კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგის მონაწილეებს ზუგდიდში დღემდე დევნიან

4 დეკემბერი, 2007

არსებობს თუ არა “კუდ”-ის მიერ  დასაპატიმრებელთა სია?!

და-ძმა, ეკა და გურამ ხვიჩიები ზუგდიდში, 28 ოქტომბერს გამართული გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგის ის მონაწილეები არიან, რომლებიც მოსალოდნელ დაპატიმრებას არ შეუშინდნენ და დახმარებისათვის ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” სამეგრელო-ზემო-სვანეთის ოფისს მიმართეს. ხვიჩიები ჯერჯერობით პირველები არიან, რომლებმაც დუმილი დაარღვიეს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს მაღალჩინოსანი, ფრიდონ ანთია მათზე განხორციელებულ ზეწოლაში ამხილეს.


ეკა და გურამ ხვიჩიები გალის რაიონის სოფელ რეფიდან არიან და დევნილობის 13 წელი ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში გაატარეს. მათი ოჯახის მყუდროება 28 ოქტომბრის შემდეგ დაირღვა. გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგის შემდეგ შინ დაბრუნებულმა და-ძმამ ცინიზმი და შეურაცხყოფა პირველად ნაცნობებისაგან, მეგობრებისა და მეზობლებისაგან მიიღეს. ეკა ხვიჩია: ,,სახლთან, ქუჩაში, სოფლის ცენტრში ნაცნობები გვხვდებოდნენ და ქილიკით გვეუბნებოდნენ, თქვენ სააკაშვილი არ გინდათ?! ოპოზიცია ხართ?! მთავრობის დამხობა გინდათ! 30 ლარად გაიყიდეთო” სოფლის გამგეობის თანამშრომლები კი გვითვლიდნენ: ,,თქვენ ვერაფერს გახდებით, მაინც მიშა იქნება პრეზიდენტიო”. 

ეკა ხვიჩია ოპოზიციის მიტინგზე ძმასთან და მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. ისინი მომიტინგეებს შორის იდგნენ და პოლიტიკური პარტიების ლიდერთა განცხადებებს ისმენდნენ. ეკა ხვიჩია: ,,ჩვენ სიტყვით არავისთვის მიგვიმართავს. ჩვენ მაშინაც არაფერი გვითქვამს, როდესაც კვერცხები გვესროლეს და მაღალსართულიანი სახლიდან წყალი გადმოგვასხეს. სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან ნაცმოძრაობის წევრები ხელჩართულ ბრძოლებს რომ მართავდნენ, არც მაშინ გვითქვამს რამე... ასე გამოდის - ამ ქვეყანაში მშვიდობიან აქციაში მონაწილეობას ღალატად აფასებენ“.

ხვიჩიები 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ გაახსენდათ. ამჯერად ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. 9 ნოემბერს გურამ ხვიჩია სოფლის რწმუნებულმა, მამუკა ლაშხიამ გამგეობაში დაიბარა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი დასაჭერთა სიის შესახებ.

ეკა ხვიჩია: „სოფლის რწმუნებულმა ჩემი ძმა გააფრთხილა, ჭკვიანად იყავითო, ორივე და-ძმა ფრიდონ ანთიას დასაჭერთა სიაში ხართ შეყვანილიო, თქვენ თურმე ანტისახელმწიფოებრივ აგიტაციას ატარებთო. არ ვიცი რა ხდება, ჩვენს გარდა სოფლიდან ბევრი იყო მიტინგზე, ასობით ადამიანს ხომ არ დააკავებენ?! მე უმუშევარი ისტორიკოსი ვარ და მხოლოდ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დავდივარ სალოცავად. არც ტელეფონით დავკავშირებივარ ვინმეს და არც პოლიტიკურ თემებზე მისაუბრია“.

სოფლის რწმუნებული გურამ ხვიჩიასთან საუბარს არა, მაგრამ მის მიმართ რაიმე სახის მუქარას კატეგორიულად უარყოფს. მამუკა ლაშხიამ „კუდ“-ის იმ თანამშრომლის ვინაობაც არ დაასახელა, ვინც იგი სამმართველოში დაიბარა, თუმცა საუბარში მისი სახელი უნებლიედ მაინც წამოსცდა და იქ გამართული შეხვედრის ფაქტიც დაადასტურა. მამუკა ლაშხია: „სოფლის ამბებს მეკითხებოდნენ, ხვიჩიებზე მკითხეს, ესენი რა ხალხიაო. ვეუბნებოდი, რომ წესიერი ოჯახი და ნორმალური ხალხია, რომ მიტინგზე შემთხვევით მოხვდნენ. არანაირი მუქარა მათი მხრიდან არ ყოფილა. გურამ ლაშხიას წლებია ვიცნობ, მე მას კოლეჯში ვასწავლიდი. მხოლოდ ის ვუთხარი გურამს, რომ მიტინგის დღეს გადაღებულ ვიდეო-კადრებში იყვნენ დაფიქსირებული და ვკითხე, თუ როგორ მოხვდნენ, სხვა არაფერი“.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი ფრიდონ ანთია კორცხელის რწმუნებულთან შეხვედრას არ ადასტურებს და სატელეფონო კომენტარში აცხადებს, რომ ხვიჩიების შესახებ საუბარი არც არავისთან ჰქონია და მათი ვინაობაც მისთვის უცნობია, თუმცა და-ძმის ფსიქიკურ მდგომარეობაზე თამამად საუბრობს: „გიჟები არიან, მაგათ ნუ უსმენთ, გაგაგიჟებენ, იტყუებიან და საერთოდ არ ვიცნობ ამ ხვიჩიებს. ვინ არიან საერთოდ?! მე არავის დავმუქრებივარ. ან რა დასაჭერთა სია, რის სია, რა სია... ასეთი რაღაცებისთვის სად მცალია...“

ფრიდონ ანთიას ასეთი რაღაცებისთვის არ სცალია, მაგრამ 29 ოქტომბერს, გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგის მეორე დღეს, ნაცმოძრაობის წევრებმა იმ რამდენიმესაათიანი ვიდეო-ფირის სანახავად მოიცალეს, რომელიც შეკრების მიმდინარეობას ასახავდა. ჩვენებაზე, უფრო სწორად, ამოცნობაზე, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად ახალდანიშნული სოფლის რწმუნებულებიც იყვნენ მიწვეული. სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს „გაიშიფრა“ ბევრი მიტინგის მონაწილე და „შავი: სიაც იმავე დღეს შედგა.

ეკა ხვიჩიას დაპატიმრების არ ეშინია, მაგრამ ძმაზე, გურამზე შიშობს. „ჩემი ძმა 36 წლის არის, 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ის მამაკაცია და პროვოკაციის განხორციელებას უფრო მასზე შეეცდებიან. ისიც არ მუშაობს, ადრე არასაუწყებო დაცვა „არწივში“ მუშაობდა. დანაშაული არასოდეს ჩაუდენია. საკუთარი აზრის გამოხატვა ან მიტინგზე მონაწილეობა თუ დანაშაულია ჩვენ მზად ვართ სასჯელი მოვიხადოთ, თუმცა რისთვის ან ვისთვის?!“.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ახალი ამბები