კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭომის მოსახლეობას წყალდიდობით წალეკვა ემუქრება

18 დეკემბერი, 2007

''უკვე მერამდენე ზამთარია, შიშის ქვეშ გვძინავს. ყოველი გათენებისას ღმერთს მადლობას ვეუბნებით, რომ საკუთარ ჭერქვეშ ვიღვიძებთ. თუმცა, არ ვიცი, ბუნებას როდის მოუნდება წყალი სახლში შემოგვივარდეს და წაგვლეკოს. ნუთუ, ასე ძნელია, ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს?''- ამ შეკითხვას 81 წლის, ქუთაისელი ნოდარ გაბადაძე უკვე წლებია იმეორებს. პასუხად კი, ყოველ დილით მდინარე რიონის მონგრეულ კალაპოტს და მიტაცებულ ტერიტორიას ხედავს.

ქუთაისში ჭომის დასახლება ის ადგილია, სადაც იქაურები საკუთარ გასაჭირს მხოლოდ ერთმანეთს თუ უზიარებენ. ''საკმარისია, გაწვიმდეს, რომ წყალი სახლში გვივარდება და მერე საოჯახო თუ საყოფაცხოვრებო ნივთებს ქუჩაში ვეძებთ. ალბათ, მალე წყალი ჩვენც წაგვიღებს და აქაურობა ნასახლარად გადაიქცევა'', - ჩივიან ჭომელები.

მათი პრობლემა, ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ძნელად მოგვარებადია და სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. ეს ის შემთხვევაა, როცა მოსახლეობის გასაჭირი ადგილობრივი მთავრობის გულგრილობის და საკუთარი თანაქალაქელების მიმართ უპატივცემულობის პირდაპირპროპორციულია. სხვა შემთხვევაში ქუთაისის 33 მილიონიან ბიუჯეტში ამ კონკრეტული საკითხის მოსაგვარებლად თანხები აუცილებლად მოიძებნებოდა.

''2007 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ყველაზე დიდი მოცულობის ბიუჯეტია ბოლო წლების მანძილზე. პრობლემა ისაა, რომ ამ ბიუჯეტში გამოკვეთილი არ არის პრიორიტეტები. ციფრები პროგრამული სახით არაა გაწერილი. ადამიანს (ქუთაისელს) უჭირს გაარკვიოს მის მიერ გადახდილი გადასახადები, რომელიც ბიუჯეტში შედის, რაში იხარჯება, როდის რომელი საკითხია ქალაქისთვის უფრო პრიორიტეტული. იგივეა ჭომელი მოსახლეობის შემთხვევაშიც. მათ რომ შეეძლოთ აქტიურად ჩაერთონ ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში, გამჭვირვალობის ხარისხიც ამაღლდებოდა და პრიორიტეტებიც უფრო გამოიკვეთებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ადგილობრივ ხელისუფლებაში გადაწყვეტილებებს ყოველთვის სპონტანურად და ზეპირად იღებენ'', - ამბობს ''ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის'' ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა გვანცელაძე.

თუმცა, ჭომელების შემთხვევაში, არც ზეპირი და არც გეგმიური გადაწყვეტილება ჯერ არავის მიუღია. ჭომელები ბოლო ხუთი წლის მანძილზე ქუთაისის შვიდივე მერს ერთსა და იმავე პრობლემაზე ამაოდ აწუხებენ. საკითხი ექვსი წინამორბედის მსგავსად, ქალაქის ამჟამინდელი  თავისთვისაც, როგორც ჩანს, ნაკლებად პრიორიტეტულია. ნუგზარ შამუგია აცხადებს, რომ ქუთაისის უძველეს უბანში ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო თანხებზე მსჯელობას მომავალი, 2008 წლის ბიუჯეტის განხილვისას შეუდგებიან. ისიც იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის ოდენობა ამის საშუალებას მისცემთ.

მანამდე კი, 33 მილიონიან ბიუჯეტში, ფაქტია, ინფრასტრუქტურისთვის, კერძოდ კი, ერთი პატარა უბნისთვის საჭირო ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის თანხა არ მოიძებნა. სამაგიეროდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქუთათურთა წინასაახალწლო განწყობისთვის ადრიანად იზრუნა და ქალაქის მორთვა-მოსაკაზმად 150 000 ლარი ჯერ კიდევ ნოემბერში ''გადაინახა.''

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები