კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებს ატერორებენ

26 დეკემბერი, 2007

არასამთავრობოები წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. უფლებადამცველებს ამის დასტურად, ამომრჩეველთა დაშინების, მუქარის, ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორების კონკრეტული ფაქტები მოჰყავთ და რეაგირებას მოითხოვენ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, ოფიციალურად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბები, კერძო შენობებშია განთავსებული, სინამდვილეში კი წინასაარჩევნო, სააგიტაციო და სადამსჯელო საქმიანობას მმართველი პარტიის წარმომადგენლები ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობებში ეწევიან.

"კახეთის რეგიონის თითქმის ყველა რაიონში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ მუშაობა გამგეობის შენობებში მიმდინარეობს. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ სამუშაო და განსაკუთრებით მოქალაქეთა მიღების დღეებში, გამგებლის ოთახში იკრიბებიან პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები. თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით მიაკითხა გამგეობას, დახმარებას და პრობლემის გადაჭრას პირდებიან. ასევე, თუ რაიონის გამგებელი გადის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გახარჯული თანხებით შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციისათვის, მას თან დაჰყვებიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, საარჩევნო ბროშურებით და პლაკატებით. ამ დროს, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, საარჩევნო კოდექსის აკრძალვის მიუხედავად, თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებასთან ერთად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეები, აქტიურად მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში", - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისის იურისტი ლია ხუროშვილი.

მისივე თქმით, რეგიონში წინასაარჩევნო აგიტაციაში აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კომისიის წევრები, პოლიციის, პროკურატურის, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს რაიონული განყოფილებების, საგადასახადო ინსპექციის და შემოსავლების სამსახურის ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშროლებისგან მოითხოვენ და კატეგორიულად აფრთხილებენ, არ ჰქონდეთ ურთიერთობა პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების საარჩევნო შტაბებთან, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურიდან ათავისუფლებენ:

"ჩვენს მიერ წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის პერიოდში, ასეთი ფაქტები დაფიქსირდა ყვარლის რაიონში. 11 დეკემბერს ყვარლის კულტურის სახლში ამომრჩევლებს შეხვდა გართიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე. ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა ყვარლის სამშობიარო სახლის რამდენიმე ექთანი და სანიტარი, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამშობიარო სახლის ხელმძღვანელმა ექიმმა მაია კიკოლაშვილმა კი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო გაფრთხილება, რომ თუ ასეთი ფაქტი კვლავ განმეორდება, თანამდებობას მასაც დაატოვებინებენ. იგივე შეხვედრას რომ არ დასწრებოდნენ კულტურის სახლის თანამშრომლები, ამის შესახებ კატეგორიული გაფრთხილება მათ გამგებლის მოადგილემ ზაზა ლომიძემ მისცა. დავალების შესრულების კონტროლისათვის კი მთელი შეხვედრა და მონაწილეები, კულტურის ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ვიდეო ფირზე აღბეჭდა. სამსახურიდან გაშვებით დაემუქრნენ ასევე ყვარლის სახანძროს თანამშრომელს ვანო ხანდურიშვილს, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციიდან ყვარლის მე-3 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია. ხანდურიშვილი გამგეობაში დაიბარა პირადად ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ბურკიაშვილმა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა მოსთხოვა. ასეთი ზეწოლები აქვთ სხვა რაიონების საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებსაც. მაგალითად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რამაზ ქერეჭაშვილმა გამგეობის ათამდე თანამშრომელს დააწერინა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, რომელიც გამგეობის კანცელარიაში რეგისტრირებული არ არის. ეს განცხადებები მას მაგიდაზე უდევს და ამ გზით ხალხის დაშანტაჟებას ცდილობს" - აღნიშნავს იურისტი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონაცემებით, კახეთის მასშტაბით, ამ დროისათვის ყველაზე მეტი დარღვევები ყვარლის, სიღნაღის, გურჯაანის და თელავის რაიონებშია.

"პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის ყვარელში ვიზიტისას, კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩაიყვანეს საპრეზიდენტო პროგრამა "პატრიოტის" მონაწილეებით სავსე ათობით ავტობუსი. ბავშვები, რომელთა უმეტესობასაც ხმის მიცემის უფლება არ აქვს, ამომრჩევლად გაასაღეს, რითაც შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება. არადა მიხეილ სააკაშვილი, ისევ როგორც სცენაზე გამოსული მისი სხვა თანმხლები პირები, პირდაპირ სატელევიზიო ეთერში ხშირად ამბობდნენ, რომ თითქოს იქ, კახეთის ყველა რაიონიდან, სპეციალურად სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩასული ამომრჩევლები იდგნენ.
ყვარლის, ისევე როგორც სხვა დანარჩენ რაიონებში მომუშავე ტაქსის მძღოლებს მოსთხოვეს, მანქანაზე გააკრან სააკაშვილის მხარდამჭერი სტიკერები "მე და მიშა გავიმარჯვებთ".

ყვარლის რაიონის სოფელ თივის #12 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამინათ ალიევამ და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ალიკ ალიევმა ამომრჩევლებს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და დღემდე უკან არ დაუბრუნებიათ. თივი ახალსოფლის თემში შედის და იგი ლეკებით დასახლებული სოფელია; "რამდენიმე დღის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა მანქანაში ჩაისვეს ყვარლის საოლქო–საარჩევნო კომისიის წევრი ბადრი ტატურაშვილი. ამ ადამიანს მოიაზრებენ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერად. სოფელ სანავარდოში, მანქანაში მყოფ ტატურიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა მეტსახელად ვინმე "შავი გელა". ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს დავალება გენერალური პროკურორის ძმისგან, დავით ადეიშვილისგან მოდიოდა" - აცხადებენ უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის ოფისში.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ყვარლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვაჟა ვარადაშვილი, რაიონში დარღვევების სიმრავლეს, იმით ხსნის, რომ ცენტრალურ თუ რეგიონულ ხელისუფლებაში წარმოშობით ყვარლელები ბევრნი არიან. "ყველაზე დაძაბული მდგომარეობა და მეტი დარღვევები სოფლებში მთისძირსა და ახალსოფელშია. მთისძირელია საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, ახალსოფლიდან კი პარლამენტის წევრი მარიკა ვერულაშვილია, რომელიც პრეზიდენტის პრესსპიკერიცაა. ცხადია, მათ არ უნდათ, რომ ამ სოფლებში მაინც არჩევნები წააგონ. შესაბამისად ყველა მეთოდს მიმართავენ"- ამბობს ვაჟა ვარადაშვილი.

ყვარელში პრობლემები აქვს პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბსაც. ხელმძღვანელის, ვაჟა სეფაშვილის განცხადებით, მათ არაერთი მცდელობა ჰქონდათ სამუშაო ოთახი ქალაქის ცენტრში დაექირავებინათ, თუმცა უშედეგოდ. მისი თქმით, ამ საკითხზე ფართის მფლობელებთან ყველა მოლაპარაკება ჩაიშალა. შტაბის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული რაიონული პოლიცია, რომელიც ზეწოლას ახდენდა გამქირავებლებზე, რათა ყველა მათგანს უარი ეთქვა პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის ფართის მიქირავების თაობაზე. ამ დროისათვის პრეზიდენტობის კანდიდატის არკადი პატარკაციშვილის ყვარლის საარჩევნო შტაბი, ქალაქის ერთ-ერთ უბანში, კერძო სახლის ნაწილშია გახსნილი. ამავე სახლის ერთ ნაწილში მეპატრონე ამუშავებდა სურსათის მაღაზიას, რომელიც მფლობელის თქმით, მან მას შემდეგ დახურა, რაც საგადასახადო ინსპექციამ ყვარლის რაიონში ინდ.მეწარმეების შემოწმება დაიწყო.

"მაღაზიაში ორი მამაკაცი შემოვიდა. 2 ლარის სიგარეტი იყიდეს. სალაროს ჩეკი თანხის გადახდისთანავე მივაწოდე. მკითხეს, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ვის აძლევთ შენ და შენი ოჯახის წევრებიო. პასუხი არ გავეცი. მხოლოდ ამის შემდეგ გამოტყდნენ, რომ საგადასახადო ინსპექციიდან იყვნენ. გამაფრთხილეს, 5 იანვარს ხმას მიხეილ სააკაშვილს მისცემ. ამ უბანზე სულ დათვლილი გვაქვს რამდენი ხმა უნდა მივიღოთ და იცოდე თუ დაგვაკლდა, პრობლემებს შეგიქმნითო. თუ ისე მოიქცევი, როგორც გითხარით, მაშინ ჯარიმაზე საურავს გაგიუქმებთო" - გვითხრა ყვარლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის გამყიდველმა.

სიღნაღში, რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამაზ ჯალიაშვილმა 100 ლარით დააჯარიმა გაერთიანებული ოპოზიციის სიღნაღის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ადვოკატი თამაზ ბეჟაშვილი. როგორც ჩვენთან საუბარში ბეჟაშვილმა აღნიშნა, სასამართლომ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე სცნო, სადაც მას წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში ადანაშაულებდნენ. "20 დეკემბერს ჩემს შვილს ცოტნე ბეჟაშვილს, რომელიც ასევე აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში, პოლიციის თანამშრომლები აუხირდნენ. ცდილობდნენ მის პროვოცირებას. მეორე დღეს მივდიოდი თბილისში და ამ მიზნით ველოდებოდი მანქანას. იქვეა პოლიციის შენობაც. მანქანის მოსვლამდე ვცადე პოლიციის უფროსის მოადგილესთან ილია ქუციკაშვილთან გამერკვია, რა უნდოდათ ჩემი შვილისგან. საუბრის დროს მან წვრილმან ხულიგნობაში დამადანაშაულა და ოქმი შეადგინეს" - ამბობს თამაზ ბეჟაშვილი და მომხდარს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო ანგარიშსწორებად აფასებს.

ჩვენი ყურადღება სიღნაღში მომხდარმა კიდევ ერთმა ფაქტმა მიიპყრო. თვითმხილველთა თქმით, პოლიციის თანამშრომლები, გამომძიებელი გიორგი ელიზბარაშვილი და სხვები, ამავე რაიონის მკვიდრს ზაზა ბარნაბიშვილს, სააკაშვილის არ არჩევის შემთხვევაში, ჯიბეში ნარკოტიკების ჩადებით და დაკავებით დაემუქრნენ. ზაზამ ეს ყველაფერი მამამისს მოუყვა. ეს უკანასკნელი კი შეეცადა, მომხდარი გამომძიებელ ელიზბარაშვილთან გაერკვია, რა დროსაც ზაზა ბარნაბიშვილის მამა გამომძიებლისთვის სხეულის მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს. თავად ზაზა ბარნაბიშვილი კი მიმალვაშია.

ზემოთაღნიშნულ ფაქტებს შს კახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოში არ ადასტურებენ. უშუალოდ სიღნაღის პოლიციაში კი ამბობენ, რომ ბეჟაშვილმა ხულიგნობა ჩაიდინა და მისი დაჯარიმება არ მომხდარა პოლიტიკური ნიშნით.

ინდ.მეწარმეების შემოწმების და მათზე ზეწოლის ფაქტებს უარყოფენ თელავის საგადასახადო ინსპექციაშიც.

პრეტენზიებს არც ყვარლის რაიონის გამგეობაში იზიარებენ. მათი თქმით, გამგეობის ყველა თანამშრომელი კანონის ფარგლებში მუშაობს.

კომენტარზე დაგვთანხმდა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი კახეთში, ლევან ბეჟაშვილი. იგი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო პროცესი კახეთში სამართლიანად მიმდინარეობს. "პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ნაკლებად მჯერა, თუმცა ყვარლის სამშობიარო სახლის ფაქტს მაინც მოვინიშნავ და გავარკვევ. ჩვენ აქტიურად ვაპირებთ ურთიერთობას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკვირვებას ახორციელებენ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მათ მიერ შენიშნულ თითოეულ დარღვევაზე მოვახდენთ სათანადო რეაგირებას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არჩევნები სამართლიანი იყოს. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, მიმაჩნია, რომ გაზვიადებულია, ამომრჩეველთა მხრიდან ქულების ჩაწერის მიზნით", - მიიჩნევს ლევან ბეჟაშვილი.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები