კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაგავი და ტრანსპორტი - გორის ძირითადი პრობლემა

27 ნოემბერი, 2007

ხელისუფლებასა და არასამთავრობოების „დიდი შესვენება“ დასრულდა.

გორის მუნიციპალიტეტსა და არასამთავრობო სექტორს შორის 21 ნოემბერს გამართული შეხვედრა იმ ,,დიდი შესვენების“ დასასრული იყო, რაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და NGO-ს შორის ურთიერთობაში არსებობდა. გამგებელმა რამაზ ჩოჩიშვილმა გვითხრა, რომ იგი იმ დიდ ,,ხიდჩატეხილობას“ მოუღებს ბოლოს, რომელიც 2004 წლიდან მოყოლებული გამგეობასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის არსებობდა.

შეხვედრაზე პრობლემურ საკითხად ქალაქსა და რაიონში სატრანსპორტო სისტემის მოუწესრიგებლობა დასახელდა. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" ცოტა ხნის წინ იუწყებოდა, რომ თბილისის მერიამ გორს 8 ჰოლანდიური ავტობუსი გადასცა საჩუქრად. შეხვედრაზე რამდენიმე წარმომადგენელმა ამ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. მათი აზრით, არასწორია, როდესაც კერძო ბიზნესის გვერდის ავლით, სახელმწიფო შპს-ებს აბარებს ავტობუსებს. კერძოდ, ,,გორის განვითარების ცენტრის" წარმომადგენლის მიხეილ ჩიტაძის თქმით, სწორედ ამ სისტემამ დაანგრია საბჭოთა კავშირი.

გამგებელ რამაზ ჩოჩიშვილის თქმით, აუცილებელია ქალაქში იმოძრაოს ისეთმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, რომლითაც სახელმწიფოს შეეძლება პედაგოგებს და სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას შეღავათი გაუწიოს. ადგილობრივი ხელისუფლება ასეთ შესაძლებლობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ხედავს.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის, ნათია ქალიაშვილის აზრით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აუცილებლად უნდა მოძრაობდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ეს  კერძო ბიზნესს საფრთხეს არ შეუქმნის.

,,ჩემთვის გაუგებარია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძლიერების ფაქტის დაკავშირება  საბჭოთა სისტემასთან. აქ ხომ საუბარი არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ,,მონოპოლიზებაზე“, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მართლაც არსებობდა. ჩვენ მივესალმებით მუნიციპალიტეტის ამ იდეას. ამით შეღავათები მიეცემათ პენსიონერებს, პედაგოგებს და სხვა სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს, რომელთა უფასო მომსახურებას სახელმწიფო კერძო ბიზნესს ვერ დაავალდებულებს“,  - განაცხადა ნათია ქალიაშვილმა.

შეხვედრაზე გაიხსენეს 2004 წელი, როდესაც მაშინდელმა გამგებელმა სოსო მუმლაძემ და გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა რაიონში უფრო დიდი მოცულობის 8 ჰოლანდიური ავტობუსი ჩაიყვანა. მაშინ ამ დიდი ავტობუსების ბაზაზე გამგეობამ 100%-იანი სახელმწიფო წილის მქონე საწარმო ,,გორიავტოტრანსი“ ჩამოაყალიბა. მგზავრობა მაშინ 20 თეთრი ღირდა. გარდა ამისა, ავტობუსების მძღოლები სუბსიდიას კი არ იღებდნენ რაიონის ბიუჯეტიდან, არამედ გამომუშავებაზე მუშაობდნენ. 2005 წლის გაზაფხულზე ამ ავტობუსების მძღოლებმა მგზავრობის 50 თეთრამდე გაძვირება მოითხოვეს. ეს კი სახელმწიფო პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა. მაშინ გამგებლის მოადგილე თამარ ედიშერაშვილი იძულებული გახდა ,,გორიავტოტრანსისთვის“ რაიონის ბიუჯეტიდან თანხები გამოეძებნა. სხვანაირად ამ დიდი ავტობუსების შენახვას ვერც ერთი მძღოლი ვერ შეძლებდა. ყველაზე კურიოზული ფაქტი ის იყო, რომ დიდი ავტობუსები ქალაქის ქუჩებში მაშინ გამოჩნდებოდნენ ხოლმე, როდესაც რკინიგზის სადგურზე ელექტრომატარებლები შემოდიოდა და ქალაქს მგზავრთა დიდი ნაკადი მოაწყდებოდა. არ იყო ასევე საბილეთო სისტემა, რითაც მგზავრთა და ბილეთების გაყიდულ რაოდენობათა კონტროლი შესაძლებელი გახდებოდა.

ადგილობრივი მთავრობა სწორედ ამ ნიუანსების გათვალისწინებას აპირებს. მოსახლეობას, თავის მხრივ, მიკროავტობუსებთანაც აქვს პრეტენზია. მაშინ როდესაც ქალაქის ცენტრში უამრავი მიკროავტობუსი დადის, გარეუბნებში ამის ნაკლებობას განიცდიან. ეს ,,მარშრუტკები" ისე მოძრაობენ, როგორც თვითონ სურთ. მაგალითად, ბაზართან მოსული #2 ან სხვა მიკროავტობუსი იმდენ ხანს დგას გაჩერებაზე, სანამ არ გაივსება.

გორის სადისკუსიო კლუბის თავმჯდომარემ, რეზო ოქრუაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლის წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ უპასუხოდ დატოვა. რეზო ოქრუაშვილი ითხოვს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის შექმნას. ამ შინაარსის წერილი გამგეობაში 16 ნოემბერს შევიდა, რომელსაც ხელს ეკა ქოთოლაშვილი აწერს. მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსის, ალიკა მარიამიძის თქმით, ტყვიავის ქუჩაზე მცხოვრები ეკა ქოთოლაშვილის წერილი 16 ნოემბერს შევიდა კანცელარიაში, ასე რომ, 21 ნოემბერს ინფორმაციის გაცემაზე დაწესებული 10 დღიანი ვადა არ იყო დარღვეული. რეზო ოქრუაშვილი ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემას ითხოვდა. ალიკა მარიამიძის თქმით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გრაფიკს თავად ის კერძო კომპანიები განსაზღვრავენ, რომლებსაც ქალაქის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის უფლებამოსილების ლიცენზია და სატრანსპორტო საშუალებები გააჩნიათ.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ტრანსპორტის სისტემა მოსაწესრიგებელია. კარგი იქნება შემდგომ შეხვედრებზე უშუალოდ ის ხალხი იყვნენ მოწვეულები, რომლებიც ამ სისტემის მოგვარება ევალებათ. ეს იქნება სამსახურების ხელმძღვანელები თუ იმ კომპანიების დირექტორები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ემსახურებიან რაიონში.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ქალაქის დასუფთავების საკითხი იყო. თბილისის მერიამ გორს 2 ნაგვის მანქანაც გადასცა. შეხვედრის მონაწილეებმა ტენდერების საკითხის საჯაროობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრაზე ის მანკიერი მხარეები გაიხსენეს, რომელიც ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებით, წლებია, გორში არსებობს. ფინანსურმა პოლიციამ საკრებულოს საფინანსო მდგომარეობის საკითხის შესწავლა სწორედ ,,ნაგვის საკითხის შესწავლით დაიწყო. ერთი კვირის წინ სამართალდამცავებმა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე სამდღიანი პატიმრობიდან გაუშვეს.

მარლენ ნადირაძის ხელმოწერით, 2007 წლის აგვისტოს დასაწყისში გამოიცა დადგენილება, რომლის მიხედვით ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მაღაზიას, სუპერმარკეტს, დაწესებულებებს, აფთიაქებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ა.შ,. ქალაქის დასუფთავების მიზნით, კვადრატულ მეტრზე 10-დან 50 თეთრამდე გადასახადი დაუწესდა. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ოფისმა ეს დადგენილება ჯერ კიდევ დადგენილების პროექტის წარმოდგენისთანავე გააპროტესტა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, კერძო მეწარმეებს ეს თანხა მაინც გადაახდევინეს.

გორში, ჭავჭავაძის #84-ში მდებარე ინდმეწარმე გულჩორა ცქიტიშვილი ამბობს, რომ მასთან გამგეობის სახელით ორი კვირის წინ მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც სამი თვის გადასახადი ერთდროულად  გაადაახდევინეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, გაურკვევლობა სწორედ ამ მოსაკრებლის აკრეფის მეთოდმა გამოიწვია.

,,როგორც ვიცით, ქალაქის დასუფთავებას ტენდერში გამარჯვებული ერთი კონკრეტული ფირმა ახორციელებს, ხოლო მოსაკრებელს კრეფს - მეორე გაურკვეველი ორგანიზაცია. ეს ქაოსი უნდა მოწესრიგდეს" - აცხადებს ურბანული განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი გორში ეკა ჯაფიაშვილი.

ეკა ჯაფიაშვილმა საკრებულოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება მოიწონა,რომლის მიხედვითაც  ქალაქის საკრებულომ ქალაქის დაგვა-დასუფთავება იმ გამოცდილ კომპანიას დაავალა, რომელსაც ვინმე ალიკა მაკრახიძე ხელმძღვანელობს. საზოგადოება ,,თანადგომის" ხელმძღვანელმა ჟუჟუნა წერეთელმა კი ალიკა მაკრახიძის ჩართვა ამ საქმეში არ მოიწონა. ,,სულ ალიკა მაკრახიძე რატომ უნდა გვიდეს ქალაქს, იქნებ სხვამ უკეთესი პროექტი წარმოგვიდგინოსო" - თქვა წერეთელმა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა რამაზ ჩოჩიშვილმა დადო პირობა, რომ ახალი წლიდან გამოცხადებულ ტენდერში სწორედ იმ ფირმის პროექტს დააფინანსებს, რომელიც უკეთეს პროექტს წარმოადგენს ქალაქის დაგვა-დასუფთავების კუთხით.

საბა წიწიკაშვილი, გორი.

 

ახალი ამბები