კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში მილიონებად გარემონტებული სკოლები გათბობის სისტემის გარეშე

29 ნოემბერი, 2007

გათბობის ტრადიციულ საშუალებებს ზუგდიდის რაიონის საჯარო სკოლებში არც ამჯერად ღალატობენ. შეშა, დიზელის საწვავი და უკეთეს შემთხვევაში ელექტროგამათბობელი, კვლავ უალტერნატივოდ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის #1 და #2 საჯარო სკოლების რემონტში მილიონობით ლარი დაიხარჯა, გათბობის სისტება 2 წლის განმავლობაში არ ამოქმედებულა.

სამაგიეროდ ელექტრო ღუმელებზე მოთხოვნა გაიზარდა. უცვლელი დარჩა შეშაზე მოთხოვნა მე-3-ე, მე-4-ე და მე-6-ე სკოლებში, რომლის სარკმლებიდან გამოშვერილი საკვამურის გრძელი მილები შენობის ფასადს ძველებურად ამშვენებს. სოფლის სკოლებში კი მოსწავლეები  ჩანთებთან ერთად ფიჩხებსა და შეშის ნაჭრებს ზურგით ეზიდებიან.

გასული სასწავლო წლის დასაწყისში ზუგდიდის პირველი და მეორე  საჯარო სკოლები საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო ვითარებაში გახსნა. პოლიტიკურ განცხადებებთან ერთად მიხეილ საკაშვილმა ამ სკოლებში ჩატარებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებზეც ისაუბრა და იგი განათლების სისტემაში მიღწეული რეფორმების წარმატებულ შედეგად მიიჩნია. თუმცა, სარემონტო სამუშაოებში მილიონობით ლარის დახარჯვის მიუხედავად, ორივე სკოლის კედლებიდან ბათქაშის რღვევა სააკაშვილის წასვლისთანავე დაიწყო.

ნაჩქარევად, მოკლე დროში გადახურული შენობების სახურავიდან წყლის გაჟონვა მალევე დაიწყო და კედლები დააზიანა, წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო მილები მწყობრიდან გამოვიდა, პირველ საჯარო სკოლაში ლამინირებული იატაკი დაიბერა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორივე სასწავლო დაწესებულებაში გათბობის სისტემა ამ დრომდე არ ამუშავებულა, თუმცა შიდა გაყვანილობები უკვე გაკეთებულია. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, აზა ჯოჯუა გამათბობელ სისტემაში არსებულ პრობლემას ქალაქის ბუნებრივი აირით მომარაგებაში შექმნილ შეფერხებებს უკავშირებს.

გათბობის სისტების ასამუშავებლად საჭირო საქვაბე დანადგარები ჯერ კიდევ შარშან უნდა შეეძინათ. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში საქვაბეების შესაძენად საკმაოდ სოლიდური თანხის გაღებას ცნობილი ბიზნესმენისაგან, ბიძინა ივანიშვილისაგან ელოდებოდნენ, მაგრამ ასეთი შემოწირულობა დღემდე არც მისგან და არც არავისგან მიუღიათ. რაიონის გაზმომარაგების საკითხის მოგვარებაც გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში, რომლის შენობის მხოლოდ ფასადის შემინვისათვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან  280 000 ლარი გამოიყო, გათბობის პრობლემის მოგვარებას ელექტროგამათბობლების საშუალებით ცდილობენ. მარინა ქარცხია, რომელიც დირექტორის მოვალეობის შესრულებას 12 ნოემბრიდან შეუდგა, სკოლაში არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრობს: „50-მდე საკლასო ოთახი ელექტროღუმელით უნდა გათბეს, წელს სხვა გამოსავალი არ გვაქვს. გარკვეული რაოდენობა სკოლას აქამდე ჰქონდა, დღეს კი 15 ელექტროგამათბობელი შევიძინეთ, თუ საჭირო გახდა, ისევ დავამატებთ. გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს სკოლის ფონდი გადაიხდის, ამისათვის სავარაუდოდ 900 ლარამდე დაგვჭირდება. მომავალი წლიდან იმედი გვაქვს, რომ გათბობის სისტემა ამოქმედდება.
 სხვა საკითხია, გაუძლებს თუ არა ელექტროგაყვანილობა და გადამცემი ხაზები იმ დატვირთვას, რაც 5-6 საათის განმავლობაში ელექტროღუმელების ერთდროულად ჩართვას შესაძლოა მოჰყვეს. ასეთი ინციდენტი 12 ნოემბერს ერთხელ უკვე მოხდა - ელექტროღუმელებით ხაზების გადატვირთვამ მრიცხველის გალღობა გამოიწვია“. სკოლის დირექტორი მოსალოდნელი პრობლემებისაგან თავის არიდების მიზნით პასუხისმგებლობას ადმინისტრაციას, ელექტრიკოსსა და კლასის დამრიგებელს აკისრებს. მარინა ქარცხიას თქმით, უსაფრთხოება სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ.

ზუგდიდის მეთერთმეტე ელექტროგადამცემზე მომხდარი ავარიის შედეგად მეორე  საჯარო სკოლას გუშინ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, თუმცა საკლასო ოთახებში სიცივისაგან გათოშილ მოსწავლეებს პირველი თოვლის მოსვლა მაინც ახარებდათ.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი.

 

ახალი ამბები