კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატარკაციშვილის გაჭირვება

29 ნოემბერი, 2007

ვინ და რატომ უტევს ბადრი პატარკაციშვილის ბიზნეს-აქტივებს?

როგორც ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის პრესსამსახური აცხადებს, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედმა“ და „მთაწმინდის პარკმა“ 7 ნოემბერს ფუნქციონირება შეწყვიტა, ჯერი უკვე სს „სტანდარტ ბანკზე“ დადგა. 24 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „სტანდარტ ბანკში“ დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა. „სტანდარტ ბანკის“ მფლობელი ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო ჯგუფია. ხოლო ბანკის მართვას „სალფორდ საქართველო“ ახორციელებს.

სს „სტანდარდ ბანკი“

„სტანდარტ ბანკის“ ოფიციალური მფლობელი კომპანია „სელფორდი“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „სტანდარტ ბანკში“ დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ქმედება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ამ ბანკში ირიბი ინტერესები გააჩნია. კომპანია „სალფორდ საქართველომ“, რომელიც საქართველოში პატარკაციშვილის 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტს ახორციელებს, განაცხადა, რომ „სტანდარტ ბანკის” ჩამორთმევა ხელისუფლების მიერ წარმოებული კამპანიის ნაწილია, რომელიც საქართველოში პატარკაციშვილის ბიზნეს-ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდება.  
კომპანია „სელფორდის“ დირექტორი ირაკლი რუხაძე ამტკიცებს, რომ 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ „სტანდარტ ბანკის“ კლიენტებზე  გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა მათ ანგარიშები სხვა ბანკებში გადაეტანათ, რაც, რუხაძის თქმით, კომპანიის ლიკვიდურობის კოეფიციენტის ხელოვნურად დარღვევის მიზნით კეთდებოდა, რასაც საბოლოოდ უნდა მოჰყოლოდა ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შესვლა, კომპანია კი ბანკზე კონტროლს დაკარგავდა.

კომპანიის წარმომადგენლების განცახდებით, ამ მოთხოვნის საპასუხოდ, ბევრმა კლიენტმა, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებმა, ასევე კერძო პირებმა, ბანკში საკუთარი ანგაიშები დახურეს: „თავისი ფინანსური სიძლიერის წყალობით, ბანკმა შეძლო კლიენტების ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მსგავსი ქმედება ხორციელდება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და წარმოადგენს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევეას“, - აცხადებს ირაკლი რუხაძე.

მისივე თქმით, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში „სალფორდის“ მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიები და „სალფორდთან“ დაკავშირებული პიროვნებები და თანამშრომლები განიცდიან ზეწოლას და დაშინებას საქართველოს მთავრობის სხვადასხვა ორგანოების მხრიდან: „21 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათიანი დაკითხვის შემდეგ, სრულიად უსაფუძვლოდ ეჭვმიტანილად მცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 399 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით - ზეგავლენით ვაჭრობაში. დაიკითხა კიდევ რამდენიმე სხვა პირი და ჩატარდა ჩხრეკა ამ ბრალდებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 20 ნოემბერს ფინანსურმა პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიაში“, კომპანია „ტელენეტში“ და „სტანდარტ ბანკში“. ამ კომპანიებსა და ბანკს აერთიანებს მხოლოდ ერთი რამ - მათი მართვის უფლება ეკუთვნის „სალფორდს“, - აღნიშნავს რუხაძე.

სწორედ ამიტომ, კომპანია „სალფორდის“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ განვითარებულ მოვლენებს საფუძვლად პოლიტიკური სარჩული უდევს და მიაჩნიათ, რომ უცხოური ინვესტიციებისათვის საქართველოში ზოგადად და განსაკუთრებით ინვესტიციებისათვის ფინანსურ სექტორში ხსენებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელ პრეცენდენტებს წარმოადგენს.
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „სალფორდის“ წარმომადგენლებმა წარადგინეს წამყვანი საერთაშორისო იურიდიული კომპანია „Debevoise & PlimptonLLP“ - ის იურისტთა გუნდი, რომელიც დაიცავს იმ ბიზნეს-აქტივებს, რომელთა მიმართაც განხორციელდა ზემოთხსენებული ქმედებები.

როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ამოქმედება „სტანდარტ ბანკში“ წარმოქმნილმა ლიკვიდობის პრობლემებმა განაპირობა. ეს პრობლემა თავის მხრივ, მიმდინარე თვის დასაწყისიდან დეპოზიტების გადინების ტენდენციის გაძლიერებამ წარმოქმნა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში „სტანდარტ ბანკიდან“ 40 მილიონ ლარზე მეტი თანხის გადინება აღინიშნა, რამაც ბანკის მეანაბრეთა და კლიენტთა ინტერესებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ეროვნული ბანკის ფუნქცია კი სწორედ თოთოეული მეანაბრისა და კლიენტის ინტერესის დაცვაა. სწორედ ამით აიხსნება „სტანდარტ ბანკში“ დროებითი ადმინისტრაციის შესვლა, რომელიც იქ ორი თვის განმავლობაში დარჩება.

გიორგი ქადაგიძის განმარტებით, დღის წესრიგში არ დგას „სტანდარტ ბანკის“ ლიკვიდაციის საკითხი. ეროვნული ბანკის ამოცანაა, მხოლოდ და მხოლოდ, ბანკის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და მეანაბრეთა და კლიენტთა ინტერესების დაცვა.

მისივე თქმით, „სტანდარტ ბანკში“ დროებითი ადმინისტრაცია შესაბამისი კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით შევიდა. ამ ღონისძიებით ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს „სტანდარტ ბანკის“ ყველა მეანაბრის დეპოზიტების დაცულობას და ბანკის ყველა სხვა ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს, რაც მიზნად ისახავს ბანკის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას.

გიორგი ქადაგიძემ  აბსურდული უწოდა „სტანდარტ ბანკის“ აქციონერის „სელფორდ საქართველოს“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ამ ღონისძიებით ეროვნული ბანკი „სტანდარტ ბანკის“ თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენას.

გიორგი ქადაგიძის თქმით, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება „სტანდარტ ბანკის“ ფინანსური სტაბილურობის შერყევას ემსახურება.

მთაწმინდის პარკი

მთაწმინდის პარკის ოპერატორი კომპანია, შპს „ლინქსი”, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია, აპროტესტებს თბილისის მერიის გადაწყვეტილებას კომპანიასთან 49-წლიანი იჯარის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.

თბილისის მთავრობამ მთაწმინდის პარკი 7 ნოემბრის დილას, 11 საათზე, შეიარაღებული და ნიღბიანი პირების პარკში შევარდნის შედეგად დაკეტა.

როგორც შპს „ლინქსის“ (რომელიც პარკის რეაბილიტაციას ახორციელებდა) წარმომადგენლები აცხადებენ, მიუხედავად მრავალი შეკითხვისა პარკის მმართველობის მხრიდან, მათ არ წარმოუდგენიათ რაიმე დოკუმენტაცია ან ზეპირი ახსნა თუ რის საფუძველზე მოქმედებდნენ ისინი.

მოგვიანებით, როგორც თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, პარკის რეაბილიტაციის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება დაირღვა. მისი თქმით, შპს „ლინქსს”, 2005 წლიდან საიჯარო ქირა არ გადაუხდია და არ შესრულებულა ხელშეკრულების სხვა პირობები, „ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად”.

გარდა ამისა, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ „ის მინიმალური თანხები”, რომელიც ამ დრომდე დაიხარჯა მთაწმინდის პარკის ასაშენებლად, ანაზღაურებული იქნება.

მთაწმინდის პარკში სამშენებლო სამუშაოების და ატრაქციონების უდიდესი ნაწილი უკვე დამთავრებულია, თუმცა ნაწილის მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს. სექტემბერში პარკი გახსნილი იყო მოქალაქეებისთვის და მათ უფასოდ შეეძლოთ ატრაქციონებით სარგებლობა. 

„პატარა კაცების უმოქმედობის გამო მთაწმინდის პარკს „არ აშენდას“ ვერ დავარქმევთ“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ბეგაშვილმა, „ყველა პროექტი, რომელიც პატარკაციშვილს საქართველოში უნდა განეხორციელებინა, ჩავარდნილია“. 

შპს „ლინქსის“ განცხადებით, დღემდე არცერთ დაწესებულებას, მათ შორის თბილისის მთავრობას, რომელმაც 49 წლის ვადით იჯარით გადასცა პარკი კომპანიას, არ წარმოუდგენია რაიმე ლეგალური საფუძველი ამგვარი ქმედებების ასახსნელად: „ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ მიიღო, იყო მთავრობის ორი მაღალჩინოსნის, მამუკა ახვლედიანისა და ზაზა ბეგაშვილის სატელევიზიო განცხადება; მათი მტკიცებით, კომპანიამ დააგვიანა საიჯარო გადასახადის გადახდა“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია უარყოფს ამ ბრალდებას როგორც სრულიად უსაფუძვლოს: „ახვლედიანის 2007 წლის 17 ოქტომბერს მოწერილი წერილი ცხადად აჩვენებს, რომ მთავრობის აზრით იჯარის გადახდის ვადა იყო 2007 წლის 17 ნოემბერი“, - აცხადებენ „ლინქსში“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღნიშნულ წერილს კომპანია „ლინქსის“ მიერ მითიტებულ საიტზე http://www.flickr.com/photos/19808610@N08/1982238468/ გაეცნო. როგორც წერილშია აღნიშნული, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია კომპანია „ლინქსს“ აძლევს ერთთვიან ვადას „რათა დაიფაროს ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად თქვენს მიერ გადაუხდელი საიჯარო ქირა“.

კომპანია აგრეთვე დაჟინებით უარყოფს ახვლედიანისა და ბეგაშვილის მტკიცებას, რომ ამ დრომდე მხოლოდ „მცირე“ ინვესტიციები იყო გაკეთებული და პარკს დასრულებამდე კიდევ ბევრი აკლდა: „მიუხედავად იმისა, რომ არენდის შეთანხმება კომპანიასა და მთავრობას შორის ითვალისწინებდა 5 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციას, სინამდვილეში კომპანიამ დღემდე განახორციელა თითქმის 25 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია და უახლოეს მომავალში დამატებით ინვესტიციებს გეგმავს. მთავრობის ბრალდებების აბსურდულობას სრულიად ამხელს ის ფაქტო, რომ პარკი არაოფიციალურად 2007 წლის სექტემბერში გაიხსნა და შემოჭრის დღემდე 9 კვირის განმავლობაში იმუშAვა. სექტემბერ-ოქტომბერში პარკი დაახლოებით 80 000 სტუმარს მოემსახურა. თავად მთავრობის ოფიციალური პირები რამდენჯერმე ესტუმრნენ პარკს და კარგად იყვნენ ინფორმირებულნი პარკში მიმდინარე პროგრესის შესახებ“, - აცხადებენ შპს „ლინქსის“ წარმომადგენლები.

კომპანიას უჭირავს მტკიცე პოზიცია, რომ მთავრობის წინაშე მან თავის ყველა ვალდებულება შეასრულა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, „ლინქსი“ კვლავაც გააგრძელებს საკუთარი უფლებების დაცვას იმ კონტრაქტის მიხედვით, რომელიც მან მთავრობასთან დადო.

რაც შეეხება „ტელენეტსა“ და „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიას“ იქ ფინანსური პოლიცია 20 ნოემბერს სრულიად მოულოდნელად შევიდა. ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა ამ კომპანიებში სულ რაღაც ორი დღე დაჰყვეს. ორი დღის შემდეგ კი ასევე მოულოდნელად დაუბრუნეს კომპანიებს დოკუმენტები და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წავიდნენ.

„ადამიანის უფლებათ ცენტრი“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდა ფინანუსრი პოლიციის წარმომადგენლებს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ საკითხებზე იქ პასუხის გამცემი ვერ მოიძებნა.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

ახალი ამბები