კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თურქეთში მომხდარი ავარიის მსხვერპლი მძღოლს უჩივის

18 დეკემბერი, 2007

ზვიად აბუსერიძე, გასულ წლის 13 დეკემბერს თურქეთში, ქალაქ სამსუნგში მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალდა. მას შემდეგ ის საწოლსაა მიჯაჭვული. მას  დაუყონებლივ ესაჭიროება ოპერაცია საზღვარგარეთ. თუმცა ოჯახს ამისთვის საჭირო თანხები არ მოეპოვება. აბუსერიძეები მძღოლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

ავარია მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად აბუსერიძე სტამბულში მეგობრების რჩევით და ოჯახში მცირე თანხის შესატანად სამუშაოდ მიდიოდა.  ოჯახის წევრებმა უბედური შემთხვევის შესახებ ტელევიზიით შეიტყვეს: „საღამოს 8  საათისთვის გავიგეთ, რომ საშინელი ავტოკატასტროფა მოხდა თურქეთში. გულმა მიგრძნო რომ ჩემი შვილი კარგად არ იყო. შემდეგ  გავიგეთ, რომ ის მძიმედ დაშავდა“, - იხსენებს ზვიადის მამა, ოთარ აბუსერიძე.

ავტოავარიის შედეგად, ზვიადის გარდა რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ შორის სოფელ დაგვის მკვიდრი ასმათ ქათამაძე. მას ორთავე ფეხი მოსტყდა და დღეს დაინვალიდებულია.
მძიმედ დაშავებული ზვიად აბუსერიძე, თურქეთიდან ჯერ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ზვიადის დედა იხსენებს, კლინიკის ექიმებისთვის პაციენტის მდგომარეობა შემაძრწმუნებელი ყოფილა: „თურქეთში ჩემი შვილისთვის ნორმალური დახმარება რომ აღმოეჩინათ, უკეთ იქნებოდა. დაჩეჩქვილი თავი პირდაპირ შეუხვიეს, აპარატზე მიაერთეს და ელოდებოდნენ როდის მოკვდებოდა. თბილისში ექიმებმა გვითხრეს, ჭრილობა წყლით რომ ჩამოებანათ, ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა“, - ამბობს ნანული აბუსერიძე, ზვიადის დედა.

ღუდუშაურის კლინიკიდან, ორთვიანი კურსის შემდეგ, აბუსერიძე ბათუმის პირველ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მოგვიანებით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გართულებულა და ზვიადი ისევ ღუდუშაურის კლინიკაში დააბრუნეს. ამ ხნის მანძილზე შედეგი მხოლოდ ისაა, რომ ზვიადმა ფეხის ამოძრავება შეძლო, თუმცა, მისი მდგომარეობა მაინც მძიმეა. სახელმწიფო დახმარების ფარგლებში (ორასლარიანი ვაუჩერი), ზვიადს რამდენიმე დღის წინ კომპიუტერული გამოკვლევა ჩაუტარეს. გამოკვლევამ დადებითი პასუხი არ აჩვენა. „ექიმ ნუგზარ გურგენიძის თქმით, ჩემს შვილს თავზე პლასტიკური ოპერაცია სჭირდება. ამისთვის საჭირო თანხები კი ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს“, - ჩივის ზვიადის მამა.

ზვიადს შვილის დაბადება არ გაუგია. მისი ვაჟი კი უკვე შვიდი თვისაა; მეუღლე კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. „სწავლის საფასურის გადახდა გვიჭირს. შარშან, უნივერსიტეტის რექტორს ვთხოვე და ჯერჯერობით, გადაუხდელობის გამო არ გაურიცხავთ. განცხადება საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრის, კახა ლომაიას სახელზეც დავწერე და ავუხსენი, თუ რა დღეშიც ვართ“.

ზვიადის ოჯახი მძღოლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და მისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ: „ერთი თეთრითაც არ დამხმარებია. თავი იმით იმართალა, რომ გზა სველი იყო. ყველაფერი 12 ათასი ლარი დაჯდა. მეზობლებმა 5-5 ლარი შემიკრიბეს და იმითაც კი დამეხმარენ“.
ოჯახმა ავტობუსის მძღოლის, საჩხერელი ვეფხვია ხაჯიშვილის, წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა სასამართლოში.

აბუსერიძეების ოჯახი ეკონომიურად საკმაოდ გაჭირვებულია. ბატონი ოთარი სოფელში პენსიებს ანაწილებს, საიდანაც გასამრჯელოდ 30 ლარს იღებს. ოჯახის შემოსავალი კიდევ ზვიადის დედის პენსია და თვით ზვიადის პენსიაა. ნანული აბუსერიძე შვილის პენსიის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს: „მე, ფეხზე ვიდგე, მუშაობა შემეძლოს და 55 ლარი მქონდეს, და ასე უნდა ჰქონდეს ასეთ ავადმყოფსაც? ზვიადს თვის მანძილზე მხოლოდ 70 ლარის პამპერსი სჭირდება, საკვებზე რომ არაფერი ვთქვათ“.

აბუსერიძის ოჯახს იმედი აქვს, საზღვარგარეთ მისი მკურნალობა შედეგიანი იქნება. მძროლისგანაც ფინანსურ დახმარებას ამიტომ ითხოვენ.
26 წლის ზვიად აბუსერიძე ოჯახთან ერთად შუახევის რაიონის, სოფელ ჯაბნიძეებში ცხოვრობს. რამდენიმე დღეა, რაც ის ბათუმში, გადმოიყვანეს - მოსალოდნელი ზამთრისა და გზების ჩაკეტვის შიშით მისი სოფელში დატოვება ვერ გაბედეს. ამჟამად ის დროებით თავშესაფარში შესახელებულ (ე.წ. გოროდოკის დასახლება) თავის დასთან იმყოფება.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.

ახალი ამბები