კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენ ლტოლვილებს საზღვარგარეთ წასვლის საშუალებას არ აძლევენ

17 დეკემბერი, 2007

ჩეჩენი ლტოლვილები მოსახლეობის ის კატეგორიაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჰაერში გამოკიდებული დატოვა. საქართველოს კანონმდებლობა მათ სხვა ქვეყანაში გადასვლის საშუალებას არ აძლევს და ჩეჩნებიც იძულებულები არიან, პანკისის ხეობაში იცხოვრონ, სადაც მათYარც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები აქვთ და არც სამუშაო.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” პერმანენტულად ატარებს მონიტორინგს პანკისის ხეობაში. ამჟამად ცენტრის ხელთ არის რამდენიმე საქმე, რომელიც მიუთითებს ლტოლვილების უფლებების დარღვევაზე, როგორც სახელმწიფოს, ასევე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხრიდან. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა” მოამზადა 2006-2007 წლის ანგარიში, რომელშიც სამართალდარღვევის კონკრეტული ფაქტებია ასახული.

მთავარი პრობლემა, რომელსაც ჩეჩენი ლტოლვილები აწყდებიან არის ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, ისინი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდნენ. 2006 წელს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ცენტრი ითხოვდა, ლტოლვილთა შესახებ ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოსულიყო ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ” საერთაშორისო კონვენციასთან. ამ სარჩელის შემდეგ პარლამენტმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ასევე იუსტიციის სამინისტროს დაავალა, 2007 წლის 1 ივლისამდე გამოეცათ ერთობლივი აქტი, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოში მყოფ ჩეჩენ ლტოლვილებს გადასულიყვნენ მესამე ქვეყანაში. დღემდე ამგვარი აქტი არ არსებობს.

ლტოლვილებს პრობლემები ექმნებათ იმის გამოც, რომ ხელისუფლება ლტოლვილის სტატუსს ართმევს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებულნი (თუმცა მათ საქართველო დიდი ხნის წინ დატოვეს და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს). ლტოლვილის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ ჩეჩნებს ავტომატურად ეძლევათ საქართველოს მოქალაქეობა, რისი სურვილიც მათ არა აქვთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღება დაბადებით ან ნატურალიზაციით, ანუ როდესაც პირი ითხოვს მოქალაქეობის მიღებას. ამ შემთხვევაში ჩეჩნები მოქალაქეობის მიღებას არ ითხოვენ. არგუმენტად ვერც საქართველოში დაბადება გამოდგება, რადგან მათ საქართველოს მოქალაქეობაზე ერთხელ უკვე აქვთ უარი ნათქვამი.

გარდა ამისა, ლტოლვილებს ექმნებათ პრობლემები იმის გამო, რომ არ არსებობს კანონი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გარეთ ლტოლვილთა  გადაადგილების წესს განსაზღვრავს. შესაბამისად ლტოლვილები საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გადიან. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ამბობს, რომ კანონპროექტი ,,სამგზავრო დოკუმენტების გაფორმების, გაცემისა და შეცვლის წესის” შესახებ იუსტიციის სამინისტროს განსახილველად გადაუგზავნა, მაგრამ თავად იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამგვარი კანონპროექტი მათ არ მიუღიათ.

ცალკე პრობლემები იქმნება გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან დაკავშირებით. საქართველოს არასრული კანონმდებლობის გამო, ლტოლვილების მესამე ქვეყანაში გამგზავრება მხოლოდ კომისარიატს შეუძლია. მაგრამ ამ შემთხვევაშიც გამგზავრების პროცესი წლების განმავლობაში იწელება, რის გამოც ჩეჩნები გაეროს უმაღლესი კომისარიატის მიმართ უკმაყოფილობას ღიად გამოთქვამენ და რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც მოაწყვეს. ჩეჩნები ამბობენ, რომ კომისარიატი მათ უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს.

გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ლტოლვილის სტატუსით დარეგისტრირებულ რამდენიმე პირზე გაიცემა ერთი ლტოლვილისათვის განკუთვნილი ფულადი დახმარება, ასევე სხვა ჰუმანიტარული დახმარებები.

ამის ნათელი მაგალითია დები ქავთარაშვილების შემთხვევა. სამივე დას (ზეინაბი, სიმა და ხათუნა) შექმნილი აქვს ოჯახი, ჰყავთ შვილები და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მიუხედავად ამისა, მათზე გაიცემა ლტოლვილთა შემწეობები, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ ერთ სულზე, რის გამოც ისინი იძულებული არიან, შვილები და საკუთარი თავი არჩინონ ერთი სულისათვის გაცემული დახმარებით.

არადა, ,,ლტოლვილთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, თუ პირზე ვრცელდება ამ კანონის I მუხლის მოთხოვნები, მას მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი და მასზე გავრცელდება ,,ლტოლვილთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებები. აღნიშნულ, კანონით მინიჭებულ უფლებას დები ქავთარაშვილების ოჯახი მოკლებულია.

არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ლტოლვილების უფლებები ირღვევა.

მაგალითად: 2006 წლის 9 სექტემბერს, დუისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩეჩენი ლტოლვილი ვაჰიდ ბორჩაშვილი ძალის გამოყენებით, გამგეობის სამხედრო განყოფილებაში წაიყვანეს. საქართველოს კანონი ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” აცხადებს, რომ  უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი არ არიან ქართულ ჯარში იმსახურონ.
ბორჩაშვილმა ყაზარმაში თვე ისე გაატარა, რომ უფლებაც კი არ მისცეს, ადვოკატს დაკავშირებოდა.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პორტალი ჩეჩნების პრობლემების შესახებ ხშირად წერს. არაერთხელ გაიმართა პრეს-კონფერენციაც, თუმცა ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა. ისინი დღემდე ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში და  საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნიდან გაშვების უფლებას და შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემას სთხოვენ.

თეა თოფურია, თბილისი

ახალი ამბები