კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სამეგრელო არ არის ვარდების რევოლუციის ნაკრძალი!“

18 დეკემბერი, 2007
წინასაარჩევნო ვნებათაღელვა სამეგრელოში და ტოტალურად გაყალბებული
საარჩევნო სიები

სამეგრელო საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია. პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, ლევან გაჩეჩილაძე და მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს რაიონებში უკვე გამოჩნდნენ. უახლოეს დღეებში მათ ზუგდიდშიც ელიან. პრეზიდენტობის კანდიდატების გამოჩენასთან ერთად საარჩევნო უბნებში მკვდარი სულებიც გამოჩნდნენ. სამეგრელოს ამომრჩევლები ხელისუფლების მხრიდან ტოტალური გაყალბების მცდელობაზე საუბრობენ. პარალელურად ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება. არსებობს მათ მიმართ დევნისა და შანტაჟის ფაქტები. მოსყიდვა და გადაბირება წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევ პროცესად იქცა.

„სამეგრელო არ არის ვარდების რევოლუციის ნაკრძალი! ის რაც წინასაარჩევნო პერიოდში სამეგრელოში ხდება, სრული კატასტროფაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელისუფლება ვამხილოთ ამ ბოროტებაში. ის, რასაც ხელისუფლება სჩადის, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის გამარჯვების ეშინია... წინააღმდეგობის მუხტი ყველაზე მეტია სამეგრელოში. სააკაშვილის ხელისუფლებამ იცის, რომ თუ სამეგრელოში დამარცხდა, ის მთელს საქართველოში დამარცხდება და ამიტომაც სწორედ აქ ცდილობს არჩევნების გაყალბებას“, - ამ განცხადებას სამეგრელოს რეგიონში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის კურატორი კახა მიქაია აკეთებს.

საპრეზიდენტო კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ზუგდიდში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრისათვის ემზადებიან. გავრცელებული ინფორმაციით ეს იქნება ყველაზე მასშტაბური წინასაარჩევნო შეხვედრა, სადაც ხელისუფლების მიმართ პროტესტი განსაკუთრებული სიმძაფრით გამოიხატება.

პროტესტის გრძნობა სამეგრელოს ამომრჩევლებს მაშინაც გაუჩნდათ, როცა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ წევრი რომანოზ ბულია სოფელ ნაწულუკუში, საჯუთარი სახლიდან ახალგაზრდა მამაკაცებმა ავტომანქანა „ნივით“ გაიტაცეს. ეს ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც რომანოზ ბულია პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის მხარდასაჭერად სოფელში ხელმოწერებს აგროვებდა. თავდამსხმელებმა იგი ჯერ სცემეს, შემდეგ კი ზუგდიდი-თბილისი ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ცაიშთან, მანქანიდან  ჩამოაგდეს. ოპოზიციის აქტივისტს ზედ მუქარაც მიაყოლეს და მიაძახეს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში არჩევნებს ვერ მოიგებდა და იგი გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა.

„თეთრი „ნივებით“ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლები დარბიან. ჩვენი პარტიის წევრი ნინო ჭკადუა „კუდ“-ში დაიბარეს და განუცხადეს, რომ იგი ოპოზიციის სახელით ფულს არიგებდა და პატიმრობა ელოდებოდა. ნინო ჭკადუა მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან იმ ადამიანებთან დაპირისპირება მოითხოვა, ვისაც თითქოსდა ფულს ურიგებდა",  - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია და ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის დატერორების მცდელობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.

„კუდ“-ისაგან განსხვავებით, ფარულ ტერორს ზუგდიდელი პარლამენტარი გრიშა ქობალია ახორციელებს. მან ამჯერად აფხაზეთიდან დევნილი ხვიჩიების ოჯახის წევრთა დაშინება სცადა. ეკა ხვიჩია „კუდ“-ისაგან თითქოს თავის დაღწევის შემდეგ გრიშა ქობალიას კლანჭებში აღმოჩნდა.

ეკა ხვიჩია: „პარლამენტარმა იმ სახლის მეპატრონეს თბილისში დაურეკა, სადაც სოფელ კორცხელში დევნილობაში ვცხოვრობდით. მონიკა ხარჩილავას მან უთხრა, რომ თითქოს მის ბინაში პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" შტაბი იყო გახსნილი და პრობლემების თავიდან ასარიდებლად ჩვენი გაძევება ურჩია. გრიშა ქობალიას ზეწოლით მე ჩემს შეხედულებებს არ შევიცვლი და ვარწმუნებ, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ბევრისათვის უფრო საზიანო აღმოჩნდა, ვიდრე ჩემი სოფლის საარჩევნო უბანში კომისიის წევრობა“.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა სამეგრელოს დალაშქვრა ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად 9 დეკემბერს, საპორტო ქალაქიდან დაიწყეს. ხალხმრავალი შეხვედრა ფოთის #2 საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა.

ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი: „რასაც მე ვუყურე, ყველაზე მეტად სააკაშვილს შავ ზღვაში თევზის ჭერა გამოუვიდა. ისე კარგად აკეთებს ამ საქმეს, რომ საქართველოს თხოვნაა ფოთელებო! - იგი ცოტა ხნით დაიტოვოთ, თევზი მაინც ექნება ქვეყანას, თუმცა იგი მაგ საქმისთვისაც არ ივარგებს. ჩვენ გვინდა, რომ თევზჭერის უფლება ხალხს ჰქონდეს, შრომის უფლება და ღირსება ჰქონდეს. ჩვენ  არ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და მის ირგვლივ შემოკრებილი ავაზაკები ცხოვრობდნენ უზრუნველად...“


ზვიად ძიძიგური, კონსერვატიული პარტიის ლიდერი: „ეს შეხვედრა ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილს ხალხის მხარდაჭერა არა აქვს. მის მხარეს არის მხოლოდ სამი ტელევიზია, ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიცია და გამგეობები. ფოთის მოსახლეობა მხარს ოპოზიციურ ძალებს უჭერს“.

დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი: „ფოთელებმა ამ შეხვედრით დაადასტურეს, რომ მთელი საქართველო სააკაშვილის წინააღმდეგ არის. მან მოახერხა ის, რომ დღეს საქართველოში "ნაპრეზიდენტალად" მოიხსენიონ. მან ვერ შეისისხლხორცა ის ნდობა, რომელიც მას ერთხელ უკვე გამოუცხადეს“.

ნდობა არა, მაგრამ უნდობლობის განცდა სამეგრელოში მართლაც სუფევს. ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი გაყალბების მცდელობისათვის მოსახლეობა თითქოს მზად იყო, მაგრამ საუბნო კომისიებში ნაციონალური მოძრაობის კვოტით ოპოზიციური პარტიების გასვლა - მოულოდნელი.

რამაზ შუბითიძე,  პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ საარჩევნო კამპანიის მენეჯერი: „საუბნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების, „მრეწველების“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „ლეიბორისტების“ კვოტით გასული წევრები სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან. გამონაკლისი მხოლოდ ხობისა და ჩხოროწყუს რაიონებია. იყო შემთხვევები, როდესაც ოპოზიციური პარტიის წევრები უნდა გასულიყვნენ კომისიის თავმჯდომერის, მოადგილის ან მდივნის თანამდებობებზე, ამ პარტიებმა კი მხარი არ დაუჭირეს ჩვენს კანდიდატურებს. მათ ერთხმად ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ წარდგენილი კანდიდატები აირჩიეს. რეალურ ოპონენტებად სამი პარტია, „კონსერვატორები“, „რესპუბლიკელები“ და „თავისუფლება“ დარჩა. სამი ათის წინააღმდეგ“.


იმას, რომ ხელისუფლება გამალებით მუშაობს ოპოზიციური ძალების გადაბირებასა და მოსყიდვაზე, კონსერვატორი ზვიად ძიძიგურიც ადასტურებს: „ეს არ გამოუვათ! ეს არის „მოქალაქეთა კავშირის“ მეთოდი და სააკაშვილიც ისევე ჩაბარდება ისტორიის სანაგვეს, როგორც იგი“.

სანაგვე ყუთში არა, მაგრამ საარჩევნო ყუთებში მკვდარი სულები ნამდვილად მოხვდება. საარჩევნო სიებში რეალურად გარდაცვლილი ადამიანების გარდა ერთი და იმავე პირის სახელი რამდენჯერმე ჩნდება. როგორც ირკვევა თითოეულ უბანში 20-25 გარდაცვლილი ადამიანის გვარი ფიგურირებს.

ნანა ოყუჯავა, #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: „თუ ადამიანმა თავისი მიცვალებული არ დაარეგისტრირა, მე არ მაქვს უფლება სიიდან როგორც ამომრჩეველი, ამოვიღო... არც ერთი დოკუმენტი არ ადასტურებს გარდაცვალებას“.


ზუგდიდის რაიონისაგან განსხვავებით აბაშაში, როგორც სჩანს, გარდაცვალების ფაქტები დადასტურებულია. სხვა შემთხვევაში ნაცმოძრაობის წევრებს რაიონის სასაფლაოებზე ხეტიალი და საფლავის ქვებიდან სახელ-გვარების ამოწერა აღარ დასჭირდებოდათ.

საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემები სამეგრელოს ყველა რაიონში დევნილ მოსახლეობას უკავშირდება. #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში 43 000-მდე დევნილია რეგისტრირებული. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველოს მონაცემთა ბაზაში კი ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე 39 663 დევნილი ამომრჩეველია აღრიცხული. აქედან გამომდინარე პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს, როგორც ამბობენ სამი ათასზე მეტი ხმა გარანტირებული აქვს.

საარჩევნო სიებში არსებულ დარღვევებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ზუგდიდის #11 საარჩევნო უბანში ერთნაირი სახელი და გვარის მატარებელი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა, სადაც ასევე იდენტური მისამართებია მითითებული. Lლეილა ყოლბაია საპასპორტო მისამართის გარეშე სიაში ექვსჯერ აღირიცხა.

ლევან გაჩეჩილაძის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, თენგიზ გერგედავამ საკუთარ სახლში 12 ახალი წევრი აღმოაჩინა: „სახლში შეშინებული მივდიოდი, მეგონა იქ ახალი მასპინძლები დამხდებოდნენ და მემკვიდრეობის მიღებასაც მომთხოვდნენ. ჩემს მისამართზე, ნინოშვილის ქ.#10-ში მიწერილი 12 პირი ჩემთვის უცნობია, შესაბამისად მათთან არანაირი მეგობრობა და ნათესაური კავშირი არ მაქვს. არც არანაირი ფინანსური გარიგება არსებობდა ჩემი საფინანსო წიგნაკით რომ ესარგებლათ“. ნინოშვილის #1 დან #40-მდე განლაგებულ საცხოვრებელ სახლებში ისეთი 132 დევნილი პირია მიწერილი, რომელთა ვინაობის შესახებ ამ ქუჩის მაცხოვრებლებს არასოდეს სმენიათ.

დევნილებით „გაბერილი“ სიები წალენჯიხის რაიონშიც ბლომად მოიპოვება. სოფელ ფახულანის საარჩევნო უბანში 300-მდე არარსებული ადამიანის გვარია მითითებული. წალენჯიხის #4 უბანსა და მოსაზღვრე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშის საარჩევნო უბნებზე ადგილობრივი და დევნილი ამომრჩეველი სიებში ორჯერ არის შეტანილი.

საპრეზიდენტო კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრებმა ზუგდიდის ლუდსახარში ქარხნის შენობაში განთავსებულ #17 საარჩევნო უბანში 200-მდე მკვდარი სული აღმოაჩინეს.

„ამ დევნილებს გაურკვეველი მისამართები უწერიათ. 8 000 დევნილია ისეთი, ვისი პირადობის მოწმობის ნომრები მითითებულია, მაგრამ მისამართი უზუსტოა. იქ წერია: კარავი, გარაჟი, ჩაის ფაბრიკა და ა.შ. რვაათასივე დევნილი ზუგდიდის იმ უბნებზე ალფავიტის მიხედვით გადანაწილდა, სადაც ამომრჩევლის რაოდენობა 1500-მდეა“,- განმარტავს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თუმცა დევნილთა სიებში ასეთი შემთხვევა სულ თითზე ჩამოსათვლელია. ნანა ოყუჯავა მზად არის დევნილ ამომრჩევლებს სიაში საკუთარი თავის ძიებაშიც დაეხმაროს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ის, თუ რა მოჰყვება საოლქო კომისიის კარებთან ათასობით დევნილის მოზღვავებას.

სრული უწესრიგობებია საარჩევნო უბნებზე. ის, რომ სახელისუფლებო კანდიდატისათვის დევნილთა ხმები საგარანტიოა, სიახლე არ არის, მაგრამ დევნილების შიშით უბნებზე საარჩევნო სიების გადამალვა ნამდვილი ნოვაციაა. ასეთი ვითარება პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ წევრს, ზურაბ კუხალაშვილს #23 საარჩევნო უბანზე დახვდა: „კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ტაბაღუამ სიები პირდაპირ ოთახში გაიკრა და განაცხადა, რომ სიების საჯაროდ გამოტანა მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან იმ ტერიტორიაზე ველური ლტოლვილები ცხოვრობენ და შეიძლება კედლიდან ჩამოგლიჯონო“.

 ველურ პირობებში მუშაობა კი კომისიის წევრებს უფრო უხდებათ, ვიდრე დევნილებს წლების განმავლობაში უსახლკაროდ ცხოვრება. ყოფილი ზუგდიდის ფაიფურის ადმინისტრაციის შენობაში მდებარე #18 საარჩევნო უბანი პირდაპირი გაგებით ყველასათვის სრულიად ღიაა. შეუმინავი ფანჯრები და ჩალეწილი კარები უცხო არც სხვა უბნებისთვისაა. საარჩევნო სიები კედლებს არც აქ ამშვენებენ. დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა ზუგდიდის ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე, თუმცა ამ შემთხვევაში #85 საარჩევნო უბნის კომისიის წევრებმა გამოსავალი იპოვეს და იქვე მდებარე #14 უბანში შესახლდნენ.

საუბნო კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ წევრებზე დაწესებულ შეზღუდვებზე ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის უფროსი თენგიზ გერგედავა საუბრობს: „თავისუფლების“ წევრებს სიებზე მუშაობის საშუალებას არ აძლევენ... ჩვენს წარმომადგენელს ერთ-ერთ უბანზე ხელწერილი დაადებინეს იმის თაობაზე, თუ რა მოტივით სურდა სიის გაცნობა. გამოდის, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფუნქცია უბნებზე მხოლოდ თავმჯდომარეების მიერ შედგენილი  მორიგეობის გრაფიკის აღსრულება უნდა გახდეს“.


ნანა ფაჟავა, ზუგდიდი


ახალი ამბები