კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროელმა ინგილოებმა საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს

21 ნოემბერი, 2007

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებმა ინგილოებმა საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ჰერების თქმით, პროტესტის მიზეზი საქართველო - აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდია, რომელიც ხელისუფლების დავალებით, სპეცრაზმმა 2005 წლის 31 დეკემბერს ჩაკეტა. ორი წელია, რაც სამთაწყაროში მცხოვრები ჰერები, საინგილოში მყოფ ნათესავებსა და ოჯახის წევრებს ვეღარ უკავშირდებიან. გაუსაძლისი პირობების გამო ინგილოების პროტესტს შესაძლოა მეზობელი სოფლების მოსახლეობაც შეუერთდეს.

ხიდის გახსნის მოთხოვნით ინგილოებმა რამდენჯერმე გამართეს მშვიდობიანი აქცია, რომელიც პოლიციამ დაშალა. მოსახლეობამ სხვადასხვა დროს განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტს, პოლიტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, სახალხო დამცველის აპარატს და ა.შ. ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართეს აზერბაიჯანში, კახის რაიონში მცხოვრებმა ინგილოებმაც.

"გვეგონა, რომ თქვენ მაინც მოიცლიდით საქართველოს საზღვრისპირა სოფელში, ძაღლუმადურად, მაგრამ მაინც ამაყად მცხოვრები ინგილოებისთვის. ვფიქრობდით, პრეზიდენტად თქვენი მოსვლის შემდეგ ისინიც იცხოვრებდნენ ადამიანურად და ისარგებლებდნენ ყველა იმ უფლებით, რაც მათ უნდა ჰქონდეთ. მაგრამ, ყველასათვის მოულოდნელად 2005 წლის 31 დეკემბერს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან გამოგზავნილმა ნიღბიანებმა ხიდთან მიმავალი გზა გადათხარეს. მას შემდეგ, სამთაწყაროში მცხოვრები ჰერები ცდილობენ, გაიგონ რატომ მოხდა ასე, მაგრამ თანამდებობის პირების მხრიდან შეურაცხყოფის, დამცირებისა და მუქარების მეტი ვერაფერი მიიღეს. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ჩვენდამი უყურადღებობისა და აგდებული დამოკიდებულებისა, ვფიქრობთ, გუშინ და დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოგვაქცევთ ყურადღებას"- წერდნენ ინგილოები.

არც პოზიციიდან და არც ოპოზიციიდან, მათ დღემდე არავინ გამოხმაურებია.

ჰერებმა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტების დახმარებით, სარჩელით სასამართლოს მიმართეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე უკვე მერვე თვეა რაც საქმეს იხილავს, მაგრამ გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული.

სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ განმარტა: "დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროსა და საინგილოს დამაკავშირებელი ხიდის ჩაკეტვა სცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული რწმუნებულის კომპეტენციის ფარგლებს და შესაბამისად, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ ადმინისტრაციული აქტი არ გამოცემულა"- აღნიშნავს რწმუნებულის პირველი მოადგილე ზურაბ ბეჟანიშვილი.
არადა ინგილოების თქმით, ხიდი უშუალოდ პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პეტრე ცისკარიშვილის დავალებით ჩაიკეტა.

ხიდის ჩაკეტვასთან კავშირი საერთოდ უარყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამაც. "სოფელ სამთაწყაროში მდებარე, მდინარე ალაზანზე არსებული ხიდის ვარგისიანობის და მისი ექსპლუატაციის საკითხი არ შედის ფინანსური პოლიციის კომპეტენციაში"- განაცხადა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ზაზა თომაძემ.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს შს რაიონული განყოფილების ხელმძღვანელობამ ასევე უარყო კავშირი ხიდის ჩაკეტვის ფაქტთან. "საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე სამთაწყარო – მუღანლოს დამაკავშირებელ ხიდზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეწყდა 2006 წლის 1 იანვრიდან, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ფინანსური პოლიციის სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე. არანაირი სახის ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი ხიდის დახურვის თაობაზე არ არსებობს. მიზეზად სახელდებოდა ხიდის ტექნიკური გაუმართაობა. აღნიშნულის შესახებ დროულად არ იქნა ინფორმირებული აზერბაიჯანული მხარე, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია – ხიდის დახურვა ფეხით მოსიარულეთათვისაც.
ხიდის დახურვამ დიდი პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ინგილოებთან ახლო ნათესაური კავშირები აქვთ. ხშირად იქმნებოდა კონფლიქტური სიტუაცია. სასაზღვრო პოლიციის ძალისხმევით, 2006 წლის 6 მაისიდან ხიდზე ფეხით მოსიარულეთათვის მოძრაობა აღდგა"- განმარტავს სასაზღვრო პოლიციის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს საზღვრის დაცვის განყოფილების უფროსი ვალერი დათუნაშვილი.

დედოფლისწყაროს პოლიცია კი ძალისმიერი მეთოდებით და მუქარებით აქციის მონაწილე ინგილოების დაშლას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უწოდებს.

რაც შეეხება საბაჟო დეპარტამენტს, ხიდის ჩაკეტვასთან კავშირს ისინიც უარყოფენ. დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის მ. ირემაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მათ ხელთ არსებული მიმოწერიდან გამომდინარე, მდინარე ალაზანზე გადებულ ხიდზე შესაძლებელია მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება. "ხიდი დათვალიერებულ იქნა ვიზუალურად და აღმოჩნდა, რომ არ არის გამორიცხული მისი ნებისმიერ დროს ჩანგრევა.

იმის გათვალისწინებით, რომ ხიდი არ შედის საერთო სარგებლობის გზების ქსელში, მასზე მოძრაობის აკრძალვა შედის ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებში"- მიაჩნია საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურისტს გიორგი გასვიანს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი აღნიშნავენ, რომ ხიდის ჩაკეტვის შესახებ მათთვის ოფიციალურად არავის უცნობებია. "ჩვენ არც ის ვიცით, რატომ აფერხებენ ხიდზე მოსახლეობის მიმოსვლას. ჩვენთან არაფერი შეთანხმებულა"- ამბობს დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის იურისტი.

ინგილოების ადვოკატის ლია ხუროშვილის თქმით, "სასაზღვრო პოლიცია თანახმაა ხიდზე მანქანები გაატაროს, თუ მესაზღვრეებს ამის ნებას საბაჟო დართავს, რაზედაც ეს უწყება გაუგებარი, წარმოუდგენელი ბიუროკრატიული მიზეზების გამო დუმს"- აცხადებს ადვოკატი.

მისივე ცნობით, მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ, გამოიტანა გადაწყვეტილება ხიდისთვის ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო ხარჯების გაღება, კი რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მოსარჩელე ინგილოებს დაავალა.

დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრებ ჰერებს ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ. ხიდის ჩაკეტვის შემდეგ არა მარტო მათი სოციალური პირობები, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა. "სამთაწყარო რაიონული ცენტრიდან დიდი მანძილით არის დაშორებული. სავალი გზაც ძალიან ცუდია. ზამთარში სრულ იზოლაციაში ვართ, რადგან თოვლისა და ყინვების გამო გზაზე მოძრაობა შეუძლებელია. საინგილოში კვირაში ერთხელ მაინც გადავდიოდით. იქ ვიტარებდით სამედიცინო შემოწმებას. გაჭირვების შემთხვევაში ნათესავები გვეხმარებოდნენ პროდუქტით. საინგილოში მდებარე ეკლესიებში ვლოცულობდით, მაგრამ ეს ყველაფერი წაგვართვეს. დედოფლისწყაროდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა რომ მოვიდეს, ორ საათი სჭირდება. ამის გამო ბოლო დროს არაერთი ადამიანი გარდაიცვალა. სოციალური მდგომარეობა კი იმდენად მძიმეა, რომ ბევრმა ბავშვებიც ვერ მიიყვანა სკოლაში. ნახევარზე მეტი ხალხი თურქეთში, აზერბაიჯანში, ერაყში და სხვაგან არის წასული, სადაც ისინი ფიზიკურად მუშაობენ, რომ პურის ფული მოგვაწოდონ. ათობით ოჯახი სამთაწყაროდან საერთოდ წავიდა. სოფელი ალბათ დაიცლება"- ამბობენ ინგილოები მარიამ საკანელაშვილი, ლევან პაპიაშვილი, თამარ ალიყულაშვილი და სხვები.

მათივე თქმით, ყველაფერმა ამან განაპირობა, საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. "ჩვენ არცერთი პოლიტიკური ძალის იმედი არ გვაქვს, ხალხის გაჭირვება არავის აინტერესებს"- აცხადებენ ჰერები.

პროტესტის ნიშნად, გიორგობის წინა დღეს ჰერები საქართველო – აზერბაიჯანის დამაკავშირებელ ხიდთან შეიკრიბებიან და სანთლებს დაანთებენ. ისინი საინგილოში ვერც ამჯერად გადადიან.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები