კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პაციენტები ექიმს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ

29 ნოემბერი, 2007


გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ექიმ – პროქტოლოგ ლალი ქიტესაშვილს პაციენტები არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ. რამდენიმე ავადმყოფი მისგან განმეორებითი ოპერაციების გასაკეთებლად საჭირო ფულს ითხოვს და ექიმის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. დაზარალებულები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სთხოვენ, ქიტესაშვილს ექიმად მუშაობის უფლება შეუჩერდეს.

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრებმა მაია ჯიმუხაძემ რაიონულ საავადმყოფოს ერთი წლის წინ მიმართა.
"ექიმმა ლალი ქიტესაშვილმა გასინჯვის შემდეგ მითხრა, რომ სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა. ჩემმა მეუღლემ მას უთხრა, რომ თბილისის კლინიკაში წამიყვანდა საოპერაციოდ, მაგრამ მან გვიპასუხა, რომ მძიმე მდგომარეობა აქვს, შეიძლება თბილისში ჩასვლამდე მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროსო. ძლიერი ტკივილები მქონდა და შეგვეშინდა. ოპერაცია იმავე დღეს გამიკეთა. მეორე დღეს ცუდად გავხდი. მესამე დღეს გონი დავკარგე. ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამიმძიმდა. ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით, რეანომობილით თბილისის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადამიყვანეს. 12 დღე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვიყავი შეერთებული და ასე მაცოცხლებდნენ. ექიმები მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდნენ. ვერ ამბობდნენ, გადავრჩებოდი თუ არა. კლინიკაში ორი თვის განმავლობაში ვიყავი მოთავსებული და მკურნალობას გავდიოდი. ყველაფერი, რაც კი რამ გვქონდა, გავყიდეთ, რომ მომსახურების ფული გადაგვეხადა"- ამბობს მაია ჯიმუხაძე. მისივე თქმით, გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ექიმმა ლალი ქიტესაშვილმა მას ოპერაცია არაჰიგიენურ პირობებში, ანესთეზიის გარეშე ჩაუტარა და მისი ჯანმრთელობის გაუარესება სწორედ ამან გამოიწვია.

მაია ჯიმუხაძე ლალი ქიტესაშვილისგან უკვე ერთი წელია, რაც თბილისის კლინიკაში მკურნალობისთვის დახარჯულ 4500 ლარის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

ექიმი – პროქტოლოგი ჯიმუხაძის პრეტენზიებს უარყოფს და აცხადებს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მისი მიზეზით არ მომხდარა. "მაია ჯიმუხაძეს ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაეკეთებინა. მე მის ახლობლებს ვურჩიე, რომ გოგონა თბილისის საავადმყოფოში გადაეყვანათ საოპერაციოდ, მაგრამ ცოტა ფული გვაქვსო და ამ მიზეზით, ოპერაცია აქ გავუკეთე.

ავადმყოფის ჯანმრთელობა ოპერაციის მომდევნო დღეს გაუარესდა. მას ახლობლებმა მხოლოდ მესამე დღეს მოაკითხეს და მე რა შუაში ვარ? როცა მოაკითხეს, თბილისშიც მაშინ გადაიყვანეს. მე ერთადერთი ექიმი – პროქტოლოგი ვარ კახეთის რეგიონში და სერთიფიკატი მეც იქ ავიღე, სადაც თბილისელმა ექიმებმა. რას ჰქვია, მუშაობის უფლება ჩამომართვან?", - აცხადებს ქიტესაშვილი.

ჯიმუხაძის ახლობლები ექიმის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ: "ის, რომ თითქოს ავადმყოფს ყურადღებას არ ვაქცევდით, სისულელეა. სულ იქ ვიყავი. წამლის მოსატანად თუ გამგზავნიდნენ, მხოლოდ მაშინ ვტოვებდი იქაურობას", - ამბობს მაიას მეუღლე მურადი და იმასაც აღნიშნავს, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ იგი რამდენჯერმე გააფრთხილა და სთხოვა, მომხდარის გამო საჩივარი არსად შეეტანა.

ექიმ ქიტესაშვილს არაპროფესიონალიზმში სხვა პაციენტებიც ადანაშაულებენ. ერთ-ერთ მათგანის თქმით, ქიტესაშვილმა ოპერაცია მასაც სასწრაფოდ, კონსულტაციის დღესვე გაუკეთა. "ოპერაციის გაკეთება 600 ლარი დამიფასა. მე ვუთხარი, რომ ამდენი თანხა არ მქონდა. მკითხა, ახლობელს ჯანდაცვის პოლისი ხომ არ აქვსო. ჩემი დედამთლის პოლისი მივუტანე. გაატარა როგორც ჩემი ოჯახის წევრი და ჩემი ვინაობის გასწვრივ მიუთითა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ვიყავი სტაციონარში შესული. ბოლოს 300 ლარი მთხოვა და გადავუხადე, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაც უკიდურესად გაუარესდა. აღმოჩნდა, რომ ოპერაციისას დამიზიანა რამდენიმე ორგანო და მესაჭიროება განმეორებითი ოპერაცია თბილისის პროქტოლოგიის ცენტრში, რომლის ფულიც არ მაქვს. მე მას ვთხოვე, რომ საოპერაციო ხარჯები დაფაროს, რაზეც უარი თქვა და დამემუქრა. გარკვეული მიზეზების გამო მისი ნამდვილად მეშინია"- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული, რომელსაც ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ სურს. თუმცა ჩვენ ხელთ გვაქვს მისი წერილობითი განცხადება, რომელსაც დაზარალებული ხელს აწერს.

ლალი ქიტესაშვილი არც ამ ბრალდებას ეთანხმება. "მიჩივლონ და თუ სასამართლო დამნაშავედ მცნობს და თანხის გადახდას დამაკისრებს, გადავიხდი"- აღნიშნავს ქიტესაშვილი.

ექიმისა და პაციენტების დაპირისპირების შესახებ გურჯაანის საავადმყოფოს დირექციას კომენტარის გაკეთება არ სურს.

პაციენტები ვარაუდობენ, რომ ქიტესაშვილი ხელმძღვანელობასთან ფინანსურ გარიგებაშია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გურჯაანის რაიონული საავადმყოფის საქმიანობის შესწავლას და ლალი ქიტესაშვილისთვის ექიმად მუშაობის უფლების ჩამორთმევას სთხოვენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი


ახალი ამბები