05:00, Thursday, 14.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დაღესტნის საზღვარზე დაკავებული ორი ქართველის ბედი კვლავ უცნობია

25.12.2007
ოფიციალურად დღემდე უცნობია, სად იმყოფებიან ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მცხოვრები 23 წლის შოთა მამუკიშვილი და 21 წლის მიშიკო ჯავახიშვილი. ოჯახის წევრებმა ისინი ბოლოს 2007 წლის 11 ივლისს ნახეს. მას შემდეგ კი აქვთ არაოფიციალური ინფორმაცია, რომ მთაში სანადიროდ წასულ ახალგაზრდებს ტყეში გზა აებნათ და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს.

მიშიკო ჯავახიშვილის დედის, ნათელა ასაბაშვილის თქმით, მისი შვილი და შოთა, მეგობრობდნენ და მთაში, როგორც სანადიროდ, ასევე დასასვენებლად ხშირად დადიოდნენ. "მიშიკო სახლიდან 11 ივლისს გავიდა და მას შემდეგ აღარ მინახავს. ვიცოდი, რომ შოთასთან ერთად მთაში უნდა წასულიყო. იქ ნაცნობ მწყემსებთან ხშირად რჩებოდნენ ხოლმე და ისვენებდნენ. რამდენიმე დღის მერე მეზობელმა მითხრა, რომ თურმე რადიოს გადმოუცია რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია. ერთ-ერთი მათგანი კი ჩემი შვილი ყოფილა", - ამბობს ნათელა ასაბაშვილი.

ამ ცნობის გაგების შემდეგ, შოთა მამუკიშვილის ძმა დათო მამუკიშვილი, რუსეთში მცხოვრებ ნათესავს ტელეფონით დაუკავშირდა და მისი ძმის შესახებ ინფორმაციის მოძიება სთხოვა. "ბიძაჩემი ჩასულა მახაჩკალაში, სადაც ნაცნობების მეშვეობით გაარკვია მხოლოდ ის, რომ შოთა და მიშიკო რუს მესაზღვრეებს დაუკავებიათ საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის. უკვე მეექვსე თვეა მათი გაუჩინარებიდან და ამ ხნის განმავლობაში შოთა ტელეფონით მხოლოდ ერთხელ დამიკავშირდა. მითხრა, რომ დაკავებულია და რუსეთშია, ოღონდ სად, რატომ და რა მოელის, არაფერი უთქვამს. თვითონ ვერ ვუკავშირდებით", - აღნიშნავს დათო მამუკიშვილი.

მისივე თქმით, მომხდარის შესახებ იციან როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა ოჯახებისთვის ამ დრომდე დახმარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ გაუწევია.

საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, რუსი მესაზღვრეების მიერ მამუკიშვილისა და ჯავახიშვილის დაკავების ფაქტი, ყვარლის რაიონში პირველი და ერთადერთი შემთხვევა არ არის. სოფელ შილდის მკვიდრი გიორგი ბერიაშვილი იხსენებს, როგორ აღმოჩნდა თავის ხუთ მეგობართან ერთად რუსი მესაზღვრეების ტყვეობაში. "საქართველო რუსეთს შორის სასაზღვრო ზოლი მკვეთრად არ არის გამიჯნული. ტყეში სანადიროდ ვიყავით წასულები. მოულოდნელად ყველა დაგვაკავეს. თვალები აგვიხვიეს და ძალის გამოყენებით წაგვიყვანეს დაღესტნის ერთ-ერთი რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც 13 დღე გვამყოფეს აუტანელ, გაუსაძლის პირობებში. შემდეგ ყოველგვარი ახსნის გარეშე გამოგვიშვეს", - იხსენებს გიორგი ბერიაშვილი.

სოფელი შილდა დაღესტანს ესაზღვრება და 20 კილომეტრით არის დაშორებული. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, რუსი მესაზღვრეები თავად გადმოდიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ქართველებს აქეთ აკავებდნენ. "რამდენიმე წლის წინ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაიძაბა, შიშით ტყეში და მთაში ვეღარ წავსულვართ. რუსმა მესაზღვრეებმა უკანონოდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც რომ დაგვაკავონ, ყურადღებას არავინ მოგვაქცევს", - დასძენს თამაზ კუპრაშვილი.

მოსახლეობის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საზღვრის დაცვის ლაგოდეხის სამმართველოს უფროსი გოჩა ლომიძე. მისი განცხადებით, 2007 წლის ივლისის თვეში რუსეთის მხრიდან აცნობეს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე შოთა მამუკიშვილი და მიშიკო ჯავახიშვილი.

- ბატონო გოჩა, როცა ეს ინფორმაცია მოგაწოდეს, დაკავების მიზეზი არ უცნობებიათ?

-  რუსეთის საზღვრის დაცვის განყოფილების ცნობით, ისინი დააკავეს საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის. ახალგაზრდები თავდაპირველად მოთავსებული ჰყავდათ დაღესტნის, მახაჩკალის რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში, რის შემდეგაც მათზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე გამოძიებისათვის გადაეცა ადგილობრივ პროკურატურას. შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, ინფორმირებული არ ვარ.

- თუ იცით, საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის რა სასჯელი ემუქრებათ მათ იქ და ვინ უნდა დაეხმაროს რუსეთში, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს?

- მე დეკემბრის ბოლო რიცხვებში მიწევს რუსეთში გამგზავრება და ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მოვიკვლევ. თუმცა, როგორც ვიცი, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გარდა, მამუკიშვილსა და ჯავახიშვილს რუსმა მესაზღვრეებმა იარაღი, კერძოდ, ავტომატიც აღმოუჩინეს.

-  ბატონო გოჩა, ჩემთან საუბარში შილდელებმა აღნიშნეს, რომ დაკავებულებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ მესაზღვრეებთან, რომლებიც საზღვრის იმ კონკრეტულ პერიმეტრს აკონტროლებენ, საიდანაც ეს ახალგაზრდები დაიკარგნენ. ადგილობრივების თქმით, ნადირობის მიზნით ბიჭებს ავტომატი სწორედ მესაზღვრეებმა ათხოვეს.

- ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მესაზღვრე თავად არის პასუხისმგებელი თავის იარაღზე და იარაღის სხვისთვის გადაცემა კატეგორიულად ეკრძალება.

მამუკიშვილისა და ჯავახიშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც კომენტარი არ გააკეთეს.

შს სამინისტროს ყვარლის რაიონული განყოფილების ინფორმაციით, შოთა მამუკიშვილი და მიშიკო ჯავახიშვილი დადებითად ხასიათდებიან.

სოფელ შილდის მოსახლეობა დახმარებას საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს და საქართველოს სახალხო დამცველს სთხოვს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC