კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ზღვარს გადასული“ ხელისუფლება

24 დეკემბერი, 2007

Human Rights Watch–ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს „ზღვარს გადასვლა“, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს ასახავს, საქართველოში არაერთგავარი რეაქცია მოყვა.

102 გვერდიან ანგარიშში, თვითმხილველების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაწვრილებით არის აღწერილი მშვიდობიანი დემონსტრანტების და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის ფაქტები. დღეისათვის ეს არის 7 ნოემბრის მოვლენების ყველაზე დეტალური ანგარიში.

„ჩვენი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზღვარს გადავიდა, როდესაც პოლიციელები მისდევდნენ და ურტყამდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ემუქრებოდნენ და სცემდნენ ჟურნალისტებს. 7 ნოემბრის ოპერაციები არ წარმოადგენდა წესრიგის დამყარების ლეგიტიმურ საშუალებას. მათ სერიოზული ზიანი მიაყენეს საქართველოს რეპუტაციას ადამიანის უფლებების სფეროში“, - განაცხადა ჰოლი კარტერმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა

ანგარიში მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების შეფასებებს იმის თაობაზე, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა.

“საქართველოს ხელისუფლებამ 7 ნოემბერს გადამეტებული ძალა გამოიყენა, როდესაც სასტიკად დაარბია დემონსტრანტები ქვეყნის დედაქალაქში და შეიჭრა კერძო ტელეკომპანია „იმედში“, - აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

ხელისუფლებისთვის ეს ანგარიში სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. იუსტიციის მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი პირველი ბრიფინგის დროს დაბნეული ჩანდა, ანგარიშის კომენტირებაზე მან უარი განაცხადა და მის გასაცნობად დრო მოითხოვა.
თუმცა ამ ანგარიშის პირველადი მოკლე კომენტირებისას იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ კონკრეტული მომენტისათვის ასეთი ანგარიშის გამოქვეყნება აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან  მხოლოდ მის რეპუტაციას შელახავს: მიკვირს, რომ ისინი არ დაფიქრდნენ როგორ შეიძლება ეს აისახოს მათ რეპუტაციაზე. მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ამერიკის შეერთებული შტატების და ბუშის ადმინისტრაციის მიმართ, უნდა ვთქვა, რომ Human Rights Watch-ი მეტად მიკერძოებული აღმოჩნდა“, - განაცხადა ეკა ტყეშელაშვილმა „ღია ეთერში“ საუბრისას.

ანგარიშის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ადამიანის უფლებათადამცველ ორგანიზაციებს.

როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი აღნიშნავს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Human Rights Watch-ი საქართველოსთან მიმართებაში კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს. ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამ უკანასკნელმა ანგარიშმა ასეთი მწვავე რეაქცია ხელისუფლების მხრიდან.

თინა ხიდაშელი: „ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ანგარიშები მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც დროული და სწრაფია. თუ ხელისუფლება შეიცვალა, ანგარიშს აზრი ეკარგება, ხომ შეიძლება ახალი ხელისუფლება წინაზე უკეთესი აღმოჩნდეს. ანგარიშს აზრი აქვს მაშინ, როდესაც დარღვევებზე მითითება იმავე ხელისუფლების პირობებში ხდება, ხოლო გამოსწორების და ობიექტური გამოძიების მოთხოვნა ნათლად და ღიად არის დაყენებული. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ანგარიში დროული და ობიექტური იყო.

ხიდაშელის აზრით, საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე იმდენად შელახულია, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ამ რეპუტაციის შელახვას კიდევ მეტად შეძლებდა.
“ხელისუფლებამ თავად გააკეთა ყველაფერი იმისთვის რომ ეს რეპუტაცია შელახულიყო.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“  იზიარებს Human
Rights Watch-ის მიერ გაკეთებულ შეფასებებს. ცენტრის იურისტი, სოსო პაპუაშვილი:

“ Human Rights Watch-ის“ მიერ 2007 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნებული მოხსენება სახელწოდებით „ზღვარს გადასვლა“ წარმოადგენს საქართველოში 7 ნოემბერს და შემდგომ პერიოდში მომხდარი მოვლენების ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას მოხსენებაში მოცემულია როგორც ფაქტები, რომელიც სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მათ შორის დემონსტრაციის დარბევის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა ინტერვიუების და სხვა ფაქტობრივი ინფორმაციის მოძიების შედეგად იქნა მოპოვებული, ასევე სამართლებრივი ანალიზი იმ ქმედებებისა, რომელიცხელისუფლებამ განახორციელა 7 ნოემბერს როგორც დემონსტრაციების დარბევის მიზნით, ასევე ქართულ სამაუწყებლო სივრცეზე კონტროლის დაწესების მიზნით.

Human Rights Watch-ის ანგარიში მოცემული ფაქტები ისევე, როგორც ორგანიზაციის მიერ გაკეთებული შეფასებები, სრულად  ემთხვევა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „ძალადობის ერთი კვირა“ მოყვანილ ფაქტებსა და გაკეთებულ შეფასებებს.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოახდენს სათანადო რეაგირებას ორივე მოხსენებაში მოყვანილი რეკომენდაციების შესრულების მხრივ“.

ნონა სუვარიანი, თბილისი.

ახალი ამბები