კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციონერ დეპუტატს ფიზიკურად უსწორდებიან

27 ნოემბერი, 2007

საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველოსათვის“ წევრს მერაბ ხურციძეს წუხელ, გვიან ღამით ხუთი უცნობი პირი თავს დაესხა  და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც დეპუტატმა „მედიანიუსს“ განუცხადა, 30-35 წლის ბიჭები მას საკუთარ სახლთან მაშინ დახვდნენ, როცა იგი ავტომობილით შინ ბრუნდებოდა. მისივე თქმით, თავდამსხმელებში ვერცერთი პირი ვერ ამოიცნო. ისინი შეიარაღებულები არ ყოფილან.

დაზარალებული დეპუტატი აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, დაშავებულს მომატებული აქვს წნევა, აწუხებს გულისრევის შეგრძნება და თავსა და სახეზე რამდენიმე სისხლჩაქცევა აღენიშნება. ამ ეტაპზე იგი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფრაქცია „ჩვენი საქართველოსათვის“ ლიდერი ვალერი გელბახიანი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. მისი განცხდებით, ხურციძეს ოპონენტები არაერთხელ დამუქრებიან:

„ეს არის ხელისუფლების გზავნილი, რომ ის საარჩევნო კამპანიას იწყებს ტერორიზმით და ტერორიზმითვე დაასრულებს. ჩვენ არაერთხელ გვქონდა პრივატული და ინკოგნიტო მუქარები, რომ დაგვარბევდნენ, გაგვიტაცებდნენ, ფიზიკურად გაგვისწორდებოდნენ. მოგეხსენებათ, გუშინ საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის კანდიდატად ბადრი პატარკაციშვილი წარვადგინეთ და ამ ფაქტს გუშინვე, პირველ რეაქციად მერაბ ხურციძის ცემა მოჰყვა. ხურციძე პარლამენტში მმართველი პარტიის სიით შევიდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები მას შემდეგ დატოვა, რაც ოქტომბერში ჩვენს ფრაქციაში გაწევრიანდა. ამ გადაწყვეტილების გამო, მმართველი პარტია ხურციძეზე ზეწოლას ახორციელებდა. ჩვენ არ გვაინტერესებს რომელი მოტივის გამო დაესხნენ თავს ხურციძეს. ორივე შემხვევაში ეს უბრალოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“, - აცხადებს გელბახიანი.

ფრაქციის ლიდერის განცხადებით, მან წუხელვე მიმართა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს: „ჩემთანაც და ხურციძესთანაც მუდმივად ხორციელდებოდა სატელეფონო მუქარები. ვინაიდან საქართველოში ტოტალურად მიმდინარეობს ტელეფონების მოსმენა, შსს-ს არ გაუჭირდება დამნაშავეების მიგნება. მაგრამ როდესაც ეს ძალადობა ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება, დარწმუნებული ვარ, მას არანაირი რეაგირება არ მოჰყვება“ - ამბობს გელბახიანი.

ვალერი გელბახიანი აპირებს წერილით მიმართოს ევროკავშირის ელჩს საქართველოში: „პირველი საკითხი მერაბ ხურციძის ცემის ფაქტი იქნება, ხოლო მეორე თემა მომავალი არჩევნები და მიმდინარე დარღვევები. გუშინ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლანკები ავიღეთ, რომლებიც სტამბური ბეჭვდის წესით უნდა დავბეჭდოთ. აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ყველა სტამბას აქვს მიღებული ბრძანება არ დაიბეჭდოს კონკრეტულად ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენლებისაგან მიწოდებული ბლანკები. მართალია ერთ-ერთმა სტამბამ შეკვეთა მიიღო, მაგრამ ორი საათის შემდეგ დაგვიკავშირდნენ და უარი განგვიცხადეს, მიზეზად კი ზეწოლა დაასახელეს. ჩვენ სხვა სტამბებსაც მივმართეთ, მაგრამ იქიდანაც მსგავსი პასუხები მივიღეთ და შემდეგ უკვე იძულებულნი გავხდით, ბლანკი ქსეროასლებით გაგვემრავლებინა“, აცხადებს გელბახიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე გაბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, ცემის ფაქტს „მედიანისუთან“ საუბრისას უარყოფითად აფასებს. თუმცა, არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოსდა მას  პოლიტიკური მოტივით გაუსწორდნენ.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს ჩვეულებრივი ქუჩის კონფლიქტი ყოფილიყო. მისივე თქმით, შესაძლოა, ეს ქმედება თავად ხურციძის ფრაქციის აქტივისტებმა ჩაიდინეს და მისი მიზანი ვითარების დაძაბვა იყო. 

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

 

ახალი ამბები