დასადასტურებლად საჭიროა დაავადებული ღორის დათვალიერება. საქონლის დაუძლურების, ან რაიმე სხვა გამოვლენის შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დაუყოვნებლივ მომმართოს იმისათვის, რომ შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდე“.

ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ღორის აფრიკულ ცხელებასთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებად მხოლოდ საქონლის ლიკვიდაციას მიიჩნევენ.

დარეჯან გაბედავა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე: „იმ შემთხვევაში, თუ ახალსოფელში მართლაც დადასტურდა ღორის აფრიკული ცხელების არსებობა, კვლავ უნდა მივმართოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმისათვის, რომ საქონლის დახოცვის ღონისძიება ისევ გავაგრძელოთ. ამ ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება, სამწუხაროდ, მხოლოდ ეს არის. ამ ეტაპზე პრევენციის ზომად შესაძლოა ღორის დამწყვდევაც ჩაითვალოს. მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ღორების მასიური დახოცვა დაიწყო, მოსახლეობა გაგვინაწყენდა, ჯანმრთელი ღორების განადგურება აუცილებლობად არ მიიჩნიეს, არადა სხვა გამოსავალი არ არსებობს“.

ღორის აფრიკულმა ცხელებამ ზუგდიდის რაიონში უკვე ორჯერ იფეთქა. დაავადების კერა პირველად სოფელი ნარაზენი იყო. მიმდინარე წლის ივნისის თვემდე ზუგდიდის რაიონში 3000, ხოლო რეგიონის მასშტაბით 10000-მდე ღორი დაიხოცა. საქართველოს ხელისუფლებამ რეგიონებში ღორის აფრიკული ცხელების (მონტგომერის დაავადების) შედეგების სალიკვიდაციოდ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 350 455 ლარი გამოყო, მათ შორის ზუგდიდის რაიონზე 15 300 ლარი განაწილდა. ეს თანხები აფრიკული ცხელების შედეგად გამწყდარი ღორებისათვის სამარხის მოწყობასა და დაავადებული ღორების განადგურებას უნდა მოხმარდეს. არ არის გამორიცხული, რომ ზუგდიდის რაიონში მალე ღორების მასიური დახოცვა დაიწყოს.

ნანა ფაჟავა,ზუგდიდი


ახალი ამბები