კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 7 ნოემბერს მომხდარი ფაქტების გამოძიებას ითხოვს

21 დეკემბერი, 2007

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შინაგან საქმეთა მინისტრისა  და პრეზიდენტის წინაღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. ცენტრმა მოიძია ფაქტები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე პირდაპირ მიუთითებენ. სწორედ ეს ფაქტები არის აღწერილი  არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „ძალადობის ერთი კვირა“, რომლის პრეზენტაცია 19 დეკემბერს შედგა.

ანგარიშში მკაცრად არის შეფასებული 7 ნოემბრის მოვლენები. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, 7 ნოემბერს დაირღვა  როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონები.

ცენტრის იურისტების განცხადებით, აქცია კანონით იყო გათვალისწინებული. ერთადერთი რამ, რაც არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, აქციის დაშლის საკითხს ეხებოდა. ანუ თბილისის მერიაში შეტანილ განცხადებაში აქციის დასრულების თარიღიც უნდა ყოფილიყო მითითებული. ამას არ ეთანხმება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი სოსო პაპუაშვილი:

„ჩვენ მიგვაჩნია, და ეს აზრი დაფუძნებულია საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომ ასეთი უმნიშვნელო წვრილმანი არ შეიძლება გახდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა, შეკრებების და მანიფესტაციის უფლებების, დარღვევის მიზეზი“.

რაც შეეხება თავად აქციის დაშლას, ცენტრში მიიჩნევენ, რომ ის მოწოდებები, რომლებიც აქციაზე პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ისმოდა, კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდნენ. „დემონსტრანტებს არ ჰქონიათ ქვეყნის კონსტიტუციური წყობის ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის და გადატრიალების მოწოდებები. მათ არც სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო განცხადებები გაუკეთებიათ, რაც ომისა და ძალადობის პროპაგანდად და ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ სოციალური შუღლის ჩამოგდების მცდელობად შესაძლოა ჩათვლილიყო. ამიტომ ის ძალა, რომელიც მათ წინააღმდეგ იყო გამოყენებული, უკანონოა“, - წერია ანგარიშში.

სოსო პაპუაშვილი: „ ჩვენ პირადად დავესწარით და, შეიძლება ითქვას, გავხდით მსხვერპლნი ამ უკანონო დარბევისა. გამოყენებული ძალა კანონის ფარგლებს სცილდება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ იმ ფორმირებებს, რომლებიც დარბევაში მონაწილეობდნენ, ვგულისხმობ ჯინსის ქურთუკებში გამოწყობილ ნიღბიან ადამიანებს, რომლებიც ხის ხელკეტებს იყენებდნენ, არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშანი არ გააჩნდათ. ეს კი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას. ძალა, რომელსაც იყენებდა პოლიცია აშკარად მიზნის შეუსაბამო იყო. მოქალაქეებს დევნიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთი კილომეტრის რადიუსზე. იგივე ხდებოდა რიყეზე დარბევის დროსაც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს  ადამიანები უნდა მიეცენ პასუხისმგებლობაში“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ადამიანების დევნა 7 ნოემბრის შემდეგაც გრძელდებოდა. ეს სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა. ადამიანების ერთ ნაწილზე გამოიყენებოდა ფიზიკური ზეწოლა. ხოლა სხვა ნაწილის მიმართ  გარკვეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმები გამოიყენეს. კერძოდ, ის ადამიანები, რომლების იდენტიფიცირებაც მოხერხდა ხელისუფლების მიერ, დაჯარიმდნენ, დაახლოებით 400-მდე ადამიანი. ჯარიმების ოდენობა 100-დან 500 ლარამდე მერყეობდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დაუშვებლად მიაჩნია ასევე ტელეკომპანია ,,იმედისა” და ,,კავკასიის” დახურვისას გამოყენებული მეთოდები. „არც ერთ და არც მეორე ტელეკომპანიას არ მიუღია ოფიციალური განმარტება მაუწყებლობის გათიშვამდე. ,,იმედის” ლიცენზიის შეჩერება პოსტ-ფაქტუმ მოხდა. სასამართლოს გადაწყვეტილება ,,იმედისთვის” ლიცენზიის შეჩერების თაობაზე 7 ნოემბრით თარიღდება, რაც მოვლენათა ლოგიკურ თანმიმდევრობას არ ემთხვევა. სინამდვილეში, სასამართლო განაჩენი და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება ,,იმედისთვის” ლიცენზიის  შეწყვეტის თაობაზე რამდენიმე დღის შემდეგ არის მიღებული. საქართველოს მთავრობა ცდილობს, სასამართლოს მიერ პოსტ-ფაქტუმ მიღებული გადაწყვეტილება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ამით ,,იმედის” დახურვა გაამართლოს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ცენტრის აზრით, დახურვისას გამოყენებული მეთოდებისა და მაუწყებლობის შეზღუდვის შესახებ არსებული იურიდიული მოთხოვნის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ მთავრობამ დაარღვია პროპორციულობის მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ საშუალება, რომელიც გამოიყენება რამე უფლების შესაზღუდად, უნდა იყოს თანაზომიერი მისაღწევი მიზნისა. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შედარებით მსუბუქ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს ტელეკომპანიების მაუწყებლობის შეჩერება, ხოლო უმძიმეს ფორმად - ტელეკომპანია ,,იმედის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მაუწყებლობის გათიშვამდე მთავრობას არც კი უცდია ტელეკომპანიების ადმინისტრაციებისთვის აეხსნა, თუ რა იყო მათ ქმედებებში უკანონო. ამასთან, არც გადაცემების შინაარსის რეგულირება მოუთხოვია მათთვის.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია ყველა ის ფაქტი, რომელიც მედიის მიერ იქნა  დაფიქსირებული:
1) დემონსტრანტების სასტიკი ცემა; რამდენიმე სამართალდამცავი (როგორც წესი 4 ან 5) თავს ესხმოდა დემონსტრანტს და სასტიკად სცემდა.
2) პარლამენტის წინ და რიყეზე ხალხის დაშლის შემდეგ სპეცრაზმის წარმომადგენლები აგრძელებდნენ დემონსტრანტების დევნას.ბევრ დემონსტრანტს დაედევნენ და პატარა, ბნელ ქუჩებსა თუ შენობის შესასვლელებში გაუსწორდნენ.
3) ძალოვნების იმ ნაწილს, რომელიც დემონსტრაციის დაშლისას ყველაზე მეტად აქტიურობდა, უნიფორმა არ ეცვა. ერთადერთი, რაც მათ ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განასხვავებდა, შავი ნიღბები იყო.
4) უნდა აღინიშნოს, რომ 400 ადამიანს მიესაჯა ადმინისტრაციული სასჯელი ,,უკანონო დემონსტრაციაში“ მონაწილეობისთვის. მათი უმრავლესობა 400 ლარით დაჯარიმდა.
5) გაზის გაშვება, მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლისას უფლებამოსილების გადამეტება დემოკრატიულ ქვეყანაში სრულებითაც არ იყო საჭირო. დემონსტრანტების დარბევა ასეთი მეთოდებეთ მიზნად ისახავდა შიშის დანერგვას აქციის მონაწილეებსა და მოსახლეობაში.

 კიდევ ერთი დარღვეული უფლება, რომელიც ცენტრის მიერ არის დაფიქსირებული საკუთრების უფლებაა.

სოსო პაპუაშვილი: „ხელისუფლება ვალდებულია ტელეკომპანიას აუნაზღაუროს როგორც უშუალოდ დარბევის დროს მიყენებული ზარალი, ასევე ის დაკარგული შემოსავალი, რომელიც იმედს შეეძლო მიეღო ერთთვიანი „ლუფტის“ პერიოდში. გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ტელეკომპანიის ტერიტორიაზე და გახდნენ ამ უკანონო ქმედების მსხვერპლნი, შეუძლია მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზღაურება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში 5000-მდე სხვა და სხვა ორგანიზაციის მისამართზე გადაიგზავნება. უჩა ნანუაშვილის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე გაკეთებული 7 ნოემბრის შეფასებები მეტ-ნაკლებად ადეკვატური იყო, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გარკვეული მოლოდინი მაინც არსებობს.

უჩა ნანუაშვილი: „ანგარიში გაეგზავნება ყველას, ვისაც რამე შეხება აქვს საქართველოსთან. ადრესატები არიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ბევრი ორგანიზაცია ელოდება კონკრეტულ დასკვნას, თუ რა უფლებები დაირღვა 7 ნოემბერს. ამაზე არსებობს წინასწარი მონაცემები. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მოახდენენ ზეწოლას ხელისუფლებაზე, რათა მან გამოიძიოს კონკრეტული ფაქტები, ხოლო დამნაშავეები დაისაჯონ.

გარდა ამისა, ცენტრი გაუწევს დახმარებას ყველა იმ ადამიანს, რომელიც 7 ნოემბერს ან შემდგომ პერიოდში დაზარალდა.

 ელიზბარ ხაჭაპურიძე იურისტი: „ადამიანის უფლებათა ცენტრს შეუძლია კონკრეტული იურიდიული და სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაზარალებულს. ეს არის უფასო იურიდიული დახმარება, დაწყებული საქართველოს სასამართლოებში სარჩელის შეტანით, დამთავრებული სტრასბურგის საჩივრის დაწერით და დამუშავებით.

ნონა სუვარიანი, თბილისი.

ახალი ამბები