კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახა მურადაშვილი - ადამიანის უფლებების შემლახველი პროკურორი შიდა ქართლში

21 ნოემბერი, 2007

გორის პროკურატურაში ე.წ. ,,სტაჟირების" შემდეგ დანიშნულ ერთ-ერთ რიგით პროკურორს კახა მურადაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ადვოკატები ადამიანის უფლებების ყველაზე ძლიერად შემლახველ ,,ბრალმდებელს" უწოდებენ. ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც გორის პროკურატურა ზედამხედველობს, კახა მურადაშვილის ხელში გადის. ამ ადამიანის კისერზეა გონებაშეზღუდულების, 80 წლის მოხუცის, მარტოხელა დედის და ასევე სხვა წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებული  პატიმრების მიმართ ბრალდების წარდგენა. საგულისხმო ისაა, რომ გორის რაიონული სასამართლო მურადაშვილის მოთხოვნის უსიტყვო შემსრულებლად იქცა.

80 წლის მოხუცის და მარტოხელა დედის დაპატიმრების ამბავი

პროკურორ კახა მურადაშვილის მოთხოვნით, გორის რაიონულმა სასამართლომ გორში მცხოვრები ნანა ჯამასპიშვილი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენების მიცემის ბრალდებით დააპატიმრა. ნანა ჯამასპიშვილი სასამართლო გამოძიებას იმ დეტალებს უყვებოდა, რომლის გამოც მისი მეზობელი 80 წლის მოხუცი გოგი ცხოვრებაშვილი ჯერ კიდევ  სექტემბერს დააპატიმრეს.

პროკურორი კახა მურადაშვილი 80 წლის მოხუცს ნანა ჯამასპიშვილის 4 წლის შვილის - მზიკოს გატაცებაში და გაყიდვის მცდელობაში სდებს ბრალს.

პირველ სექტემბერს გოგი ცხოვრებაშვილმა, 4  წლის  მზიკო ჯამასპიშვილი, საკუთარ ქალიშვილთან ნანა ცხოვრებაშვილთან სტუმრად  წაიყვანა. ქალაქის ერთი დასახლებიდან, მეორეში მიმავალმა მოხუცმა, რომელსაც თან ბავშვი ახლდა, მიკრო-ავტობუსში იხუმრა, რომ ბავშვს ყიდიდა. ამის გაგონებაზე მოქალაქე ვინმე ბლიაძემ თავის ნაცნობ პოლიციელს დაურეკა გორის პოლიციის კრიმინალურ განყოფილებაში ბავშვის გატაცების ამბავი შეატყობინა და პოლიციელებთან ერთად მოხუცის კვალს მიჰყვა.

როდესაც გოგი ცხოვრებაშვილი ბავშვთან ერთად საკუთარ ქალიშვილის სახლიდან გამობრუნდა, სახლისკენ მიმავალი 80 წლის მოხუცი და 4 წლის მზიკო ჩასაფრებულმა სამართალდამცავებმა ქუჩაში, მე-4-ე სკოლასთან დააკავეს და სამმართველოში გადაიყვანეს.

მოხუცის დაკავებიდან 3 დღეში, 4 სექტემბერს  ,,ადამიანის უფლებათა ცენტრში" მოხუცის ქალიშვილები და თვით ბავშვის დედა ნანა ჯამასპიშვილი მოვიდნენ. ისინი ჩვენგან უდანაშაულო მოხუცის გათავისუფლებაში დახმარებას ითხოვდნენ. ნანა ჯამასპიშვილი ამბობდა, რომ ბავშვს მოხუცს ყოველთვის ანდობდა და მასთან არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა. ,,იმ დღეს გოგი პაპამ მითხრა, რომ მზიკოს თავის შვილთან სტუმრად  წაიყვანდა. მე ვუთხარი, რომ დღეს ვერ გაგატან შვილს ექიმთან უნდა წავიდეთ-მეთქი. როგორც გაირკვა, ბავშვი თვითონ გაეტირა მოხუცს. გოგი პაპას ძალიან უყვარდა ჩემი შვილი. ყიდულობდა მისთვის კანფეტებს, ტკბილეულს და ხშირად საჭმელსაც აჭმევდა თავის სახლში. ჩვენ ძალიან გვიჭირს და სადღაც საერთო საცხოვრებელში ერთ ნესტიან ფარდულში ვართ შესახლებულები." - გვითხრა ნანა ჯამასპიშვილმა 4 სექტემბერს.

 ჩვენს მიერ  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ამ ინფორმაციის გაშუქების შემდეგ, ბავშვის დედა პოლიციაში 10 სექტემბერს დაიბარეს, სადაც ნანა ჯამასპიშვილმა ასეთი ჩვენება დაწერა:  ,,ბავშვი ისე წაიყვანა სახლიდან, რომ არაფერი ვიცოდი. რაც ჟურნალისტებს ვუთხარი, ისიც მოხუცის ახლობლების დაჟინებული თხოვნით და ზეწოლით ვთქვიო“.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ოფისის იურისტმა ნათია ქალიაშვილმა რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა პროკურორ კახა მურადაშვილს, სადაც იგი დედის ხელმეორედ დაკითხვას მისი თანდასწრებით ითხოვდა. ,,არსებობდა მთელი რიგი გარემობები იმისა, რომ ბავშვის დედას საგამოძიებო განყოფილებაში იმას აწერინებდნენ, რაც სამართალდამცავებს აწყობდათ. ჩვენ პროკურატურას ნანა ჯამასპიშვილის დაკითხვა ადვოკატის თანდასწრებით მოვთხოვეთ, თუმცა უარი მივიღეთ, თანაც არაერთხელ. არადა თვითონ ბავშვის დედა ამას ითხოვდა" - ამბობს იურისტი ნათია ქალიაშვილი.

სისხლის სამართლის საქმე განსახილველად სასამართლოს 1 ნოემბერს გადაეცა.  მოსამართლის წინაშე  ბავშვის დედამ დეტალები ისე გაიხსენა, როგორადაც მან თავის დროზე ჟურნალისტებს გვითხრა. სწორედ სასამართლოზე მიცემული ახსნა-განმარტება გახდა ნანა ჯამასპიშვილის დაპატიმრების საფუძველი. პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ წინასწარ გამოძიების დროს დედის მიერ მიცემული ჩვენება მკვეთრად განსხვავდება სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებისგან. კერძოდ, პროკურატურამ სადაოდ გახადა ნანა ჯამასპიშვილის ნათქვამი - ,,მოხუცს ბავშვთან სიახლოვე აკრძალული არ ჰქონდაო". პროკურორის თქმით, ნანა ჯამასპიშვილმა წინასწარ გამოძიების დროს მიუთითა, რომ 80 წლის მოხუცს ბავშვათ ურთიერთობა აკრძალული ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ოფისის იურისტი ნათია ქალიაშვილი თვლის, რომ ნანა ჯამასპიშვილის მიცემა პასუხისგებაში უსამართლოა:

,,80 წლის მოხუცი დაპატიმრებულია არასრულწლოვანი ბაშვის ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე. მთავარი მოწმე არის ვინმე ბლიაძე, რომელიც პოლიციის აგენტია. პოლიცია ამბობს, რომ მოხუცი ფაქტზე დაიჭირეს, არადა საქმის მასალებიდან ჩანს, რომ დაკავების ადგილზე მხოლოდ ბავშვი და მოხუცი იყვნენ, რომლებიც ქუჩაში მოდიოდნენ. დედა - ნანა ჯამასპიშვილი  წინასწარ გამოძიებაში და სასამართლო გამოძიების დროს ამბობს, რომ ბავშვი მოხუცს თვითონ გაჰყვა. არსად არ ამბობს, რომ მოხუცს ბავშვთან სიახლოვე აკრძალული ჰქონდა.  აქ არ იკვეთება ,,არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა", როგორც ეს დედის მიმართ წაყენებულ ბრალდებაშია  აღნიშნული. ბრალდებაში არსებითია მოხუცის მიერ ბავშვის გაყიდვის ფაქტი. ასეთი ფაქტი არ არსებობს, რადგან ბავშვის მყიდველი არ არსებობს. გამოძიება ჩიხშია შესული. იმის მაგივრად, რომ ცრუ ჩვენებისთვის პოლიციის აგენტები დაისაჯნონ, პროკურატურა დაზარალებულზე ტეხავს ჯოხს. " - აცხადებს იურისტი.

ამჟამად დედა გამოშვებულია. თუ მან 7 დეკემბრამდე გირაოს თანხა 2000 ლარი ვერ გადაიხადა, ხელმეორედ დააპატიმრებენ.  დედა და შვილს საცხოვრებელი სახლიც კი არა აქვთ.

გონებასეზღუდულების დაპატიმრების ამბავი

პროკურორ კახა მურადაშვილის მოთხოვნით, ფსიქიურად დაავადებულ აჩიკო სურამელს გორის რაიონულმა სასამართლომ 3 წელი მიუსაჯა. მის ბიძაშვილს ასევე ფსიქიურად დაავადებულ ზურაბ ჯანეზაშვილს კი იძულებითი მკურნალობა ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩაუტარდება.

არჩილ სურამელი და  მისი ახლო ნათესავი ზურაბ ჯანეზაშვილი გორელმა სამართალდამცავებმა 3 მარტს ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალად ბილბორდებზე მიმაგრებული პლასტმასის კარკასის ქურდობა ედებათ. ორივე მათგანს გორის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერიდან ცნობა აქვს. არჩილ სურამელი „გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობით, მსუბუქი დებილობის დონეზე ქცევის პათოლოგიით“ არის დაავადებული, ხოლო ზურაბ ჯანეზაშვილს „ტვინის დაზიანებით და დისფუზიით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა ორგანული ჰალუცინოზით“ აღენიშნება.

თავდაპირველად, ორივე დაკავებულს გორის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სახით 6000-6000 ლარი შეუფარდა, ხოლო იმის გამო, რომ დაკავებულებმა გირაო ვერ გადაიხადეს, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ორივე წინასწარი პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

არჩილ სურამელის ბებია ნაზი ჯანეზაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ უცხადებს, რომ მისი შვილიშვილს ფსიქიური აშლილობა აქვს  და სახლში თავის ჩამოხრჩობაც უცდია.

ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ პატიმრებმა ციხეში საკუთარ თავს ზიანი მიაყენონ.

გონებაშეზღუდულების დანაშაულებრივი ქმედება ასე გამოიყურება. არჩილ სურამელი სახლში იყო, როდესაც მასთან ახლო ნათესავი, ზურაბ ჯანეზაშვილი მივიდა: „ზურიკოს ხელში პლასტმასები ეჭირა და აჩიკოს სთხოვა, გამომყევი, ჩემს ჯიხურში უნდა ჩავაყენოო. აჩიკოც გაჰყვა, ცოტა ხანში კი ისინი დაიჭირეს,“ - ამბობს ბებია ნაზი ჯანეზაშვილი.

სამართალდამცავებმა ისინი სწორედ ჯიხურთან დააკავეს, რომელიც გორის ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან ახლოს დგას. მერე იმ ადგილას წაიყვანეს, სადაც ბილბორდია და აქტი შეადგინეს, თითქოს დამნაშავეები დანაშაულის ჩადენის დროს დაიჭირეს. ადვოკატის თქმით, ჯანეზაშვილმა დამტვრეული ბილბორდის ნაწილები მიწიდან აკრიფა და სახლში ისე წაიღო.
 
ამბულატორიული ექსპერტიზის პასუხები ჯერ კიდევ ივნისში გახდა ცნობილი. სურამელი და ჯანეზაშვილი 20 დღიან მკურნალობას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლ.სამხარაძის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიულ  განყოფილებაში გადიოდნენ.

სტაციონალური მკურნალობის ვადები 27 ივნისს ამოიწურა. დასკვნის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ შეურაცხადად მხოლოდ ზურაბ ჯანეზაშვილი ცნეს, ხოლო არჩილ სურამელი ნახევრად შეურაცხადად. შესაბამისად პროკურატურამ საბრალდებო დასკვნა გაამზადა და განსახილველად სასამართლოს 3 ივლისს გადაუგზავნა.

3 ივლისს სასამართლოში გადაგზავნილ საქმეს განხილვა 3 თვეში ეღირსა. 8 აგვისტოს პროკურორ კახა მურადაშვილის მოთხვნით აჩიკო სურამელს სამი წელი მიუსაჯეს, ხოლო ზურაბ ჯანეზაშვილი იძულებითი მკურნალობის წესით ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.


საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები