კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდია „მაესტრო“ გარანტიებს ითხოვს

29 ნოემბერი, 2007

რატომ გაითიშა „მაესტროს“ სიგნალი?

ძალოვანი სტრუქტურების  წარმომადგენლების მიერ განხორციელებული რამდენიმე ზარის შემდეგ სტუდია „მაესტროს“ სიგნალი გაითიშა. შემეცნებითი პროექტი „პროფესია ჟურნალისტი“ ეთერის გარეშე დარჩა. გადაცემაზე მომუშავე ჟურნალისტები დანებებას არ აპირებენ. ისინი ყველა სამართლებრივ რესურსს გამოიყენებენ იმისათვის, რომ პროექტი ეთერში მაინც გავიდეს.  

როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი და წამყვანი, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აცხადებს, გადაცემა აბსოლუტურად აპოლიტიკური და შემეცნებითი ხასიათის იყო, რომელსაც ოთხი ძირითადი წამყვანი უნდა ჰყოლოდა, ესენი იყვნენ თამარ ჩიქოვანი, ია ანთაძე, ზვიად ქორიძე და თავად ალექსანდრე ელისაშვილი. გადაცემა შაბათ-კვირის ჩათვლით ყოველ დღე უნდა გასულიყო ეთერში: „გადაცემის ეთერში გასვლამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, სტუდია „მაესტროს“ ხელმძღვანელს მამუკა ღლონტს  იმ საკაბელოდან დაუკავშირდნენ, რომლის მეშვეობითაც „მაესტრო“ ეთერში გადის და შეატყობინეს, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ ეთერი გაეთიშათ, რადგან მათ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და კატეგორიულად მოითხოვეს „მაესტროს“ გათიშვა“, - აცხადებს ელისაშვილი.

პირველი გადაცემის წამყვანი სწორედ ალექსანდრე ელისაშვილი უნდა ყოფილიყო: „გადაცემა მთელი დღის განმავლობაში მზადდებოდა, დამყვებოდა კამერა, რომელიც იღებდა, თუ როგორ ვმუშობდი. საღამოს კი მოწვეულ სტუმრებთან ერთად გადაცემა უკვე თოქ-შოუს სახით უნდა გასულიყო ეთერში, რომლის მთავარი თემაც სიტყვის თავისუფლება იქნებოდა. გრიმს ვიკეთებდი, როდესაც მამუკა შემოვიდა და ეს ამბავი შემატყობინა. ვერ დავიჯერე და რამდენჯერმე შევეკითხე, ხომ არ ხუმრობ-მეთქი, მაგრამ გადაცემის გასვლიდან 20 წუთით ადრე, ეთერი გაითიშა. კანონის მიხედვით, კანონდარღვევის შემთხვევაში, ტელეკომპანიაში ჯერ გაფრთხილება უნდა მივიდეს, შემდეგ მას ჯარიმა უნდა დაეკისროს, მაგრამ ყველანაირი გაფრთხილებისა და ობიექტური მიზეზის გარეშე სიგნალი გაითიშა. ტექნიკა აბსოლუტურად გამართულია, ასე რომ სიგნალის გათიშვას, ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლას ვერ დააბრალებენ. ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ რესურსს, იმისათვის, რომ გადაცემა აღდგეს. ჩვენ დათმობას არ ვაპირებთ“, - ამბობს ელისაშვილი.

პირველი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე უნდა ყოფილიყო: „როდესაც ტელეკომპანიაში მივედი, მაშინ შევიტყვე სიგნალის გათიშვის ამბავი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა. თუკი სიგნალის გათიშვა მხოლოდ იმასთან იყო დაკავშირებული, რომ გადაცემა ეთერში არ გასულიყო, მაშინ ეს ამაზრზენი საქციელია და მიმაჩნია, რომ ეს მედიის უფლებების კიდევ ერთი დარღვევაა. პირადად ჩემთვის, ეს ფაქტი საკმაოდ შემაშფოთებლად გამოიყურება. ამ გადაცემაში პოლიტიკაზე საუბარს არავინ აპირებდა. ეს გადაცემა იყო აბსოლუტურად  შემეცნებითი: უნდა გვესაუბრა მედიის უფლებებზე, საქართველოს კანონმდებლობაზე. ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენია ვისთვის უნდა ყოფილიყო ეს გადაცემა საშიში და მიუღებელი. ასეთი პრეცედენტების შექმნა ძალიან უარყოფითად მოქმედებს ხელისუფლების იმიჯზე და ვერ ვხვდები, რაში აწყობთ მათ ამგვარი საქციელი“, - აცხადებს ელისო ჩაფიძე.

გადაცემის კიდევ ერთი წამყვანის რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის თამარ ჩიქოვანის განცხადებით, პროექტის ავტორებმა თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ გადაცემას სამოქალაქო განათლების ფუნქცია უნდა ჰქონოდა: „შემიძლია გითხრათ ჩემი გადაცემის შინაარსი, რომელიც წესით დღეს უნდა გასულიყო ეთერში: უკვე მოლაპარაკებული ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანთან, რომელსაც პირდაპირ ეთერში უნდა ესაუბრა არჩევნებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე. მაგალითად, როგორიცაა, სად უნდა გადაამოწმოს მოქალაქემ არის თუ არა ის სიაში; იქნება თუ არა დამატებითი სიები; პირები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, მაგრამ არ არიან თბილისში ჩაწერილები, სად უნდა მისცენ ხმა... მოკლედ, ის საკითხები, რაც არჩევნების დროს ბევრ მოქალაქეს აინტერესებს. ხოლო მეორე თემა უნდა ყოფილიყო კონსტიტუცია - რა არის კონსტიტუცია; რა უფლებები გვაქვს ამ კონსტიტუციით და ა.შ. სამწუხაროდ, მოქალაქეების უფლებებსა და მოვალეობებზე ჩვენი ტელევიზიები ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ ფორმით მიგვეწოდებინა საზოგადოებისათვის ინფორმაცია. რაც მთავარია, ჩვენ ეთერში არ ვაპირებდით პოლიტიკოსების მოწვევას, ჩვენი სტუმრები ძირითადად ექსპერტები უნდა ყოფილიყვნენ. დღესდღეობით, უკვე აღარაფერი აღარ უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ მაინც გაოცებული ვარ. ამ ფორმით, ყოველგვარი გაფრთიხლების გარეშე ეთერის გათიშვა, უბრალოდ სირცხვილია, სხვა თუ არაფერი. მართალია მანამდე იყო ზარები, რომ გადაცემა არ გასულიყო, თორემ ეთერს მაშინვე გათოშავდნენ, მაგრამ ვფიქრობდით, ცოტა ხნით მაინც მოვასწრებდით გადაცემის გაშვებას“, - ამბობს თამარ ჩიქოვანი.

როგორც სტუდია „მაესტროს“ ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი აღნიშნავს, გადაცემის ეთერში გასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე მის ტელეფონზე ზარები განხორციელდა, რომელთა ძირითადი შინაარსი გადაცემის ეთერში არ გაშვება იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, „მაესტროს“ სიგნალი გაითიშებოდა. მამუკა ღლონტი აღნიშნული ზარების ავტორს შეგნებულად არ ასახელებს, რადგან ის ამ ადამიანის უსაფრთხოებაზე ზრუნავს: „შესაძლოა, მას იმ პიროვნებებისაგან შეექმნას პრობლემა, ვინც მასზე ზეწოლას ანხორციელებდა. სიგნალის გათიშვის შემდეგ, დავუკავშირდი საკაბელო ტელევიზია „გლობალ TV“ - ს ხელმძღვანელობას, სწორედ მისი მეშვეობით გადის „მაესტროს“ გადაცემები ეთერში, მაგრამ გუშინ მათთან დაკავშირება ვერაფრით მოვახერხე.“

მამუკა ღლონტმა „გლობალთან“ დაკავშირება  „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრამდე 15 წუთით ადრე მოახერხა. როგორც მათ მამუკა ღლონტს აუხსნეს, სიგნალის გათიშვა ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება, რისიც სტუდია „მაესტროს“ ხელმძღვანელს არ სჯერა, რადგან მისი აზრით, ასეთი სასწაული დამთხვევები, როგორც წესი, არ ხდება: „მიუხედავად იმისა, რომ „გლობალი“ ჩვენი მაუწყებლობის აღდგენას დამპირდა, მე მანამდე არ ვაპირებ ეთერში გასვლას, სანამ არ მივიღებ გარანტიას, რომ ჩვენი მაუწყებლობა ცირკს არ დაემსგავსება და აღნიშნული გადაცემის წინ კვლავ რაღაც „ტექნიკური პრობლემები“ არ შეიქმნება“, - აცხადებს ღლონტი.

სამწუხაროდ, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საკაბელო ტელევიზია „გლობალ TV“ - სთან დაკავშირება ვერაფრით მოახერხა. ისინი ტელეფონს არ პასუხობენ.

რაც შეეხება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი რატიშვილი განმარტავს, კერძო კომპანია „მაესტროს“ ეთერში გასვლას უზრუნველყოფდა ასევე კერძო კომპანია „გლობალ TV“, რომელთა ურთიერთობაში მარეგულირებელი კომისია არანაირად არ ჩარეულა: „თუ ვინმე იტყვის, რომ „მაესტროს“ გათიშვასთან რაიმე კავშირი მარეგულირებელ კომისიას ჰქონდა, ეს სრული სიცრუე იქნება. ჩვენ არც ერთი მხარისათვის და არც მეორე მხარისათვის არანაირი მითითება არ მიგვიცია ეთერის გათიშვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს რატიშვილი.

აღსანიშნავია, რომ „მაესტროს“ სიგნალი ღამის 3:30 წუთზე აღდგა, მაგრამ მამუკა ღლონტის თქმით, ისინი შეგნებულად არ გადიან ეთერში: „ჩვენ უნდა მივიღოთ გარანტიები „გლობალისაგან“ და გარდა ამისა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან უნდა გავარკვიოთ, რა სახის კანონს ვარღვევდით ამ გადაცემის ეთერში გასვლით და თუ ვარღვევდით, რატომ მანამდე ოფიციალურად არ შემატყობინეს. თუკი მაქვს ლიცენზია შემეცნებითი გადაცემების მომზადებაზე, მაშინ რატომ ირღვევა ჩვენი უფლება და რატომ არ მაძლევენ ამის საშუალებას. თუკი ისინი დამიმტკიცებენ, რომ კანონი დავარღვიე, მაშინ მინდა ვთქვა, რომ კანონმორჩილი ადამიანი ვარ და მათ „განაჩენს“ დავექვემდებარები“, - აცხადებს სტუდია „მაესტროს“ ხელმძღვანელი.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

ახალი ამბები