კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფოთის მოსახლეობა საზღვაო ნავსადგურში ალუმინის ოქსიდის გადამუშავებას აპროტესტებს

13 დეკემბერი, 2007

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ალუმინის ოქსიდის, კრინკერისა და ბოქსიტის გადამუშავებას მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია რაც აპროტესტებს. დავა იმის შესახებ, თუ რამდენად მავნებელია ამ ქიმიური ნაერთის  შემადგენლობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მოსახლეობასა და შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციას შორის დღესაც აქტუალურია.

მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ნავსადგურის დოკერ-მექანიზატორის, არსენ ზარქუას გარდაცვალება გახდა, რომელიც სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ალუმინის ოქსიდით მოწამლვამ გამოიწვია. თუმცა, მიუხედავად ამისა მოსახლეობისა და შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დასკვნები და არგუმენტები ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავია.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის დოკერ-მექანიზატორი, 37 წლის აფხაზეთიდან დევნილი, არსენ ზარქუა 2002 წლის 29 აგვისტოს მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ცხედარი  მარტვილში, სოფელ ნახუნაოში დაკრძალეს, სადაც იგი სიცოცხლის ბოლო პერიოდამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

2002 წლის 28 ნოემბერს, გარდაცვლილის მეუღლემ, ხათუნა ხაბეიშვილმა ფოთის საზღვაო  ნავსადგურის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა, სადაც არსენ ზარქუას გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნას ითხოვდა. დოკუმენტებს თან ერთვოდა ფოთის შპს #1 პოლიკლინიკის მიერ გაცემული საექიმო მოწმობა სიკვდილის შესახებ, რომელიც 2002 წლის 3 სექტემბრით  იყო დათარიღებული და სადაც დადგენილი იყო, რომ გარდაცვალების მიზეზი კორონალური უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება გახდა.

2002 წლის 16 დეკემბერს ხათუნა ხაბეიშვილმა ნავსადგურის ადმინისტრაციაში დამატებით შეიტანა მეორე განცხადება, რომელსაც უკვე 2002 წლის 5 სექტემბრით დათარიღებული საექიმო მოწმობა ერთვოდა. გარდაცვალების შესახებ ცნობა ამჯერად მარტვილის რაიონის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, მ. გახოკიას მიერ იყო გაცემული და სიკვდილის მიზეზად ალუმინის ოქსიდით მოწამლვის შედეგად გამოწვეული გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა დასახელდა.

სწორედ ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო სამედიცინო დასკვნები გახდა იმის საფუძველი, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციამ არსენ ზარქუას სიკვდილის უშუალო მიზეზად ალუმინის ოქსიდით მოწამვლა არ ჩათვალა, მითუმეტეს გვამის ექსჰუმაციის პროცესში მას მონაწილეობა არ მიუღია.

2003 წლის 8 იანვარს ხათუნა ხაბეიშვილმა მეუღლის გარდაცვალების მიზეზების დადგენის მოთხოვნით უკვე ფოთის საქალაქო პროკურატურას მიმართა. 2003 წლის 14 ოქტომბერს საქალაქო პროკურორის თანაშემწემ, ლ.სარჯველაძემ არსენ ზარქუას გარდაცვალების ფაქტზე  მასალები განიხილა და დაადგინა, რომ საქმეში არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. შესაბამისად ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

არსენ ზარქუას ქვრივმა  ფოთის საქალაქო პროკურატურის დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრა. 2004 წლის 2 აპრილს ფოთის სასამართლომ ხათუნა ხაბეიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, კანონიერად ცნო მარტვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და დაადგინა, რომ არსენ ზარქუას გარდაცვალების მიზეზი ფილტვებში ალუმინის ოქსიდის ჩაკირვა გახდა.  მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ფოთის საზღვაო ნავსადგურს ზიანის ანაზღაურება დააკისრა, რომლის მიხედვითაც მარჩენალდაკარგულ ოჯახს კომპენსაციის სახით გარდაცვლილი ზარქუას სამსახურეობრივი სარგო ერთჯერადი სახით, 39746 ლარი უნდა გადაცემოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ზარქუას მეუღლემ და შვილებმა ყოველთვიური სარჩოს სახით 246 ლარიც მიიღეს.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა საბოლოოდ ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დარჩა.

შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაცია სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად მიიჩნევს,  რომ თანხის გადახდის დაკისრება  ყალბი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოხდა. სუზანა კვაჭანტირაძე, ფოთის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი სამართლებრივ საკითხებში: „ნავსადგურის ადმინისტრაცია არსენ ზარქუას გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას მუდმივად ითხოვდა. მაშინდელი ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსმა, ჯემალ ინაიშვილმა რამდენჯერმე მიმართა ფოთისა და მარტვილის პროკურატურას, საქართველოს გენერალურ პროკურორს  ნ.გაბრიჩიძეს, მაგრამ რეაგირება არავის მოუხდენია. თითქოს გვამის  ექსჰუმაცია  ჩატარდა, მაგრამ ჩვენ არ დავსწრებივართ. ის, რომ ფილტვებში  ექსპერტიზის შედეგად გლინოზიუმი აღმოჩნდა, სრული აბსურდია. მისი ნაკვალევი ასე არ ჩნდება. სასამართლომ მხოლოდ ის გარემოება გაითვალისწინა, რომ გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ისეთ შემოსავლიან ორგანიზაციას, როგორიც ნავსადგურია, თანხის გადახდა არ უნდა გაჭირვებოდა“.

ნინო ჯიბლაძე-არასამთავრობო ორგანიზაცია „ფაზისელის“ წევრი: „თუ ალუმინის ოქსიდი მავნე არ არის, თუ იმ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ამ ნივთიერებას არ შეეწირა, მაშინ რატომ იხდის კომპენსციას ნავსადგური?! ფოთის საზღვაო ნავსადგური არ არის ისეთი პატარა ორგანიზაცია, არც დიდი, რომელიც ასე ჰარი-ჰარად არიგებდეს თანხებს. იქ მხოლოდ იაფი მუშახელი უნდათ“.

ის, რომ არსენ ზარქუას გარდაცვალება არ უკავშირდება გლინოზიუმით  მოწამვლას, ნავსადგურის ადმინისტრაციას სხვა არგუმენტებიც მოჰყავს. საქმეში ჩნდება 2003 წლის 16 იანვრით დათარიღებული განცხადება, სადაც მარტვილის რაიონის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მ.გახოკია ნავსადგურის უფროსს, ჯემალ ინაიშვილს თხოვნით მიმართავს, რომ მის მიერ 2002 წლის 5 სექტემბერს გაცემული ცნობა არ ჩათვალოს იურიდიულ საბუთად, ვინაიდან დაშვებულია შეცდომები. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ცნობა არსენ ზარქუას მეუღლის ბიძის, რევაზ ძიძიგურის თხოვნით შეადგინა, რომელიც მას დევნილთა კომიტეტში წარსადგენად სჭირდებოდა.

ამ ტრაგიკულ ისტორიასა  და მხარეებს შორის  დაუსრულებელ დავაში  საინტერესო ისიც არის, რომ ექსპერტ გახოკიას მიერ ჩადენილი სიყალბით სამართალდამცავი ორგანოები დღემდე არ დაინტერესებულან, არც გამოძიება დაწყებულა და მის მიმართ არც ძებნა გამოცხადებულა.

2002 წლიდან კი მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანოზაციები საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავდნენ . ისინი ნავსადგურის ადმინისტრაციისაგან ე.წ. „შავი ტვირთის“  - ალუმინის ოქსიდის, ბოქსიტისა და კრინკერის გადამუშავების შეწყვეტას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სამივე ნედლეული საშიში ქიმიური ნაერთისაგან შედგება და ადამიანის ორგანიზმისათვის სახიფათოა. ნავსადგურის ტერიტორიაზე დოკერ-მექანიზატორებად მომუშავე ადამიანები პროტესტს ხმამაღლა არ, თუ ვერ გამოთქვამდნენ, ისინი სავარაუდოდ სამუშაოდან დათხოვნის შიშით დუმდნენ. ნავსადგურის I რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული მაღალსართულიანი სახლების ბინადრები კი ბუნებრივი ქიმიკატების გადამუშავებას დღესაც ეწინააღმდეგებიან.

ნინო ჯიბლაძე: „ამ ტერიტორიაზე  საცხოვრებელი კორპუსი დგას და 60-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადამიანებს პრობლემები სასუნთქ გზებზე და ფილტვებში ექმნებათ... ჩარაზული კარ-ფანჯრების მიუხედავად ალუმინის ოქსიდის მტვერი ქარიან ამინდში ოთახების სიღრმეშიც აღწევს, სარეცხის გაფენა შეუძლებელია,  ბავშვები ეზოში ვერ თამაშობენ... არ ვაჭარბებ და ვიტყვი, რომ ამ ქიმიურ ნივთიერებებს ფოთელები დილით, შუადღესა და საღამოს ჩაროზის სახით მიირთმევენ. მათი  მდგომარეობა ეგვიპტელი ფარაონების მემკვიდრის ყოფას ჰგავს, რომელსაც ყრმობის ასაკიდანვე შხამის გარკვეულ დოზას აძლევდნენ, რათა ორგანიზმი თავიდანვე შეეგუებინათ საწამლავის ზემოქმედებაზე“.

 ანტიკორუფციული და ადამიანის უფლებათა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ჯუმბერ კემულარია აცხადებს, რომ ქიმიური ნაერთების გადმოტვირთვისას დარღვეულია უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური ნორმები. „გემებიდან იგი ღია წესით ფხვნილის სახით იტვირთება. ჯერ ტერიტორიაზე იყრება, ხოლო შემდეგ  ამწის საშუალებით ვაგონებში იყრება... დარღვეულია  შრომის უსაფრთხოების წესები, მუშებს არ გააჩნიათ რესპირატორები, სარგებლობენ მხოლოდ ქირურგიული პირბადეებით, არ აქვთ შესაბამისი კვება, მათი ხელფასი მიზერულია...“

შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციამ ალუმინის ოქსიდის გადამუშავებასთან დაკავშირებული  ხმაურის გამო მოკვლევის ჩასატარებლად  ს/ს ნ.მახვილაძის სახელობის შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს მიმართა. როგორც ნავსადგურის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან,  მე10 ნავმისადგომთან  2006 წლის ივლისში  ჩატარებული კვლევის საფუძველზე შედგენილი დასკვნის შედეგების მიხედვით ალუმინის ოქსიდის გადატვირთვა-ჩატვირთვის დროს დაცულია ყველა აუცილებელი შრომის უსაფრთხოების წესი და ნივთიერების ის რაოდენობა, რაც ჰაერში ვრცელდება არ წარმოადგენს საფრთხეს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის.

ნინო ჯიბლაძე: „ეტყობა, რომ ნავსადგურის ადმინისტრაციაში დასკვნას  უკუღმა კითხულობენ. იქ კი შავით თეთრზე  ნამდვილად წერია, რომ  „ალუმინის ოქსიდის კონცენტრაცია დოკერ-მექანიზატორების სამუშაო ადგილებზე, ბუნკერის მიმღებებთან 2.5 და 4.1 ჯერ და ლიანდაგზე, ვაგონთან 1.3 ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას“. იქვე მითითებულია, რომ თიხამიწის - ალუმინის ოქსიდის ზემოქმედებამ მომუშავეთა ორგანიზმზე ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლა არ უნდა გამოიწვიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგიური პროცესის რეგლამენტი და შრომის უსაფრთხოების წესების მოთხოვნებია დაცული - ეს კი დარღვეულია... იქ არავინ შეგახედებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ნავსადგურის კარიბჭე დახურულია!“

ფოთის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი სამართლებრივ საკითხებში, სუზანა კვაჭანტირაძე ატეხილ აურზაურს საპრეზიდენტო რჩევნების მოახლოებას უკავშირებს. „ნავსადგურის წინააღმდეგ ალუმინის ოქსიდის თემას ოპოზიციური ძალები  არჩევნების წინ მუდმივად იყენებენ. დაშავების ან დაავადების ფაქტები არ არსებობს... ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია, ტვირთი, რომელიც ნავსადგურის ტვირთბრუნვაში 27% შეადგენს და რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ვიღაცას პიროვნული ინტერესი აქვს და სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით არ გააჩნია...“

ალუმინის ოქსიდისა (გლინოზიუმი) და ბოქსიტის გადამუშავებით ალუმინი მიიღება. კრინკერი კი ცემენტის ნახევარფაბრიკატია. სამივე ქიმიურ ნივთიერებას ფოთის საზღვაო ნავსადგურში  1999 წლიდან ფირმა „პეისი“  ამუშავებს. ფოთელებს კი დღემდე აინტერესებთ „შავი ტვირთის“ ლობისტის ვინაობა, ვინაიდან ყოველ ჩასუნთქვაზე ნებით თუ უნებლიედ მისი არსებობა ისევე ახსენდებათ, როგორც წლების წინ  გადაყლაპული შავი ზღვის სუფთა ჰაერი.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ახალი ამბები