კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები ცივ ზამთარს ერთად გაატარებენ

20 დეკემბერი, 2007

5 კუბური მეტრი შეშა - ღუმელში თუ ფარატინა ქაღალდზე?!

წალენჯიხაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ზამთარს სიცივეში, სათბობის გარეშე გაატარებენ. საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი, 5 მ3 შეშა და სლოგანი -"ერთად გავატაროთ ზამთარი თბილად~ მხოლოდ მოვარდისფრო ქაღალდზე დარჩა, რომელსაც „ვაუჩერი“ ჰქვია. ხელმოკლე დევნილი ოჯახები შეშის მოპოვებას ვერ ახერხებენ. მათ ის თანხებიც არ გააჩნიათ, რაც ტყეში შეშის დამზადებასა და შინ მიტანას სჭირდება. სამაგიეროდ ხელისუფლება იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვა ალტერნატივას, ელექტროღუმელების გამოყენებას სთავაზობს, თუმცა უმრავლესობას მისი შეძენაც უჭირს.

წალენჯიხაში, ყოფილი ავტოსატრანსპორტო კოლონის შენობებში განთავსებულ დევნილებს იმის შიში აქვთ, რომ ზამთარში შეშის კი არა ელექტროენერგიის გარეშეც დარჩებიან. პრეზიდენტის საჩუქარი, 5მ3 შეშის ვაუჩერი თითოეულმა ოჯახმა მართლაც მიიღო, მაგრამ გასაჩეხად ვერც ტყე იპოვეს და ვერც თანხები მოიძიეს შეშის მოსაზიდად. მათთვის ისიც არის ცნობილი, რომ სამეგრელოს ტყეების დიდი ნაწილი და მათ შორის, წალენჯიხის სატყეო მეურნეობა ჩინელებმა 20 მილიონად, 20 წლის ვადით შეისყიდეს. ამიტომაც აფხაზეთიდან დევნილებმა საქართველოს ტყეებს დაპატრონებული ჩინელების გულისწყრომას ცივ ოთახებში ჯდომა არჩიეს.

აზა ხვიჩავა, ოჩამჩირედან დევნილი: "ჩინელი მოგაჭრევინებს ხეს?! საკუთარი ნაჯახით გაგიპობს თავს. არც ადგილობრივი დაგითმობს მამაპაპისეულ ტყეებს, მასაც ხომ სჭირდება სათბობი. ფიჩხით გავათბოთ ბავშვები? შუქიო, რომ გაიძახიან, ყველა ერთად რომ ჩართავს ელექტროღუმელს, ძაბვაც ვარდება, მავთულებიც გადაეხლართება ერთმანეთს, ან კიდევ რაღაცა აფეთქდება... სატყუარა მოგვიგდეს!"

ხვიჩავების ხუთსულიან ოჯახს ათი წლის წინ "ატკ"-ის შენობაში ორი პატარა ოთახი ერგო. მათ ჭერიდან აწვიმთ, იატაკი ლპება და დროთა განმავლობაში იყრება. ფანჯრები შეუმინავია და ჩარჩოზე ფქვილის ტომრებია გაკრული. თამრიკო ჯამასპიშვილი: "ფათოხლის" ტომრები შეაჩერებს სიცივეს? ზამთრის სუსხიან ამინდში ქარი რომ დაუბერავს, ძვალსა და რბილში გადის. 4 წლის ბავშვის ცხოვრება შეიძლება ასეთ ოთახებში?! სველი წერტილი და საპირფარეშოც არ გვაქვს. თოთხმეტლარიანი დახმარება რისთვის უნდა გვეყოს..."

"ატკ"-ის შენობის ერთ ცივ ოთახში დარიკო ჯამასპიშვილიც ცხოვრობს, იგი ფსიქიკურად დაავადებულია. მედიკამენტების შესაძენად მას ფული არ აქვს. მარტოხელა მოხუცის შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. შეშის ვაუჩერი მასაც მისცეს, მაგრამ ბალიშის ქვეშ ინახავს. "მცივა, ვითოშები. შეუმინავი ფანჯრებია და ფქვილის ტომრები გავაკარი. საბანიც არ მქონდა, ახლა მაჩუქეს, მიცვალებულის საბანია. რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის, გია ხარჩილავას სიდედრმა მაჩუქა საბანი და ქვეშაგები, კეთილი ქალია. მეზობელმა ქვაბი და „ტაფა“ მათხოვა, მაგრამ შიგ რა მოვამზადო არ ვიცი". სამაგიეროდ, დარო ბებომ იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და ხმა უფროსს უნდა მისცეს, რომლის გვარსაც ვერ იხსენებს, მაგრამ იცის, რომ ის სიკვდილამდე ეყვარება. ეს უფროსი კი დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა.

რამდენიმე დღის წინ წალენჯიხაში ჩასული ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი დევნილებს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას დაპირდა, თუმცა პირობის შესრულებამდე ან არშესრულებამდე წინ გრძელი ზამთარია. დევნილთა ადგილობრივ სამსახურს არანაირი დახმარების გაწევა არ შეუძლია. შეშის ვაუჩერთან დაკავშირებით კითხვები წალენჯიხის დევნილთა სამსახურის უფროსს, ციცინო კვარაცხელიასაც უჩნდება: "გამოსავალს ვერ ვპოულობთ. ვაუჩერით შეშის გაცემის მექანიზმი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დევნილებს სათბობი შეშის მოსაპოვებლად თანხები ნამდვილად არ გააჩნიათ. ადრე წალენჯიხის გამგეობა გვეხმარებოდა, ახლა კი გარდაცვლილ დევნილთა ოჯახებზე მხოლოდ 50 ლარის გაცემა შეუძლია. გათბობის ერთადერთ საშუალებად ელექტროენერგიის გამოყენება რჩება. შესაბამისი ვაუჩერით ყველა დევნილი ისარგებლებს."

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის, ლევან მიქავას განცხადებით, სამინისტრომ ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისათვის 1200 კუბური მეტრი შეშა გამოყო. "დევნილებს  ზუგდიდში-800 მ3, ფოთში- 200 მ3, სენაკში-200 მ3 შეშა ეტაპობრივად ურიგდებათ. სათბობი საშუალების დამზადების უფლება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ეკოლაინ ჯორჯიამ" მოიპოვა."

დევნილების ვაუჩერით შეშის მომარაგების საკითხი ადგილობრივ სარეინჯეროებს უნდა მოეგვარებინა, თუმცა მითითებული ტერიტორიებიდან შეშის გამოსაზიდად საჭირო თანხების არარსებობის გამო დევნილებმა ვაუჩერის შავ ბაზარზე გაყიდვა გადაწყვიტეს. მათგან მაგალითი ადგილობრივმა მცხოვრებლებმაც აიღეს. ზუგდიდის ცენტრალური საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორია ვაუჩერის გასაღების ერთგვარ ბირჟად იქცა.

რეზო ბუკია, პედაგოგი: "შეშის ვაუჩერი ბაზრის წინ 20 ლარად გავყიდე, შეშის მჭრელებმა შეიძინეს. ჩემმა კოლეგებმაც გაყიდეს ვაუჩერი. აბა რა აზრი აქვს მის ჯიბეში ჩადებას, შეშას მაინც ვერ ჩამოვიტანთ. იმდენი ფული რომ გვქონდეს, აქ შევიძენდით. ამ ხელისუფლებას მგონი დაბრმავებული და დაყრუებული ვგონივართ. ხალხის ასე მოტყუება შეიძლება?!"

როგორც ირკვევა, შეშის ვაუჩერს კერძო პირები დიდი რაოდენობით მართლაც ყიდულობენ. ზუგდიდის საკოლმეურნეო ბაზრის წინ შეძენილი ვაუჩერებით კი შეშის ტყიდან გამოტანა ასეულობით ვაუჩერის მფლობელს ბევრად იაფი უჯდება. დამზადებული გასათბობი შეშა საბაზრო ფასებში გასაყიდად წელს თუ არა მომავალ წელს აუცილებლად გამოჩნდება და მისი რეალიზატორიც ხელს კარგად მოითბობს.  

ნანა ფაჟავა, წალენჯიხა

ახალი ამბები