კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკუთარი შვილი მამამ ღია ცის ქვეშ დატოვა

24 დეკემბერი, 2007
ავთანდილ სილაგაძე ქუთაისის 44-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასში სწავლობს და იმის გამო, რომ ნორმალური საცხოვრებელი პირობები არ აქვს, ხშირად უხდება გაკვეთილების გაცდენა. ჯერ კიდევ მანამ, სანამ ოჯახი დაინგრეოდა, ბავშვის მამა ხშირად სვამდა და შინ დაბრუნებული ცოლ-შვილს გამუდმებით სცემდა. მისი ცხოვრების ასეთმა წესმა განაპირობა ისიც, რომ ბებიისაგან ნაანდერძევი სახლი შვილს ისე გაუყიდა და აღებული თანხაც ისე გაანიავა, რომ მისთვის სულ უბრალო თავშესაფრის შეძენაზეც არ უზრუნია.

ბინის გაყიდვის შემდეგ ოჯახი დროებით ნაქირავებ ფართში ერთად ცხოვრობდა, მაგრამ რაც მამის მხრიდან შვილისა და ცოლის ცემა და შეურაცხყოფა გახშირდა, დედა-შვილი იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო. ამჟამად ისინი ხან ერთ ნათესავს აფარებენ თავს, ხან - მეორეს და  ადგილობრივი ხელისუფლებისაგან გამუდმებით ითხოვენ თავშესაფარს.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ქუთაისის ბიუროს აღნიშნული დედა-შვილის უმძიმესი საცხოვრებელი პირობებისა და ქმრისა და მამისგან მუდმივი დევნის შესახებ ქუთაისის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა მაგული გიორგაძემ აცნობა.

როგორც ირკვევა, ნინო სამანიშვილი და ზაზა სილაგაძე 1994 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, ზაზა სილაგაძის ბიძის კუთვნილ სახლში ცხოვრობდნენ. 2004 წელს ზაზა სილაგაძის დედა გარდაიცვალა და სახლი ანდერძით შვილიშვილს, ავთანდილ სილაგაძეს დაუტოვა, თუმცა, ამას ზაზა სილაგაძისათვის ხელი არ შეუშლია საკუთარი შვილის ქონება გაეყიდა და ცოლ-შვილი ქუჩაში გაეყარა.

”ავთანდილ სილაგაძის უმძიმესი საცხოვრებელი პირობებისა და მამისგან მისი გამუდმებით დევნის შესახებ მისმა სკოლის დირექტორმა გოგმანა გიორგობიანმა გვაცნობა. შემდეგ ჩვენ შევისწავლეთ მისი მდგომარეობა და სავალალო სიტუაციის მხილველი აღმოვჩნდით. ქმრისგან გამუდმებით დევნამ და შევიწროვებამ თავისი კვალი დაამჩნია ნინო სამანიშვილის ფსიქიკას და ჯანმრთელობას, რაც უარყოფითად აისახება ბავშზე. ამას ემატება უბინაობის პრობლემა და შედეგად ვითარება მეტად დაძაბულია,” - აცხადებს ”ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბრისას მაგული გიორგაძე. 

როგორც ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის მართვის და რეგულირების საქალაქო სამსახურის უფროსის კახა ქორიძის მიერ ნინო სამანიშვილისათვის 2007 წლის 8 იანვარს გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, ნინო სამანიშვილი აღრიცხვაზე იმყოფება ბინით დასაკმაყოფილებელ მოქალაქეთა კომპიუტერულ ბაზაში და თავისუფალი საცხოვრებელი ფართის აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი თხოვნის დამატებით განხილვა. თუმცა, უკვე წელიწადი გავიდა და ეს ჯერ არ მომხდარა.
მაგული გიორგაძის განმარტებით: ”ამჟამად ბავშვის მამის, ზაზა სილაგაძის ადგილსამყოფელის დადგენაც ჭირს, თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, რამდენიმე დღის წინ იგი შვილს შემთხვევით შეხვედრია და მისი ძალით წაყვანა მოუნდომებია. აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, როგორი სტრესის ქვეშ იმყოფება 13 წლის მოზარდი, რომელსაც მამის ეშინია, დედა კი თავისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის საყრდენს ვეღარ წარმოადგენს.”

მაგული გიორგაძემ შუამდგომლობის წერილებით მიმართა ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურებს დაუცველი დედა-შვილისთვის დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს დახმარება კვლავ არ ჩანს. იგი იმედოვნებს, რომ ქალაქი ქუჩისათვის არ გაწირავს კიდევ ერთ მოზარდს და ავთანდილ სილაგაძე დედასთან ერთად მალე თავზე ჭერს და ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს ეღირსება.


ლელა ხიდაშელი, ქუთაისი


ახალი ამბები