კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მკვდარი მუხლების'' ამნისტია

11 დეკემბერი, 2007

„საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოების საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელის მოხდისგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულში ეჭვმიტანილ, ბრალდებულ, განსასჯელ და მსჯავრდებულ პირებს'', - ეს არის ამონარიდი კანონმდებლობიდან ამნისტიის შესახებ, რომელიც ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე, 2007 წლის 29 ნოემბერს შევიდა.

ამნისტია 2007 წლის 15 ნოემბრამდე ჩადენილ დანაშაულებებზე ვრცელდება და სისხლის სამართლის კოდექსის 60-მდე მუხლს ეხება. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, იგი 3000 პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს. კანონმდებელთა ამ ჰუმანური ნაბიჯის მიუხედავად, ამნისტიის თემა საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მწვავე განხილვის საგანი გახდა. ადვოკატებმა მას „მკვდარი მუხლების'' ამნისტია უწოდეს და განმარტეს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ამ მუხლებით გასამართლებული გაცილებით ცოტა ადამიანი იქნება, ვიდრე ციფრი 3000-ია.

„სისხლის სამართლის მუხლები, რომელსაც ამნისტია ეხება, პრაქტიკაში ნაკლებად აქტუალურია. სამაგიეროდ, არ ეხება იმ მუხლებს და დანაშაულებებს, რომლის ჩადენისთვისაც უამრავი ადამიანი იხდის სასჯელს. შემიძლია რამდენიმე მათგანი ჩამოვთვალო. მაგალითად, 383-ე მუხლი - ეს არის უფროსის ბრძანების შეუსრულებლობა. ასევე, 384-ე მუხლი - უფროსისადმი წინააღმდეგობა ან მისი იძულება, დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა. მაქსიმალური სასჯელი ითვალისწინებს სანქციას 4-დან 8 წლამდე და განეკუთვნება მძიმე დანაშაულს. ასევე, საინტერესოა 277-ე მუხლი - სატრანსპორტო საშუალების უხარისხო რემონტი, ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება. ეს ხდება იმიტომ, რომ ამ მუხლებით გასამართლებული პატიმრები პრაქტიკულად არ ჰყავთ. ანუ, ეს ჰუმანიზმი, რომელიც ხელისუფლებამ გამოხატა, არის მოჩვენებითი. რეალობა კი, აბსოლუტურად სხვაა“, - აცხადებს  ადვოკატი ანა ჩაფიძე.

ადვოკატთა განმარტებით, რეალობაა ის, რომ ე.წ. ქათმის და უფრო „წვრილი  ქურდები“ ისევ ციხეში რჩებიან, ხოლო მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის ექსპლუატაციის ან რემონტის უსაფრთხოების წესის დამრღვევებს (283-ე მუხლი) ამნისტია ეხებათ.

„ზოგადად, მივესალმები ამნისტიის გამოცხადებას, რომელიც ''ვარდების რევოლუციის'' შემდეგ პირველი ამნისტიაა. იმედია, ხელისუფლება თავის სიტყვას შეასრულებს. თუცა, უნდა ითქვას, რომ იგი ეხება ''მკვდარ მუხლებს'', რაც ნიშნავს, რომ ამ მუხლით მსჯავრდებულები ძალიან ცოტა არიან. მისასალმებელია სამხედრო ნაწილის, უაქციზო სიგარეტისა და სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი დანაშაულებების ამნისტია. ყოფილმა პატიმრებმა, რომლებიც ამნისტიის შედეგად ვადაზე ადრე გათავისუფლდებიან, უნდა შეიგნონ, რომ საბოლოოდ გამოსწორდნენ და ისევ არ მოხვდნენ საპყრობილეში, რადგან ასეთი ამნისტია კარგახანს აღარ გამოვა,''- ამბობს ''ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის'' ქუთაისის ორგანიზაციის ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძე.

მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყოველდღიურად უწევს კონსულტაციების გაცემა. საზოგადოებიდან შემოსული შეკითხვების უმრავლესობა კი, ქურდობის მუხლს ეხება.

''სასურველი იქნებოდა, აღნიშნული ამნისტია 177-ე, ქურდობის მუხლს შეხებოდა. ამ შემთხვევაში უამრავი ადამიანი გამოვიდოდა ციხიდან, მაგრამ ასე არ მოხდა. ამ მუხლს მხოლოდ შეწყალება შეეხო. ასევე, კარგი იქნებოდა, ამნისტია შეხებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირაბს. თავიდან ასე ითქვა, რომ არ შეეხებოდა მხოლოდ ძალადობრივ დანაშაულებებს, მაგრამ ნათქვამი არ შესრულდა. სამაგიეროდ, ამნისტია შთამბეჭდავი ფაქტი გახდა საზოგადოებისთვის, რომელმაც დეტალები არ იცის. არ იცის, სინამდვილეში, კონკრეტულად რა ხდება,''- განმარტავს  ''ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის'' ქუთაისის ორგანიზაციის ადვოკატი რეზო თოფურია.

იმავე აზრს ავითარებს ქუთაისის #2 საპყრობილის მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარე მანანა მანაგაძე. მისი განმარტებით: ''მკვდარი მუხლების'' ამნისტია საქმეს არ შველის. თანაც მაშინ, როცა საუბარია 3000 პატიმრის გათავისუფლებაზე. სულ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ციხეებში 22 ათასი პატიმარი გვყავს. 3000 კი, ამ ციფრთან არაფერია.''

დღეის მონაცემებით, ქუთაისის #2 საპყრობილეში 1883 პატიმარია. აქედან 300-ის პირადი საქმე გასულ კვირას სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გადაეგზავნა განსახილველად. რამდენ მათგანს შეეხება ამნისტია (და საერთოდ, გათავისუფლდება თუ არა ვადაზე ადრე 3000 ადამიანი) ეს დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.აღნიშნული კანონის აღსრულების ვადა 2007 წლის 29 დეკემბერს იწურება.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები